ვინ იყო სინამდვილეში სტეპან ბანდერა
სტეპან ბანდერას მიმართ გულგრილი არავინ არის. კიევში მოქმედი როზუმკოვის სახელობის ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, უკრაინელთა 85% ბანდერას ეროვნულ გმირად მიიჩნევს. რუსები კი პირიქით, ბანდერას ბანდიტად და ფაშისტების დამქაშად თვლიან. დღესაც რუსეთის ტელევიზიით სისტემატურად გადაიცემა სიუჟეტები ბანდერელთა ე.წ. მხეცობების შესახებ. უკრაინელი მეცნიერი იაროსლავ ჰაივასი წერდა, რომ ბანდერას ცხოვრება ფეიერვერკს ჰგავდა, მისი მკვლელობა კი მსოფლიო მასშტაბის სენსაციად გადაიქცა.
მკვლელობა "გულის შეტევით"
მიუნხენი, 1959 წლის 15 ოქტომბერი.
ჩვეულებრივი სახლი კრემერშტრასეზე. აქ ყველამ იცის, რომ მეორე სართულზე მცხოვრები ბატონი სტეპან პოპელი საქმეების გამო ხშირად მოგზაურობს. პოპელს იცნობენ როგორც თავდაჭერილ, წყნარ კაცს. ის არასოდეს უნახავთ ნასვამი, არასოდეს ყოფილა მეზობლებთან ზედმეტად ფამილიარული. თავშეკავებული სალმის შემდეგ თავის ბინაში შედის, სადაც ცოლი და შვილები უცდიან. ახლაც ბატონი პოპელი შუადღის 13 საათზე მანქანით მოვიდა. მან ენერგიულად გაიჯახუნა კარი და სადარბაზოში შევიდა. მანქანა ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა. ქუჩის მეორე მხარეს მდგომი კაცი სწრაფი ნაბიჯით სადარბაზოში შევიდა. უხმაუროდ აირბინა კიბე და პოპელს მაშინ გაუსწორდა, როცა ის გასაღებით საკუთარი ბინის კარს აღებდა.
- რაო, საკეტი არ მუშაობს? - შეეკითხა უცნობი.
პოპელი ინსტინქტურად მისკენ შებრუნდა:
- გმადლობთ, ყველაფერი რიგზეა...
უცნობმა ელვისებურად გაიშვირა წინ მარჯვენა ხელი და რაღაცას დააჭირა თითი. პოპელს სხეული მოუდუნდა, მუხლები მოეკეცა და კიბეზე დაეცა. უცნობი სწრაფად გავარდა ქუჩაში. ცოლმა გაიგონა პოპელის ხმა, როცა უცნობს ელაპარაკებოდა, გარეთ გამოვარდა და დაინახა კიბეზე უსულოდ დაგდებული ქმარი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები მედიცინის და დასტრიალებდა თავს.
- ჩქარა, "სასწრაფოს" გამოუძახეთ, - დაიყვირა მედდამ, - გულის შეტევაა!
"სასწრაფო" რამდენიმე წუთში მოვიდა... პოპელსი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
- პირველად მართლაც იფიქრეს, რომ ის გულის შეტევით მოკვდა, - წერდა ფრანგული გაზეთი "მონდი". ეჭვი აღიძრა მოგვიანებით, როცა შეიტყვეს, რომ პოპელი სინამდვილეში სტეპან ბანდერა იყო.
პროფესია პატრიოტი

სტეპან ბანდერა დაიბადა 1909 წლის 1-ლ იანვარს სოფელ სტარი-უგრინოვში, ამჟამინდელი ივანო-ფრანკოვსკის მახლობლად, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდლის ოჯახში. სტრიის გიმნაზიის Dდამთავრების შემდეგ სწავლა ლვოვის უნივერსიტეტში განაგრძო. 18 წლისა უკრაინელ ნაციონალისტთა (ოუნ) რიგებში შევიდა. სწრაფად ავიდა იერარქიულ კიბეზე და 1930 წელს დასავლეთ უკრაინაში ოუნ-ის იატაკქვეშეთის ხელმძღვანელი გახდა. ბანდერა სათავეში ჩაუდგა ბრძოლას როგორც პოლონელი ოკუპანტების, ისე საბჭოთა აგენტურის წინააღმდეგ. 1934 წელს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრონისლავ პერაცკის ლიკვიდაციის გამო ბანდერა დააპატიმრეს. პოლონურმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, რაც შემდგომში სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 1939 წელს ბანდერა ციხიდან გაიქცა. ის ჩავიდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ კრაკოვში და ცდილობდა ოუნ-ის საქმიანობის რეორგანიზაციას. ამან უკრაინელ ნაციონალის ვეტერანების წინააღმდეგობა გამოიწვია. უთანხმოება ოუნ-ის დაშლით დამთავრდა. ბანდერას მომხრეებმა საკუთარი ორგანიზაცია სახელწოდებით "ოუნ-რევოლუციური" შექმნეს. სწორედ მის წევრებს უწოდეს შემდგომში ბანდერელები.
1941 წლის 30 ივნისს გერმანელებმა ქალაქი ლვოვი დაიკავეს (ის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით 1939 წელს პოლონეთისგან შეიერთა სსრ კავშირმა). იმავე დღეს ბანდერელებმა უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადეს. შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ბანდერას თანამოაზრე იაროსლავ სტეცკო ჩაუდგა. მეორე დღეს ბერლინიდან ჩავიდა აინზაცკომანდა, ნაცისტური გერმანიის სიკვდილის ესკადრონის ნაწილი. მან დააპატიმრა პრემიერი სტეცკო და მთავრობის თითქმის ყველა წევრი. თავად ბანდერა გესტაპომ კრაკოვში აიყვანა. ნაცისტებმა ბანდერასგან კატეგორიულად მოითხოვეს დამოუკიდებლობის აქტის გაუქმება, რაზეც ბანდერამ მტკიცე უარი განუცხადა. პასუხად გერმანელებმა ბანდერა, სტეცკო და სხვა ნაციონალისტები ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ორი კვირის განმავლობაში ჰიტლერელებმა 2 ათასი ბანდერელი დააპატიმრეს. გესტაპოს პასუხად, ოუნ-ი იატაკქვეშეთში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ჰიტლერულ რაიხსა და სსრ კავშირთან. საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლები 1956 წლამდე გაგრძელდა... ოუნ-რევოლუციურის ხელმძღვანელი იყო სტეპან პოპელი ანუ სტეპან ბანდერა...
"ოჯახი" უშიშროების რეცეპტით
მოსკოვში აღმოსავლეთ ბერლინიდან ახალგაზრდა წყვილი ჩავიდა. ინგე პოლმას რჩეულმა ბოგდან სტაშინსკიმ მას ცოლობა სთხოვა და გაუმხილა, რომ სუკ-ის ოფიცერი იყო. ინგე შეკრთა.
- მოდი, დასავლეთში გავიქცეთ! სტაშინსკი მოიღუშა. - არა! იმავე დღეს სტაშინსკიმ სუკ-ის მთავარ შტაბბინაში მოახსენა უფროსებს ინგეს შესახებ.
- მე მას ცოლობა შევთავაზე!
- ინგე ანტისაბჭოელია, ძმობილო!
- სულერთია, მაინც მიყვარს!
- და გინდა შეირთო?! მწარედ ინანებ!..
ჩეკისტების პოზიცია მტკიცე იყო: ინგე უნდა გადმოსახლდეს მოსკოვში და სუკ-ის აგენტი გახდეს. ინგე დათანხმდა მოსკოვში გადასვლას, მაგრამ სუკ-ის აგენტობაზე უარი განაცხადა. ნირწამხდარმა სტაშინსკიმ ყოველივე ხელმძღვანელობას მოახსენა. მათი პოზიცია შემდეგი იყო: ამოჰკარი პანღური და გააგდე! სტაშინსკი სუკ-ის შეფ ალექსანდრ შელეპინთან წავიდა, რათა დაქორწინების ნებართვა მიეღო. ბოგდანმა ეს შეძლო.
ინგლისელების დასკვნა
დადგინდა, რომ ბანდერა კალიუმის ციანიდით იყო მოწამლული. უკრაინელი ნაციონალისტები მოითხოვდნენ, მკვლელობის ორგანიზატორად საბჭოთა სახელმწიფო გამოეცხადებინათ. დასავლეთ გერმანიის მთავრობას ეს არ სურდა, ამიტომ 1960 წელს გფრ-ის პროკურატურამ ოუნ-ის წარმომადგენელ იბენცალს შემდეგი დასკვნა გადასცა: - გამოძიება ბანდერას მკვლელობის საქმეზე შეწყვეტილია, რადგან არ არსებობს კონკრეტული პიროვნება, რომელსაც მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ.
რაკი დასავლეთ გერმანიის პროკურატურამ საქმე დახურა, ოუნ-მა კერძო გამოძიება დაიწყო. მოიწვიეს ინგლისელი კერძო დეტექტივები. მათ საკმაოდ მალე დადეს თავიანთი დასკვნა: გამორიცხულია, რომ ბანდერას მკვლელობაში გარეული იყოს მისი გარემოცვა ან სხვა უკრაინული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები; გამორიცხულია თვითმკვლელობის ვერსია; საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული ვერსია, რომ თითქოს მკვლელობაში გარეული არიან გენერალ რაინჰარდ გელენის თანამშრომლები ან ჰელმუტ ობერლენდერი, სიცრუეა (გელენი ვერმახტის გენერალ-მაიორი იყო, მოგვიანებით ჩამოაყალიბა გფრ-ის დაზვერვა და მისი უფროსიც გახდა. - ნ.თ); კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ მკვლელობა სუკ-მა მოაწყო.
ამ დასკვნის მიუხედავად გფრ-ის ხელისუფლება ჯიუტად გაიძახოდა: - დაგვისახელეთ კონკრეტული პირი, ვისაც მკვლელობის ბრალდებას წავუყენებთ!
დაუმარხავი შვილი

სტაშინსკიმ და ინგემ იქორწინეს. მალე ინგე დაფეხმძიმდა. სუკ-ის კატეგორიული მოთხოვნით, ქალს მოსკოვში უნდა ემშობიარა. ინგეს კი სურდა, რომ მშობლიურ გერმანიაში მოელოგინებინა. ინგემ მძიმედ იმშობიარა. ახალდაბადებული პიოტრი გარდაიცვალა. ბოგდანი დაჟინებით მოითხოვდა შვილის დაკრძალვაზე დაშვებას. ხელმძღვანელობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. სუკ-ის შეფის შელეპინის სიტყვამ ყველაფერი გადაწონა. მან სტაშინსკი გდრ-ში გაუშვა. ინგე პოლის სახლი სუკ-ისა და გდრ-ის შტაზის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სტაშინსკიმ ცოლი მეორე ოთახში გაიყვანა და უთხრა: - შენთვის ყველაფერი არ მითქვამს. ეს მე მოვკალი ბანდერა! მანამდე კი პროფესორი ლევ რებეტიც (ოუნ-ის ერთ-ერთი ლიდერი. - ნ.თ.)! ინგეს თავლები გაუფართოვდა.
- რატომ?
- ასეთი იყო ბრძანება. მალე მეც მომკლავენ, - სტაშინსკის ხმა აუკანკალდა, - შენთან დაქორწინების შემდეგ ამრეზით მიყურებენ. ბინძური საქმე უკვე გამაკეთებინეს! ახლა ჩემი ლიკვიდაციის ჯერია!
- დასავლეთში უნდა გავიქცეთ! - ინგეს თვალები აენთო, - იქ გამოცხადდები პოლიციაში და ყველაფერს აღიარებ!
- მაშ ახლავე უნდა წავიდეთ! ახლა ჩეკისტებსა და შტაზის სიფხიზლე მოდუნებული ექნებათ, ამით უნდა ვისარგებლოთ. გავიქცეთ, სანამ ჩვენი შვილი არ დაუმარხავთ.
- შვილი დაუმარხავი დავტოვოთ?
- ეს გადარჩენის ერთადერთი შანსია.
ინგე რამდენიმე წუთს დუმდა, შემდეგ წამოდგა: - თანახმა ვარ! წავედით!
ცოლ-ქმარი სახლიდან შეუმჩნევლად გამოვიდა. მათ საზღვარი გადალახეს და დასავლეთ გერმანიაში ამერიკელებს ჩაჰბარდნენ.
- მე სუკ-ის სპეცაგენტი ვარ. მე მოვკალი ბანდერა და ლევ რებეტი! - განაცხადა სტაშინსკიმ. ამერიკელების პირველი რეაქცია შემდეგი იყო: სტაშინსკი კლინიკური გიჟია! ამიტომ ფსიქიატრს გამოუძახეს.
ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სტაშინსკი სავსებით Yნორმალურია. მეტიც, მისი გონებრივი შესაძლებლობები საშუალოს აღემატება! სიგიჟის ვერსია გაბათილდა, თუმცა ამით ამერიკელების შეშფოთება გაიზარდა.
- იქნებ სტაშინსკი სუკ-მა საგანგებოდ შემოაგზავნა? აბა, სად გაგონილა, რომ საბჭოთა სპეცაგენტი მოწინააღმდეგეს ჩაჰბარდეს და მკვლელობები აღიაროს?
სიცრუის დეტექტორმა დაამტკიცა, რომ ბოგდანი სრულ სიმართლეს ლაპარაკობდა. ამერიკელები მაინც არ ცხრებოდნენ. მათ სტაშინსკის დაკითხვა გააძლიერეს.
- რატომ მოკალით ბანდერა?
- ასეთი იყო ბრძანება.
- ვისგან?
- მისი ლიკვიდაცია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დაიგეგმა. მათ რიცხვს სუკ-ის შეფი შელეპინიც განეკუთვნებოდა.
- როგორ მოკალით ბანდერა?
- სპეციალური უხმო პისტოლეტით. ის ისვრის კალიუმის ციანიდის ბაზაზე დამზადებულ მფრინავ შხამს. ზერელე დათვალიერებისას ექიმს შეუძლია დაასკვნას, რომ გული გაჩერდა და კეთდება დასკვნა ინფარქტის შესახებ. მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ატროპინის ტაბლეტები მივიღე, რათა კალიუმის ციანიდით მეც არ მოვწამლულიყავი.
ბოლოს და ბოლოს, ამერიკელებმა სტაშინსკი დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებას გადასცეს. მომქანცველი, დაუსრულებელი დაკითხვების სერია განახლდა.
- ეს შენი განსაწმენდელია, ბოგდან! შენ ის უნდა გაიარო! - უთხრა ინგემ.
ქალი ქმარს ბოლომდე გვერდით ედგა.
ეპილოგი
ბოგდან სტაშინსკის სასამართლო პროცესი 1962 წლის მაის-ოქტომბერში კარლსრუეში გაიმართა. მას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. აქედან სტაშინსკიმ 4 წელიწადი მოიხადა.
- ციხის კართან მას ინგე შეეგება.
ცოლ-ქმარი სტაშინსკები ამერიკელებმა მოწმეთა დაცვის პროგრამაში შეიყვანეს. მათი შემდგომი ბედი უცნობია.
სტეპან ბანდერას სახელი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ გადაიქცა. დღეს ბანდერას ხსოვნა ეხმარება უკრაინელ დამცველებს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში.
- უკრაინული ანდაზა გვასწავლის: სიკვდილის შემდეგ კიდევ მოქმედებს მკვდარიო. ეს სიტყვები ზედგამოჭრილია ბანდერაზე, - წერს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი პოლკოვნიკი ოლეგ ჟდანოვი.
უკრაინული პატრიოტული მოძრაობის აქტივისტი ირინა ფარიონი ამბობს, რომ თავის დროზე ბანდერას ლიკვიდაციისთვის მოსკოვმა უზარმაზარი თანხა დახარჯა. ამის შემდეგ კრემლი უკვე მკვდარი ბანდერას დისკრედიტაციას შეეცადა. ამ მიზნით დაიწერა უამრავი ფსევდომეცნიერული გამოკვლევა, რომანები, მოთხრობები თუ პამფლეტები. გადაიღეს არაერთი მხატვრული თუ ფსევდოდოკუმენტური ფილმი.
ბანდერელთა მისალმება "დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!" დღეს მთელი უკრაინის მისალმებაა. ამ შეძახილით მიდიან უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლაში. დიდი ხნის წინ დაღუპული ბანდერა ოკუპანტებთან ბრძოლისას დღესაც ამხნევებს თანამემამულეებს.
ნიკა თევზაძე,
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი