"მეგობრობდნენ... ჭაში ჩააგდესო, ჯერ ქვები დაუყრიათ, ზემოდან კი ბეტონი დაასხეს" - რა დეტალებს ჰყვება კახეთში მოკლული 25 წლის გიორგი მირზაშვილის მეგობარი? - კვირის პალიტრა

"მეგობრობდნენ... ჭაში ჩააგდესო, ჯერ ქვები დაუყრიათ, ზემოდან კი ბეტონი დაასხეს" - რა დეტალებს ჰყვება კახეთში მოკლული 25 წლის გიორგი მირზაშვილის მეგობარი?

25 წლის გიორგი მირზაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმემ მთელი ქვეყანა შეძრა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მომხდარი ფაქტი. ახალგაზრდა ბიჭი რუსთავიდან იანვარში გაუჩინარდა და იმ დროიდან არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ვინ წარმოიდგენდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად მოკლული იქნებოდა და რომ დამნაშავეები მის ცხედარს ჭაში ჩააბეტონებდნენ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ შემზარავ დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის გიორგი სულხანიშვილი მოკლულის ნათესავია.

უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირების ფანტაზია უფრო შორს წავიდა, ბიჭის მკვლელობის და ცხედრის დამარხვის შემდეგ, ისინი კვალის არევას შეუდგნენ. გიორგის "ფეისბუკში" შევიდნენ და მესენჯერით მოკლულის დედას, მკვლელობის მეორე დღეს, შეტყობინებები გაუგზავნეს. თითქოს გიორგი წერდა დედას, რომ მონასტერში მიდიოდა გარკვეული დროით და მასზე არ ენერვიულა, მისი ძებნა არ დაეწყო. ბიჭის დედა ემიგრაციაშია, ის ისრაელშია სამუშაოდ წასული და დედას ეგონა, რომ შვილისგან იღებდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. რას წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი ამ დროს მოკლული იყო და მისი სახელით სხვები წერდნენ შეტყობინებას, შვილის ადგილსამყოფლის შესახებ კი ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ.

უფრო მეტიც, ერთ ერთი ბრალდებული თურმე ნათესავებთან მიდიოდა და კითხულობდა გიორგის ადგილსამყოფელზე ხომ არ იცოდნენ რამე.

გიორგი რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდა, ოჯახის ახლობელმა ატეხა განგაში და პოლიციას განცხადებით მიმართა. სამართალდამცველებმა კი დანაშაული გახსნეს, ცხედარსაც მიაგნეს, დამნაშავეებიც დააკავეს და საქმის უმძიმესი დეტალებიც გაცხადდა.

giotako-1685282867.jpg
გიორგი მირზაშვილი და თაკო მირზაშვილი, მისი დედა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი, 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სოფლიდან მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე წლის 22 მაისს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ უმძიმესი ბრალდებით დაკავებულები არიან 24 წლის გიორგი სულხანიშვილი და მრავალჯერ ნასამართლევი 27 წლის უშანგი ბერძენიშვილი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს დამნაშავეებთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა, ის კახეთში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი თავის არეში უროს ჩარტყმით მოკლეს.

როგორც ამბობენ, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და საქმეში უკვე დევს მისი აღიარებითი ჩვენება. დამნაშავემ პოლიცია მიიყვანა დანაშაულის ადგილასაც და ჭიდან ამოიღეს სადისტურად მოკლული ახალგაზრდის ცხედარი, რომელიც ისე იყო დაზიანებული, მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა. მხოლოდ ჩატარებული დნმ-ის ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მოკლული გიორგი მირზაშვილია. ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ გუშინ მიაბარეს მიწას ისე, რომ შვილის დაკრძალვას ვერ ჩამოუსწრო ისრაელიდან დედამ... დედამ, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლეს.

"ღმერთო, რა მწარე დღე გათენდა, ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონზე, გიო, ცათა სასუფეველი ჰქონდეს შენს ლამაზ სულს.გაუთავებლად, სამყაროს დასრულებამდე შემიძლია მასზე ვისაუბრო, ისეთი ადამიანი იყო", - ამბობს მოკლულის მეგობარი.

სოციალური ქსელიც სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. გიორგის ემშვიდობებიან გულისტკივილით და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

"ჩემო ცისფერთვალება ბიჭო, როგორ მტკივა გული, ძალიან თბილო, უსაყვარლესო, არ გარჩევდი ჩემი შვილისგან და მიჭირს დაჯერება გიო, რომ არ ხარ", - წერს სოციალურ ქსელში მეგობრის დედა.

გიორგის მეგობარი:

- გიორგი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. საშინელება მოხდა, წარმოუდგენელია მასზე წარსულში საუბარი და იმის დაჯერება, რომ ასე სადისტურად გაუსწორდნენ მას. უმაგრესი კაცი იყო, უსაყვარლესი ადამიანი. ყველგან სიყვარულს თესავდა. დიდსა და პატარას ყველას უყვარდა. პატარა ბავშვებიც იყვნენ მის დაკრძალვაზე და დიდი, ასაკოვანი ადამიანებიც. ყველას გული დაწყვიტა ამ ამბავმა.

გუშინ დავკრძალეთ.

ცინკის კუბოთი მოასვენეს და ისეთ მდგომარეობაში იყო ცხედარი, რომ მისი გაჩერება არ შეიძლებოდა, ამიტომ ჩვენ, მისმა მეგობრებმა და დედის მეგობრებმა, ნათესავებმა დავკრძალეთ.

მე რამდენიმე თვე საქართველოში არ ვიყავი, ევროპაში ვიყავი და ამიტომ, ფიზიკურად არ მინახავს გიორგი, რა პრობლემები ჰქონდა, არ ვიცი. ზოგადად, არ იყო კონფლიქტური ადამიანი. უცხოეთიდან რომ ჩამოვედი, ეს საშინელი ამბავი დამახვედრეს.

გიორგი 5 თვე იყო დაკარგული. მის მკვლელობაში ბრალდებული დედამისის ბიძაშვილის შვილი - გიორგი სულხანიშვილია, მეორე ბრალდებულია უშანგი ბერძენიშვილი. ორივე დამნაშავე ამჟამად დაკავებულია. დედამისის ბიძაშვილის შვილთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, სულ ერთად იყვნენ, ახლა ბიჭები ამბობენ, რომ ბოლო დროსაც სულ ერთად იყვნენო, იმ ბიჭს, სეხნიაშვილს პრობლემები რომ ჰქონდა, გიო ეხმარებოდა, იმ დღეს რა მოხდა და რატომ გაიმეტეს ასე სადისტურად მოსაკლავად, არ ვიცი. სიმართლე იცის მხოლოდ მოკლულმა და იმ დამნაშავეებმა. სეხნიაშვილიც რუსთაველია, სახლშიც მიდიოდა გიორგისთან, ერთადაც სეირნობდნენ, თითქმის ტოლები არიან. გიორგი 25 წლის იყო.

რით მოხიბლეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მათ გაჰყვა კახეთში, სულხანიშვილის სახლში. ეტყობა, მან უთხრა, მოდი წავიდეთ და სოფელში ვიყოთ რამდენიმე დღეო და გაიტყუეს, კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცი. გიორგი მარტო ცხოვრობდა რუსთავში. მას საქართველოში არავინ ჰყავდა, მისი მშობლები გაშორებულები არიან წლებია, ამიტომ გიორგის მამასთან არ ჰქონდა ურთიერთობა. ბებიასთან და დედასთან იზრდებოდა, ბებო გარდაცვლილია, დედამისი კი ისრაელშია სამუშაოდ წასული.

გიორგი ახალი გადასული იყო დედამისის ნაყიდ ბინაში, 30 დეკემბერს შევიდა და არც დააცადეს იქ ბედნიერად ცხოვრება. სულ რამდენიმე დღე იცხოვრა თავის ახალ სახლში, მერე იანვარში წაიყვანეს იქ და იმავე დღეს არის მოკლული.

გიორგი დედისერთა იყო. დედამ ვერც კი მოასწრო ჩამოსვლა შვილის დაკრძალვაზე, რადგან ექსპერტიზის შემდეგ, მეორე დღეს დავკრძალეთ. რომც ჩამოსულიყო, დედა ვერც კი შეეხებოდა და მოეფერებოდა თავის მონატრებულ შვილს, ვერც ნახავდა.

როგორც ვიცი, გიორგის მამაც საზღვარგარეთ არის, ევროპაში, მაგრამ მას მამასთან ურთიერთობა არც ჰქონდა წლებია.

პატიოსანი ბიჭი იყო გიორგი, არ ცხოვრობდა ქუჩური ცხოვრებით. სულ ამბობდა ხოლმე, ცუდად ვერ ვიცხოვრებ, დედას ერთი ვყავარ და ვერ დავღუპავო.

- მკვლელობა გურჯაანში, ნათესავის სახლში მოხდა?

- როგორც ვიცი, სულხანიშვილის სახლში, ველისციხეში ჩავიდნენ, ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ და ამას ვერავინ წარმოიდგენდა. გიორგი ფიზიკურად ძლიერი იყო, მას ერთი ადამიანი მარტო ვერ მოერეოდა, როგორც ვიცი, უკნიდან მიეპარნენ და თავში აქვთ ჩარტყმული ურო. ასე სადისტურად მოუკლავთ.

მრავალჯერ ნასამართლევია მეორე ბრალდებული, უშანგი (უშო) ბერძენიშვილი, ამბობენ, ჯერ ორჯერ ჩაარტყეს, მერე გაგუდეს და ბოლოს, ჭაში ჩააგდეს და ჩააბეტონესო, ჯერ ქვები დაუყრიათ და მერე, ზემოდან ბეტონი დაასხეს.

საშინელებაა ამაზე საუბარი, ამის დაჯერებაც კი მიჭირს.

- გიორგის ოჯახი არ ეძებდა?

- როგორ არა, ეძებდნენ ნათესავები. მკვლელობაში ბრალდებული ნათესავი სულხანიშვილი და გიორგის დეიდა რუსთავში ერთ კორპუსში ცხოვრობენ. დეიდის მეზობელია, თურმე კითხულობდა მასთან, გიორგი სად არის, ხომ მშვიდობა არისო. წარმოუდგენელია, ამას აკეთებდა... რადგან დედა არ არის საქართველოში, ამიტომ გიორგის ნათესავები ეძებდნენ, მაგრამ ოჯახს გზა-კვალი აურია დამნაშავეების მიერ დაწერილმა მესიჯმა. ეს ამბავი 18 იანვარს მოხდა, ხოლო 19 იანვარს გიორგის დედას მისწერეს მესენჯერში, თითქოს გიორგი წერდა, დედა, მე მივდივარ მონასტერში და არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება და გამოვალ სიტუაციიდანო. რა სიტუაციიდან უნდა გამოსულიყო, არ ვიცი. ვალები ჰქონდა, მაგრამ ელემენტარული და ამ ყველაფერს დედამისი უგვარებდა. მკვლელობის მოტივი იყო უთანხმოებაო, ამბობენ, მაგრამ კონკრეტულად რა, ეს არ ვიცი.

გიორგის მობილური ტელეფონი არ ჰქონდა და "ფეისბუქზე" შესასვლელად ხშირად სხვის ტელეფონს იყენებდა, გეტყოდა, მათხოვე ტელეფონი, "ფეისბუკში" შევალო. როგორც ჩანს, მათი ტელეფონითაც ისარგებლა, ალბათ და მათ დამახსოვრებული ჰქონდათ "ექაუნთის" პაროლი.

შევიდნენ მის მესენჯერში და დედას ასეთი შინაარსის მესიჯი მისწერეს: დედა, მივდივარ მონასტერშიო.

სახლიდან წაღებული იყო ტანსაცმელი და დამშვიდებული ვიყავით, გვეგონა, რომ მართლა მონასტერში იყო.

საბოლოოდ, მისი დაკარგვის ამბავი გახმაურდა და პოლიცია, სადღაც ერთ კვირაში, ინფორმირებული იყო ამაზე. თუმცა ყველას ეგონა, რომ 25 წლის ბიჭი მართლაც შეიძლებოდა მონასტერში ყოფილიყო, მაგრამ თვეები რომ გავიდა და არ გამოჩნდა, ამის მერე, სამართალდამცველებმა ძებნა დაიწყეს. განცხადება პოლიციაში უკვე ოფიციალურად დაწერა ნათესავმა და ერთ კვირაში გავიდნენ კვალზე, ორი პირი დააკავეს, ცხედარიც იპოვეს და ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ დღეს.

როგორც ვიცი, ის დამნაშავე თავისი ფეხით მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე და ამბობენ, დანაშაული აღიარაო. პოლიციამ გვითხრა ორი დღე დაგვჭირდა ამ დანაშაულის გასახსნელადო და ეს წარმოუდგენელი დეტალები გახდა ცნობილი. გიორგი არ იყო კონფლიქტური, მაგრამ უსამართლობას ვერ იტანდა. უსამართლოდ მოქცევაზე რეაგირებას ყოველთვის მოახდენდა. ისე, ადამიანების გვერდში დგომა უყვარდა ყოველთვის. სულხანიშვილს პრობლემები ჰქონდა და მასაც ეხმარებოდა ყველაფერში. მეორესაც, ბერძენიშვილსაც ძალიან კარგად იცნობდა, არ ვიცი, რატომ მოკლეს ასე სადისტურად.

საშინელი ამბავია, ძალიან საშინელი, ისე სასტიკად არის დაღუპული, რომ არ ვიცი, რა ვთქვა. იმედია, ყველა დეტალს გამოიძიებენ და სიცოცხლით სავსე გიორგის მკვლელები საკადრისად დაისჯებიან.

გიორგი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ უჭირდა და რაიმე დახმარება სჭირდებოდა. სახლიდან ნივთები ეტყობა მართლაც წაიღო, რადგან ველისციხეში რამდენიმე დღე უნდა გაჩერებულიყვნენ, რას წარმოიდგენდა, ასე თუ გაწირავდნენ...

რა ჩვენება მისცეს გამოძიებას თავად დამნაშავეებმა, რატომ მოკლეს ასე სადისტურად 25 წლის ახალგაზრდა, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

(სპეციალურად საიტისთვის)