რა შანსს აძლევს კავკასიას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. მან ისაუბრა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებაზეც, ОДКБ-ს სამხედრო ბლოკიდან ქვეყნის გასვლის შესაძლებლობასა და რუსეთ-დასავლეთს შორის "დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკაზე". ამასთან, აზერბაიჯანმა არ უნდა გააგრძელოს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკა მთიან ყარაბაღში, რომლის სომეხი მოსახლეობის ბაქოსთან დიალოგისთვის საჭიროა საერთაშორისო გარანტიებიც. იგივე განაცხადა რუსეთიდან დაბრუნების შემდეგაც, სადაც ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა. რას ნიშნავს ფაშინიანის ეს განცხადება, რამდენად არის შანსი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებისთვის, რა პრეცედენტს შექმნის ეს და გაძლიერდება თუ არა კავკასიაში დასავლეთი, მით უმეტეს, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მოუწევს თუ არა რუსეთს კავკასიაზე უარის თქმა, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი ბილანიშვილს ვესაუბრეთ.
- სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრია, იმავდროულად, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორიც. მათ სხვადასხვა სახის შეთანხმება აქვთ გაფორმებული, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მაგრამ არც ყარაბაღის მოვლენების და არც მის შემდგომ სომხეთმა, ოფიციალური ერევნის აზრით, ვერ მიიღო დახმარება და მხარდაჭერა ვერც რუსეთისგან და ვერც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან. ამიტომაც ახლა ცდილობს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას და ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ის ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას ხედავს, დასავლეთია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სომხეთი მხოლოდ დასავლეთისა და ევროკავშირისკენ არ იყურება, შეიარაღებისთვისაც სხვადასხვა მიმართულებას სინჯავს და უკვე ინდოეთთანაც აქვს გაფორმებული იარაღის შესყიდვის ხელშეკრულება.
- დივერსიფიკაცია, დავარქვათ თუნდაც ძიების პროცესი, რამდენად შეიძლება იყოს შედეგიანი თუნდაც დასავლეთთან ურთიერთობისთვის? რა პერსპექტივა აქვს სომხეთს?
- დასავლეთზე კონცენტრირება, ჩემი აზრით, სომხეთისთვის შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის რუსეთთან პარტნიორობაზე. მან უნდა დატოვოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაც, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიც და შემდეგ შესაძლებელი იქნება დასავლეთზე გადართვა, მაგრამ რადგან ჯერ ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, მგონია, რომ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება დღეს სწორი გადაწყვეტილებაა. სომხეთს სხვა არჩევანი არც აქვს.
- ამ ვითარებაში სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა რამდენად პრიორიტეტულია, რამდენად არის შესაძლებელი და რაზე იქნება დამოკიდებული?
- ძნელი სათქმელია, რადგან რუსეთს შეუძლია გიუმრიში სამხედრო ბაზა ბოლო შეთანხმების მიხედვით 2048 თუ 2050 წლამდე შეინარჩუნოს. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს გავლენის შესანარჩუნებლად. მიჭირს თქმა, სამართლებრივად სომხეთი რამდენად მყარ საფუძველს მოძებნის ბაზის გასაყვანად.
- ამ კონტექსტში ყარაბაღის თემა რამდენად გამოდგება, მით უმეტეს, სომხეთი და აზერბაიჯანი სტატუსზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ?
- მთავარი ხელმოწერაა. სომხეთი ამ ბოლო დროს ხშირად ამბობს, რომ აპირებს აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს ნამდვილად სწორი იქნება, რადგან ყარაბაღი აზერბაიჯანისაა. საქმე ის არის, რომ ეს საერთო კონტექსტის ნაწილია: სომხეთი დამარცხდა ყარაბაღის მეორე ომში, მას არ დაეხმარნენ კრემლი და უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და უკრაინაში რუსეთი ვერ აღწევს მიზანს და შესაბამისად, უფრო ნაკლები ძალა და რესურსი რჩება, რომ კონცენტრირებული იყოს ჩვენს რეგიონზე. სომხეთი აცნობიერებს, რომ მას სხვა გამოსავალი არა აქვს, მაინც მოუწევს შეგუება, რომ ყარაბაღი დაბრუნდება აზერბაიჯანის შემადგენლობაში და ცდილობს იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარანტიები მაინც მიიღოს. მსგავსი რამ სომხეთის უახლეს ისტორიაშიც მომხდარა - სომხეთის პირველი პრეზიდენტი კომპრომისზე წასვლას უჭერდა მხარს, მაგრამ მაშინ საუბარი იყო კონფლიქტის დარეგულირებაზე - ის შვიდი ტერიტორია, მთლიანად თუ არა, ნაწილი მაინც უნდა დაჰბრუნებოდა აზერბაიჯანს. მაშინ სომხეთის მოსახლეობა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამიტომაც შეცვალეს პრეზიდენტი და საბოლოოდ, მართალია, დიდი ხნის მერე, მაგრამ მიიღეს ბევრად უარესი სიტუაცია. ამიტომ ფაშინიანს, ერთი მხრივ, ეს გამოცდილება აქვს და მეორე მხრივ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ გონივრულ კომპრომისზე წასვლა ჯობს.
- საზოგადოება თუ უჭერს მხარს?
- მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების შემდეგ გაიმართა არჩევნები და ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა და ის პრემიერ-მინისტრი გახდა, ყარაბაღის თემა მაინც ძალიან მწვავეა და, ბუნებრივია, მტკიცე მხარდაჭერა არა აქვს. თუმცა ძველ პერიოდს თუ შევადარებთ, თვალსაჩინო განსხვავებაა - ექსპერტების დიდი ნაწილი ხელისუფლების აზრს იზიარებს, არადა, ადრე მათი პოზიცია რადიკალურად განსხვავდებოდა. ფაშინიანს რომ არ ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, ასეთ განცხადებებს, არ გააკეთებდა. ახლა ის, ერთი მხრივ, ცდილობს ნიადაგი მოსინჯოს, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამ განცხადებებზე და მეორე მხრივ, თანდათან შეაგუოს აზრს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი მხარს უჭერს, სხვაგვარად არც ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. თუმცა პროცენტულად მხარდაჭერა როგორია, ძნელი სათქმელია. წესით, სადღაც 50%-ის ფარგლებში უნდა იყოს.
- საკითხს აზერბაიჯანის მხრიდან რომ შევხედოთ, ყარაბაღი საერთაშორისო სამართლით მისია და კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი გახდა ძალის გამოყენებით. ეს რა პრეცედენტს შექმნის თუნდაც კავკასიაში?
- მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიბრუნა არა მარტო ის შვიდი ტერიტორია, არამედ ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ეს ძალის გამოყენებით გახდა შესაძლებელი და ახლა ჰიბრიდულ ზეწოლას ახდენს სომხეთზე საქმის ბოლომდე მისაყვანად. აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია როგორც ყარაბაღის საკითხი, ასევე ლაჩინის დერეფნისაც, რომელიც მის ანკლავთან აკავშირებს. თუ ეს პროცესი ბოლომდე მივა, რისიც ძალიან დიდი შანსი არის, შეიქმნება მოუგვარებელი კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა იმ სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელსაც ეს ტერიტორია სამართლებრივად ეკუთვნოდა. ამასთან, აზერბაიჯანის პოზიცია უკვე გაძლიერებულია რეგიონში და მაშინ უფრო გაძლიერდება.
- რამდენად შეიძლება გახდეს ეს წინა პირობა კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის და თუნდაც ჩვენი კონფლიქტების მოგვარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები განსხვავდება ყარაბაღისგან?
- თუ ვითარებას მთლიანობაში შევხედავთ, ეს პროცესი გულისხმობს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების აღდგენას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური დერეფნების ამოქმედება. თუკი ასე მოხდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი საფუძველი გვექნება იმის სათქმელად, რომ კავკასიაში მშვიდობა განმტკიცდება. თუმცა მაინც უნდა გავითვალისწინოთ სამი რეგიონული დიდი ძალა: თურქეთი, ირანი და რუსეთი, რომლებსაც ამ რეგიონში თავ-თავიანთი ინტერესები აქვთ. ამიტომაც გარანტირებულ მშვიდობაზე მაინც ვერ ვილაპარაკებთ, მით უმეტეს, რომ ჩვენ დაგვრჩება მოუგვარებელი კონფლიქტები და ასევე საკმაოდ მოწყვლადი უსაფრთხოების გარემო.
- იყო მოლოდინი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს შეთანხმება საქართველოს შუამავლობით მოხდებოდა და ამ საკითხში აქტიურად ვიყავით ჩართული. ახლა საქართველო ამოვარდნილია. ეს რამ განაპირობა?
- ცხადია, ამოვარდნილია, რადგან ამის საშუალებას რუსეთი არ მოგვცემდა. ამის სურვილიც რომ გვქონოდა, რეალიზების შანსი თავიდანვე მცირე იყო. ხომ ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირებაში ევროკავშირის როლი გაიზარდა, რუსეთი მაინც ცდილობს არ დათმოს ე.წ. მედიატორის როლი. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, ფაშინიანის განცხადება, რომ მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთში იმყოფებოდა ეკონომიკურ ფორუმზე. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მაინც დიდ როლს თამაშობს. ამიტომაც საქართველოს რეალურად ძალიან გაუჭირდება მედიაცია მოახდინოს ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით რა არის მოსალოდნელი?
- რაც ხდება, ჩვენთვის კარგია, მაგრამ თუ ბოლომდე აღდგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა და ეს ეკონომიკური დერეფნები ამოქმედდება, შესაძლოა ტვირთების გადამისამართება მოხდეს, რაც ჩვენ დაგვაზარალებს. ასევე, თუკი ახალ ნავთობ და გაზსადენებზე იფიქრებენ, შესაძლოა სომხეთი გახდეს ალტერნატიული მარშრუტი. თუ დერეფნების საკითხი გააქტიურდება, მაშინ აუცილებლად დადგება აფხაზეთთან რკინიგზისა და დახურული დერეფნების ამოქმედების საკითხი და თუ ამას ჩვენი ხელისუფლება მომზადებული არ შეხვდა და თავისი პირობები არ დააყენა, ისევ და ისევ ჩვენ დავზარალდებით, მით უმეტეს, რომ კონფლიქტების მოგვარების ისედაც მცირე შანსი გვაქვს.
- სომხეთში დემოკრატიული რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს და მათი რეიტინგები სულ უფრო უმჯობესდება. ამის პარალელურად ფაშინიანმა გააკეთა განცხადება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ და რომ მზად არის უსაფრთხოების გარანტად დასავლეთი მიიღოს. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ევროკავშირი ისე გააქტიურდეს სომხეთშიც, რომ კავკასიაში გაძლიერდეს მისი გავლენა? ცხადია, აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით.
- აზერბაიჯანს დასავლეთის გავლენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ აინტერესებს. მას თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება სურს და ამით ძალიან კმაყოფილია. საქართველოს კი აშკარაა, რომ რეგიონში დასავლეთის გაძლიერება კითხვის ქვეშ აქვს დაყენებული. ამიტომ ის, რაც სომხეთში ხდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია უფრო თავად სომხეთისთვის და არა იმისთვის, რომ დასავლეთის პოზიცია გაძლიერდეს რეგიონში.
რუსა მაჩაიძე