„გაცოცხლებული“ მკვდარი - კვირის პალიტრა

„გაცოცხლებული“ მკვდარი

ეს ამბავი, წლების წინ, ქუთაისელმა ნაცნობმა მიამბო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კაცის სიკვდილს მოჰყვა ეს აურზაური, მოთხრობილი იმდენად კურიოზული იყო, რომ ანეკდოტად გავრცელდა. ახლა, როცა ორ ათეულ წელზე მეტია გასული, ის ქუთაისური ეპიზოდი მინდა გავაცოცხლო და ჩვენს მკითხველსაც ვუამბო.

2001 წელი იდგა. მობილური ტელეფონები უკვე შემოსული იყო, თუმცა ყოველი ახალი აპარატის გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევდა ხალხში და მისი შეძენის დაუოკებელ სურვილს აჩენდა. მოქალაქეები ოქროულობას ლომბარდში აბარებდნენ და მობილურებს ყიდულობდნენ, მერე კი სამეგობროსა და სანათესავოში თავს იწონებდნენ.…

გურამიე

ქუთაისის ერთ უბანში ბიზნესმენი გურამიე ცხოვრობდა. პატარაობიდანვე მიზანდასახული იყო, ეკონომიკის ფაკულტეტიც დაამთავრა და როგორც კი ფული იშოვა, მეგობრებთან ერთად ბიზნესი წამოიწყო: ბულგარეთიდან სარეცხი, ჰიგიენისა და კოსმეტიკური საშუალებები ჩამოჰქონდა. ბიზნესი სარფიანი აღმოჩნდა და მალე ორი მაღაზია გახსნა, რომელთაც ყველა გურამიეს მაღაზიებს ეძახდა. წარმატებულ ბიზნესმენს უყვარდა გაჭირვებული მეზობლების და ახლობლების დახმარება. ხშირად ამბობდა, ფული იმიზა მიხარია, რომ სხვებს ვასიამოვნო, აბა, მუთაქებში შენახული რა ჯანდაბად მინდაო.

ბონდოია

გურამიეს მეზობლად გაჭირვებული ბონდოია ცხოვრობდა წვრილშვილით. წარსულში ავეჯის საწარმოში მუშაობდა, მაგრამ მერე დაიხურა, ამიტომ ერთხანს ძველი ავეჯის აღდგენაზე დაიწყო შეკვეთების აღება, მაგრამ სამუშაო ალაგ-ალაგ იყო, თან არცთუ სახარბიელო ანაზღაურებით. კვირა არ გავიდოდა, მდიდარ მეზობელს ხელი არ გაემართა მისთვის. ერთხანს თავის მაღაზიაშიც დააწყებინა მუშაობა, მაგრამ როცა თვის ბოლოს ნავაჭრი დაიანგარიშეს, დანაკლისი დიდი აღმოჩნდა და თავად ბონდოიამ სთხოვა, არა მაქვს ვაჭრობის ნიჭი და წავალ ჩემს გზაზეო. შეეცოდა გურამიეს, ძველი მობილური აჩუქა, თან დააიმედა, როგორც კი რამე საშენო გამოჩნდება, დაგირეკავ და გაგაგებინებო. ორი თვე არც იყო გასული, რომ ბონდოიას მობილურზე ზარი გაისმა. ბიზნესმენი მეზობელი ატყობინებდა, რომ ქალაქის გარეუბანში ავტოგასამართი სადგური იხსნებოდა და მუშახელი სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, გურამიემ წვრილშვილიან კაცს სიტყვაც შეაწია და ბონდოიამ მუშაობა დაიწყო. ცოტა ამოისუნთქა საწყალმა კაცმა. ბონდოია რასაც შოულობდა, უკლებლივ ოჯახში მიჰქონდა, თავისთვის კი ვერაფერს იმეტებდა. გურამიეს ნაჩუქარი მობილური ხშირად ეთიშებოდა, მაგრამ ახლისთვის ვერ იმეტებდა ფულს. ერთხელაც სახლში მიმავალს, გზად გურამიე წამოეწია, მოიკითხა და უთხრა, ჩემი ნაცნობი (ბონდოიას ახალ უფროსსაც გურამი ერქვა) გაქებს, რამდენჯერმე დაგირეკე, რომ ეს მეთქვა, მაგრამ გამორთული გქონდაო. ძლივს ამოღერღა ბონდოიამ, რომ წყალში ჩაუვარდა ნაჩუქარი. ეგ არაფერი, ახალს გაჩუქებო, დაჰპირდა გურამიე.

მოულოდნელი სიკვდილი

ერთ დილას საზარელმა ამბავმა მთელი უბანი შეძრა და დაადარდიანა - გურამიე ავტოავარიაში მოყვა და დაიღუპა.

მეგობრებმა, ჩვენი ძმაკაცი ისეთი მადლიანი კაცი იყო, იქით გვაქვს ყველას მისი ვალიო და ძვირად ღირებული ჩასასვენებლით დაწყებული, ქელეხის დარბაზით და სხვა ხარჯით დამთავრებული, ყველაფერი მათ იკისრეს. ბონდოიაც იქ ტრიალებდა და ყველაფერში ეხმარებოდა ჭირისუფალს. დაკრძალვის წინადღეს ერთმა მეგობარმა თავი გამოიდო, ავტოავარიის დროს მობილური დაემტვრა, ახალი ვუყიდოთ ჩვენს გურამიეს, ნომერიც ავუღოთ და ისე გავატანოთ იმ ქვეყნადო. დანარჩენებმაც მხარი აუბეს: მაგფერი საჩუქარი მიცვალებულიზა არავის გოუკეთებია, კაი რამე მოგიფიქრებია, ჩვენი გურამიე საუკეთესოს ღირსიაო. გაცვივდნენ, იყიდეს "ნოკიას" ბოლო მოდელი, სიმბარათიც ჩადეს და ისედაც გაძეძგილ კუბოში ფრთხილად ჩააცურეს პატარა ყუთით. ამასობაში ქალებს არ დავიწყებიათ "აუცილებელი დეტალები" და რაც კი ხანგრძლივ მოგზაურობაში ერთ ადამიანს სჭირდება, ყველაფერი უკლებლივ ჩაუწყვეს: კბილის ჯაგრისი, პასტა, სავარცხელი, ფრანგული ოდეკოლონი, წიგნი, საზამთრო თუ და საზაფხულო ტანსაცმელი, კეპი... მოკლედ, რა აღარ!

გასვენების დღეს ისევ აქოთქოთდნენ ქალები: წესია, ამდენი ჩატანებული ნივთიდან ერთ-ერთი უნდა ამოაცალოს ვინმემ და ოჯახში შეინახონო. ბონდოიას დასტაცეს ხელი, აბა, ჰე, შენ იციო და შეაგდეს მიცვალებულთან. ფერდაკარგულმა ბონდოიამ ძლივს მოატრიალა ენა პირში და მეორე ოთახში გასულ ქალებს სიტყვა დააწია, რა ამოვაცალოო. დააკვალიანეს: ორი სავარცხელი უდევს, ჰოდა, ერთი ამოაცალეო. შევიდა გულის კანკალით ვეებერთელა "ზალაში" ბონდოია, მის გარდა კაციშვილი არ ჭაჭანებდა ოთახში და როგორც კი შეფუთულ მობილურს მოჰკრა თვალი, თითქოს ეშმაკი შეუჩნდა, მაშინვე აუფუთფუთდა ფიქრები: ჩემი უფროსი ახალ ადგილზე აპირებს ჩემს დანიშვნას, ავდგები და იმ სავარცხელთან ერთად, მობილურსაც ამოვაცლი. ცხონებული მაინც შეპირებული იყო ახალ მობილურს. მე კი ავდგები და უფროსს მადლობის ნიშნად მივართმევ. რაღა მიწაში უნდა იდოს ახალთახალი მობილური, ჩემთვის უფრო მადლი არ იქნებაო? - დაასკვნა და სავარცხელთან ერთად მობილურის პატარა ყუთიც ამოიღო, შეუმჩნევლად ამოიდო იღლიაში, სავარცხელი კი ჭირისუფალ ქალებს გაუტანა.

ორმოცი დღის შემდეგ

ორმოცი დღე რომ გავიდა, სამეგობრომ ისევ თავის თავზე აიღო ყველა ხარჯი.

რაც შეეხება ბონდოიას, ის უკვე ერთი საფეხურით დაწინაურებული იყო სამსახურში და ცვლის უფროსი ერქვა. მან მეზობლის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში მოწიწებით მიართვა უფროსს მობილური და უთხრა, ბოლო გამოშვებისაა ეს "ნოკია", გურამ ბატონო, რომ არ შეწუხებულიყავით, სიმბარათიც გიყიდეთ კარგი ნომრითო. შე კაცო, რატომ წუხდებოდიო, კი უთხრა "გურამ ბატონმა", მაგრამ საჩუქარი აშკარად ესიამოვნა.

მეორმოცე დღის სუფრა 100 კაცზე გაშალეს მეგობრებმა. თამადა სწორედ ის იყო, რომელმაც გურამიეს მობილური გაატანა იმ ქვეყნად. ღვინომოკიდებულს გაახსენდა ორიგინალური საჩუქარი და იქვე მსხდომ მეგობრებს მიუბრუნდა, ბიჭებო, მოდი, დოვურეკოთ ჩვენს გურამიესო...…

სიცილი წასკდათ ბიჭებს:

- მთლად ნუ გადეირიე, რაფერ დარეკავ, სამი მეტრის სიღრმეში დევს მიწაში.

- ე, ბიჭო, სიმბოლურად-თქვა, ნომერიც ხომ ავუღე და ათი ლარიც დოვურიცხე ზედ, - არ იშლიდა თავისას თამადა.

- კაი, მიდი, დოურეკე, ეგება გამოგვეხმაუროს იქიდან, -…ღიმილით და რაღაცნაირი აზარტით მიაჩერდნენ.

თამადამაც დააძრო თავისი მობილური, ნომერი, რომელიც ყიდვის დღესვე ჩაიწერა ტელეფონში, აკრიფა და დაელოდა ზუმერს...

- ე, ბიჭო, გევიდა! - თქვა თვალებ­გაფართოებულმა.

და უცებ კაცის ხმა პასუხობს:

- დიახ, გისმენთ!

ლამის ტელეფონი გაუვარდა თამადას. მასზე არანაკლებ დაბნეულ ძმაკაცებს თვალი მოავლო, იხტიბარი მაინც არ გაიტეხა:

- გურამიე, შენ ხარ, ბიჭო?

- კი, მე ვარ. რომელი ხარ? - ომახიანად იკითხა "იქიდან" ხმამ.

ვაიმეო, ერთი კი დაიბღავლა გულგახეთქილმა დამრეკავმა და უგონოდ გაიშოტა ძირს.

დიდხანს ითრია ფეხი ბონდოიამ, მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა და გაოგნებულ კაცებთან მივიდა. ფერდაკარგულმა სიტყვებს გაჭირვებით მოუყარა თავი და ამოღერღა, რომ ამ ორომტრიალის "მთავარი გმირი" ის იყო. გურამიეს მეგობრებმა შვებით ამოისუნთქეს, ერთი კი უთხრეს, თავის დროზე გეთქვა, შე შეჩვენებულო, კინაღამ გაგვისტუმრე გურამიეს კვალზე ჩვენცო.