„თანამედროვე მოზარდები დღეში 150-ჯერ იხედებიან საკუთარ ტელეფონებში, ანუ ექვს წუთში ერთხელ“ - კვირის პალიტრა

„თანამედროვე მოზარდები დღეში 150-ჯერ იხედებიან საკუთარ ტელეფონებში, ანუ ექვს წუთში ერთხელ“

თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე XXI საუკუნე წარმოუდგენელია. ეს ჩვენი საზოგადოების უდიდესი მიღწევა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას საქმე უფრო სწრაფად და მარტივად აკეთოს და თან მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს, ოღონდ უნდა ვისწავლოთ მისი უსაფრთხო და ეფექტურად გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებმა - მშობლებმა უნდა იზრუნონ შვილების ინტერნეტწიგნიერებაზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ინტერნეტსაფრთხეებისგან. ინტერნეტში გატარებული დრო არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა არ უნდა იყოს. თუმცა დროს იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც იმას, თუ რას უყურებენ და რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ.

დღეს ინტერნეტთამაშებს შორის ყველაზე პოპულარულია "რობლოქსი". თუ რა შინაარსის თამაშია, ამის გასაგებად ჩვენ 11 წლის მოზარდს გავესაუბრეთ, ასევე შევხვდით ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძეს.

მარიამ ავსაჯანიშვილი, 11 წლის:

- "რობლოქსი" ჩემი ყველაზე საყვარელი თამაშია, თითქმის ყოველდღე ვთამაშობ. სკოლიდან რომ მოვდივარ, ვმეცადინეობ და შემდეგ ვიწყებ თამაშს, რომელიც საათობით გრძელდება, რადგან ძალიან საინტერესოა. ეს არის ერთი დიდი თამაში, რომელსაც მილიონობით სხვადასხვაგვარი პატარა თამაში მოსდევს. მაგალითად, სახლების აშენება, სროლები... ძალიან გასართობია... როდესაც "რობლოქსს" თამაშობ, სხვა ქვეყნების ადამიანებთან გაქვს კომუნიკაცია. მაგალითად, მე ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს.

- რაზე საუბრობთ?

- ვარჩევთ, რომელი თამაში ავარჩიოთ, ერთმანეთს ამბებს ვუყვებით. ჩვეულებრივი მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთი არასოდეს გვინახავს. ზოგი თავის სახეს გაჩვენებს, ვიდეოთვალით გესაუბრება, მაგრამ მე ასე ღრმად არ მინდა შესვლა, რადგან ვიცი, რომ ეს მხოლოდ თამაშია.

- არ ჯობია ვირტუალურში კი არა, რეალურ სამყაროში ითამაშოთ?

- XXI საუკუნე ვირტუალური სამყაროა. იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, უფრო როგორ განვვითარდეთ.

- განვითარებას რაში ხედავ?

- ბავშვი ამ დროს კომუნიკაციას სწავლობს. არსებობენ ისეთი ბავშვები, რომლებსაც სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია უჭირთ და აქ სწავლობენ.

- იქნებ იმიტომ უჭირთ კომუნიკაცია, რომ ვირტუალურ სამყაროს არიან შეჩვეული?

- არა მგონია. "რობლოქსი" კარგი თამაშია განვითარებისთვის, მაგრამ მიჯაჭვულობას იწვევს. ამ სამყაროში ყველასთან ურთიერთობაც არ შეიძლება.

- შენ რით გაყენებს ზიანს?

- მე ღრმად არა ვარ შესული, მაგრამ ბევრი ვიცი, ვინც გამუდმებით თამაშობს. მეც ხშირად ვუშვებ შეცდომას, მაგრამ მაინც ვაგრძელებ თამაშს. ზიანი მოაქვს იმას, რომ სანამ არ მოგბეზრდება, ზიხარ.

2016 წლიდან ვთამაშობ. ძალიან გახარებული ვიყავი, როცა შევქმენი ჩემი აქაუნთი "რობლოქსში". ჩემი პირველი მეგობარიც ის იყო, ვინც იქ გავიჩინე.

- როგორც ვიცი, "რობლოქსის" პერსონაჟს აქვს სხვადასხვა სამოსი, დიზაინი...

- "რობლოქსში" არის სტილები, როგორიც რეალურ ცხოვრებაშია: კლასიკური, სპორტული და ასე შემდეგ. მოთამაშე ირჩევს იმ სტილს, რომელიც მოსწონს. ამის შემდეგ ქმნის ავატარს და ავითარებს. არის ლიმიტირებული რაღაცები, რომლებიც შეგიძლია შეიძინო. მაგალითად, მე ქორბლოქსი მაქვს. ზოგი მოთამაშე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ამ თამაშში.

რუსუდან შაიშმელაშვილი