„ყველას ძალიან ბევრი გვაქვს მოსანანიებელი...“ - კვირის პალიტრა

„ყველას ძალიან ბევრი გვაქვს მოსანანიებელი...“

რომის პაპი იოანე XIII სხვადასხვა ქვეყნის ქალთა ტიპაჟის სურათებს აგროვებდა. საქართველოდან მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანისა და დოდო ჭიჭინაძის ფოტოები გაუგზავნეს. პაპი აღფრთოვანებულა მათი მშვენიერებით, მედეა ჯაფარიძეზე კი უთქვამს,„ეს დიდებული ევროპააო. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ამ საოცარი ქალის შვილი, მწერალი, პოეტი, სცენარისტი, სხვადასხვა ქვეყნის ყველა დროის 100 საუკეთესო დრამატურგს შორის დასახელებული დრამატურგი, არაერთი პრემიის ლაურეატი, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის, ლიტერატურული პრემია "საბას", თეატრალური პრემია „"დურუჯის" მფლობელი გახლავთ­ - ბატონი ლაშა თაბუკაშვილი.

- ბატონო ლაშა, ალბათ, ადვილი არაა, იყო ისეთი მშობლების შვილი, როგორიც ქალბატონი მედეა და ბატონი რეზო იყვნენ.

- მთელი ცხოვრება სულ ლუპით მაკვირდებოდნენ, როგორც მათ შვილს. როცა ქუჩაში მივდიოდით და დედას უღიმოდნენ, ცოტა არ იყოს, არ მომწონდა. მამას კი, პირიქით, ნაკლებად იცნობდნენ და მინდოდა მის მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინათ. წლების შემდეგ მივხვდი, რომ იმიტომ კი არ იყვნენ პოპულარული, რომ მედეა მსახიობი იყო, რეზო კი ლექსებს წერდა, არამედ იმიტომ, რომ ერის სამსახურში იდგნენ.

არ იყო მარტივი მედეასა და რეზოს შვილობა. რომ არა ისინი, არ ვიცი, აქამდე როგორ მოვიდოდი ან საერთოდ მოვიდოდი? სულ იმის მტკიცება მიხდებოდა, რომ გზის გაკვლევა მხოლოდ ჩემი ნიჭით მინდოდა.

ფათერაკიანი, ურჩი და თავნება ვიყავი. მეგობრებიც ჩემნაირები მყავდნენ - თავისუფალი აზროვნების, ოღონდ არა დღევანდელი გაგებით, არამედ ნამდ­ვილად თავისუფალი აზროვნების. ხშირად მირთულდებოდა ცხოვრება, მაგრამ მშობლების სახელები არასოდეს გამომიყენებია.

- მითხარით, მეგობრებიც ჩემნაირი მყავ­დნენ, თავისუფალი აზროვნებისო. რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

- არაერთხელ მოგვისმენია, მე თავისუფალი ადამიანი ვარო, და მეც წამომცდენია ეს სიტყვები. ვინც საკუთარ თავზე ამას იტყვის, ის სასაცილოა. რისგან ხარ თავისუფალი? სინდისისგან, ოჯახისგან, სამშობლოს სიყვარულისგან თუ რაღაც საზოგადოებრივი ნორმისგან? კი, უამრავი რამე დამირღვევია, მაგრამ ამით არასოდეს მიტრაბახია. თავისუფლება იმდენად მაღალი და დიდი ცნებაა ჩემთვის, არ შეიძლება იყოს ამდენად დავიწროებული. რამდენი ავანტიურისტი ვიცით, თავისუფალ სიტყვას შეფარებული.

- რას გულისხმობთ?

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდეა ჩემი თაობისათვის იყო სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა, მაგრამ დღევანდელ მწერლებს ბევრად უჭირთ ამის მოპოვება, ვიდრე ჩვენს ახალგაზრდობაში. იცით, რატომ? ჩვენ სიყალბეს არ ვწერდით. თუკი რამე ტკივილიანს შევეხებოდით, ეს მაშინ სიმამაცედ ითვლებოდა. დღეს ყველა კარიბჭე გახსნილია. რაც გინდა ილაპარაკე, დაწერე, ტელეარხები შენს განკარგულებაშია... და რა მივიღეთ შანტაჟის, წყევლის, სიძულვილის, ცილისწამების მეტი?! ბევრი ვერ იტანს ჰარმონიას შენ გარშემო და სწორედ მათ მიეცათ ძალიან დიდი სივრცე. მილიონი ადამიანის სიყვარულით გამყარებულ პატრიარქის ავტორიტეტსაც კი შეეხნენ. ეს არის თავისუფლება? ეს მცირე სიმართლეში შეფუთული დიდი ტყუილია. ეს ხომ ხელობაა, რომლის "პროფესიონალებიც" გვყავს უკვე 20 წელზე მეტია. თვალწინ გამიჭაღარავდნენ ვაჟკაცი კაცები და კდემამოსილი ქალები. შეუძლიათ ნებისმიერ ღირსეულ ადამიანს ქვა ესროლონ. ეს ყველაფერი ხომ არ იფანტება, ეს აურა ხომ გარშემო სულ ტრიალებს? ვაჟასაც კი, კოსმოსური ძალის მქონე კაცსაც კი აქვს ასეთი სიტყვები ნათქვამი:“

"აბა, რა გითხრათ ქართველნო, / გულზე მჭირს სამი იარა, / წარსულზე დარდი მაღონებს, /აწმყოშიც არა ყრია რა, / და მომავალზე ფიქრებიც არავინ გამიმზიანა! "

მზეს ეძებდა, იმედს ეძებდა მომავალ ფიქრებში და ვერ იპოვა. მაშინაც იყო ეს საშიშროებები, მაგრამ ისე გლობალური არა, როგორც დღეს. ძალიან ბევრმა წამოყო თავი. თითქოს მთელი საურჩხულეთი ცხოვრების ზედაპირზე ამოვიდა და ახლა ძალიან დიდი ბრძოლები მიდის.

- ჩვენი დღევანდელი ყოფა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- დასახელება გამიჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დროის სირთულე არ შევბღალო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სიძულვილის ზეიმში არ ვიცხოვროთ. თითქოს დამოუკიდებლები ვართ, რასაც არც სისხლი დავაკელით, მაგრამ ყველას ძალიან ბევრი გვაქვს მოსანანიებელი, მათ შორის მეც. ყველაფერს სჯობია, ყველამ, როგორც დღეს უყვართ თქმა, კრეატიული ხედვით“თავისი საქმე აკეთოს. შესაძლოა დღევანდელი ცხოვრების რიტმი მეტისმეტად სწრაფია, მაგრამ ჩემთვის ეს რიტმი, პირიქით, უაზრობაშია გაწელილი. ბოდიშს ვუხდი მკითხველს, იმის გამო, რომ საკუთარი პიესიდან ციტატას მოვიყვან, სადაც XXI საუკუნის არც ისე ხანდაზმული პერსონაჟი ხუმრობით ამბობს,„დამასაფლავეთ XX საუკუნეშიო. მეც მეოცესაუკუნელად დავრჩი. არადა, ვხედავ, რომ ჩემი შვილიშვილისთვის, უმცროსი ლაშიკო თაბუკაშვილისათვის, კომპიუტერი ისეთივე ნივთია, როგორიც მის ასაკში ჩემთვის კალამი და წიგნი იყო, რომელიც ბაბუამ, შალვა თაბუკაშვილმა შემაყვარა.

- რადგან ლიტერატურაზე ჩამოვარდა საუბარი, დამისახელეთ თქვენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ლიტერატურაში?

- უფრო დიდებსაც ვიცნობ, მაგრამ ვაჟა-ფშაველასა და„"მობი დიკის" ავტორს, ჰერმან მელვილს დავასახელებდი.

- "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" როგორ მოვიდა?

- საშინელი შეგრძნებებიდან, როცა იწყება შენი ილუზიების მსხვრევა; როდესაც­ პირველი ტყვია გავარდა თბილისში და დაიწყო სამოქალაქო ომი, დილის 6 საათზე მამაჩემი მიტინგზე, დახოცილების სიაში რეზიკოს ძებნა და ასე შემდეგ; როდესაც რამდენიმე მოშიმშილე გამოვიყვანე ზურგით, როდესაც თბილისის ქუჩაში გაჩნდა პირველი ქართველი მათხოვარი. ამას კიდევ ბევრი სირთულე დაემატა. ერთმანეთს ებრძოდა სხვადასხვა ძალა და საბოლოოდ ყველა ერთმანეთს რას, როგორ და რანაირად ეძახდა, ეგ კიდევ ცალკე თემაა.

თუმცა მთავარი ბიძგი მაინც იმ ბიჭებმა მომცეს, რომლებმაც აფხაზეთში თავდაუზოგავად იომეს, რომლებმაც არც იცოდნენ, ომი რა იყო. რამ წააგო და როგორ, კარგად ვიცით. გული მატკინა იმ საზოგადოების უმადურობამ, უსინდისობამ, როდესაც ომიდან ჩამოსულ ბიჭებს დახვდნენ! მათი უმრავლესობა დაილეწა ან ადრე წავიდა, ან ხელი ჩაიქნია, ან გადაიხერხა ხერხემალში ფიზიკურად ან სულიერად. მერე გავიდა დრო და იმის ნაცვლად, შერიგებაზე, ურთიერთმონანიებაზე ეფიქრათ, წავიდა ჩემთვის გაუგებარი პროცესები, რომელსაც არ მინდა შევეხო. აი, ამ ყველაფერმა მომცა ისეთი ბიძგი, რომ შემაძლებინა­ ამ სიტყვების დაწერა: "თქვენ, თქვენ რა გითხრათ, ბიჭებო?! კი, ბევრი გაიღეთ და ცოტა მიიღეთ. ბევრი დაკარგეთ და ცოტა იპოვეთ, მაგრამ ნურავის დაამადლით ამას. საკუთარ ერს არ ებუტებიან! მსხვერპლი, თქვენმა დაღუპულმა მეგობრებმა რომ გაიღეს, ბიჭმა თავი რომ დაიწვა, ამდენი ხეიბარი ახალგაზრდა - ნუთუ ეს მსხვერპლი თქვენ უაზროდ გაღებული გგონიათ? ლამაზი სულის არც ერთი მოძრაობა არ რჩება უპასუხოდ! პასუხმა შეიძლება დაიგვიანოს მხოლოდ!.. ვერავინ შეურაცხყოფს იმ ამაღლებულს და ლამაზს, რაც თქვენმა სულმა და სხეულმა გაიღო და ვაი მას, ვინც ამას შეეცდება! პასუხი მოვა, მოვა სულ მალე! მოიკრიბეთ ძალა. გამაშვებინეთ ეს ბავშვები მშობლებთან, იმ ნანატრ საქართველოში, რასაც თქვენ თვითონ მოესწრებით თქვენს გამწარებულ სამშობლოში!"“დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი. მივედით იმ ზღვრამდე, როდესაც ეს საკითხი დადგა­ და შიში გამიჩნდა... მეშინია იმის, რატომ არის უმცირესობა საქართველოს დიდი ღირსება? რატომ გვჭირდება­ ელემენტარულის მტკიცება, რომ ორჯერ ორი ოთხია? რატომ არის, რომ ასეთი დიდსულოვნები ვართ სხვა ერებთან, ერთმანეთს კი არ ვინდობთ?! ჩვენმა დამპყრობლებმა იცოდნენ, რომ ჩვენი დიდხანს მოსვენება არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ხვავიანი, ენერგიული და ნიჭიერებით სავსეა ქართული გენი.

- ჩემს თაობას რას ეტყვით?

- ვეტყოდი, რომ მასწავლებლის და შეგირდის ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს. მასწავლებელს, უფროს ადამიანს, აქვს ერთადერთი უპირატესობა - ის უკვე სინანულშია, უკვე ხვდება თავის შეცდომას, რაში შეცდა,­ სად მოეცარა ხელი, სად აუსრიალდა ფეხი და სურს შენ აღარ გაიმეორო იგივე შეცდომა, დრო არ დაკარგო და წახვიდე პირდაპირი გზით წინ. ეს არის პროგრესის ერთადერთი გზა. ახალგაზრდებს ვურჩევდი ცრუწინასწარმეტყველებს არ აჰყვნენ. არ იფიქრონ, რომ რაღაც ახალი არ ხდება "დანიის სამეფოში". ყოველთვის იქნებიან ღირსეული და ბრწყინვალე მამები როგორც ეკლესიაში, ისე ინტელიგენციაში. ყოველთვის იქნებიან მშვენიერი ადამიანები სოფლადაც და ქალაქადაც. უბრალოდ მათი დანახვააა­ საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, დღეს სულიერება აკლია ჩვენს ქვეყანას?

- ჩვენ ხომ უსირცხვილო XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ყველანაირი ფასეულობა გამქრალია! რასაკვირველია, სულიერება აკლია ყველას და ყველაფერს და მათ შორის პირადად მეც... უფრო უნდა დავიხარჯოთ ერთმანეთისთვის, უფრო მეტი გავცეთ! საკუთარი სულიერებიდან დავიწყოთ და მერე ეს იმდენად გადამდები გახდება, როგორც ლამაზი ხანძარი.

რუსუდან შაიშმელაშვილი