„აუცილებელია მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის რეგულირება, სხვაგვარად ცოფთან ბრძოლაში შედეგს ვერ მივაღწევთ“ - კვირის პალიტრა

„აუცილებელია მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის რეგულირება, სხვაგვარად ცოფთან ბრძოლაში შედეგს ვერ მივაღწევთ“

რამდენიმე დღის წინ ხონში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - მიუსაფარმა ძაღლმა ბავშვი დაკბინა.­ მშობლებმა ძაღლი შინ, სოფელ მათხოჯში წაიყვანეს და იქ აკვირდებოდნენ. შემთხვევიდან 4 დღეში­ ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ძაღლი ცოფიანი იყო. როგორც ამბობენ, იქ რამდენიმე ბავშვი იყო და ამიტომ მათ აცრა გაუკეთდათ. შესაბამისმა სამსახურებმა დაადგინეს ასევე იმ 12 პირის ვინაობა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ძაღლთან და ყველა­ აცრეს... ცოტა ხნის წინ მარტვილის ცენტრში მიუსაფარმა ძაღლმა 22 კაცი დაკბინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერტიზით მაშინაც დადასტურდა, რომ ძაღლი ცოფიანი იყო. ყველა პირი აცრეს, მათგან ორი იძულებით... ცოფის შემთხვევები გამოვლინდა ასევე სენაკში, ქუთაისში, ლენტეხში, ონში, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. ვირუსი დაუდასტურდა როგორც პატრონიან, ისე უმეთვალყურეო ძაღლს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ცოფის გამოვლენის კერებში ცრიან ყველა შინაურ ცხოველს. ჩამოთვლილ ქალაქებსა და სოფლებში დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩასა და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს; დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს.

მალხაზი გ. სოფელში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ მას ცოფიანმა ლეკვმა უკბინა: - როგორც წესი, რაიონებში შინა­ურ ცხოველებს აცრას თითქმის არავინ უკეთებს. თითო ოჯახში ორი ძაღლი­ მაინც ჰყავთ და ბევრი მხოლოდ ხმელ პურს აჭმევს. ამიტომაც რაიონის ცენტრები სავსეა მიუსაფარი, მშიერი ძაღლებით. ამ ზაფხულს მაღაზიაში ვერ შევდიოდით, პარკით ხელში გამოსულს აუცილებლად აგედევნებოდა ძაღლი და მანქანაშიც კი გივარდებოდნენ. ქუჩაში ამდენი ძაღლი იმიტომ მოგროვდა, რომ ადამიანებს როგორც კი მობეზრდებათ ცხოველი, ქუჩაში აგდებენ, ან ისეთ უკაცრიელ ადგილას დააგდებენ, სადაც მოსახლეობაც არ არის, და ცხოველიც განწირულია. სწორედ ასეთი ძაღლები ხდებიან ცოფის გადამდებები. ამ ზამთარს მეზობლისგან პატარა ლეკვი­ მოვიყვანე, მანქანიდან რომ გამოვიყვანე, ხელზე მიკბინა და ცოტა სისხლი წამომივიდა. ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ რადგან­ ლეკვი იყო, დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, ნაკბენი უბრალოდ დავიმუშავე. მეორე დილით ლეკვი მკვდარი დამხვდა. სასწრაფოდ რაიონის ცენტრში წავედი და ყველა აცრა გავიკეთე. ლეკვს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ცოფი დაუდასტურდა. რამდენიმე მეზობელი ამის მერე დამცინოდა, რად გინდოდა აცრა რომ გაიკეთეო. ხალხს არა აქვს ინფორმაცია, რამხელა რისკის შემცველია ცოფი. ადრე მეზობლის კავკასიურმა ნაგაზმა დამკბინა და მაშინაც გავიკეთე აცრა. მაშინ ძაღლი ცოფიანი არ აღმოჩნდა, მაგრამ აცრილი არ იყო. სოფლებში ძაღლის აცრის კულტურა არ არის. არც სტერილიზაციას უკეთებენ და მრავლდებიან უკონტროლოდ. შინაურ ცხოველს მოვლა სჭირდება და ეს ბევრს გააზრებული არც აქვს. ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა რაიონის მუნიციპალიტეტებსაც ეკისრება, რომ ქუჩის ძაღლებს კასტრაცია და სტერილიზაცია გაუკეთდეს და პრობლემაც ასეთი მასშტაბური აღარ იქნება.

წლების წინ გოგო დაკბინა ძაღლმა,­ აცრა არ გაიკეთა და საშინელება დატრი­ალდა, გოგო გაცოფდა. ყველაფერში ადამიანია დამნაშავე, ქუჩაში მიტოვებული ძაღლი ეძებს საკვებს, თავშესაფარს... თუ შევიდა ტყეში, სადაც გარეული ცხოველია, მათთან კონტაქტის შედეგად შეიძლება დაინფიცირდეს, მერე ისევ ბრუნდება დასახლებულ ადგილას და დაკბენს ან დადორბლავს ადამიანს.

დემნა ხელაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსი: - ცოფიან ძაღლთან კონტაქტის მქონეების დადგენა ხშირად ძნელია, ამიტომ ვთხოვთ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც ძაღლებს იკედლებენ და ისინი ასაცრელია, მივალთ და ავცრით, თუ არადა, თვითონ აცრან, ეს მათი პასუხისმგებლობაა. არა მარტო ცოფზე, სხვა უამრავ დაავადებაზეც უნდა აიცრას ძაღლი, თუმცა ისინი ცოფივით ადამიანს არ ვნებს. მიმდინარეობს კამპანიური ხასიათის პროფილაქტიკური ვაქცინაცია. დიდ ქალაქებში ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. წელს 150 000-მდე ძაღლია ცოფზე აცრილი, წელიწადში დაახლოებით 300 000 ძაღლს ვცრით.

- გვითხრეს, რომ ბევრი მიუსაფარი ძაღლია ხევსურეთში, დუშეთში, იქ თუ ტარდება ვაქცინაცია?

- მუნიციპალიტეტებმა კეთილინებონ და ძაღლები გადაიყვანონ თავშესაფარში. თუ გადაყვანის პრობლემაა, დაიჭირონ და ჩვენი ვეტერინარი აცრის. აცრილ ძაღლს ყურზე უნდა დაედოს საბმელი, რომლებიც მხოლოდ თავშესაფრებს აქვთ. საბმელდადებულ ძაღლს როდის გაუკეთდა ვაქცინა, ამის გადამოწმება ზედამხედველობის სამსახურმა უნდა იკისროს. 11 თვე რომ გავა, ძაღლი მე-12 თვეს ისევ უნდა აიცრას.

როცა ძაღლი პატრონიანი არ არის, რთულია დადგენა, საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, რომელ ძაღლთან, გარეულ ცხოველთან. თუ პატრონიან ძაღლს გამოუვლინდება ცოფი, უფრო ადვილია წყაროს დადგენა. ცოფის მატარებლები უმეტესად მიუსაფარი ძაღლები არიან, ამიტომ აუცილებელია მათი რაოდენობის რეგულირება. სხვაგვარად ცოფთან ბრძოლაში შედეგს ვერ მივაღწევთ. ყველა­ რაიონში უნდა იყოს ძაღლების თავშესაფარი, სადაც შესაბამისი სამსახურები გადაიყვანენ ძაღლებს, იქ მათ ჩაუტარდებათ კასტრაცია, სტერილიზაცია, ცოფზეც აიცრება და შემდეგ თუ ვინმე მოისურვებს, ასეთ ძაღლს აიყვანს და უპატრონებს.

ბოლო დროს ისეთ ადგილებში გამოჩნდა ცოფი, სადაც არ ყოფილა. მაგალი­თად, რაჭა-ლეჩხუმში. რაჭა ზამთარში იცლება, ბევრი სახლია დაკეტილი. დავუშვათ, მეზობელმა მეზობელს დაუტოვა ძაღლი საპატრონოდ, ის აჭმევდა საჭმელს, მაგრამ მერე ძაღლი სად წავა, არავინ იცის. სავარაუდოდ, ნადირისგან, გარეული ცხოველისგან დაინფიცირდება და სოფელში მიიტანს ცოფს. სენაკში, მარტვილში, ხონში საიდან დაინფიცირდნენ, დადგენა ჭირს.

ამჟამად მუშავდება კანონი, რომლითაც განსაზღვრული იქნება, ვის შეუძლია ძაღლის გამრავლება, რამდენ ხანს უნდა შეინახონ თავშესაფარში, როდის უნდა გაჩუქდეს.

- ახლა მაინც შეიგნეს პატრონებმა, რომ უნდა აცრან შინაური ცხოველი?

- ბევრმა არა, ვისაც მონადირე ძაღლი ჰყავს, უკეთებს აცრას, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ამას არ აკეთებს. ხშირად არც მიმკედლებლები ცრიან მიუსაფარ ძაღლებს. წელს თბილისში ჩაატარებენ ძაღლების აღწერას და გავიგებთ, ზუსტად რამდენი მიუსაფარი ძაღლია.

საერთოდ, ცოფზე აცრას ზაფხულში­ ვაკეთებთ, გაზაფხულზე კი სხვა ვაქცინაცი­ით ვართ დაკავებული, მაგრამ წელს ცოფმა ისე შემოგვიტია, ცოტა ადრე დავიწყეთ ვაქცინაცია. სოფლებში კარდაკარ დავდივართ თერმოჩემოდნით და თუ რომელიმე მოსახლეს ცხოველი აცრილი არა ჰყავს, ვცრით. თუ ცხოველი მაკედ არის, მას მოგვიანებით აცრიან. ყოველ წელს ვატარებთ კამპანიურ ვაქცინაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისში ყველა ქუჩას დავივლით, ამას ვერ შევძლებთ ფიზიკურად, მაგრამ მუნიციპალიტეტებში კარდაკარის პრინციპი ამართლებს.

ევროპის ქვეყნებში გარეულ ცხოველებს სისტემატურად უტარდებათ ვაქცინაცია. მათთვის არსებობს სპეციალური ვაქცინა, შეჭამს ცხოველი და მორჩა. ვაქცინა თვითმფრინავით იყრება კვადრატულ კილომეტრებზე გაანგარიშებით, სად რა რაოდენობის უნდა ჩამოიყაროს. ჩვენთან ეს წლების წინ გავაკეთეთ, ვაქცინა, ხელით დავყარეთ, მაგრამ არაეფექტურია. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვირჩევენ რეგიონულად ჩატარდეს ცოფზე ვაქცინაცია. ვთქვათ, აზერბაიჯანის, სომხეთის საზღვრიდან რომ გადმოვა ცხოველი, ის ხომ არ იქნება აცრილი?

ცხოველის პატრონი ვალდებულია ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტაროს თავის ცხოველს. ვურჩევ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ გაიყვანენ ძაღლს გარეთ ალიკაპის გარეშე, მოარიდონ უცხო ძაღლთან კონტაქტს. მუნიციპალიტეტებმაც უნდა მოაგვარონ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, კერძოდ, ზედამხედველობის სამსახურებმა. ეს ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგრამ უნდა გავიღოთ ეს თანხა.

რა სიმპტომები აღენიშნება ცოფით დაავადებულ ცხოველს

დასნებოვნებულ ცხოველს აღენიშნება მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა; უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს, პატრონსაც კი. არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ხრინწიანი ყეფა. ცოფის დროს ზიანდება თავისა და ზურგის­ ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. ამიტომ პირველი დახმარების დაუყოვნებლივ აღმოჩენა მსხვერპლისთვის აუცილებელია. პირველ რიგში ნაკბენი ადგილი უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლით, ან საპნიანი ხსნარით მრავალჯერადად. ეს პროცესი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 10-15 წუთი. შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს შესაბამისი ხსნარებით და დაეფინოს სტერილური საფენები. თუ ჭრილობა სისხლმდენია, მაშინვე­ არ უნდა შეაჩეროთ, რადგან სისხლდენისას ცხოველის ნერწყვიც გამოიდევნება­. ცოფისგან დაცვის ერთ-ერთი გზაა ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის დროული ინიექცია. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება უფრო მოკლე დროში, ვიდრე ცოფის ვირუსი ჭრილობიდან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას დაიწყებს. ვაქცინაციის სრული კურსი 5 ეტაპისგან შედგება, მათ შორის პირობითი 3 ეტაპისგან. ექიმი კურსს არჩევს ცხოველის მდგომარეობაზე დაკვირვების შედეგად. თუ პაციენტმა დაზიანება მიიღო მსხვილფეხა საქონლისგან (ძროხა, ხბო, ცხენი), დაკვირვების პერიოდი ერთ წლამდე გრძელდება, სხვა შემთხვევაში საკმარისია 10 კალენდარული დღე.

ცოფის სიმპტომები ადამიანში

ცოფის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 2 კვირიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს. დაავადების სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. ცოფის პირველადი სიმპტომები ძალიან ჰგავს გაციებას, მოგვიანებით კი შესაძლოა გამოვლინდეს­ ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყლაპვის გაძნელება, შფოთვა, ჰიდროფობია (წყლის შიში), ჰალუცინაციები, უძილობა, ნაწილობრივი პარალიზება. პაციენტმა შეიძლება შენიშნოს ნაკბენი მიდამოს შეწითლება, უჩიოდეს წვასა და ტკივილს. ცოფით დაავადებულ ადამიანს წყლის დანახვისას ეწყება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების სპაზმი, გამოყოფს დიდი რაოდენობით ნერწყვს. ბოლოს ვითარდება ბოდვა, ჰალუცინაციები, დამბლა. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 7-8 დღეში პაციენტი იღუპება. ცოფის მკურნალობა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ არ ხდება, რადგან ასეთ დროს დაავადების შედეგი 100%-ით ფატალურია. მართალია, ქუჩის ძაღლებსა და კატებში ცოფით დაავადების ალბათობა გაცილებით მაღალია, მაგრამ შინაური ცხოველის ნაკბენიც და ნაკაწრიც, თუნდაც ის აცრილი­ იყოს, საშიშია და რაბიოლოგთან მიმართვა აუცილებელია. გახსოვდეთ, ცოფის ვირუსი ორგანიზმში არა მარტო ჭრილობიდან, დაუზიანებელი ლორწოვანიდანაც აღწევს, მაგრამ რაც უფრო ღრმა, დიდი და მრავლობითია ჭრილობა, მით მეტად საშიშია! საჭიროა დაუყოვნებლივი კომბინირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ორგანიზმში ცოფის ვაქცინის გარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანას გულისხმობს.