იზრდება თუ არა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე?!
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხი ყოველთვის პრობლემური იყო, რადგან ბევრია მაგალითი, როგორ იყენებდა ამას კრემლი ჩვენს წინააღმდეგ. განსაკუთრებით მტკივნეული გახდა აღქმა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ კი, რასაც ჩვენი ხელისუფლება მიესალმა, უკვე გაისმა საქართველოს სანქცირების თემაც - მიუხედავად პირობისა, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველო არ დაარღვევს. რეალურად როგორია ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ტენდენცია და რა საფრთხეებს ქმნის ქვეყნისთვის, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.
- დავიწყოთ იმით, რომ რუსეთი უნდა აღვიქვათ, როგორც მოცემულობა. ფიზიკის კანონია, ზემოთ აგდებული ქვა დაბლა ვარდება და ჩვენც ასე ვართ, ასე ვმოქმედებთ. იმის იმედად, რომ რუსეთი დაიშლება, რაღაც პრობლემები ექნება, არ უნდა ვიყოთ. არ უნდა დავემსგავსოთ „ნატვრის ხის“ პერსონაჟს, მთელი ცხოვრება ნატვრისთვალის ძებნას რომ შეალია და თავისი ოჯახიც ამისთვის გაწირა. უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების, არსებული რესურსებისა და მოცემულობის გათვალისწინებით. თუ ეს მოცემულობა შეიცვლება ჩვენ გარეშე, მერე შესაბამისადაც უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება რაციონალური გადაწყვეტილებებით მოქმედება. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს ინტერესებზე ჩვენზე მეტად ვერავინ იზრუნებს და უნდა ვიყოთ მაქსიმალურად რაციონალური, პირველ რიგში, ერთმანეთთან. უნდა გავუფრთხილდეთ რესურსებს, რაც გვაქვს ქვეყანაში, პირველ რიგში, ადამიანურს, რომლის დეფიციტიც 26 მაისის აღნიშვნის დროსაც კი შეიმჩნეოდა. ქვეყანა უნდა ვაშენოთ და ვმართოთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს - ჩვენი ინტელექტით, ცოდნით, მეტი თუ ნაკლები უნარებით. ამ ვითარებაში ძალისხმევა და ერთმანეთის გაკრიტიკების ცეცხლი ასუსტებს ჩვენს ერთობლივ მონდომებას. საერთო-სახელმწიფოებრივი მიზნები უნდა დავისახოთ და გადავწყვიტოთ. თუ ეს მიზნები და ამოცანები გაცნობიერებული გვექნება, რომ ყველანი იმ გემის მგზავრები ვართ, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს ცურვის უნარი, მაშინ უფრო ტოლერანტული ვიქნებით ერთმანეთის მიმართ და ჩვენი ძალისხმევაც უფრო ძლიერი იქნება პრობლემებისა და გამოწვევების წინააღმდეგ. ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ხშირად არასწორად ვიქცევით და ამით ჩვენს მტერს თუ არაკეთილისმსურველს მეტ შანსს ვაძლევთ საქართველოსგან იმაზე მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე იმსახურებს. გვჭირდება ფრთხილი, რაციონალური პოლიტიკა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჯერ გადავარჩინოთ და მერე გავზარდოთ ის რესურსები, რაზეც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
- ბოლო დროს გამოიკვეთა შეშფოთება რუსეთზე ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულების გაზრდის გამო. კონკრეტულად რა სფეროებშია ეს დამოკიდებულება გაზრდილი და რამდენად არის სასიცოცხლო მნიშვნელობის?
- რუსეთის წილი ჩვენს საგარეო ვაჭრობაში, ბოლო 4 თვის მონაცემებით (რაც გამოქვეყნებულია), 4,5-დან 13,1%-მდეა გაზრდილი. თუმცა მხოლოდ აპრილს თუ ავიღებთ, პირიქით, კლება გვაქვს - 12,5-დან 11,4%-მდე შემცირდა რუსეთის წილი შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით. შედარებისთვის: 2000-იანი წლების დამდეგს ჩვენს საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი დაახლოებით 30% იყო, უფრო ადრე კი თითქმის 60%-მდე - ანუ რუსეთის წილი ისეთი განსაკუთრებული არ არის, რომ ამინდის შექმნა შეეძლოს. ერთი ყველაზე მოწყვლადი სფეროა მარცვლეულისა და ხორბლის ფქვილის ექსპორტი საქართველოში, მეორე კი ნავთობპროდუქტების ექსპორტი. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარი ამ პრობლემის გადაჭრისთვის.
აქ შეიძლება გავითვალისწინოთ ჩვენი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის გამოცდილება. სომხეთში სუბსიდირება ხორბლის ნათესი ფართობების ხარჯის თითქმის ნახევარს ფარავს, ნათესი ფართობები კი იმაზე ნაკლები არ არის, ვიდრე საქართველოში, თან იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა ჩვენზე 1,5 მილიონით ნაკლებია, ნიადაგიც უფრო მთაგორიანი და სასოფლო სავარგულებიც ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. თუმცა, თუ ნათესები ჩვენზე არანაკლები აქვთ, კიდევ აპირებენ მის გაზრდას, ხოლო თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას 30-დან 50%-მდე გეგმავენ. ჩვენთან კი, საუკეთესო შემთხვევაში, თვითუზრუნველყოფა 30%-ია.
ბევრჯერ გვითქვამს, პური არ არის მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიის პროდუქტი, მას სოციალური დატვირთვაც აქვს და აუცილებელია სახელმწიფოს მიდგომა ამ მხრივ განსაკუთრებული იყოს. თუ ამ ფაქტორში რუსულ გავლენას შევამცირებთ, მაშინ იმპორტში გადახდილი თანხის დიდი ნაწილი საქართველოში დარჩება და მოხმარდება აგრარული სექტორის განვითარებას, რომელიც ჯერ კიდევ ეკონომიკის სუსტ რგოლად ითვლება.
- მთლიანად აგრარულ სექტორს გულისხმობთ თუ მხოლოდ მარცვლეულის სფეროს?
- დღეს აგრარული სექტორი მწარმოებლურობით ყველაზე ჩამორჩენილი დარგია - ანუ ერთ დასაქმებულზე შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობით. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ხორბალში, რადგან ჩვენ რუსულ ბაზარზე ვართ ჩამოკიდებული და ეს, არც ეკონომიკურად და არც უსაფრთხოების მხრივ გამართლებულად არ უნდა ჩაითვალოს.
- ექსპორტში რა მდგომარეობაა, ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანა რა საფრთხეებს უქმნის ქვეყანას, თუნდაც პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით და რა შეიძლება გაკეთდეს?
- ის, რომ „რუსეთში ყველაფერი იყიდება, გადაჭარბებული და ძველი სტერეოტიპია. გემოვნება იმათაც აქვთ და დამოკიდებულება ხარისხის მიმართ მზარდია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოგრაფიული მდებარეობა - რაც უფრო შორს მიდის საქონელი, სატრანსპორტო ხარჯებიც იმატებს და ამიტომ ის მოცემულობა, რაც საუბრის დასაწყისში ვახსენე, ვერ გაუქმდება. ყოველთვის შესაძლებელი იქნება, რომ საქართველოდან გასულმა პროდუქციამ, ღვინო იქნება თუ სხვა, კონკურენცია გაუწიოს რუსეთში უფრო მოშორებული ქვეყნებიდან თუ რეგიონებიდან შეტანილ პროდუქციას სწორედ ტრანსპორტირების ხარჯებში ჩვენი ეკონომიის გათვალისწინებით. თუმცა უნდა ვიაზროვნოთ სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, აპრილში ჩვენი ექსპორტი რუსეთში შარშანდელ აპრილთან შედარებით 5,7%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში რუსეთის გარეშე - 22,3%-ით. რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა მხოლოდ 1,8%-ით, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 11%-ით. ცხადია, ამით გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. რამდენად შენარჩუნდება ეს ტენდენცია, ამის თქმა ძნელია, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველო მთლიანად თავიდან ბოლომდე გადართულია რუსულ ბაზარზე, უსაფუძვლოა.
მეტსაც გეტყვით, ბოლო 7 თვის განმავლობაში ჩვენი ადგილობრივი ექსპორტისთვის პირობები მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იყო და ის შემცირდა. ეს გარკვეულწილად უკავშირდება ლარის კურსის გამყარებასაც, რადგან ამით ჩვენი საქონელი საერთაშორისო ბაზარზე უფრო ძვირი ხდება და ეს ექსპორტს ყოველთვის უშლის ხელს. ამიტომ, სამხედრო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, როცა ჯარი შეტევაზე გადადის, განსაზღვრული წარმატების შემდეგ უნდა შეჩერდეს, რეზერვები შეავსოს, ზურგი გაიმაგროს და შეტევა შემდეგ განაგრძოს. დაახლოებით ასეა ეკონომიკაშიც. ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის ამ ეტაპზე ლარის კიდევ გამყარება კონტრპროდუქტიული იქნება და უნდა ვეცადოთ, რომ ეს სტატუს-კვო შევინარჩუნოთ სწორედ შემდგომში ეკონომიკური ზრდისა და ეფექტიანობის ხარჯზე. აქცენტი უნდა გაკეთდეს ასევე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მიმართულებაზე და ამ მხრივ წარმატებებიც გვაქვს, მათ შორის რეექსპორტში. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობამ ბოლო 4 თვეში გადააჭარბა მთელი საქართველოს ყველა სახის ექსპორტის საშუალო წლიურ მაჩვენებელს. 1995 წლიდან გვაქვს აღრიცხვა და 2006-2007 წლამდე საშუალო წლიურ მაჩვენებელზეც კი მაღალი იყო - ანუ ეს არის საქართველოს ერთ-ერთი კარგი პოტენციალი და ამ მიმართულებით კიდევ მეტი უნდა ვიმუშაოთ. თუკი სინგაპურის მაგალითი მოგვწონს, სინგაპურს ადგილობრივ წარმოებაზე მეტად სწორედ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის როლის გაძლიერებამ მოუტანა ის სიმდიდრე და კეთილდღეობა, რითაც დღეს მსოფლიოში გამოირჩევა.
- ეს გასაგებია, მაგრამ ქვეყანაში პროდუქციის შექმნის თვალსაზრისით რას მოიტანს აქცენტების რეექსპორტზე დასმა? მასზე მეტისმეტი დამოკიდებულება არ არის საფრთხე?
- რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოებაც აუცილებელია. ხელისუფლების განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღე-დღეზე დაიძვრება ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს პორტი უნდა იყოს არა მარტო სატრანსპორტო ობიექტი ჩვენი მეზობლების ტვირთების მოძრაობისთვის, არამედ გარკვეულწილად ქართული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანისთვისაც უნდა იქნეს ჩადებული ალგორითმი, ხატოვნად რომ ვთქვათ. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გავიხსენებ - როდესაც „დინამო“ საუკეთესო ფორმაში იყო, დავით ყიფიანისა და რამაზ შენგელიას თამაშები მახსოვს, ყიფიანი მარჯვენა ფლანგიდან აწვდიდა 30-40 მეტრის მოშორებით მყოფ შენგელიას 20-25 მეტრით წინ და იცოდა, რომ ბურთი ტრაექტორიით სწორედ იქ დაეშვებოდა, სადაც შენგელია აღმოჩნდებოდა და მერე გოლის გატანა ტექნიკის საქმე იყო. მსგავსი ტაქტიკა უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკაშიც - მართალია, დღეს ქვეყანაში არა გვაქვს ისეთი წარმოება, რომელსაც დიდი პორტები დასჭირდება, მაგრამ იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურ რეჟიმში ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდეს, გაიზარდოს და სწორედ ექსპორტზე ორიენტირებული გახდეს.
- ევროკავშირთან ვაჭრობის თაობაზე სულ ვამბობთ, რომ გვაქვს კვოტები, რომლებსაც ვერ ვავსებთ, რადგან პრობლემა ბევრია. ამას ისიც ხომ არ დაემატება, რომ ქართველი გლეხი რუსულ და "ადვილ" ბაზარზე შეაჩერებს არჩევანს და ამით დავკარგავთ იმ სარგებელს, რასაც ევროპიდან მივიღებდით? რისი გაკეთება შეიძლება, სუბსიდირება ხომ არ იქნება გამოსავალი?
- როგორც იტყვიან, ჯოხს ორი ბოლო აქვს და სუბსიდირების მასშტაბი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზეა დამოკიდებული. აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან ბევრი დარგი, სოციალურ სფეროს რომ თავი დავანებოთ, დახმარებასა და მხარდაჭერას ითხოვს. ამიტომ სუბსიდირების მასშტაბი ჩვენს რაციონალიზმსა და ეკონომიკის ზრდაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ბიზნესს მაქსიმალური შეღავათი და პირობების შექმნა სჭირდება, რათა საქართველოში საქმის წამოწყება ეხალისებოდეთ.
- რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებით გამძაფრდა რუსეთზე ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულების თემა, პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ. რეალურად აქვს ხელისუფლებას ორიენტაცია რუსეთზე და არის თუ არა ეს დასავლეთზე უარი? მხოლოდ ეკონომიკურ მხარეს ვგულისხმობ.
- საქართველოს ხელისუფლების არც ქმედებები და არც განცხადებები არ ადასტურებს, რომ ანტიდასავლურ პოლიტიკას ვატარებთ. თუმცა ამ ვითარებაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა. ერთია ის, რასაც ამბობ და აკეთებ, და მეორეა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იქმნება ქვეყანაში თუ მის გარეთ და მერე გიწევს ამის უარყოფა და დაძლევა. ამიტომაც საჭიროა უფრო გაწონასწორებული განცხადებები, ქმედებებზე განმარტებები და მეტი მუშაობა ოფიციალურ სტრუქტურებთან პირადად თუ ლობისტების მეშვეობით. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ ჩვენს ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თუ შევძლებთ გლობალური მასშტაბით იმის დემონსტრირებას, რომ ქართველი ერი არის ერთსულოვანი, მეტი ტოლერანტობა და ურთიერთგაგების პრინციპი ამოძრავებს, მაშინ ჩვენი მეგობრებიც და არამეგობრებიც უფრო სერიოზულად შემოგვხედავენ.
რუსა მაჩაიძე