„წითელას აფეთქების საფრთხე გვემუქრება“ - კვირის პალიტრა

„წითელას აფეთქების საფრთხე გვემუქრება“

"უახლოეს პერიოდში თუ ვერ მოვახერხეთ მდგომარეობის გამოსწორება, ქვეყანაში იქნება წითელას აფეთქება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

- მართალია, დღეს წითელას შემ­თხვევა­ ქვეყანაში­ ცოტაა, შარშან 12, წელს კი 7 შემთხვევა დაფიქსირდა და განსხვავებით­ ჩუტყვავილასა და ქუნთრუშისგან, ეპიდემიური­ ვითარება სტაბილურია, მაგრამ არის წითელას გავრცელების დიდი რისკი. პრობლემაა ე.წ. გამოტოვებული ვაქცინები. წლისა და 5 წლის ასაკში ბავშვს ვაქცინა­ უნდა გაუკეთდეს, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო ვაქცინაცია არ ჩატარებულა. 2019 წელს, პანდემიის წინა წელს, წითელას გავრცელების მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა­ იყო - 1 წლის ასაკის ბავშვებში წითელას პირველი ვაქცინაციის 100%-იანი მაჩვენებელი გვქონდა, ხოლო 5 წლის ასაკში მეორე ვაქცინაციის 97%-იანი მაჩვენებელი. მოსახლეობის 95%-იანი ვაქცინაცია 100%-იანი გარანტიაა იმისა, რომ წითელა არ გავრცელდება და მართლაც ასე იყო, თუმცა პანდემიის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაუარესდა. 2022 წელს კატასტროფული მაჩვენებელია. პირვე­ლი ვაქცინის მაჩვენებელი 1 წლის ასაკში 90%-ს შეადგენს, 5 წლის ასაკში მეორე ვაქცინის მაჩვენებელი - 78%-ს. თუ ამას გადავიტანთ აბსოლუტურ რიცხვებში, ახლა გვყავს 10 000 ბავშვი, რომელთაც არა აქვთ გაკეთებული წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა, და 3 000 ბავშვი, რომელთაც არა აქვთ გაკეთებული პირველი ვაქცინა. ეს კი მანიშნებელია იმისა, რომ უახლოეს პერიოდში თუ ვერ მოვახერხეთ ამ მდგომარეობის გამოსწორება, ქვეყანაში წითელას აფეთქება იქნება.

ჩუტყვავილასთან შედარებით, წითელათი გამოწვეული გართულებებისა და ლეტალობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ჩუტყვავილ­ათი 100 000 ინფიცირებულზე შეიძლება­ ერთი გარდაცვალების შემთხვევა იყოს, წითელათი კი 2011 წლის აფეთქების დროს ევროპაში­ იყო 1 გარდაცვალებული 3 000 დადასტურებულ შემთხვევაზე, რაც მიუთითებს, რომ თუ სასწრაფოდ არ მივაწვდით მოსახლეობას ამ ინფორმაციას და არ გაითვალისწინებენ მასთან დაკავშირებულ რისკებს, რამდენიმე წელიწადში­ უმძიმესი მდგომარეობა გვექნება წითელას გავრცელებისა და ლეტალობის გამო.

- წითელას აფეთქებით რა სურათი შეიძლება მივიღოთ?

- წითელას გადადება ჰაეროვანი გზით ხდება, კონტაქტის შემთხვევაში გადაცემა 100%-იანია. კორონავირუსის დროს იყო შესაძლებლობა, რომ კონტაქტი გვქონოდა ინფიცირებულთან და ვირუსი არ გადაგვდებოდა, წითელას დროს ასეთი შესაძლებლობა არ არის. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ახლანდელი 7 შემთხვევა რამდენიმე წელიწადში ასობით და ათასობით შემთხვევად დაგვიბრუნდება.

- მხოლოდ წითელას აცრაზე გვაქვს ასეთი­ რთული სურათი თუ ყველა გეგმურ ვაქცინაციაში?

- ბე-ცე-ჟეს გარდა, პრაქტიკულად ყველა ტიპის ვაქცინაციაში დიდი ჩამორჩენა გვაქვს იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც პანდემიამდე პერიოდში იყო. ბე-ცე-ჟესა და ჰეპატიტის პირველი ვაქცინა ახალშობილს სამშობიაროებში უკეთდება. დანარჩენ ვაქცინებში მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?

- უპირველესად ანტივაქსერულმა კამპანიამ, კორონავირუსის დროს. ბევრი მშობლისთვის კორონავირუსის ვაქცინისადმი­ ნეგატიური დამოკიდებულება გაიგივდა გეგმური ვაქცინაციის ნეგატიურ ზემოქმედებასთან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ობიექტური საფუძველიც აქვს ჩამორჩენას.

- რას გულისხმობთ?

- კორონავირუსის პანდემიის პიკზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. სკოლები, საბავშვო ბაღები დაკეტილი­ იყო, მშობლებს ბავშვები სახლიდან არ გაჰყავდათ და შესაბამისად, ვერც ვაქცინაციის კაბინეტებში მიდიოდნენ, მაგრამ ეს პერიოდი კარგა ხანია გავიდა, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი კვლავ დაბალ დონეზეა, რაც შეიძლება წითელას აფეთქებაში გადაიზარდოს. თუ უახლოეს პერიოდში მოსახლეობა უფრო გააქტიურდება და დაიწყება გამოტოვებული ვაქცინის გაკეთება, კიდევ გვაქვს შანსი, რომ წითელას აფეთქების საშიშროება თავიდან ავიცილოთ. ბევრს ჰგონია, თუ შვილს თავის დროზე, 1 წლის ასაკში, არ გაუკეთა გეგმური აცრა და ახლა წლინახევრის ან 2 წლისაა, ან თუ არ გაუკეთა­ 5 წლის ასაკში და ბავშვი უკვე 6 წლისაა, უკვე გვიანია. ასე არ არის. არ არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ აცრის თარიღი დაემთხვეს კალენდრით მოწოდებულ ვადას. მცდარია შეხედულება, რომ ახლა აზრი არა აქვს ბავშვის მიყვანას, უკვე გადაუცდა ვაქცინის­ გაკეთების კალენდრით შეთავაზებული დრო. 1 თვე ან 1 წელი გადაცდომა საგანგაშო არ არის. აუცილებლად მიბრძანდით ვაქცინა­ციის კაბინეტებში და ექიმები შემოგთავაზებენ გრაფიკს, თუ როგორ დაეწიოს თქვენი შვილი ჩამორჩენას.

- წითელა მხოლოდ ბავშვებს ემართებათ?

- რამდენიმე წლის წინ გვქონდა შემ­თხვევა, როდესაც მოზრდილებშიც გავრცელდა. ბავშვებში წითელას გავრცელება ავტომატურად ზრდის რისკს მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც თავის დროზე არ გაუკეთებია სრული ვაქცინაცია.

- აცრილებს მაინც შეიძლება გადა­ედოთ?­

- ვისაც წითელა გადატანილი აქვს და 2 ვაქცინაცია ჩატარებული, არ გადაედება.

- ლეტალობა რა შემთხვევაშია?

- ცენტრალურ ნერვულ და სასუნთქ სისტემებზე ზემოქმედება ორი ყველაზე ხშირი გართულებაა, რაც შეიძლება ჰქონდეს წითელას. ლეტალობა გართულებას მოჰ­ყვება ხოლმე. გართულება შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, ენცეფალიტი და კიდევ ერთი ძალიან საშიში გართულება - წითელას გადატანიდან 5 ან 10 წლის შემდეგ ვითარდება თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, რომელსაც პანენცეფალიტი ჰქვია და ნებისმიერი ჩარევის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენას ვერ ვახერხებთ. ასე რომ, წითელას შემდგომი ქვემწვავე პანენცეფალიტი ცოფივით იმ დაავადებათა კატეგორიაში გადის, რომელთა მართვა და მორჩენა შეუძლებელია. წითელას დროს ფილტვების ანთებაც მძიმედ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არ არსებობს წითელას საწინააღმდეგო სპეციფიკური წამალი. ამიტომ სიმპტომურად ვმკურნალობთ, აუწევს ტემპერატურა, მივცემთ დამწევს და ა.შ.

ძალიან სარისკოა წითელა ორსულებში. წითელას წითურად და ნებისმიერი ბავშვთა ინფექციის განვითარების შემთხვევაში, ორსულები რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან.

- რა შეიძლება მოხდეს, თუ დაემართათ?

- შეიძლება ნაყოფი დაიბადოს ანომალიებით, მაგალითად, სიბრმავით, სმენის დაზიანებით და სხვა.

- მოსახლეობის­ ზოგიერთ ფენაში გავრცელებულია აზრი, რადგან ბავშვს გეგმური აცრები გაკეთებული არა აქვს, ცოფზეც არ აცრიანო.

- ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არც ერთ გეგმურ­ აცრასთან კავშირში არ არის. კორონავირუსის დროსაც ვამბობდით, რომ ერთადერთი დაავადება, რომლის დროსაც­ შეგიძლიათ მაშინვე გაუკეთოთ ვაქცინა, არის ცოფი.

- ადრე, როდესაც ბავშვს გეგმური აცრა უწევდა, უბნის ექიმი ან მისი თანაშემწე აუცილებლად შეახსენებდა მშობელს.

- ახლაც ასეა, მიუხედავად ამისა, წინსვლა არა გვაქვს. იმედია, მშობლები გაიაზ­რებენ, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ და დროულად მიაკითხავენ ვაქცინაციის კაბინეტებს.