"არ უნდა გვეშინოდეს, რომ ქართველები აღარ დაბრუნდებიან და დავცარიელდებით" - კვირის პალიტრა

"არ უნდა გვეშინოდეს, რომ ქართველები აღარ დაბრუნდებიან და დავცარიელდებით"

"შესაძლოა ქართული მიწა მიიტაცეს, შესაძლოა რწმენაც შეგვაცვლევინეს, მაგრამ ქართულ ენას, გონებაში მობორიალე სიტყვებს, ფიქრებს, აზრებს, ვერასოდეს ვერავინ წაგვართმევს, თუ თავად არ თქვით უარი. ჰოდა, არ თქვათ უარი ქართულ ენაზე, გიყვარდეთ და ჩაიხუტეთ, ჩაიხუტეთ, როგორც პატარა ბავშვი", - ეს სიტყვები ახალგაზრდა მწერალს, ნიკოლას მაჩაბელს (იგივე ბექა ბაღაშვილს) ეკუთვნის დაA ამ სიტყვებს თითქოს მეც "ჩახუტებულს დავატარებ". არა ემოციურობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბექა ბაღაშვილი ჩემთვის სიმბოლოა: ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სამშობლოში არცთუ დალხენილი ყოფის მიუხედავად, ემიგრაციაში სამსახურზე უარი თქვა და შინ დაბრუნდა. ახალგაზრდა ემიგრანტის ნოსტალგიის აღწერისას ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა ახალგაზრდობას სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე, თანაც, იმ სიმძაფრით, რომ მისი ბესტსელერი "ჩაინა კონტრასტებიდან" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გამარჯვებული გახდა და ათასობით თინეიჯერის საყვარელ წიგნად იქცა. ჰოდა, მწერელმა ნიკოლას მაჩაბელმა ჩვენს ისტორიაშიც კიდევ ერთხელ დასვა კითხვის ნიშანი: როგორ ხდება, რომ ქართველთა უმეტესობა უცხო მიწაზე კეთილდღეობას მაინც სამშობლოს გოლგოთას არჩევს და გამუდმებით შინ დაბრუნებაზე ფიქრობს? რამდენად მძაფრია ეს განცდა ახალგაზრდა ემიგრანტებში, რომლებიც ქვეყნიდან უკანმოუხედავად გარბიან? შეიძლება ამ თაობამ დაბრუნება მოისურვოს? - ამ კითხვებით მივმართე მწერალ ნიკოლას მაჩაბელს, რომელიც თავად იყო ემიგრანტი, ემიგრაციაში არაერთი ღირებულება "გადახარშა" და ყველა მათგანს სამშობლო არჩია:

- მოდი, დავიწყოთ თქვენი ნაწარმოების იმ ამონარიდით: "თამთა გერმანიაში აპირებს­ წასვლას, უახლოეს მომავალში. ბეიბისითერად გაემგზავრება დოიჩლანდში, ვიღაც გერმანელის ბავშვის მოსავლელად. აქ ძალიან უჭირს ცხოვრება, ამიტომ გადაწყვიტა გერმანიაში მრავალრიცხოვან ქართველი გოგოების კასტას შეუერთდეს, კასტას, რომელიც საქართველოში იბადება, შემდეგ კი გერმანიაში ბეიბისითერებად­ გარბის და როგორც წესი, შემდგომ იქ რჩება. ეს გოგონები ქრებიან ქართული რეალობიდან, საქართველოს ბიუჯეტს კი ახსოვს მათი გადმორიცხვები, ოჯახებს დასდევთ მათი მოგონება, თუმცა რეალურად ეს გოგოები აღარ არსებობენ. საქართველოს ეროვნული ბანკი კი, ალბათ, ლოცულობს, რაც შეიძლება მეტი ასეთი გოგო დაიბადოს, რაც შეიძლება მეტი აღარ დაბრუნდეს უკან, ევროები კი რიცხონ და რიცხონ მოხუც და გაჭირვებულ მშობლებთან".

სულისშემძვრელია. რატომ დაწერეთ ეს: "გოგონები უბრალოდ ქრებიან"? თავად ხომ საერთოდ არ გინახავთ ეს გოგონები 90-იანი წლებიდან, რადგან ამ დროს დაიბადეთ­. იმიტომ ხომ არ დაწერეთ, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად ადარდებთ სამშობლოს თემა და გრძელ ნაკადად მიედინებიან ემიგრაციაში.

- არა ხართ მართალი, რადგან ახალგაზრდებს სამშობლოს თემა შესაძლოა ბევრად მწვავედ აწუხებთ, ვიდრე უფროსებს.­ 14-15 წლის ასაკიდან იწყება სამშობლოს შეცნობა, გნებავთ, მისდამი თანაგრძნობის გაჩენა. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ემოციურად განიცდის ამ გრძნობას. ასეა ისტორიული მაგალითებითებითაც. თუნდაც ილია გავიხსენოთ, როგორ ემშვიდობება სამშობლოს, როდესაც უცხოეთში განათლების მისაღებად მიდის: "სამშობლოს მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა". უბრალოდ, ახალგაზრდობა ამ თემაზე ნაკლებად საუბრობს, რადგან ეს მისთვის მტკივნეულია. ისინი ხედავენ, რა დღეშიც ვართ და თუ მაინცდამაინც დააძალებთ და იძულებით მოინდომებთ ალაპარაკებას, აბა, სამშობლოზე რას ფიქრობ, გიყვარს თუ არაო, აუცილებლად გაღიზიანებულად გიპასუხებენ, რა სამშობლოზე მელაპარაკებიო! ისე, ამ პასუხს ვიმსახურებთ უფროსი თაობები, რომლებმაც დღემდე ვერ შევძელით მათთვის ღირსეული სამშობლოს შექმნა. თავადაც ასე ვიყავი. მეც ვეკითხებოდი საკუთარ თავს, წასვლა ჯობდა თუ დარჩენა. ზოგჯერ მატერიალური გაჭირვება არც არის საბაბი, რომ ახალგაზრდამ­ სამშობლოდან წასვლა მოინდომოს - ახალგაზრდა ასაკში საზღვრების გადალახვისა და სამყაროს შემეცნების სურვილი თავისთავადია. ისინი სიამოვნებით მოივლიან დედამიწას და მთელ სამყაროს სამშობლოს შეადარებენ და კიდეც მოიხიბლებიან უცხოეთის მომნუსხველობით, მაგრამ ეს რაღაც პერიოდში თავისთავად ქრება და ადამიანს უკვე შინ უნდა, თუ, რა თქმა უნდა, შინ უფუნქციოდ დარჩენა არ ემუქრება. ამის რომ არ შეეშინდეს, ადამიანს შინ დაბრუნებისათვის სულიერი ძალის დიდი მობილიზება სჭირდება.

- თქვენ რატომ წახვედით ემიგრაციაში?

- თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც­ ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და გაგვიჭირდა. დედას შეეძლო ჩემთვის და ჩემი დისთვის საარსებო აუცილებლობები მოეგვარებინა, მაგრამ სხვა ბევრი რამ, შეუძლებელი იყო; მაგალითად, ფული რომ მოეცა. ამიტომ 15 წლიდან ვმუშაობდი. სხვათა შორის, სწორედ "პალიტრაში" იყო ჩემი პირველი სამუშაო, კურიერი გავხდი­, გაზეთებს ბინიდან ბინაში დავატარებდი­. შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელებში ვუკრავდით ბიჭები და აღებულ ფულს ვინაწი­ლებდით. სხვა სამუშაოებიც გამოჩნდა. სტუდენტობისას გავხდი Gგეოგრაფი, ფინანსისტი, მაგრამ წასვლა მაინც აუცილებელი აღმოჩნდა და ჩინეთში წავედი სამუშაოდ. იქ კი დავინახე, რომ ყველაფერი, რასაც მანამდე ვიცნობდი და მიყვარდა, ჩემი კულტურა იყო თუ ყოფა, იქ სრულიად უცხო იყო. აქედან გამომდინარე, თავად ის სამყაროც უცხოდ მექცა. ამის გამო, მგონი, დედამიწის ყველაზე მარტოსულ კაცად ვგრძნობდი თავს. მახსოვს, ერთხელ როგორი ენით აღუწერელი ბედნიერება მომანიჭა რომელიღაც ჩინურ ობიექტში ქართული ღვინის ნახვამ. ნამდვილად ვიფიქრე, რომ მთელ აღმოსავლეთში ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობდა. მთლად მსგავსი განცდები ევროპაში არ ჩნდება, მაგრამ უცხოობის შეგრძნება იქაც დიდია. აი, აქედან იწყება ქართველის ნოსტალგია და სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრი. Eეს ტვირთია. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ხანდახან ისე გაბრაზებული ვარ სახელმწიფო ინსტიტუტებზეც და რიგით ქართველებზეც, ვეღარ ვხვდები, რატომ ფიქრობს ასე მძაფრად ქართველთა უმეტესობა შინ დაბრუნებაზე, მაგრამ, ცხადია, ფიქრობს. ემიგრაცია სულ უფრო და უფრო მეტ სახლებს ყიდულობს და აშენებს საქართველოში დასაბრუნებლად.

- რატომ ხართ ხოლმე სამშობლოზე გაბრაზებული?

- არასოდეს დაგხვედრიათ საკუთარ ან თუნდაც კორპუსის ეზოში რაიმე სპეციალურად განადგურებული და დამტვრეული?­ ამას ხომ ისევ ჩვენ ვაკეთებთ? არასოდეს გიფიქრიათ, რომ ხელისუფლების არაკომპეტენტურობის გამო ქვეყნის საქმე საგანგებოდ ფუჭდება? ყველას გვიფიქრია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც სამშობლოში ცხოვრება გვინდა. მიგრაციაც, იმის მიუხედავად, შეძლებს დაბრუნებას თუ არა, 90%, გამონაკლისების გარდა, სულ ამ თემაზე ფიქრობს. არიან, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც, ხალხი, რომელიც გამოიმუშავებს მკაცრ დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, მაგრამ ეს ნაწილი შედარებით ცოტაა. პირადად ჩემთვის გაუცხოება­ ემოციურად იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ დაუნანებლად დავტოვე ყველაფერი ჩემთვის უცხო და შინ წამოვედი. თუმცა ამ უცხოობას ფოტოები თითქოს საკუთარი თვალებით გადავუღე, შინ წამოვიღე და ჩინეთიდან დაბრუნებიდან ერთ კვირაში დავწერე "ჩაინა კონტრასტებიდან". აღვწერე, რას განიცდის ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთში მიდის, როგორ და რით ცდილობს ჩაახშოს ეს შოკი. "ჩაინას კონტრასტების" გმირი, მაგალითად, დედასთან რეკავს საქართველოში და სთხოვს, ეზოში წადი და ჩვენი ეზოს ჩიტების ჭიკჭიკი მომასმენინეო.

- საქართველოში­ ემიგრანტის არაერთ ოჯახს ჰგონია, რომ მათი შვილი ემიგრაციაში კარგადაა და საარსებო სახსარსაც მოიპოვებს.

- მოიპოვებს, თუ წელში არ გასტეხს უცხოობა და იმის შეგ­რძნება, რომ მარტოა. ზოგ ახალგაზრდას ერთი სული აქვს, როდის­ გაიქცევა,­ ოღონდ სამშობლოს დააღწიოს თავი, ამ დროს კი დასაყრდენი უცხოეთში არავინ და არაფერი ეგულება. Gგანარკომანება ან გაკრიმინალება ემიგრაციაში ახალგაზრდას უეჭველად ემუქრება, თუ საარსებო ლუკმის მოპოვებისთვის კრიმინალ ახლობლებთან იქნება დაკავშირებული. ამ შემთხვევაში შინ მით უფრო ვერ დაბრუნდება. ქართველის პაუხისმგებლობა, ოჯახის, ცოლ-შვილის, თუნდაც დედის წინაშე იმხელაა, რომ პირველ რიგში მათთვის სურთ იმის დამტკიცება, რომ უსუსურები არ არიან და თუნდაც მცირე სახსრის დაგროვება შეუძლიათ. მერე, ცხადია, ვერ აგროვებენ და უფრო და უფრო მეტ­ხანს რჩებიან ემიგრაციაში, უფრო იძირებიან ჭაობში. ვიცით, რამდენი ახალგაზრდა იღუპება ასეთ პირობებში, თორემ დაბრუნების სურვილს ვერც ვერაფერი შეცვლის, პირიქით. თუნდაც ჩემს მაგალითს გეტყვით - როდესაც მოგზაურობა დავიწყე, აღტაცებისგან არ ვიცოდი, რა მექნა. იმდენად მხიბლავდა უცხო ქვეყნები, რომ სულ იმის შედარებაში ვიყავი, რა იყო იქ ჩემს ქვეყანაზე უფრო კარგი. ისეთი ეგზალტაცია მჭირდა, პირველი მოგზაურობებიდან ლამის არაფერი მახსოვს. ახლა კი მოგზაურობის ამოწურვამდე გული მეწურება, ერთი სული მაქვს, შინ როდის დავბრუნდები. ბოლო დროს მე და ჩემი მეუღლე იტალიაში რომ ვიყავით, თვითმფრინავიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე აღმოგხდა, რა ბედნიერებაა, უკვე საქართველოში ვართო.

სახელმწიფოზე ხომ თავისთავად, მაგრამ შინ დარჩენილ ხალხზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, როდის დაბრუნდება ემიგრანტი. თითოეულ მის ახლობელს, მის სამეგობროს ამ საქმეში განუზომელი როლი აქვს. ემიგრანტი, როგორც თავის სუნთქვას, ისე უნდა გრძნობდეს, რომ საქართველოში ახლობლები ელიან. ეს მხოლოდ ახალ ემიგრაციაში კი არა, იმ თაობაშიც ასე უნდა იყოს, რომელიც ემიგრაციაში დაიბადა და გაიზარდა. სხვათა შორის, ზოგჯერ ამ ნაწილს უფრო ეჩქარება დაბრუნება სამშობლოში. იტალიაში ყოფნისას მე და ჩემს მეუღლეს ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის დამთავრების შემდეგ ორი ახალგაზრდა მოგვიახლოვდა. ჩვენ ისინი უცხოელები გვეგონა, რადგან­ არაფერზე ეტყობოდათ, რომ ქართველები იყვნენ, არც ჩაცმულობასა­ და არც იერზე, მაგრამ მოგვიახლოვდნენ თუ არა, ქართულად დაგველა­პარაკნენ და მივხვდით, რომ უცხოეთში დაბადებული ქართველები იყვნენ. გვითხრეს, ქართულ დროშას დავეძებდით, მაგრამ აქ ვერ ვიშოვეთ, არავინ კერავს; თქვენთან ამიტომ მოვედით, რომ გკითხოთ, ქართული დროშა როგორ ვიშოვოთო. ჩვენ დროშა მივეცით და ვისაუბრეთ. საუბრის ბოლოს გამოგვემშვიდობნენ: თქვენ ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ იტალიაში, ჩვენს თავს კი ჩვენს საყვარელ სამშობლოში დაბრუნებასო. წარმოგიდგენიათ ეს როგორი ამბავია? ხალხი სამშობლოში არ დაბადებულა, არც გაზრდილა, მაგრამ გული მაინც მისკენ მოუწევს. ეს პატარა ამბავი არ არის. ამიტომაც არ უნდა გვეშინოდეს, რომ ქართველები აღარ დაბრუნდებიან და დავცარიელდებით. საშიში სხვა რამ არის - დრო გადის და ქვეყანა ფეხზე ვერ დაგვიყენებია. არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, უბრალოდ, იმის შეგრძნება მაქვს, რომ ეს წინასწარგანზრახულად ხდება.