„ეს დათმობის კი არა, მოთ­მენის პოლიტიკაა“ - კვირის პალიტრა

„ეს დათმობის კი არა, მოთ­მენის პოლიტიკაა“

ქართული ოპოზიციური სპექტრისა და დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის დეკლარირებული საგარეო კურსის ცვლილების ცდასა და პრორუსულობაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, საქართველოსთვის, ისე როგორც არასდროს, ახლა ევროკავშირის კარი ღიაა და ამ შესაძლებლობას მმართველი გუნდი მიზანმიმართულად უშვებს ხელიდან. როგორია ამ ბრალდებაზე "ქართული ოცნების" ლიდერების პოზიცია, როგორ აფასებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ, შესაძლებლად მიაჩნიათ თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და როგორ წარმოუდგენიათ რთულ ტურბულენტურ გარემოში საქართველოს სამშვიდობოს გაყვანა, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გვესაუბრება:

- "ქართული ოცნების" პრორუსულობაში დადანაშაულება "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული ხაზია­. ისინი იმთავითვე ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მკვეთრად უპირისპირდებოდა რუსეთს. სინამდვილეში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო საქართველოსგან როგორც ეკონომიკურად და სტრატეგიული ობიექტების მიტაცებით, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებით, უნდა ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძემ მნიშვნელოვანი პროექტები განახორცი­ელა იმისათვის, რომ ჩვენ სტრატე­გიულად დავკავშირებოდით ევროპას, "ნაციონალებმა"­ კი ყველაფერი პირიქით­ გააკეთეს. 2011-2012 წლებში, როდესაც ნახეს,­ რომ ბიძინა­ ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძლიერი­ ოპოზიციური პარტია შეიქმნა, ახალი ძალით­ აამუშავეს პროპაგანდისტული ხაზი, თითქოს "ნაცმოძრაობას" უპირისპირდება მთელი რუსეთი. ამ პროპაგანდაში ჩარჩნენ დღემდე. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილსაც იმთავითვე სდებდნენ ბრალს მოსკოვთან ფარულ კავშირში, მაგრამ ვერც ერთი არგუმენტირებული დოკუმენტი ვერ დადეს. უბრალოდ, ათი წელია იმეორებენ ერთსა და იმავე ბრალდებებს, ტერმინებს ერთი და იმავე ხალხისთვის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათი ელექტორატი მუდმივად ზიზღითა და სიცრუით იკვებება.­ რაც შეეხება "ნაციონალების" მეგობარი დასავლელი პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების ნაწილს, შეიძლება ითქვას, ზოგიერთი ლამის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ესენი ძირითადად ყოფილი პოლიტიკოსები და ყოფილი დიპლომატები არიან, რომლებიც დღეს ექსპერტად წარმოაჩენენ თავს.

- როდესაც "ოცნების" ლიდერები ამბობთ, რომ რუსეთს სწორედ "ნაციონალებმა"­ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები და ეკო­ნომი­კურადაც მტერზე დამოკიდებული­ გახადეს,­ იბადება კითხვა, რა გააკეთა "ქართულმა­ ოცნებამ" ათწლიანი მმართველობის­ პერიოდში­ იმისთვის, რომ ეს სავალალო მოცემულობა შეეცვალა?

- ჩვენ დღეს სულაც არა ვართY დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. "ნაციონალური მოძრაობის" რუსული ორიენტაციის პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ყიდდა რუსეთზე, საჯაროდ კი ამბობდა, რომ რუსები ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. რაც ყველაზე უცნაური იყო, "ნაციონალებმა" შესანიშნავად იცოდნენ, რომ კომპანიები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს ასხვისებდნენ, კრემლთან იყვნენ დაახლოებული, ან კრემლის გავლენაში იმყოფებოდნენ. ეს იყო ის, რასაც "ნაციონალების" დროს სახელმწიფო აკეთებდა, რათა მტერ ქვეყანაზე ყოფილიყო დამოკიდებული. რაც შეეხება ვაჭრობას, საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა. ჩვენ არც რაიმე პრეფერენციებს ვაწესებთ და არც ზედმეტ რეგულაციებს. ღია, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბიზნესი თავად მოიძიებს ბაზრებს, სადაც შეუძლია ძვირად გაყიდოს საკუთარი პროდუქტი ან უფრო იაფად შემოიტანოს. ასეთია საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი. თუ დღეს არსებულ ვითარებას დავა­კვირდებით, ვნახავთ, რომ რუსულ ფქვილსა და საწვავზე მოთხოვნა გაზრდილია. რატომ? იმიტომ, რომ ბიზნესი ამ პროდუქტებს რუსეთში უფრო იაფად ყიდულობს. ბიზნესი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო არაფერში არ მონაწილეობს. თუ ბიზნესი თურქეთში უფრო იაფ ფქვი­ლს ნახავს, თურქულს იყიდის. ქართველ ბიზნესმენს ფქვილის შემოტანა ასევე შეუძლია ყაზახეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც. დამოკიდებული მაშინ ხარ, როდესაც ბაზრის ჩანაცვლება არ შეგიძლია, როგორც, მაგალითად, "ნაციონალებმა" გახადეს საქართველო რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული. ჩვენ რომ რუსეთის ბაზარი ჩავკეტოთ, ერთადერთი რაც მოხდება, ის არის, რომ პური გაძვირდება. სწორედ იმიტომ ვერ ვუწესებთ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს, რომ არანაირი დაზღვევა არა გვაქვს. როდესაც ევროკავშირის ქვეყნები უწესებენ რუსეთს სანქციებს, ისინი მერე ერთმანეთს ეხმარებიან. თუ ევროკავშირს სურს რუსეთთან ვაჭრობა შევამციროთ, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, კი ბატონო, გამოყონ ფინანსური რესურსი, რომ საქართველომ შეძლოს რუსული ბაზრის ჩანაცვლება. კერძოდ, ფქვილი და ხორბალი ან იაფად მოგვყიდონ, ან სუბსიდირების შესაძლებლობა მოგვცენ, რათა არც ბიზნესმა იზარალოს და არც მომხმარებელმა. რაც შეეხება ექსპორტს, გაგვიხსნან მეტი ბაზარი ღვინისა თუ მინერალური წყლის გასატანად. ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება გვაქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კი, სამწუხაროდ, საქმე წინ არ მიდის.

- ამისთვის ხომ არ არის საჭირო, რომ "ქართულმა ოცნებამ", დიპლომატიურმა სამსახურებმა უფრო აქტიურად იმუშაონ? საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არა ჰყავს "ქართული ოცნებას" დასავლეთში მეგობრები და ლობისტები მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობას", თქვენივე თქმით, ეს არ უჭირს?

- ეს საკითხი ასე მარტივი არ არის, ვინაიდან, საქმე ეხება პოლიტიკურ ინტერესებს. ამასთან, ყველამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა", პასუხისმგებელია XXI საუკუნეში ადამიანის წამებისა და ღირსების ამყრელი სისტემის შექმნაზე სასჯელ­აღსრულების დაწესებულებაში, ასევე პასუხისმგებელია პოლიტიკური ლიდერების მიერ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაზე­. ზოგიერთმა მოიხადა სასჯელი, ზოგი ისევ საპატიმროშია. ამის მიუხედავად, დასავლეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც გვერდში უდგანან ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ვინმეს ლობისტმა კარგად იმუშავა და დასავლეთში ვიღაცებს ინფორმაცია არა აქვთ?! ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ალიანსია წამების სისტემის შემქმნელებთან.

- რა შეიძლება იყოს ასეთი კავშირის არსი და მიზანი?

- ამ საკითხის შესახებ ჩვენ ხან დიდი სიფრთხილით ვსაუბრობთ, ხან საერთოდ არ ვსაუბრობთ. არიან გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც სურთ საქართველო გამოყენებული იყოს ინსტრუმენტად გლობალური საკი­თხების გადაწყვეტის პროცესში­. ეს ძალები საქართველოს სრულად აკონტროლებდნენ "ნაციონალური" მმართველობის პერიოდში. მათ ახლაც სურთ "ნაცმოძრაობა" დაბრუნდეს საქართველოს ხელისუფ­ლებაში, რათა საჭირო დროს საჭიროების მიხედვით გამოიყენონ ჩვენი­ ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი განცხადებები და ნაბიჯები.

- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა ამ ქვეყნიდან მოსალოდნელი საფრთხეებით არის განპირობებული. რა გარანტია გვაქვს, რომ თუ დასავლეთთანაც არ ვაწარმოებთ მოზომილ პოლიტიკას და სიხისტეს გამოვიჩენთ, არ აღმოვჩნდებით საფრთხის წინაშე?

- სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწა­რმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ "ნაციონალები", როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩვენთვის უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესი. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკური გაძლიერება. ბოლო წლების სხვადასხვა ტურბულენტობამ, კონფლიქტებმა, ომებმა ძალიან დაგვაზიანა, ათწლეულებით დაგვხია უკან. ჩვენი პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოში ისტორიულად ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ლარი გამყარებულია, რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა... რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ათწლიანი მშვიდობის შენარჩუნება.ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთ­მენის პოლიტიკაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდი ავუაროთ პროვოკაციებსა და სხვადასხვა საფრთხეს, მათ შორის რუსეთიდან მომდინარესაც. ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით ძლიერი და შიდა დაპირისპირება გვექნება, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ და არც ევროსტრუქტურების კარს გაგვიღებენ. ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა არც აფხაზების და ოსებისთვის არის საინტერესო და არც დასავლელი პარტნიორებისთვის.

- თქვენი შეფასებით, პუტინის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ არის თუ არა პროვოკაცია?

- პუტინის გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ რთულია განსაზღვრო, რა არის ამ მოტივაციის მიზანი. ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საკუთარი ქვეყნის მოტივაციითა და მიზნებით. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია. თუ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ, რუსეთის მიერ ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით არაფერს ცვლის. ვისაც არ უნდა, არ წავა რუსეთში.

- ოპოზიცია უმთავრესად პრობლემას ხედავს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შემოდინებაში.

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ იყო რუსეთის მოქალაქეების აქ შემოსვლა საფრთხის შემცველი? უკრაინის ომმა რა შეცვალა?! ათწლეულების განმავლობაში რუსეთის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის დასავლეთის განწყობები. შეიძლება ევროპელებმა და ამერიკელებმა ახლა დაინახეს რუსეთის რეალური სახე, თორემ ჩვენ, ქართველებმა, დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთი აგრესორია. ისინი, ვინც ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსეთი ახლა გახდა საფრთხე საქართველოსთვის, ჩვეულებრივი პოპულისტები არიან. ვინც ახლა ხედავს საფრთხეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში, მას ასეთი საფრთხე 2008 წლის ომის შემდეგაც უნდა დაენახა და 2010 წელსაც, როდესაც სავიზო რეჟიმი შემსუბუქდა. სად იყვნენ მაშინ?

- 2008 წელს და 2010 წელს რუსეთიდან ომის შიშით არ გამორბოდნენ მასობრივად. ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი საფრთხედ იმას მიიჩნევენ, რომ რუსები ამჯერად მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში.

- საოკუპაციო რეჟიმის მოქალაქეების შემოსვლა არ იყო საფრთხე და ომს გამოქცეული რუსია საფრთხე?! ჩვენ არ უგულებელვყოფთ, რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს. სწორედ ამისთვის არსებობს უშიშროებისა და სხვა შესაბამისი სამსახურები. საფრთხეების გამოვლენისთვის სიტუაციას სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება. ის, რომ არც ერთი საფრთხის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია.

- პუტინმა განაცხადა, რომ მას საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაუსვა ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი და ახლა გაკვირვებულია ქართველი ხალხის რეაქციით. ისიც კი თქვა, რომ გიჟებივით ვიქცევით...

- როდესაც პუტინმა თქვა, რომ ქართველებმა თავად დავაყენეთ ვიზების გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, იგულისხმა, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა, არათუ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა მიმართეს, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქცია მოეხსნათ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი განსჯის ინტერესი არ არის.

- გავრცელდა მოსაზრება, რომ თუ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღვადგენთ, შესაძლოა რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისკენ ნაბიჯი გადადგას. გჯერათ, რომ ეს შესაძლებელია?

- რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არც განიხილება. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ნამდვილად არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ოღონდ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენ საქმითაც ვაჩვენებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზ და ოს თანამოძმეებში ნდობის აღდგენა და მეორე მხრივ, ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომ ერთი სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ცხოვრება მათთვის მიმზიდველი იყოს. ამას არც ავიამიმოსვლის აღდგენასთან აქვს კავშირი და არც უვიზო რეჟიმთან. ცუდი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენი ოპოზიციისა და ენჯეოების ნაწილმა დაიწყეს საუბარი, რომ სიტუაციით უნდა გვესარგებლა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამხედრო გზით მოგვეგვარებინა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცარიელ ტერიტორიებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნდობის დაბრუნება.

- რუსების გარეშე?

- რუსეთის ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის. ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ინიცირებულია და ბოლომდეა მიყვანილი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში და ორივეგან დადასტურდა ერთი რამ - ორივე რეგიონს რუსეთი აკონტროლებს, რაც სამართლებრივ ენაზე ოკუპაციას ნიშნავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, რუსეთთან დამატებითი ესკალაციის თავიდან არიდება და მეორე მხრივ, აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენა.

- პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას ერთმნიშვნელოვნად იზიარებდა. რა მოხდა შემდეგ, რა გახდა თქვენი პოზიციების დაპირისპირების მიზეზი?

- სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, ნაკლებად ვისურვებდი მისი პოზიციებისა და შეხედულებების შეფასებას, ის პრეზიდენტია. თუმცა არის საკითხი, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. ის ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ომით დაშინების პოლიტიკა აქვს და თითქოს ეს ყველაფერი მანიპულაციაა. ამის თქმა ძალიან მიკვირს იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოიარა, რაშიც რუსეთი პირდაპირ იყო ჩართული. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რამეს ვაზვიადებთ. საუბარი იმაზე, რომ ომი თეორიული რისკია, რეალობისგან შორის დგას. დღეს ხელისუფლებაში არის ის თაობა, რომელიც 90-იან წლებში ბავშვები იყვნენ და რომლებმაც გამოცადეს ომის სიმწარე. ქალბატონი სალომე მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში იყო. შეიძლება საქართველოს ხშირად სტუმრობდა, მაგრამ 90-იანი წლების სირთულე მას არ გადაუტანია. არც უშუქობა აქვს გამოცდილი და არც ის დაძაბული სტრესული ფონი, რომელიც იმდროინდელ საქართველოში იყო. ამ ყველაფერმა ჩვენ ათწლეულებით უკან დაგვხია. რთულია დღევანდელი გადასახედიდან შეაფასო, იმ პერიოდის მთავრობას რისი თავიდან არიდება შეეძლო, ან რისი არა. ვგულისხმობ როგორც 90-იან, ასევე 2000-იან წლებს. ერთი რამ ცხადია - ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებმაც რამდენიმე ომი გამოგვატარეს... საქართველოს ომში ჩართვას ყველა ჯერზე პროვოკაციებით ახერხებდნენ. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ომის საფრთხეზე, რომ მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ადვილად ავყვებოდით ხოლმე ემოციებს, უნდა ვეცადოთ, მოვთოკოთ გრძნობები და ვიმოქმედოთ ცივი გონებით.

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ თუ ნამდვილად გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის...

- სინამდვილეში ჩვენ დასავლელ მეგობრებს უნდა ვუთხრათ, რომ რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს 2008 წელს და ახლა მათ ყველანაირად უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ასეთი რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ამ მიდგომას არ იზიარებს ოპოზიცია. გარწმუნებთ, თუ საქართველოში რუსეთი ისევ წამოიწყებს ესკალაციას, ჩვენთან ერთად აქ არავინ იბრძოლებს, ჩვენ მარტონი ვიქნებით. ვუყურებთ უკრაინას და ვხედავთ, რომ არავინ იბრძვის უკრაინელი ხალხის გვერდით, ან მათ ნაცვლად. მაქსიმუმი, რაც შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს, იარაღის მიწოდებაა. კი, აწვდიან იარაღს, მაგრამ უკრაინის მიწაზე მხოლოდ უკრაინელების სისხლი იღვრება. შესაბამისად, თუ რაიმეს უნდა აკეთებდნენ დღეს ოპოზიციონერი ლიდერები, ექსპერტები და არასამთავრობოები, დასავლელ პარტნიორებს უნდა არწმუნებდნენ, რომ საქართველო ომის რისკის წინაშე არ დააყენონ. 2008 წელს დასავლეთს არათუ შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია და სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის, გადატვირთვის პოლიტიკა და სტრატეგიული მილსადენების პროექტების განხორციელება დაიწყეს მასთან ერთად. სანქციები დაუწესეს საქართველოს! ნაცვლად იმისა, ჩვენი შეიარაღებული ძალების გადაიარაღება დაეწყოთ, იარაღის ყიდვის უფლება ჩამოგვართვეს! შავ სიაში შეგვიყვანეს! მერე, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ნელ-ნელა გაიხსნა იარაღის ყიდვის შესაძლებლობა. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

- თქვენ ასეთი რამ თქვით, ეს ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით და შემდეგ გვექნება საუბარი ყველაფერზე, რატომ ექცეოდა ასე კრიზისულ პერიოდში ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი ქართველ ხალხს, რომელიც ამას არ იმსახურებსო. როგორ გგონიათ, სააკაშვილის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, უკრაინის ხელისუფლებასთან უკეთესი ურთიერთობა გექნებოდათ?

- ჩვენ უკრაინის რადასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობ ჩემს კოლეგასთან, რადის სპიკერთან. ჩვენ თბილისში ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს... არიან პოლიტიკოსები, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლეთში არსებული პოლიტიკური ჯგუფის მსგავსად, გარკვეული პოლიტიკური ინტერესები აქვთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც თავს ვიკავებთ ომში მყოფი ქვეყნის გაკრიტიკებისგან. ეს ომი აუცილებლად დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და ჩვენ ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან. გვესმის, რომ უკრაინა ცხელ ომშია, მაგრამ საქართველო არის "ცივ ომში". მოვა დრო და ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ.

- დასასრულ, გაქვთ იმედი, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ?

- საქართველო ძალიან მალე დაასრულებს რეკომენდაციებზე მუშაობას. საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქამდეც ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია, ჩვენ განხილული ვიყავით ტრიოს ფორმატში - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. საქართველო ახლაც ლიდერია, შარშანაც ლიდერი იყო, მაგრამ სამეულიდან ლიდერს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ხათუნა ბახტურიძე