ასე „დადის“ სიყვარული
როგორ გგონიათ, რა უფრო სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის? ფული თუ სიყვარული? წარმოიდგინეთ, რომ ფული განუზომელი მნიშვნელობისაა, მაგრამ პასუხი ამ კითხვაზე მაინც ასეთია: მხოლოდ ფულით ბედნიერებას ვერ იპოვი, მაგრამ სიყვარულით, კი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები სიყვარულის დეფიციტს დიდხანს ვერ ვუძლებთ და მის მოსაპოვებლად რაიმე გზას სასწრაფოდ გამოვნახავთ, ისეთ სულისშემხუთველ ობიექტშიც კი, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთ დღეს (კერძოდ, შუა პანდემიის პერიოდში) ერთმა თბილისელმა ბარმენმა, გია შევჩენკომ, იმდენი იფიქრა, რა გაეკეთებინა გამოკეტილობისას დასამშვიდებლად, რომ მოიფიქრა და შექმნა ფეისბუქგვერდი "ავტობუსის ქრაში" და რადგან თბილისის ავტობუსს, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ყველა ვიცნობთ, ახლა სიტყვა "ქრაშის" მნიშვნელობას აგიხსნით: ქრაში ახალგაზრდებში გავრცელებული პოპულარული ტერმინია. ინგლისურად ცრუსჰ შეჯახებას ნიშნავს და "ქრაშიც" სწორედ ის ადამიანია, რომელსაც საბედისწეროდ შევეჯახეთ, შორიდან მოგვწონს და ვუმიჯნურდებით, თუმცა მან, როგორც წესი, ეს არ იცის. მარტივად რომ გითხრათ, ეს ისაა, ვისზეც დაქალი გვეუბნება ხოლმე: "გიყურებს, არ გახედო" ან "წამო, ჩავუაროთ".
გია შევჩენკო: - "ავტობუსის ქრაში" იმ დროს გავაკეთე, როდესაც გამოკეტვისაგან ნერვები ყველას დაწყვეტაზე გვქონდა. ადამიანები მენატრებოდა. ალბათ, ამის გამო მახსენდებოდა ქალაქის ავტობუსები. იქ ხომ ყოველთვის ხალხია, ხომ დამთავრდება ეს დაწყევლილი პანდემია, გვეღირსება ქალაქში გასვლა, რატომ არ შეიძლება თუნდაც ავტობუსში იპოვოს ადამიანმა სიყვარული-მეთქი. მაშინ უფრო მძაფრად ვიგრძენით, რომ ადამიანი სიყვარულის გარეშე უბედურია. ჰოდა, ისეთი ფეისბუქგვერდი გავაკეთე, რომ მისი საშუალებით ხალხს ერთმანეთი ეპოვა. ახლა ამ გვერდის საშუალებით უამრავი წყვილი პოულობს ერთმანეთს. არა მარტო წყვილები, ბევრი ისე, უბრალოდ უხდის ერთმანეთს მადლობას იმისთვის, რომ მგზავრობისას დახმარება დასჭირდა და სრულიად უცხო ადამიანმა გაუწია. ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებენ და ერთმანეთს ასე ეძებენ.
- ნუთუ ამხელა ქალაქში ავტობუსით ერთხელ ნანახი ადამიანის პოვნა ადვილია?
- მაგალითად, იმ "ქიმიის" დახმარებით, რომელიც ერთმანეთის გვერდით ორ ადამიანს მოულოდნელად მიიზიდავს ხოლმე. დავუშვათ, რომელიმე ტრანსპორტში დაჟინებით გიცქერთ ვიღაც მგზავრი. ნუთუ არ დაგაინტერესებთ, წავიდე, ინტერნეტში "ავტობუსის ქრაშს" ჩავუჯდე, იქნებ ის "ქრაშში" უკვე მეძებსო. მით უფრო, რომ ეს ამბავი ახლა უკვე თბილისის ნახევარს აინტერესებს. ზოგი უკვე ხუმრობს. ამდენი ხალხი გაათხოვე და დააქორწინე ამ "ავტობუსის ქრაშით", მე რა ნავსი დამეცა, რომ ავტობუსში არავის მოვეწონე და არავინ მეძებსო.
- სავარაუდოდ, ესენი უფრო ახალგაზრდობაა.
- არაფერი შეგეშალოთ, ხანდაზმულები ავტობუსში ერთი ნახვით სიყვარულს არ დაეძებენ, სამაგიეროდ, უკვე უყვართ ერთმანეთი. პენსიონერებს ტაქსით მგზავრობის ფული არა აქვთ, სულ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ და რომ შეხედავ, მაშინვე ხვდები, რომ ერთმანეთი მთელი სიცოცხლე უყვართ.
- უნებართვოდ ფოტოების გადაღება რომ აკრძალულია?
- სხვათა შორის, მხოლოდ არასრულწლოვნების. ზოგი მართლაც ჩხუბობს, მაგრამ მერე მშვიდდება, როცა ვუხსნით, რომ ცუდი არაფერი ხდება. სამაგიეროდ, ბევრი წყვილი პოულობს ერთმანეთს და ქორწილშიც გვეპატიჟებიან.
წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნოა, როდესაც ადამიანი შემთხვევით შეხვედრილ მგზავრს გადარჩენისთვის უხდის მადლობას, იმ მომენტში ისეთი უბედური ვიყავი, თქვენ რომ არ გამომლაპარაკებოდით, არ ვიცი, რა დამემართებოდაო; ან ასე რომ წერს, შენთან შეხვედრა ჰგავდა მუსიკას, გეხვეწები, გამოჩნდი, ამ მუსიკის ხმა არ მშორდებაო.
განსაკუთრებით თბილია ავტობუსებიდან გადაღებული ფოტოები. მათში ყველანაირი ისტორიაა და ყველას რაღაცნაირი სიმშვიდე აქვს. შეიძლება იმიტომ, რომ ყველა ისტორიის გმირი ხალხია. ამიტომ გამოჩნდით, სიყვარული შესაძლოა ყველგან შეგხვდეთ, ისეთ სულისშემხუთველ ობიექტშიც კი, როგორიც ჩვენი ქალაქის ტრანსპორტია.