მოსკოვმა კიევს დაბადების დღე 41 "შაჰიდით" "მიულოცა"... - კვირის პალიტრა

მოსკოვმა კიევს დაბადების დღე 41 "შაჰიდით" "მიულოცა"...

ომებში დამახასიათებელია გარკვეულ ღირსშესანიშნავ თარიღებთან კონკრეტული სამხედრო ოპერაციების მიბმა და გამონაკლისი,არც დღევანდელი დღე-28 მაისი გახდა,როდესაც რუსეთმა ამ ომში უკრაინის დედაქალაქისკენ რეკორდული რაოდენობის უპილოტო კამიკაძეები-„შაჰიდები“ მიმართა...

დღეს ხომ კიევი თავის 41 წლის დაბადების დღეს აღნიშნავს და შესაბამისად მოსკოვმაც „საჩუქრად“ 41 ვარდის ნაცვლად 41 ირანული „შაჰიდი“ გაუგზავნა“!

მკითხველი შეცდომაში რომ არ შევიდეს,კიევის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ 1050 წლით დათარიღებულ ისტორიულ ხელნაწერებში მოიპოვება,მაგრამ კიევის დღის ოფიციალური აღნიშვნა 1982 წლის მაისის ბოლო კვირადღიდან დაიწყო და 2023 წლის 28 მაისს სწორედ 41 წელი უწევს...

დღევანდელი 28 მაისის გამთენიიდან ექვსი საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ბრიანსკის ოლქიდან და კრასნოდარის მხრიდან 54-რეკორდული რაოდენობის „შაჰიდი“ გაუშვა,რომელთაგან 52 უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს-ასეთია უკრაინის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია...

2-shahidi1-1685281896.png
„შაჰიდების“ გასაშვები დანადგარი, შენიღბული სატვირთო ტრაილერის ძარაში, რომელიც 45 გრადუსით იწევა და ხუთ ასეთ კამიკაძე-დრონს უშვებს სასტარტო სარაკეტო ძრავების საშუალებით...

მაგრამ, ციდან ჩამოგდებული დრონის თუ ფრთოსანი რაკეტის,ისევე როგორც მათი დამაზიანებელი საზენიტო რაკეტების ფრაგმენტები უკვალოდ კი არ ორთქლდება,არამედ მიწაზე ცვივა და რამდენიმე კილოგრამიანი ასეთი დეტალის ჩამოვარდნამ შეიძლება დიდი ტრაგედია დაატრიალოს-ამჯერადაც,მორიგი რუსული საჰაერო თავდასხმის, ძირითადად წარმატებით მოგერიების მიუხედავად,ძირს ჩამოცვენილმა ასეთმა ფრაგმენტებმა კიევში რამდენიმე შენობის დაზიანება გამოიწვია,ერთი ადამიანი დაიღუპა,თუმცა შედეგი ბევრად სავალალო იქნებოდა,რუსების მიერ გამოშვებულ „შაჰიდებს“ კიევში წინასწარ მონიშნულ სამიზნეებამდე რომ მიეღწიათ და იქ მომხდარიყო „შაჰიდების“ 50 კგ-იანი ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის საბრძოლო ქობინების დეტონაცია...

სხვათა შორის,ირანიდან ნაყიდ Shahed-131 და Shahed-136 ტიპის კამიკაძე-დრონებს,რუსი სამხედროები Герань-1-ებათ და Герань-2-ებათ გადანათლავენ,ზედ რიგით ნომერს აწერენ და ისე უშვებენ უკრაინის ქალაქებისკენ.

უკრაინელი მეზენიტეების მიერ ამასწინათ ჩამოგდებულ ერთ-ერთ „შაჰიდს“ უკვე 1062-ე რიგითი ნომერი ეწერა, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს,რომ ირანმა რუსეთს „შაჰიდების“ ახალი პარტია მიაწოდა.

ისე კი ირანული „შაჰიდებით“ რუსი სამხედროები მარტო უკრაინულ ქალაქებს როდი უტევენ,ორიოდე დღის წინ რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკთან აზოვის ზღვის ტალღებმა ნაპირზე ერთი ასეთი „შაჰიდი“ გამორიყეს,რომელიც სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობის შემდეგ ჩავარდა ზღვაში,მას შემდეგ რაც ის „თანამოძმეებთან“ ერთად უკრაინის მორიგი დაბომბვისთვის გაუშვეს სწორედ ამ ქალაქიდან.

3-shahidi-1685281948.jpg
უკრაინელი მეზენიტეების მიერ ჩამოგდებული მორიგი „შაჰიდ-გერანი“, რომელიც ირანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებულ ახალი პარტიიდანაა...

პრიმორსკო-ახტარსკთან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 960-ე მოიერიშეთა საავიაციო პოლკია განთავსებული,რომლის Су-25 ტიპის მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავები დღეს უკრაინას უტევენ,ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში კოდორის ხეობას გვიბომბავდნენ და ერთმა მათგანმა საპასუხოდ ისეთი დარტყმაც მიიღო საზენიტო „გრომისგან“,რომ სოხუმის აეროპორტამდე ძლივს მიაღწია,თუმცა საბოლოოდ ჩამოწერა მაინც არ ასცდა...

რომ დავუბრუნდეთ ომების „ტრადიციას“-მოწინააღმდეგისთვის ღირსშესანიშნავი დღეების დაბომბვებით „მილოცვას“,ამაში რუსებს არც უკრაინელები ჩამოუვარდებიან და მათაც გაუგზავნეს თავის დროზე კამიკაძე-„საჩუქრები“ რუს მეზენიტეებსა და სტრატეგიული ავიაციის მფრინავებს მათი პროფესიონალური დღეების „მისალოცად“.

სავარაუდოდ ვალში უკრაინელები არც დღეს დარჩებიან,რადგან 28 მაისს ჯერ საბჭოთა მესაზღვრის დღე აღინიშნებოდა(რომელიც 1987 წლის 28 მაისს მათ 18 წლის გერმანელმა პილოტმა მათიას რუსტმა თავისებურად მიულოცა,როდესაც საბჭოთა საზღვარზე გადაფრენის შემდეგ რამდენიმე საათში მოსკოვში,წითელ მოედანზე უპრობლემოდ დაუშვა თავისი „სესნა“), ახლა რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ში შემავალი სასაზღვრო სამსახური ზეიმობს და მათ ალბათ ძალიან „გაუხარდებათ“ მორიგი უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოულოდნელი „სტუმრობები“ ბელგოროდის,ბრიანსკის თუ კურსკის სასაზღვრო ზოლებში...