„გაფრენილი პოლიტიკა“ ანუ „სტუმარ-მასპინძლიდან“ პრეზიდენტის ბოიკოტამდე
რატომ აღარ იგონებენ საქართველოში პოლიტიკურ ანეკდოტებს? ალბათ, იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკის შემხედვარე ძნელია მოიფიქრო ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებიათ ქართველ პოლიტიკოსებს. ეს ამბავი ბოლო დღეებმაც დაადასტურა. უკვე, ალბათ, მეათასედ ვიმეორებთ, რომ სამწუხარო ის არის, ქართული პოლიტიკის გადამკიდე ყურადღების მიღმა რჩება სერიოზული პრობლემები, რომლებიც არსად გამქრალა. თუმცა, მეორე მხრივ, თუ არის უცნაური პოლიტიკური რეკორდების წიგნი, ქართული პოლიტიკა იქ უცვლელი ლიდერი იქნება.
როგორ "ჩაერია" ვაჟა-ფშაველა "ოცნებისა" და ოპოზიციის დაპირისპირებაში
როცა ვაჟა-ფშაველა მეცხრამეტე საუკუნეში "სტუმარ-მასპინძელს" წერდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ორი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკოსები მისი ნაწარმოებით "იხმალავებდნენ". თუმცა საქართველოში ყველაფერს უნდა ელოდო. "ყვარლის ტბაზე" გამართული სკანდალური ქორწილის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ბევრად მეტი ხოშტარია და ზურაბიშვილი ცხოვრობდა საქართველოში და სწორედ ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ "სტუმარ-მასპინძელი".
რა მოხდებოდა დასავლურ ქვეყანაში, მმართველი პარტიის ლიდერს მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა? ალბათ, ეს განცხადება პოლიტიკური შარჟების თემა გახდებოდა. თუმცა მხოლოდ არა საქართველოში! ოპოზიციამ და ოპოზიციურმა მედიამ სერიოზულად დაიწყო იმის განხილვა (ჩაწერეს ფილოლოგები, კრიტიკოსები და ა.შ.), სწორად გაიგო თუ არა ირაკლი კობახიძემ "სტუმარ-მასპინძლის" დედააზრი და საერთოდ, ვაჟა-ფშაველამ ეს "ოცნების" გასაგონად დაწერა თუ ოპოზიციის. განიხილეს ისიც, ფრაზა "დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა", უნდა ეხებოდეს თუ არა "ყვარლის ტბაზე" შეკრებილ რუსებს, თუ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სერგეი ლავროვის შვილი და დანარჩენი რუსები.
ვაჟა-ფშაველასი რა მოგახსენოთ, მაგრამ საინტერესოა, რა დიაგნოზს დასვამდა ავლიპ ზურაბიშვილი, ცოცხალი რომ ყოფილიყო...
პრეზიდენტი, ქორწილი და შინაგან საქმეთა მინისტრი
სანამ "ყვარლის ტბაზე" გამართულ სკანდალურ ქორწილზე გადავალთ, მანამდე სერიოზულად ვიტყვით, რომ საქართველოში ქვეყნის მტრების (რომელთა სიაში ერთ-ერთი ლიდერია სერგეი ლავროვი, რადგან ის აქტიურობდა ყველაზე მეტად, რომ რუსეთს 2008 წელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეცნო) ოჯახის წევრების შემოშვება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. 20 მაისს ბევრი ხალხი რომ არ გამოვიდა ქუჩაში, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ასეთ ამბებზე მტკივნეულად არ რეაგირებს. ამიტომ იმედია, ქართული სპეცსამსახურები ამის შემდეგ მაინც გამოფხიზლდებიან და ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაადგმევინებენ ფეხს ლავროვის შვილის მსგავს პირებს.
რაც შეეხება სკანდალურ ქორწილს - პირველ რიგში, ქორწილში "ჩაერთო" შიდადაპირისპირება "ნაცმოძრაობაში". სულ პირველად მექორწილეებს ნიკა მელია მიუვარდა მაისურზე გამოსახული უკრაინის დროშით. ეს რომ დაინახა ლევან ხაბეიშვილმა, ისიც სასწრაფოდ მივარდა თავისი აქტივისტებით და შეეცადა ნიკა მელიას გადაფარვას. ოპოზიციური მედია ორ ნაწილად გაიყო, იმის მიხედვით, ვინ ვის მხარეს იყო. ერთ არხზე მელია იყო "მთავარ როლში", მეორეზე - ხაბეიშვილი.
სანამ მელია, ხაბეიშვილი და ხოშტარია ნეფე-პატარძლისკენ "მიიწევდნენ", "ოცნების" მსხვილმა ტროლ-ბოტებმა ახალი ლეგენდა დატესტეს. თითქოსდა "ყვარლის ტბაზე" ქორწილს იხდიდა ვიღაც უწყინარი, მეტიც, ანტიპუტინურად განწყობილი რუსი. თუმცა მას შემდეგ ჩაჩუმდნენ, რაც გაირკვა, რომ გინდა გასწიე და გინდა გამოსწიე, "ყვარლის ტბაზე" ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი.
რომელ ქვეყანაში აკეთებს ქორწილზე კომენტარებს პრეზიდენტი? რა თქმა უნდა, საქართველოში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მექორწილეების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა "ყვარლის ტბის" ტერიტორია (თან შს მინისტრს უკბინა, ძლივს დავუკავშირდიო) და დაიშალეთო. თუმცა არ დაიჯერა ლევან ხაბეიშვილმა - შიგნით არიან ყველანი, ზურაბიშვილი კი სპეციალურად აკეთებს ასეთ განცხადებებს, რათა მუხტი დააგდოსო. მეტიც, ხაბეიშვილმა პოლიციას, რომელიც მექორწილეებს იცავდა, დევი ჭანკოტაძე და დავით ჯანაშია მიაყენა, უთხრა, თუ მართლა წავიდნენ მექორწილეები, აი, ეს ორი გენერალი შეუშვით და ისინი შეამოწმებენო. რა თქმა უნდა, გენერლები ქორწილში არ შეუშვეს. თუმცა საინტერესოა, რომ შეეშვათ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი როგორ აპირებდნენ არასასურველი სტუმრების იდენტიფიცირებას?! სასტუმროში ნომერ-ნომერ ჩამოივლიდნენ, რუსებს პირადობის მოწმობებს შეუმოწმებდნენ თუ ფოტოკონტროლს გაატარებდნენ. როგორც ლეგენდარულ "მიმინოში" ეუბნება ქართველი სომეხს - სნაჩალა პადუმაი, ა პატომ გავარი. ეს ხაბეიშვილს ეხება.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს ლამის შსს-ზე ადრე სცოდნია, რომ მაყრიონმა ქორწილი დატოვა. რატომ არ უთხრეს აქტივისტებს?! ალბათ, იმიტომ, რომ მუხტი არ დაეგდოთ.
ჩვენ კი ძალიან დავინტრიგდით და გვაინტერესებს, ამ ქორწილის შემდეგ მოსახდენი მოხდა?! ვთხოვთ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს წერილობით მოგვაწოდონ ამის შესახებ ინფორმაცია.
"მახნატი შმელ" ანუ ვისი "ტანცაობა" ჯობია
ჩვენ კი ვამბობთ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ყველას აქვს თავისი განმასხვავებელი ნიშანი. მაგალითად, "სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს მოციმციმე რადიკალიზმი (ხან მშვიდობის მტრედია, ხან ისე გარადიკალდება, რომ "ნაცებს" უსწრებს), "გირჩი" ყველას კრიჭაში უდგას, ელისაშვილი სიზმრებს ჰყვება და ა.შ. "ნაცმოძრაობის" განმასხვავებელი თვისება კი ის არის, რომ "ოცნებას" იმაზე აკრიტიკებს, რაც თვითონ გაუკეთებია და ხშირად უფრო ფართო მასშტაბებით.
სანამ ოპოზიციური მედია "ყვარლის ტბის" ქორწილის პარალელურად, ერთმანეთს ხაბეიშვილსა და მელიას აჯიბრებდა, სამთავრობო მედია არქივებში ჩაძვრა და "ამოაგდეს" კლასიკა - როგორ მივიდა პრეზიდენტი სააკაშვილი 2011 წელს დაუპატიჟებლად პუტინის საყვარელი რეჟისორის მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, როგორ თქვა სადღეგრძელო და როგორ მღეროდა "მახნატი შმელს". მაშინ არავის უნახავს ქორწილში მივარდნილი ელენე ხოშტარია.
მანამდე, როდესაც კრემლმა სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენები აღადგინა, "ნაცებს", რომლებიც ტანსაცმელს ტანზე იხევდნენ, შეახსენეს, როგორ გააუქმა სააკაშვილმა 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი და მაინცდამაინც 9 აპრილს როგორ დახვდა ყვავილებით "უვიზოდ" შემოსულ პირველ რუსებს. "ნაცმოძრაობის" პასუხი - მაშინ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იყოო, უსუსურია, მით უმეტეს, რა შუაშია გეოპოლიტიკური ვითარება იმასთან, რომ ომიდან მესამე წლისთავზე პუტინის ფავორიტის ქალიშვილის ქორწილში "მახნატი შმელი" იმღერო. "ოცნების" გასაგონად - ჩემი კლასის დამრიგებელი ხშირად მეუბნებოდა ხოლმე: სხვები მეათე სართულიდან რომ გადახტნენ, შენც უნდა გადახტეო?!
რითი იფრენს პრეზიდენტი?!
გასული დღეების "გაფრენილი პოლიტიკის" ერთ-ერთი მარგალიტი იყო, პრეზიდენტმა "ჯორჯიან ეირვეისს" ბოიკოტი რომ გამოუცხადა - ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ბორტზეო. "ეირვეისმაც" გამოაცხადა საპასუხო ბოიკოტი, სანამ ზურაბიშვილი ბოდიშს არ მოიხდის, მანამდე მას თვითმფრინავში არ აუშვებთო.
არადა, დასავლეთშიც, აფრიკაშიც და ჩინეთშიც მოქმედებს ერთი პრინციპი - თუ ქვეყნის პირველ პირს არ ჰყავს პერსონალური თვითმფრინავი, ის ეროვნული ავიახაზებით დაფრინავს. ხომ წარმოუდგენელია, მაგალითად, მაკრონმა "ლუფტჰანზათი" იფრინოს ან ერდოღანმა "ეირ ფრანსით".
ჩვენს პრეზიდენტს არ ჰყავს პერსონალური ბორტი და ამიტომ რჩება ორი ვარიანტი: ან მთავრობამ უნდა ათხოვოს პრემიერის თვითმფრინავი (პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობებიდან გამომდინარე, შესაძლოა ათი შემთხვევიდან სამჯერ ათხოვონ), ან... ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად პრეზიდენტი ვიზიტზე პერსონალური ავტობუსით წავიდეს ხოლმე.
p. s. ისე, ერთი ავტობუსი ფსიქოლოგები ყველას გვჭირდება, რათა მოვლენების ადეკვატური აღქმა შევინარჩუნოთ.
გიორგი კვიტაშვილი