„მე რომ თბილისის მთავარი მებაღე ვიყო...“ - კვირის პალიტრა

„მე რომ თბილისის მთავარი მებაღე ვიყო...“

კანადაში, ქალაქ ვიქტორიაში, თავს იწონებენ ულამაზესი ბაღით, რომელიც ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილმა ნიკოლოზ აფხაზმა მეუღლესთან ერთად გააშენა. მფლობელების გარდაცვალების შემდეგ უმემკვიდრეოდ დარჩენილ ბაღს, ალბათ, გაყიდდნენ, რომ არა მოსახლეობა, რომელმაც ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო, რათა ქართველი პრინცის (ასე უწოდებდნენ ნიკოლოზ აფხაზს) წალკოტი ქალაქს სამუდამოდ დარჩენოდა. დღეს ნიკოლოზ აფხაზის ბაღი უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ქართველმა კანადაში­ კი შექმნა წალკოტი, თუმცა საქართველოში არსებული ძველი, ცნობილი ბაღები ქართველის ხელით არ შექმნილა. მეტიც, რაც გვაქვს, იმასაც არ ვუფრთხილდებით. საქართველოს ტრაგიკული წარსულიდან გამომდინარე, თითქოს გასაკვირიც არ არის, რომ "ვერსალის ბაღებს" ვერ ვაშენებდით,­ რადგან მტერი მუდმივად გვაოხრებდა და ბაღის გასაშენებლად სად გვეცალა, თორემ­ ქვაში ამღერებული ჩუქურთმების შემქმნელები, ალბათ, არც ლანდშაფტის დიზაინში დავუდებდით ტოლს არავის. მძიმე ისტორიული წარსული თავის სამართლებლად ვერ გამოგვადგება, თუკი გავიხსენებთ მცხეთაში მიხეილ მამულაშვილის ცნობილ ბაღს, რომელსაც ჩვენი გულგრილობის გამო ყოველდღე ვკარგავთ, არადა, ცნობილმა მებაღემ ველური ყვავილები გააკულტურა და სასწაულები შექმნა. იმავე მიზეზით ქალაქებში უზარმაზარ ხეებს ვჭრით, მათ ადგილზე ცათამბჯენებს ვაშენებთ, ირგვლივ ყველაფერს ვაბეტონებთ და არაფერს ვაკეთებთ დასასვენებელი მწვანე ზონების შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, ლანდშაფტის ცნობილი დიზაინერი თამარ თავართქილაძე ამბობს, რომ იმედისმომცემი ტენდენციაც გაჩნდა - სულ უფრო მეტი მოქალაქე მიდის საცხოვრებლად გარეუბნებში ან სოფლებში და ლანდშაფტის დიზაინერების დახმარებით თავიანთ კარ-მიდამოებში სამოთხეს ქმნიან. რატომ ვეტრფით ბეტონს, ჩონჩხებივით აყუდებულ კორპუსებს და ვმტრობთ ბუნებას, გააჩნია კი თბილისს ლანდაშაფტის განვითარების პოტენციალი - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება თამარ თავართქილაძესთან ერთად ვცადეთ:

- ორ ქედს შორის, ქვაბულში გაშენებულ თბილისს ლანდშაფტის არქიტექტურის განვითარებისთვის განსაკუთრებული რელიეფი აქვს. თუ არქიტექტურა ადამიანს მყუდრო, შემოსაზღვრულ გარემოს უქმნის, ლანდშაფტის ატქიტექტურა სახლსა­ და გარემოს შორის საზღვრებს არღვევს, ადამიანს ბუნებასთან აკავშირებს და უზრუნველყოფს სიმყუდროვეს. ეს არის ჩვენი სპეციალობის ამოსავალი მიზანიც - ინფრასტრუქტურისა და ბუნების ისე შერწყმა, რომ ბალანსი არ დაირღვეს. ადამიანს მწვანე სივრცემდე მისასვლელად ათ წუთზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს, და თითოეულ ჩვენგანს უნდა შეეძლოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცით სარგებლობა. კომუნისტების დროს სწორად იგეგმებოდა ქალაქის განაშენიანება და გამწვანება. სწორედ მათგან გვერგო­ მემკვიდრეობით ის, რაც ჯერ კიდევ­ შემოგვრჩა - კიკეთის, წყნეთის წიწვოვანი ხეები. მათი არსებობა აუცილებელია თბილისის გასანიავებლად. დასანანია, რომ ხშირად ირღვევა ბალანსი. ახლდება ძველი ბაღები, მაგრამ უამრავი ხე იჩეხება.

- მართალია, ლანდშაფტის არქიტექტორი სხვაა და მებაღე სხვა, მაგრამ რახან ხალხი უფრო მებაღეს იცნობს, გკითხავთ, თბილისის მთავარი მებაღე რომ იყოთ, რას იზამდით?

- მიწა და სახსრები რომ მომცა, საოცარ პარკს ვაჩუქებდი ჩვენს დედაქალაქს.­ მთელ ქალაქში დავრგავდი ცაცხვებსა და ჭადრებს. ისინი სჭირდება თბილისს, ბევრ ნახშირორჟანგს იღებენ, უფრო მეტს კი ჟანგბადს გვაწვდიან. ქუჩებს ნუშებით გავა­ლამაზებდი. ძალიან ლამაზია მათი ყვავილობა და სურნელიც სასიამოვნო. ფორმებს მივცემდი ხეებს. ევროპის ქვეყნებში უმეტესად წიწვოვნები დგას, რადგან კონტინენტის ქვეყნებისთვის ეს მცენარეებია ბუნებრივი.­ ისინი ქმნიან ქალაქის ჯანსაღ, ძლიერ ფილტვებს და ხასიათსაც - ანუ ლანდშაფტური არქიტექტურა მხოლოდ ლამაზი კი არა, პრაქტიკულიც უნდა იყოს. ლამაზია ბუჩქოვანი სისტემა, მაგრამ როდესაც ქალაქსა და საზოგადოებრივ სივრცეებზეა ლაპარაკი, მე უპირატესობას დიდი რესურსის ხეებს მივანიჭებდი.

ლანდშაფტის არქიტექტურა არა მარტო არქიტექტურის ნაწილი, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელიც არის. როდესაც ქვეყანა განვითარების მაღალ ეტაპზეა, ის ზრუნავს ლანდშაფტის არქიტექტურის ხელოვნების დონეზე განვითარებისთვისაც. ევროპის ქვეყნებში აეროპორტიდანვე იქცევს ყურადღებას პარკები, სკვერები, გამწვანებული ზონები. ჩვენ ამ საქმეში მოვიკოჭლებთ. მხოლოდ წინაპრების დანატოვარით ვამაყობთ, თუმცა არც მათ მოვლაზე ვიკლავთ თავს. მიხეილ მამულაშვილის ბაღის ამბავიც ამის მაგალითია - ზურაბ შევარდნაძემ გამოაცოცხლა თითქმის მივიწყების პირას მისული საგანძური. ლანდშაფტის არქიტექტურა მხოლოდ მცენარეების დარგვა არ არის. აუცილებელია ლანდშაფტის სწორად გადანაწილებაც, რა ფართობი უნდა დაეთმოს გამწვანებას, სად შეიძლება ახალი ყვავილები გამოვიყვანოთ, სად დაკონსერვებულს გავუკეთოთ რესტავრაცია. ბაღებსაც სჭირდება რესტავრაცია. ვერსალის ბაღი იგივე კი არ არის, როგორიც ლუდოვიკოს დროს იყო - მთავარი გეგმარება შენარჩუნებულია, მაგრამ ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობს რესტავრირება. ჩვენთან ერთხელ გაკეთდება­ საქმე და მერე არ ვზრუნავთ გაკეთებულის განვითარებაზე. ლანდშაფტის არქიტექტორის შრომა ხანგრძლივია, ჩემს შექმნილს თქვენ წლების შემდეგ დაინახავთ, მაგრამ თუ განვითარებას ხელი არ შეეწყობა, ვერაფერსაც ვერ დაინახავთ. ახლა დარღვეულია ლანდშაფტისა­ და არქიტექტურის პროპორცია მასშტაბებში. არ ხდება ქალაქის, მოსახლეობის რაოდენობის, მშენებლობების გათვლა. ხომ არ ჯობს დაკონსერვდეს, რაც გაფუჭდა და ჩვენი ენერგია მომავლის სწორად განვითარებაზე მივმართოთ.

- თქვით, მიწა რომ მქონდეს და სახსრები­, ქალაქს პარკს ვაჩუქებდიო. წარმოიდგინეთ, გაჩუქეთ იპოდრომის ყოფილი ტერიტორია და ფულიც გაქვთ პარკის გასაკეთებლად.

- მე რომ ეგ მიწა მომცა, ისე დავაგეგმარებდი, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის დასამახსოვრებელი, დასასვე­ნებელი სივრცეები შეიქმნას. მოვხსნიდი ყველანაირ ბარიერს და წინაღობას, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ. ცხოველების სასეირნოდ და სათამაშოდ გავაკეთებდი სივრცეს, რაც ძალიან აკლია ქალაქს. დიდი რესურსის ხეებით­ ულამაზეს ხეივანს გავაშენებდი, სასეირნოდ შთამბეჭდავსა და ეკოლოგიურად სასარგებლოს. მოყვავილე ხეებსაც მოვუძებ­ნიდი ადგილს, ყველა სეზონზე რომ სასიამოვნო სანახაობა იყოს. ნუშებს, წითელ ნეკერჩხალს, ატმებს დავრგავდი. შევქმნიდი სტილისტურად განსხვავებულ კუნძულებს, სადაც ივლიდით ინგლისურიდან ფრანგულ ბაღში, ფრანგულიდან იაპონურში, ევროპულიდან აზიურში და პირიქით. შევქმნიდი ხედის ილუზიას, როდესაც ვიწრო თაღიდან გადიხარ და საოცარი პეიზაჟი იშლება.

- თქვენი ნება რომ იყოს, თბილისის რომელ ტერიტორიას გარდაქმნიდით?

- ნაფეტვრებისკენ დიდებული ტერასული ბაღების გაკეთება შეიძლება. ტერასები ესთეტიკურად შთამბეჭდავ ეფექტს იძლევა.

- ნაფეტვრების ტერასებზეც ბეტონი გამეფდება. როგორც ცნობილია, მთების ფერდობების დიდი ნაწილი გაყიდულია და გაცემულია სამშენებლო ნებართვები.

- ბეტონიც სწორად უნდა გამოიყენო, ბალანსი არ უნდა დაირღვეს ორგანულსა და არაორგანულს შორის, თორემ ბეტონის­ გამოყენება არ არის ტრაგედია. ექიმები ავადმყოფებს ბუნებაში დასვენებას რატომ ურჩევენ? მწვანე ფერი იმედისმომცემია და ნდობას აღძრავს. გვეხსნება შფოთვა და ძალა გვეძლევა. სწორედ ამიტომ გვჭირდება­ პარკი და ბაღი. გვავიწყდება,­ რომ ბუნების ნაწილი ვართ და რაც მეტად დავშორდებით, ჩვენ დაგვაკლდება. პანდემიამ დიდი როლი ითამაშა ამ საკითხის გამოსწორებაში. ხალხმა­ დააფასა ეზოში ყოფნა. ყველას უნდა ეზო კომფორტულად მოაწყოს, დასასვენებელი სივრცე ჰქონდეს. დასავლეთ საქართველოს სოფლებით თუ ვიმსჯელებთ, ხალხში ეზოს კულტი ოდითგანვე იყო. ბუნების და ადამიანის შექმნილის საოცარი, ესთეტიკური სინთეზია მოსახლეების ეზოებში.

- ყველა ვერ შეძლებს თავის ეზოში სასწაულის შექმნას, ამას ცოდნა სჭირდება, რომელი მცენარე სად და რის გვერდით დარგო...

- ცხადია. ისიც გასათვლელია, რისთვის გჭირდება ბაღი, მედიტაციისა და განტვირთვისთვის, შვილები გყავს, რომლებიც სულ ბურთს თამაშობენ, მოქეიფე მეუღლე გყავს, ფანჩატურში მოლხენა რომ უყვარს თუ თვითონაც გინდა შექმნაში მონაწილეობა, რათა შემდეგ თვითონვე იყო მთავარი მომვლელი? არის კატეგორია, რომელსაც ბაღი იმიჯისთვის უნდა, რითაც თავს მოიწონებს. ამბობს, მე იაპონური ბაღი მიყვარსო, მაგრამ მისთვის იაპონური ბაღი მხოლოდ წითელი ჯუჯა ნეკერჩხალი და ბამბუკია და არ იცის, რომ იაპონური ბაღი ფილოსოფიაა. ყველაფერი ფენშუის პრინციპით არის გათვლილი, თითოეულ კენჭს თუ ერთ ციდა ხავსსაც თავისი დანიშნულება აქვს. ბაღი უნდა იყოს შენს ოჯახზე მორგებული, ისევე, როგორც პარკი ქალაქის მოსახლეობაზე, მის პრაქტიკულ ინტერესებზე და ამავე დროს ესთეტიკურიც.

აფხაზების ბაღი

mebage2-1685287674.jpg

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გენერალ კოტე აფხაზის ვაჟი ნიკოლოზი საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა. სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხით დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მომავალი მეუღლე, პეგი პემბერტონ-კარტერი, 1922 წელს გაიცნო, თუმცა გარემოებების გამო 1946 წლამდე ვერ დაქორწინდნენ. იმავე წელს კანადაში, ვიქტორიაში დასახლდნენ და მოზრდილ მიწის ნაკვეთზე ულამაზესი ლანდშაფტური ბაღის გაშენება დაიწყეს.

mebage3-1685287674.jpg

პეგი და ნიკოლოზი 40 წელი სიყვარულით აშენებდნენ ბაღს და ატარებდნენ ექსპერიმენტებს. ნიკოლოზი 1987 წელს გარდაიცვალა, პეგი - 1994 წელს. 1999 წლის ბოლოს ბაღი ერთმა სამშენებლო კომპანიამ საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად შეიძინა. როგორც კი ეს ამბავი გახმაურდა, ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია გაიმართა და ერთი წლის შემდეგ აფხაზების ლანდშაფტური შედევრი ბრიტანეთის კოლუმბიის ბუნების დაცვის საზოგადოებამ გამოისყიდა.

ყვავილების პუჩინი

mebage4-1685287675.jpg

ასე უწოდებდნენ ლეგენდარულ მიხეილ მამულაშვილს, რომელმაც მცხეთაში 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა ულამაზესი ბაღის გაშენებას. ამბობენ, ბაღში 1500 ყვავილი ჰქონდა და ველური ყვავილების მომთვინიერებელსაც ეძახდნენო. ბაღი დღემდე შემორჩა, თუმცა არა პირვანდელი სახით. ბაღშია ცნობილი მებაღის სახლიც და საფლავიც. სახლში მის კაბინეტს სამუზეუმო დატვირთვა აქვს, სადაც დღემდე დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები. აქვე ინახება გენერალ კოტე აფხაზისა და მისი ვაჟის, ნიკოლოზის ოჯახის მამულაშვილისთვის ნაჩუქარი კარადა და ორი ვაზა, უტყუარი მოწმე იმისა, რომ კანადაში გადახვეწილი­ აფხაზი და მცხეთაში ბოლშევიკებისგან გაკულაკებული მებაღე­ ერთმანეთთან მხოლოდ ბუნების სიყვარულით არ იყვნენ დაკავშირებული.