რას მოუტანს ქვეყანას პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის დაპირისპირება?!
26მაისს თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, სამხედრო ნაწილებისა და იქ შეკრებილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თვალწინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ოცნებას" (მის საპარლამენტო და სამთავრობო ნაწილსაც) ობსტრუქცია მოუწყო, როდესაც, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლება რუსეთთან ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებაში და ფაქტობრივად, დასავლური კურსის გადახვევაში დაადანაშაულა. შესაძლოა, ამით პრეზიდენტმა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გული მოიგო, მაგრამ ალბათ, სათქმელის თქმას სჭირდება თარიღის და ადგილის შერჩევა. რამდენად კარგი ტონი და ქვეყნის იმიჯისთვის სასარგებლოა პრეზიდენტის მხრიდან მწვავე განცხადებების გაკეთება 26 მაისის დღესასწაულზე, რომელიც იდეაში ყველას უნდა გვაერთიანებდეს, ალბათ, საკამათოა... თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. მთავარი კი ის არის, როგორ შეიძლება განვითარდეს პრეზიდენტისა და "ოცნების" დაპირისპირება და რას მოუტანს ეს ქვეყანას.
დავიწყოთ იმით, რომ ეს ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოხსნა სავიზო რეჟიმი და ავიამიმოსვლა აღდგა. თუმცა არც მანამდე ჰქონდათ სიამტკბილობა ზურაბიშვილსა და "ოცნებას". თავად საპარლამენტო უმრავლესობა და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს ვერაფერს უზამენ. ამ მოცემულობით პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს (თეორიულად ეს შესაძლებელია, თუ თვითონ საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა ისეთი კრიზისი, რომ მაგალითად, პარლამენტი მთავრობას ან ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს და ა.შ.) და საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოუწყობს იმპიჩმენტს პრეზიდენტს, რადგან ამდენი დეპუტატი არ ჰყავთ. შესაბამისად, მათ ერთმანეთის ატანა მოუწევთ.
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების საპარლამენტო და აღმასრულებელ ნაწილს ადანაშაულებს რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გატარებაში. ერთია, როდესაც ამას აკეთებს ოპოზიცია და მეორე, როდესაც ბრალდებების ავანგარდში პრეზიდენტია. სანამ ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი მთავარსარდალი (დიახ, თუ რუსეთი თავს დაგვესხა, ჯარს ზურაბიშვილმა უნდა უსარდლოს) ასეთ ბრალდებებზე ისაუბრებს, მას უნდა ჰქონდეს ათასპროცენტიანი ინფორმაცია. მთავრობის ოფიციალური პოზიცია ასეთია - რუსულმა მხარემ ცალმხრივად მოხსნა შეზღუდვები და ქართული მხარის მიერ სანქციების დაწესება (და სხვა სანქციებთან შეერთება, რომელიც ოფიციალური თბილისისთვის მიუღებელია) მოსკოვიდან გამოიწვევს უკურეაქციას, რასაც საქართველოს ეკონომიკის მძიმე მდგომარეობა მოჰყვება (იყენებენ სიტყვა კატასტროფასაც). გარდა ამისა, ოფიციალური თბილისის ხისტმა პოლიტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის სამხედრო აგრესია, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხე არსად წასულა. სხვათა შორის, ეკონომიკის ექსპერტების უმეტესობა ეკონომიკის ნაწილში მთავრობის პოზიციას (ანუ თუ რუსეთმა სანქციები დაგვიწესა) იზიარებს. რაც შეეხება სამხედრო აგრესიის საფრთხეს, საზოგადოების აზრი ორად იყოფა: ერთნი მიიჩნევენ, რომ რუსეთს არაფრის თავი არ აქვს, მეორენი აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია. ასეთ თემებზე ჰაერზე მსჯელობა მეზღაპრეობაა, რადგან იმის შესაფასებლად, გვემუქრება თუ არა რუსეთისგან საფრთხე, საჭიროა წინ გედოს დეტალური სადაზვერვო ინფორმაცია (გადამოწმებული ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან). თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც არ გვიკავია საჯარო და პოლიტიკური თანამდებობა, გვაქვს ფუფუნება, თეორიულად ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის იმაზეც, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე. ხოლო როდესაც პრეზიდენტი საუბრობს გეოპოლიტიკური მასშტაბის ბრალდებებზე, ამას სჭირდება მეტი დასაბუთება. მაგალითად, პრეზიდენტი ინტენსიურ შეხვედრებს უნდა მართავდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერთან და უსვამდეს მწვავე კითხვებს თემაზე, ხომ არ შეიცვალა ძალიან ღრმად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შინაარსი? ამ შეხვედრებიდან მას შეუძლია დასკვნების გამოტანა და შემდეგ გაცნობა საზოგადოებისთვის.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს, როგორც გამოცდილ დიპლომატს, არ ესწავლება, რომ ორ მეზობელს შორის (თუნდაც ერთმანეთის მიმართ ცივი ომის მდგომარეობაში იყვნენ) კულუარული ურთიერთობა ყოველთვის არსებობს. მთავარია, ეს ურთიერთობა არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის ინტერესებს და გაცხადებულ საგარეო კურსს. მთავრობა არ აყენებს საქმის კურსში და უმალავს ინფორმაციას? მაშინ ამის თაობაზე ზურაბიშვილმა პირდაპირ უნდა თქვას და მოსახლეობა გამოიტანს დასკვნებს. გარდა ამისა, დიდ პოლიტიკაში არსებობს ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროები, მაგალითად, მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურები, რომლებიც, დარწმუნებული იყავით, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ქართულ-რუსული ურთიერთობების დინამიკას.
ანუ პრეზიდენტი ჯერ ასი პროცენტით უნდა დარწმუნდეს, რომ მოსახლეობის ზურგს უკან (რომლის უდიდესი ნაწილი პროდასავლურია და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას უჭერს მხარს) მიმდინარეობს სახიფათო პოლიტიკური თამაშები და შემდეგ ამის შესახებ აცნობოს ხალხს. ოღონდ არა სადღეგრძელოების და აღქმის დონეზე, არამედ დასაბუთებულად. სახელმწიფო ინტერესების დაცვა მისი პირდაპირი მოვალეობაა. ხოლო თუ ასი პროცენტით არ არის დარწმუნებული, უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი რიტორიკა აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დეკემბერში უნდა გადაწყდეს.
დიახ, დეკემბერში უნდა გადაწყდეს, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მსოფლიოში სიმშვიდე რომ იყოს, რა თქმა უნდა, ვიტყოდით, რომ წელს თუ არ მოგვენიჭება, ჯანდაბას, მომავალ წელს დაველოდებით და ა.შ. თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. კერძოდ, თუ არ მოგვენიჭა სტატუსი, ეს ერთი მხრივ გამოიწვევს მოსახლეობის ნიჰილიზმს დასავლეთის მიმართ. მეორე მხრივ კი ეს იქნება პირდაპირი მწვანე შუქი მოსკოვისთვის, რომ საქართველოს დასავლეთისთვის მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და "რბილი ძალა", რომლითაც კრემლი გვიტევს, შესაძლოა ხისტი გახდეს. მესამე მხრივ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმონიჭება გამოიწვევს შიდა სიტუაციის არევას. რა თქმა უნდა, დაიწყება აქციები და ჩვენი შიდა თუ გარე მტრები მღვრიე წყალში თევზაობას დაიწყებენ (ერთ რამეში ყველანი ვთანხმდებით - საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს).
ისიც კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანოებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. თავი არ მოვიტყუოთ, იმ 12-პუნქტიანი გეგმის ბოლომდე შემსრულებლები ჩვენ არ ვართ, თუნდაც დეპოლარიზაციისა და სასამართლოს ნაწილში.
მოდი, საქართველოში არსებულ ვითარებას ევროპელი დიპლომატების თვალით შევხედოთ. მიიღებს კი ევროკავშირი ზემოხსენებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობასა და ზოგადად, მმართველ გუნდს ლამის რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს?! ამ ფონზე კი რა პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე საუბარი (12-პუნქტიანი გეგმის პირველივე პუნქტი), როდესაც პრეზიდენტი და მთავრობის წევრები საზეიმო შეხვედრებზე ლამის ძიძგილაობენ. ისევ და ისევ იმის იმედად ვართ, რომ ევროპელებმა ამ ყველაფერზე თვალი დახუჭონ და სტატუსი "ნდობის კრედიტის" სახით მოგვცენ.
სალომე ზურაბიშვილის მწვავე განცხადებების უკან შესაძლოა, წმინდა პოლიტიკური ინტერესებიც იდგეს. მაგალითად, დასავლეთის თვალში იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მხოლოდ თვითონ არის პროდასავლური იდეალების მთავარი დამცველი. შესაძლოა სურს, დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმა მთავარ მომლაპარაკებლად ის აღიქვან და მასზე გააკეთონ აქცენტი. გასაგებია, რომ პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არა აქვს, მაგრამ თუ ის გახდა საქართველოსა და დასავლეთს შორის მთავარი საკონტაქტო ფიგურა, "ოცნებას" უნდა თუ არა, ანგარიშის გაწევა მაინც მოუწევს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ზურაბიშვილის შიდაპოლიტიკური ქულები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
პრეზიდენტი შესაძლოა, კიდევ ერთი პოლიტიკური მიზნის მიღწევას ცდილობდეს. დღეს ოპოზიციური პარტიები, რბილად რომ ვთქვათ, ფორმაში ნამდვილად არ არიან (ეს ძალიან ცუდია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის). ამ ფონზე პოლიტიკოს-ექსპერტ-ჟურნალისტიანად ყველანი საუბრობენ, რომ აუცილებელია მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება. თუმცა ეს საუბრები საუბრებად რჩება, რადგან თუ არ არის ამომრჩევლის თვალში მიმზიდველი და გამაერთიანებელი ფაქტორი, მესამე პოლიტიკური ცენტრი ციდან არ ჩამოვარდება. დაბალრეიტინგიანი პარტიების უბრალოდ დაჯგუფება და სახელად "მესამე ცენტრის" დარქმევა კომიკურია. თუმცა ამ პარტიებს თუ ეყოლებათ ერთი გამაერთიანებელი და ზეპარტიული ლიდერი, მაშინ შეიძლება 2024 წლის არჩევნებისთვის გარკვეულ წარმატებაზე ფიქრი.
საინტერესოა, ასეთი ლიდერის როლს ხომ არ უმიზნებს სალომე ზურაბიშვილი? თეორიულად, მიმზიდველი პოლიტიკური სურათი შეიძლება იყოს, თუ პრეზიდენტის გარშემო თავს მოიყრიან "არანაცური" ოპოზიციური პარტიები. სხვათა შორის, ოპოზიციასთან თანამშრომლობის მცდელობა ერთხელ უკვე ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც შერიგების კამპანია წამოიწყო და ყველა პარტიის ლიდერს შეხვდა (როგორ დამთავრდა ეს კამპანია, სხვა თემაა). რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები რა ჭკუაზე არიან და უნდათ თუ არა საერთოდ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა, მაგრამ ფაქტი ერთია - ქართულ პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ახალი კომბინაციებისთვის დრო კიდევ არის, მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევარია დარჩენილი და იქიდან მალევე სალომე ზურაბიშვილსაც ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა.
სალომე ზურაბიშვილი უკანასკნელი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია და მის შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი ხალხმა კი არა, ხმოსნებმა უნდა აირჩიონ, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა...
გიორგი კვიტაშვილი