„ერთ ადგილას ყოფნა არ მიყვარს, ამიტომაც ხშირად ვიცვლი პროფესიას“
კაცი, რომელსაც ერთ ადგილას ყოფნა არ უყვარს, - ასე შეიძლება ერთი წინადადებით დავახასიათოთ თენგო ლიკლიკაძე. მართალია, ბატონი თენგო კვების პროდუქტების ექსპერტია, მაგრამ უკვე მოასწრო რამდენიმე საქმის გამოცდა და მპირდება, რომ 5 წელიწადში მასთან, როგორც კრიპტოვალუტით საუკეთესო მოვაჭრესთან, ავიღებ ინტერვიუს.
- ამჟამად ვმუშაობ რბილი ავეჯის (დივნების, სკამებისა და მატრასების) ქიმწმენდაზე. ჩემი მომხმარებლები უმეტესად ქართველები არიან, თუმცა ბოლო დროს რუსები და უკრაინელებიც მომმართავენ. დაახლოებით 3-4 წელია, რაც ჩვენი საქმე უფრო მოთხოვნადი გახდა, ალბათ, სერვისი გაუმჯობესდა და იმიტომ. მივეჩვიე ამ საქმეს. ყველა ოჯახს სტუმრის მიღების თავისი წესი აქვს... მე, საბედნიეროდ, სულ სტუმართმოყვარე ხალხი მხვდება - ყავა, ჩაი, ნამცხვარი, ხინკალი, ხაჭაპური, წითელი ღვინოც კი შემოუთავაზებიათ.
- კლიენტის დასმული ყველაზე უაზრო რომელი კითხვაა ყოფილა?
- როგორ უნდა გავრეცხო და გავწმინდო ისე, თუ არ დასველდა... ზოგი მეკითხება, ერთ კვირაში გაშრებაო. 4-5 საათიც საკმარისია, რად უნდა ერთი კვირა.
- ამ საქმეში კონკურენცია არის?
- ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდნენ ასეთი კომპანიები, თუმცა ვინ როგორი ხარისხით მუშაობს, საკითხავია.
- შემკვეთთან ყველა აპარატურით მიდის. კარგი და ცუდი როგორ უნდა გაარჩიო, სანამ წმენდის შედეგს არ ნახავ?
- უპირველესად ინვენტარით. არის საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური აპარატურა. მნიშვნელოვანია, როგორ აპარატურას ხმარობ. ხსნარებშიც დიდი განსხვავებაა. ესეც აისახება შედეგზე.
3-4 წელია ამ რეცხვა-წმენდით ვარ დაკავებული. მანამდე სასტუმროში ავეჯს ვწმენდდი, პარალელურად დღიურად ბინებს ვაქირავებდი. ეს სპეციფიკური საქმეა. მოკლედ, ერთი ბინით დავიწყე, მერე სამი დავიმატე და ბოლოს შვიდ ბინას ვაქირავებდი ყოველდღიურად.
- პირადი არც ერთი არ იყო?
- საკუთარი ორი იყო.
- უბნებს თუ ჰქონდა მნიშვნელობა მომხმარებლისთვის?
- საქართველოში ტურისტი რომ ჩამოდის, პირველად დაუნთაუნსა და ცენტრს მოიკითხავს ხოლმე. ჩვენთვის დაუნთაუნია ძველი თბილისი, ლესელიძის ქუჩა, ცენტრი - ვაკე, საბურთალო, რუსთაველი, თავისუფლების მოედნის მიმდებარე დასახლება. მეც ამ უბნებში ვმუშაობდი. ჩამოსულებს ყველაზე მეტად ჩვენი ბუნება და საჭმელი მოსწონდათ. ეს ორი პრიორიტეტია.
- დღიურად ვინ ქირაობდა?
- ძირითადად უცხოელები. ბინას სამ დღეზე ნაკლებს არ ვაქირავებდი. აპარტამენტის მომხმარებლები ოჯახები ან მეგობრები იყვნენ. ზოგი სამედიცინო მომსახურებისთვისაც ჩამოდიოდა, უმეტესად აზერბაიჯანელები და არაბები, ძირითადად, პლასტიკურ ქირურგთან. ევროპელებს ბინა დაბინძურებული არასდროს დაუტოვებიათ. არიან ისეთებიც, რომელთაც, ალბათ, სხვაგვარი ადათ-წესი აქვთ, შეიძლება მათთვის მიღებულია ნაგვის ძირს დაყრა. ბევრად მიადვილდებოდა მუშაობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებთან. საქართველოში შეიძლება დენიც გაითიშოს და წყალიც. ევროპელები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ გაითიშაო, და ტყუილის თქმა მიხდებოდა. საბჭოთა ცხოვრებაგამოვლილისთვის ეს ტრაგედია არ არის.
- რა გაღიზინებდათ ყველაზე მეტად?
- დაზიანებული ინვენტარი. იყო შემთხვევა, როცა სახლში კოჭებამდე წყალი, დაზიანებული კარადა და კარი გატეხილი დამხვდა. ბინა ერთ აზიელს ჰქონდა ნაქირავები, არაფერი აუხსნია, ზარალი კი ამინაზღაურა.
- ვიცი, რომ კვების პროდუქტების ექსპერტი ხართ, საჭირო პროფესიაა.
- როცა ვსწავლობდი, მაშინაც საჭირო იყო, მაგრამ ამ სფეროსადმი ინტერესი გამინელდა. ამიტომ ხშირად ვიცვლი პოფესიას. ენების ცოდნაც ხელს მიწყობს. დიდი გამოცდილება შემძინა სასტუმროში მუშაობამ.
- ახლო მომავალში კიდევ ხომ არ შეიცვლით საქმიანობის სფეროს?
- ერთ ადგილას ყოფნა არ მიყვარს. დღესდღეობით ძალიან პერსპექტიულია კრიპტოვალუტა. ასე რომ, შემდეგი ინტერვიუსთვის შეიძლება ერთ-ერთ წარმატებულ ტრეიდერს (მოვაჭრე, გამცვლელი) ესაუბროთ.