„მე ასეთი ვარ, შეტევა მიყვარს!“ - კვირის პალიტრა

„მე ასეთი ვარ, შეტევა მიყვარს!“

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე: ოთხი მედლით (2 ოქრო, თითო –- ვერცხლი და ბრინჯაო) ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დავიკავეთ, მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველად ვნახეთ ქართული ფინალი (90 კგ წონით კატეგორიაში, ბექაური-მაისურაძის შეხვედრა ლუკას გამარჯვებით დასრულდა), ისტორიული მედალი მოვიპოვეთ გუნდური შეჯიბრების შერეულ ასპარეზობაში, სადაც გოგონებმაც გვასახელეს, ტატო გრიგალაშვილი კი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის წოდება! შარშანდელის მსგავსად, ფინალურ ორთაბრძოლაში გრიგალაშვილმა ამჯერადაც დამაჯერებლად აჯობა ბელგიელ მატიას კასეს, ფოტოზე კი ნათლად ჩანს, რატომ უწოდებენ "მფრინავ" ტატო გრიგალაშვილს "Tato Airways"-ს!

- ტატო, შარშან ტაშკენტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თქვით, ტაკანორი ნაგასეს ზურგზე ოლიმპიური ჩემპიონობის აღმნიშვნელ ოქროს არშიას ვხედავდი და მის წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით ვიჭიდავეო. დოჰაში ნაგასე თქვენამდე არ მოუშვეს, თუმცა დანარჩენებს აჯობეთ თვალსაჩინო უპირატესობით!

- ძალიან მინდა მეც მქონდეს ზურგზე ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს არშია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! ტაშკენტის შემდეგ შემცირებულ ვადაში - შვიდ თვეში გაიმართა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი, ამის გამო ტიტულით დიდხანს ვერ "დავტკბი" და... დოჰაში ბოლომდე დავიხარჯე - წოდება უნდა შემენარჩუნებინა, სიხარული გამეხანგრძლივებინა.

- პანდემიამ სპორტშიც ბევრი რამ შეცვალა... ტურნირების თარიღებისა თუ ვადების ცვლილება სპორტსმენზეც ხომ უარყოფითად მოქმედებს?

- ცხადია. სპორტსმენმა თუ ტურნირზე არ იჭიდავა, რისთვის ან როგორი მოტივაციით უნდა მოემზადოს?! ვარჯიშის შედეგი შეჯიბრებაში უნდა გადაიტანო, ტიტულები მოიგო, გულშემატკივარი გაახარო... ჩემს მაგალითზე ვიტყვი - რვა თვის განმავლობაში ტურნირზე არ გვიჭიდავია, ყოველდღე ყოველი ვარჯიშის დროს იმაზე ვფიქრობდით, როდის მოგვეცემოდა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება. როგორც კი ტურნირები განახლდა, 10-დღიან ინტერვალში ჯერ ახალგაზრდული, მერე კი უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და მონატრებულ ტატამზე დაბრუნებასთან ერთად, ესეც უდიდესი სიხარული გახლდათ. ისე კი, რთულია, როცა დიდი ტურნირების გამართვის თარიღები, ჭიდაობის წესები იცვლება. ახალ წესებთან შეგუებას დრო სჭირდება.

- ბოლო წლების განმავლობაში ძიუდოს წესები არაერთხელ შეიცვალა. ჩვენი გულშემატკივრისგან ისიც კი მომისმენია, გვებრძვიან, რაშიც ქართველები ვართ ძლიერები, იმ მოძრაობებს კრძალავენო... თქვენ თუ ხართ კმაყოფილი იმ წესებით, რაც დღეს არის ძიუდოს ტურნირებზე?

- ძიუდო განვითარებისკენ მიდის. უმჯობესდება, უფრო სანახაობრივი ხდება. ეს წესები იმაზე უკეთესია, წინა ოლიმპიადაზე რომ იყო. ქართველი მოჭიდავეებისთვისაც კომფორტულია - გვაქვს უფლება გადავლება, ჩავლება გავაკეთოთ, უფრო კონტაქტურად ვიჭიდაოთ... რაც შეეხება ტატამზე თავით შეხების წესის გამკაცრებას, მოქმედი წესებით, მსაჯებს მარტივად შეუძლიათ სპორტსმენი "გააფუჭონ", თუნდაც განსაკუთრებულად სახიფათო არაფერი ხდებოდეს, თავით ოდნავ შეხებაზეც კი ხსნიან ორთაბრძოლიდან. გასაგებია, რომ ეს უსაფრთხოებისთვის კეთდება, თუმცა მეტისმეტი არაფერი ვარგა და ამ წესს შევასწორებდი... ჩემი სტილიდან გამომდინარე, ხელს არ მიშლის, მაგრამ სპორტისთვის, სანახაობისთვის მაინც ზედმეტი მგონია.

- დოჰაში ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგეთ. დამატებითი დრო მხოლოდ მესამე წრეში დაგჭირდათ ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვაჰიდ ბორჩაშვილთან: ეს მეტოქის წარმომავლობის (ძმები - ვაჰიდ და შამილ ბორჩაშვილები პანკისელები არიან) ბრალია?

- ვაჰიდი ბორჩაშვილი 90 კილოგრამში ჭიდაობდა, ახლა ჩემს წონაშია, თბილისის გრანდ-სლემიც აქვს მოგებული. დოჰაში "ჩაკეტილი" ჭიდაობით ცდილობდა ჩემს დამარცხებას. რადგან გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი, აღარ გავრისკე, არ ავჩქარდი და მშვიდად, პრაგმატულად დაველოდე მოწინააღმდეგის შეცდომას - მომგებიანი გდება მერე შევასრულე.

- თვითონ მიადექით ჩემს მომდევნო კითხვას: ტექნიკურ არსენალსა და სანახაობრივ სტილზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, პრაგმატული ჭიდაობაც კარგად გამოგდით. 23 წლის ასაკში ამით ბევრი ვერ დაიკვეხნის...

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ რა სფეროშიც ხარ, ის საქმე უნდა გიყვარდეს! ძიუდო ძალიან მიყვარს, არც შრომა მეზარება, ძალიან დაგვეხმარა პროექტი "2020"... დღეში 6-7 საათს ისედაც ვვარჯიშობდით, მერე დამატებითაც ვრჩებოდი ხოლმე და ვარჯიშს ვაგრძელებდი, კიდევ უფრო მეტი რომ მესწავლა. გარკვეულწილად, ალბათ, გამომივიდა კიდეც და მიხარია, თუ ამას გულშემატკივარიც ამჩნევს, ოღონდ სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს და იმედია, უფრო მაღალ საფეხურზე ავალ.

- გამორჩეულად საყვარელი ილეთი თუ გაქვთ?

- ოლიმპიადაზე დამარცხების შემდეგ ბევრს ურჩევია, არ გინდა ბევრი ცდა, ჯობს, ერთი, მაგრამ მომგებიანი ილეთი გააკეთოო... რაც უფრო კონტაქტურად ჭიდაობ, მეტ ილეთს აკეთებ, კონტრშეტევაზე გამოჭერის შანსიც იზრდება, მაგრამ მე ასეთი ვარ, ასეთი სტილი მაქვს, შეტევა მიყვარს... ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი ჩავლებიდან შემიძლია ილეთის გაკეთება. ამიტომაც ყველა ილეთი მიყვარს, რომელსაც კონკრეტულ მომენტში ვასრულებ, ის მომწონს.

- მატიას კასეზე კითხვის დასმას აღარც აქვს აზრი: ბოლო შეხვედრებია, ისე დამაჯერებლად ამარცხებთ, მგონი, უკვე წაგებული გამოდის ხოლმე ტატამზე.

- პირველ რიგში, დიდ პატივისცემას ვადასტურებ კასეს მიმართ - ძალიან კარგი ძიუდოისტი და ადამიანია. თუმცა, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად მართლაც გატყდა... ექვსჯერ ვიჭიდავეთ და ანგარიშია 4:2 ჩემს სასარგებლოდ: პირველი და ზედიზედ ბოლო სამი გამარჯვება ჩემია, თანაც სულ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებში. მზად ვარ, ასეც გაგრძელდეს! ზოგადად, განწყობა ძიუდოშიც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ კონდიციაშიც უნდა იყო ფიზიკურად, მოსაგებად თუ მენტალურად არა ხარ მზად, ვერ გაიმარჯვებ!

- საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები თითქმის ყველა ტურნირზე აუმჯობესებს შედეგებს. ლაშა გუჯეჯიანმა ასეთი რა საიდუმლო იცის?

- ამ შედეგების მთავარი "საიდუმლო" თავდაუზოგავი შრომა და დისციპლინაა. ჩვენი დევიზია: უკეთ, ვიდრე წინა ტურნირზე! ამისთვის ცდას არც სამწვრთნელო შტაბი აკლებს და არც ნაკრების წევრები.

- ქვეყანაში, რომელსაც ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, ძიუდოში კი უამრავი უძლიერესი ფალავანი ჰყოლია, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო პირველი ქართველი, რომელიც ორჯერ (თანაც, ზედიზედ!) გახდა მსოფლიო ჩემპიონი!

- ჯერ კიდევ მიჭირს იმის გაანალიზება, რომ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ბედნიერებაა, როცა გახსენებენ ლეგენდარულ სპორტსმენებთან ერთად, რომლებმაც ოქროს ასოებით ჩაწერეს თავიანთი სახელები ქართული სპორტის დიდ წიგნში. ორმაგად მახარებს ისიც, რომ ტიტულის დაცვა მოვახერხე. თუმცა ეს არ მყოფნის, რამდენჯერაც შევძლებ, იმდენჯერ გავხდები ჩემპიონი! მინდა ბოლომდე ამოვწურო შესაძლებლობები და კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწიო, მოტივაციის მიმცემი ვიყო დამწყები სპორტსმენებისთვის. გავახარო ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტად მქომაგობს: ჩემი მეუღლე თაკო, ჩემი პატარა შვილი, მშობლები, დედმამიშვილები, მეგობრები, მთელი საქართველო...

- კასეს ხშირად კი ხვდებით, მაგრამ თქვენს კონკურენტად ვეღარ აღიქვამთ. დანარჩენი მეტოქეებიდან ვის გამოარჩევთ?

- ძიუდო ძალიან განვითარდა, დიდ მასშტაბებს მიაღწია. ყველამ ისწავლა საფუძვლიანად მომზადება და დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს, შენთან საჭიდაოდ იაპონელი გამოვა, უკრაინელი თუ პაკისტანელი - ყველა ანგარიშგასაწევია. ჩემს წონაში განსაკუთრებით ბევრი ძლიერი ძიუდოისტია: იაპონელი, ბელგიელი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოლაი და სხვ. კონკურენცია დიდია, მაგრამ ეს უფრო მეტად გვაძლიერებს და მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.

- შერეულ ტურნირში ქართველმა გოგონებმაც გვასახელეს. არც ისე დიდი ხნის წინ ერთი ძიუდოისტი გოგონაც სანატრელი გვყავდა, ახლა რამდენიმეა და თანაც, ისეთები, რომ შერეულ ტურნირში მონაწილეობასაც წარმატებით ვახერხებთ.

- დოჰაშიც კარგად გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი გოგონები გვყავს და წარმატებაში დიდი წვლილიც შეიტანეს. მაგალითად, მონღოლეთთან შეხვედრისას გადამწყვეტი ორთაბრძოლა ასკილაშვილმა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანა. ეთერს რომ წაეგო, კომპიუტერულ წილისყრას უნდა გაერკვია, რომელ წონაში გაიმართებოდა დამატებითი შეხვედრა და იქ რა მოხდებოდა, არავინ იცის. გოგონების დიდი მონაწილეობით შევძელით გუნდურ ასპარეზობაში მედლის აღება, რაც ასევე ისტორიული შედეგია, თანაც, ამ წარმატებით ოლიმპიურ ლიცენზიასაც ძალიან მივუახლოვდით და დიდია ალბათობა, ოლიმპიურ თამაშებზეც ვიბრძოლოთ მედლისთვის.

- როცა პირველად გახდით მსოფლიო ჩემპიონი, როცა დამარცხებული ნაგასე და მისი ოლიმპიური არშია ვახსენე, ასე დავწერე: სამშობლოსთვის მოტანილი სიხარული არც არშიებით იზომება და არც არშინებით-მეთქი! თქვენ რას იტყვით?

- ქართველი სპორტსმენებისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია! ეს არის სიამაყე ჩვენი მოჭიდავეებით, საქართველოს ჰიმნით, რომელიც თითქმის ყველა დიდ ტურნირზე ისმის, მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი ქართველებით, რომლებიც გაცილებით დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს უსწრებენ და სხვ. ეს ყველაფერი უზომოდ საამაყოა როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, რა რანგის ტურნირია, რა სინჯის მედალი მოვიგეთ, ყველაზე დიდი მოუთმენლობით საქართველოს ჰიმნის აჟღერებას ველით ხოლმე. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ჯილდო!

- რეიტინგი ახსენეთ, რომელიც თქვენი შედეგებივით სარეკორდო და მიუწვდომელი ჩანს. რა შეგრძნებაა იმის გაცნობიერება, რომ საუკეთესო ხარ შენს წონაში, შენს სახეობაში...

- დიდი სიამაყეა და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერს შენარჩუნება, დაცვა, განვითარება სჭირდება. დღეს თუ 10 000 ქულაა რეიტინგი, 15 000 არ სჯობს?! მინდა უფრო ძლიერი ვიყო, უფრო მეტს მივაღწიო და მეტად გავახარო ჩემი სამშობლო და ოჯახი. შარშანდელი წარმატების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამაც გამომარჩია და მსურს ეს მიღწევა წელსაც გავიმეორო.

- წარმატებაც კარგია, სარეკორდო მიღწევები და რეიტინგიც, მაგრამ... ახალგაზრდა სპორტსმენი მეტოქეებს გაუმკლავდეს თუ პოპულარობას? კვარაცხელიაზე დავწერე და, თქვენც იმავეს გეტყვით, ესეც დიდი ნიჭია, წარმატება და პოპულარობა თავში არ აგივარდეს!

- მე და ხვიჩა ვმეგობრობთ, ერთმანეთს ვულოცავთ ხოლმე წარმატებულ ასპარეზობას და ძალიან მიხარია, რომ ქართველებს ასეთი დონის სპორტსმენი გვყავს! სხვათა შორის, აქამდე ფეხბურთი არ მაინტერესებდა და სწორედ ხვიჩამ შემაყვარა სპორტის ეს სახეობა. ახლა მეც მოუთმენლად ველი ხოლმე მის თამაშებს. რაც შეეხება კითხვას, ცხადია, იოლი არ არის, მაგრამ "პროექტი 2020" ტყუილად არ მიხსენებია: იქ კონტრაქტით იყო გაწერილი ჩვენი უფლება-მოვალეობები და ასეა 2024-ის პროექტშიც. ამჯერად ავტომანქანით გადაადგილება აღარ გვეკრძალება, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდის დროს არა გვაქვს ავტომობილის გამოყენების უფლება. როცა ახალგაზრდა სპორტსმენს მოულოდნელად დაატყდება თავს წარმატება, პოპულარობა, ფინანსური ჯილდო, დიდია ალბათობა, სხვა რაღაცებზე გადაერთოს, პერსპექტიული სპორტსმენი დაიკარგოს. პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები სწორედ ამის პრევენციას ისახავს მიზნად. "პროექტმა 2020" ძალიან ბევრ ძიუდოისტს შეუწყო ხელი, რის დასტურადაც მე, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და სხვა ძიუდოისტები გამოვდგებით. სწორად დაწესებულმა შეზღუდვებმა, დისციპლინამ არაერთი ახალგაზრდა სპორტსმენი მიიყვანა დიდ შედეგებამდე.

- შარშან თქვით: ჩემპიონობის მიზეზი ქართული სული, ხასიათი, გამარჯვების წყურვილია, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მეომრები ვართო! დღეს რას ეტყვის თავის სამშობლოს, გულშემატკივარს ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი?

- პირველ რიგში დიდ მადლობას ვეუბნები სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის, თბილი დახვედრისა და სიტყვებისთვის... უფლის დიდი წყალობაა, როცა შეგიძლია შენს ქვეყანას, ხალხს სიხარული, სიამაყის გრძნობა მოუტანო, თანაც, ეს მაქსიმუმი არ არის არც ჩემთვის, არც ძიუდოს ნაკრებისა თუ ფედერაციისთვის - ქართველ გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გავახარებთ!