"ხანუმას პრინციპი" ქართულ პოლიტიკაში
ხელისუფლება პერიოდულად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ოპოზიციას საშუალებას აძლევს ბოლი გამოუშვას და მერე ყველაფერი ისე ლაგდება, რომ მთავარი პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება. ბოლო დღეებში ოპოზიციამ მორიგი "ბოლი" 26 მაისის ღონისძიებაზე ევროკავშირის დროშების გამო გამოუშვა და თან ისე, რომ ცალ-ცალკე ჩაატარეს აქციები. ხელისუფლებაში კი პრეზიდენტისა და პრემიერის კინკლაობა გრძელდება, თან პროტოკოლურ საკითხებზე და სინამდვილეში ამის უკან რა დგას, ყველას დაავიწყდა. ოპოზიციის მეორე ნაწილი ისევ ხანგრძლივ საპროტესტო აქციებს აანონსებს, რათა ხელისუფლება შეცვალოს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ისევ აქციებსა და რევოლუციებზე საუბარი რამდენად შედეგიანი იქნება და რას მოუტანს ქვეყანას, ამ საკითხებზე ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ:
- მე არა ვარ იმ იდეის მომხრე, რომ დროშებით წყდება ყველაფერი, რადგან არ დაკიდეს, ქვეყნის კურსი იცვლება და დროშების შეჯიბრება გავმართოთ და ამით დავამყაროთ ევროპული კურსიო, ძალიან არასერიოზულია. მეორე საკითხია, ამით რატომ აპელირებენ. რეაქცია გვაქვს იმაზე, რაც ჩანს, მაგრამ ხომ არ ვიცით, რა დგას, დავუშვათ, ოპოზიციის ამ აქტიურობის უკან. სანამ ეს ფრჩხილები არ გაიხსნება და, როგორც წესი, გვიან იხსნება ხოლმე, ძნელია გარკვევა, თუ სად ვისი ინტერესი იყო. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ ლენინს თურმე გერმანია აფინანსებდა, რათა რუსეთს პირველ მსოფლიო ომში არ გაემარჯვა და ამისთვის რევოლუცია სჭირდებოდათ, რაც მოახდინეს კიდეც. არაერთი მაგალითია, როდესაც ქვეყნები ცდილობენ სხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების გატარებას სხვადასხვა მოთამაშის ხელით. ამიტომ არ გამოვრიცხავ, საქართველოში დღეს ზუსტად იგივე ხდებოდეს. არის ეჭვი, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ქვეყნების ინტერესებია ჩართული.
- ახლა ვისი რა ინტერესი შეიძლება იყოს პოლიტიკური მოთამაშეების უკან?
- პოლიტიკაში არის ასეთი მეთოდი, ქართველებმა მას შეიძლება "ხანუმას მეთოდი" ვუწოდოთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თავადის სტუმრობისას საპატარძლოს ისე წარმოაჩენენ, თავად სასიძომ თქვას უარი. მგონი, საქართველოშიც სწორედ ეს ხდება, ოპოზიციური ძალები ისე იქცევიან, რომ შეიქმნას დასავლეთის ფასეულობისთვის, ევროკავშირისთვის მიუღებელი სიტუაცია და თავად ევროკავშირმა თქვას საქართველოზე უარი. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, 90-იან წლებში რუსეთის პოლიტიკაში იყო ეს პრინციპი, ოღონდ მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჰქონდა შიში, საბჭოეთი რომ დაიშლებოდა, ყოფილ რესპუბლიკებში შევიდოდა ინვესტიციები და ამიტომ მთელ საბჭოთა სივრცეში გააჩაღა სისხლიანი კონფლიქტები. ამას მაშინ დასავლელმა პოლიტიკის ანალიტიკოსებმა რუსეთის გარშემო "ცეცხლოვანი სარტყელი" უწოდეს, რომლის პრინციპი ისევ და ისევ "ხანუმას პრინციპი" იყო, რათა ყველას ისეთი სახე ჰქონოდა, რომლის გამოც დასავლეთი უარს იტყოდა. ამ მეთოდის გამოყენებას, ცხადია, ახლაც ცდილობენ, რომ საქართველოს დააბრალონ, გინდა თუ არა, რუსეთისკენ იღებ გეზსო, რათა ევროპის ქვეყნებმა საქართველოზე უარი თქვან.
- თუ ოპოზიციის უკან ასეთი ინტერესები დგას, ეს ხომ მარტივი მისახვედრია და რატომ ეგებიან ამ ხაფანგში?
- სწორედ ამას მოგახსენებთ, რომ არ ვიცით, რა ძალები თამაშობენ ასეთი იმიჯის შექმნისთვის და რა ინტერესს უღვიძებენ როგორც ქართველ პოლიტიკოსებს, ისე, სხვათა შორის, უცხოელებსაც.
- ოპოზიციის ნაწილმა ზაფხულში აქციები დააანონსა. არსებულ ვითარებაში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ბრძოლის ასეთ მეთოდს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს?
- როგორც განვლილმა პერიოდმა გვიჩვენა, „"ოცნებასთან“ ასეთი მეთოდი შედეგიანი არ არის, მით უფრო, თუ რევოლუციებს სათავეში უდგებიან "ნაცმოძრაობის" ყოფილი ან ამჟამინდელი წევრები, იმ მოძრაობისა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ენდობა. ამიტომ ეს ისეთი წინა პირობაა, რომ შედეგი უკვე აშკარაა - პოლიტიკაში ნდობა ოქროზე ძვირია და იქ, სადაც ნდობა არ არის, ინიციატივებს აზრი ეკარგება.
- ოპოზიცია რატომ ტრიალებს ერთ წრეზე, მით უმეტეს, ახლა, როდესაც, ფაქტობრივად, აზრიც არა აქვს ვადამდელ არჩევნებს?
- ისევ დავუბრუნდები იმ ვერსიას, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ როგორ მოქმედებს ასეთ ჯგუფებთან. სააკაშვილის გარემოცვისგან ხშირად ისმოდა, რომ ოპოზიცია არ მოქმედებს, პასიურია და არ იმსახურებს ბევრ რამეს, მათ შორის, დაფინანსებას. დაფინანსება თუ არ ითქმებოდა, იგულისხმებოდა მაინც. თუკი აქედან გამოვალთ, დაფინანსება ხშირად იმის მიხედვით მოდის, რამდენად წამოაყენებს პოლიტიკური პარტია რევოლუციურ მოწოდებას. დაფინანსების მიღებით დაინტერესებული პარტიები მაშინ იწყებენ ძახილს, არიქა, რევოლუცია გვჭირდებაო. რევოლუცია ხდება მოკლე ვადებში და პარტიამ არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ჯერ საარჩევნოდ უნდა მოემზადოს, მერე მიიღოს მონაწილეობა და ან გაიმარჯვებს, ან არა. რომც გაიმარჯვოს, მერე საპარლამენტო ცხოვრებით უნდა იცხოვროს და ა.შ. ამსიგრძე გზა კი ძალიან შორია ხოლმე პოლიტიკოსებისთვის, მათ შედეგი მალე უნდათ და ამიტომ ხშირად უფრო რევოლუციისკენ მიუწევთ გული...
- მუდმივად აქციებზე ლაპარაკს ხომ სჯობს კონცენტრირება იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს?
- ამას მოჰყვება ის, რომ ნდობადაკარგულ პარტიებს მოსახლეობა რევოლუციაზე არ აჰყვება და არჩევნებში ყოველთვის გაიმარჯვებს ერთი პარტია, რაც ძალიან ცუდია. ცხადია, თუკი არ დაემატა ახალი პარტიები არსებულ პოლიტიკურ სპექტრს.
- არის კი ამის შანსი?
- თუკი ახალი პარტია ან პარტიები გაჩნდება, ბევრი რამ შეიცვლება. ახალი პარტიების შექმნაზე პროგნოზი კი უკვე არის, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნისო, ესე იგი, სავარაუდოა, რომ ოპოზიცია შიშობს ახალი პარტია მართლაც არ გაჩნდეს. ახალი პარტია, სახიფათო იქნება მმართველი პარტიისთვისაც, რადგან შეცვლის პოლიტიკურ რეალობას. ამიტომაც ასეთ პარტიას ორივე მხრიდან შეებრძოლებიან. ეს რით დამთავრდება, ძნელი სათქმელია.
რუსა მაჩაიძე