„სამხედრო საქმემ ქალისა და კაცის განსხვავება არ იცის“ - კვირის პალიტრა

„სამხედრო საქმემ ქალისა და კაცის განსხვავება არ იცის“

სამხედრო საქმეზე საბავშვო ბაღიდან ოცნებობდა. მაშინ ოჯახი ვერც წარმოიდგენდა,­ რომ გავიდოდა დრო და გოგონა სამხედროს პროფესიას აირჩევდა. 20 წლის თეონა ლაბაძე პირველი იუნკერი ქალია,­ რომელიც საფრანგეთის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მაგისტრატურაში ჩაირიცხა. სენ-სირის სამხედრო სკოლა სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელია და წარჩინებულ სტუდენტებს უმაღლესი დონის სპეციალური განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამისთვის ქართველმა გოგონამ უმკაცრესი ოთხთვიანი­ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარა.

- ჩემი სასწავლებლის ბაზა ბრეტანის რეგიონში, ქალაქ რენეს ახლოს მდებარეობს. რთული პირველი სემესტრის გავლის შემდეგ შაბათ-კვირა თავისუფალი მაქვს და ქალაქში გავლა შემიძლია. ძალიან საინტერესო ქალაქია, საინტერესო ტრადიციებით, მრავალფეროვანი გასართობი ადგილებით, თუმცა, რადგან დრო შეზღუდული მაქვს, ჯერ ბევრი რამ მხოლოდ ინტერნეტით ვიცი.

ფრანგულ ენაში წასვლამდეც ვემზადებოდი, მაგრამ აქ მაინც დამჭირდა დამატებითი კურსი და თავისუფალ დროს ფრანგული ენის უკეთ შესწავლას ვუთმობ. სამაგისტრო პროგრამებიც მეწყება.

- რატომ აირჩიე ეს პროფესია?

- 14 წლის ვიყავი, როდესაც სამხედრო ლიცეუმში სწავლა გადავწყვიტე. ოჯახი ჩემს არჩევანს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ძალიან ჯიუტი ვარ, თუ რამე გადავწყვიტე, არაფრით გადავიფიქრებ, მით უფრო, ოცნებას არ დავთმობ. ასე რომ, ორთვიანი `დიპლომატიური მოლაპარაკების~ შემდეგ ჩემსას მივაღწიე.

ოჯახში, ბაბუას თუ არ ჩავთვლით, სამხედრო პირი არავინ ყოფილა. ბაბუა ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო, მაგრამ ასე მგონია, ჩემით ძალიან იამაყებდა. ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და ხშირად მიყვებოდა ფრონტის ამბებს, როგორ იბრძოდნენ, მეგობრები რომ დაკარგა, რა მძიმე დღეების გადატანა უწევდა. სუნთქვაშეკრული ვუსმენდი და თავადაც წარმოვიდგენდი ბრძოლის სურათებს.

ბავშვობაში სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ომობანასა და სხვა ბიჭურ თამაშებს და ვფიქრობ, ამანაც იქონია გავლენა.

2018 წელს სამხედრო ლიცეუმში ჩავაბარე. მაშინ გოგონებისთვის ეს ახალ ხილად ითვლებოდა. გოგონებისთვის ფიზიკური ნორმატივები ოდნავ განსხვავებული იყო, დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივ ჩავაბარე.

ოჯახს ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მაინც ყოყმანობდნენ, ღირდა თუ არა სამხედრო სამსახურს გავყოლოდი. მამა მხარს მიჭერდა, დედა კი წინააღმდეგი იყო. როდესაც რამე არ გამომივიდოდა, დედაჩემი მამას საყვედურობდა, აი, ხომ ვამბობდი, როგორც იქნებოდა, ყველაფერი შენი ბრალიაო. ახლა ამაზე ვიცინით ხოლმე.

ლიცეუმში სწავლის პერიოდში საფრანგეთიდან სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლის სპეციალისტები ჩამოვიდნენ. სწავლის გაგრძელებას ისედაც ვაპირებდი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, მაგრამ რადგან ფრანგი სპეციალისტების ჩამოსვლით გავიგე, რომ სენ-სირი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია და იქ სწავლით ჩემი პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობა მომეცემოდა, იქ წასასვლელი გზის ძებნა დავიწყე.

სამხედრო ლიცეუმის დამთავრების შემდეგ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩავაბარე. თუ ადრე იშვიათობა იყო ქალის სამხედრო სასწავლებელში სწავლა, ახლა ქალებს არაფრის მტკიცება აღარ გვჭირდება. მეორე კურსის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტე.

კონკურსში 40 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მე ოც კანდიდატს შორის მოვხვდი, გოგონა მხოლოდ მე ვარ.

სენ-სირის სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული დიმიტრი ამილახვარსაც (`ბაზორკას~ ეძახდნენ დაბადების ადგილის, სოფელ ბაზორკინოს (ახლ. ჩერმენი) მიხედვით), საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკს, ქართველი ემიგრანტის, პოლკოვნიკ გიორგი ამილახვრის ვაჟს. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და გენერალ შარლ დე გოლის `თავისუფალი საფრანგეთის~ არმიაში დაიწყო სამსახური. 1942 წელს `გათავისუფლების ჯვრით~ დააჯილდოეს. ის გმირულად დაიღუპა ელ-ალამაინის ბრძოლაში, სიკვდილის შემდგომ კი საპატიო ლეგიონის კავალრის უმაღლესი წოდება მიანიჭეს. 1956 წელს მისი სახელი მიენიჭა სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას. 2005 წელს საფრანგეთში საზეიმოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავი და მისი სახელი უწოდეს პარიზის ერთ-ერთ ქუჩას. თუნდაც ამიტომ არის აქ სწავლა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო.

- რა იყო ყველაზე რთული?

- ადვილი არაფერი ყოფილა. კონკურსისთვის ფრანგულისა და ეკონომიკის დისერტაცია წერით ჩავაბარე, რაც ძალიან გამიძნელდა. შემდეგ სამწლიანი პროგრამა დაიწყო. პირველიდან მეექვსე სემესტრი არის სამხედრო კურსი, შემდეგ კი სასწავლო და სამაგისტრო პროგრამა. ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიყავი მომზადებული. პირველი ოთხი თვე სამხედრო აქტივობებით ძალზე დატვირთული იყო. ნაკლები ძილი და მეტი ვარჯიში ძალიან გამიძნელდა.

- საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, ესე იგი, კარანტინს გულისხმობთ?

- დიახ, ოთხთვიანი იყო, ძალიან მკაცრი რეჟიმით. გვიან ღამით გვქონდა მოულოდნელი სამარშო გასვლები, მისიები და სამხედრო წვრთნები. ზოგჯერ დღე-ღამეში ორი-სამი საათი გვეძინა. პირველი სემესტრი გამძლეობის გამოცდა იყო.

- იყო შემთხვევები, როდესაც კარანტინს ვერ გაუძლეს?

- დიახ, თუმცა სენ-სირში ძირითადად მომზადებული კადრები აბარებენ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სასწავლებლისთვის 2-3 წლის განმავლობაში, ზოგი კი სკოლის ასაკიდანვე ემზადებოდა. კურსზე დაახლოებით 20-25 გოგონაა. თუმცა კარგი მომზადების მიუხედავად, ზოგმა, როგორც ბიჭმა, ასევე გოგონამ, ვერ გაუძლო და გავარდა.

ის ოთხი თვე უმძიმესი გამოცდა იყო, უძილობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ფსიქოლოგიურადაც. ყოველ წუთს შენს თავს უმტკიცებ, რა შეგიძლია. რამდენჯერაც წაიქცევი, უნდა წამოდგე, თორემ შენს ადგილს სხვა დაიკავებს. იმ ოთხთვიანმა სირთულეებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა. სულ მახსოვდა, რომ მე აქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა - საქართველოს შერცხვენის უფლება არა მაქვს. სამხედრო საქმემ ქალისა და კაცის განსხვავება არ იცის. დღეს ჩემი უმცროსი ძმაც სამხედრო ლიცეუმში სწავლობს და ამით ძალიან ვამაყობ. შვილიშვილებმა ბაბუას გზა გავაგრძელეთ.

- იმ დროის განმავლობაში ოჯახთანაც არ გქონდათ კავშირი?

- ამ პერიოდში ერთკვირიანი დასვენება გვქონდა და მაშინ პირველად შევეხმიანე ოჯახს. საფრანგეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივას მშვიდად შეხვდნენ. ახლა, როდესაც სირთულეები უკან არის დარჩენილი, ჩემი ოჯახი მგულშემატკივრობს და მხარს მიჭერს.

- ახლა რაზე ოცნებობთ.

- სენ-სირის სამხედრო სასწავლებელს ლეიტენანტის წოდებითა და მაგისტრის ხარისხით დავამთავრებ. ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ და სადაც ჩემს ქვეყანას დავჭირდები, იქ ვიქნები.

- თქვენ გარდა, კიდევ რომელი ქვეყნების წარმომადგენლები არიან სენ-სირში?

- პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, აზიიდან, საუდის არაბეთიდან, აფრიკიდან... ჩემამდე სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში სწავლობდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები: ზურაბ მანჩხაშვილი, გურამ სეფიაშვილი და გიორგი ცინცქილაძე. ჩვენი აკადემიის იუნკრები გაცვლითი პროგრამებით სწავლას აგრძელებენ ისეთ წამყვან სამხედრო სასწავლებლებში, როგორიც არის აშშ-ის სახმელეთო ჯარების აკადემია, საზღვაო აკადემია, გერმანიის ბუნდესვერის უნივერსიტეტი, თურქეთის სახმელეთო და საჰაერო ძალების აკადემია. საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და საშუალება აქვს ამ საქმის განვითარებაში მეტი რესურსი ჩადოს...

- სამი წლის განმავლობაში სამშობლოში ჩამოსვლის შესაძლებლობა არა გაქვთ?

- ზამთარში ვიყავი, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ შეიძინა ბილეთები. ზაფხულშიც შემიძლია ჩამოსვლა...

- საყვარელი იარაღი თუ გაქვთ?

- იარაღი ძალიან მიყვარს. კვირების განმავლობაში დავდივართ სასწავლო სროლებზე. საქართველოში ამერიკული მ-4-ით ვისროდით, აქ სხვა ტიპის იარაღით ვისვრით, თუმცა ჩემი ფავორიტი ავსტრიული `გლოკია~, რომელიც ავსტრიულმა ფირმამ ადგილობრივი არმიისთვის შექმნა და ძალიან მალე საიმედო იარაღი გახდა.

ლალი პაპასკირი