ყარაბაღი აზერბაიჯანს უბრუნდება, როდის დაუბრუნდება საქართველოს მიტაცებული რეგიონები?
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, უფრო სწორად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორი-სამი წლით ადრე, შეიარაღებული დაპირისპირების პირველი ნიშნები ორ "მოძმე" საბჭოთა ხალხს - სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სწორედ "მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში" გამოჩნდა, რასაც შემდეგ მოჰყვა ცხინვალში, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და ბოლოს ყირიმსა და დონბასში კრემლის დაგეგმილი და ადგილობრივი სეპარატისტების ხელით შესრულებული სამათეულწლიანი სისხლის ღვრა, რაც რუსეთის ღია სამხედრო აგრესიით გაგრძელდა უკრაინაში და იმედია, ამითაც დაესმება წერტილი კრემლის ბინადართა მრავალწლიან დანაშაულს მთელი კაცობრიობის წინაშე.
მანამდე კი თითქმის სენსაცია ხდება და საიდანაც დაიწყო მთელი ეს საშინელება, სწორედ იქიდანვე იწყება სამართლიანობის აღდგენა - აზერბაიჯანს მთლიანად ყარაბაღზე დე ფაქტო ხელისუფლების აღდგენამდე სულ ცოტაღა აკლია...
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მართლაც ისტორიული განაცხადი გააკეთა არა მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის - სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვკმ-ის ფართობზე, რომელშიც ასევე შედის მთიანი ყარაბაღიც. სამაგიეროდ, აზერბაიჯანმა უნდა ცნოს სომხეთის ტერიტორიული სუვერენიტეტი 29 800 კვკმ-ის ფართობზე.
ფაქტობრივად, ერევანი ბაქოს მოუწოდებს შეთანხმდნენ 1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში არსებულ საზღვრებზე, რაზეც აზერბაიჯანი სამი ათეული წელია ოცნებობდა, მას შემდეგ, რაც 1992-94 წლებში სომხებმა შეძლეს კონტროლის დამყარება არა მარტო ყოფილ "მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქზე", არამედ ხელს აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი "გააყოლეს" ბუფერულ ზონებად.
2020 წლის 44-დღიან ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანმა დაიბრუნა შვიდივე რაიონი და კონტროლი დაამყარა ყარაბაღის დიდ ნაწილზეც, მაგრამ დანარჩენ ყარაბაღში დარჩენილ სომხებს იარაღი არ დაუყრიათ და არც ტანკები ჩაუბარებიათ ჯართში, პირიქით, კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების ჩაყენების შემდეგ (რაზეც იმ მომენტში ალიევი პუტინს ვერ შეეწინააღმდეგებოდა), ყარაბაღის კონფლიქტი, ფაქტობრივად, "გაიყინა". ასე წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა, რომ არა პრეზიდენტ ალიევის ძალზე გააქტიურება თურქი კოლეგის, ერდოღანის მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გამო.
გამომდინარე იქიდან, რომ ყარაბაღში ჩამდგარი რუსი ე.წ. სამშვიდობოების თვალწინ აზერბაიჯანის არმია ღია შეტევას ვერ დაიწყებდა სტეფანაკერტელ სომხებზე, ბაქომ უფრო ეშმაკურ ხერხს მიმართა - ჯერ ეკოაქტივისტებს ნახევარი წლით ჩააკეტვინა შუშასთან ლაჩინი-სტეფანაკერტის საავტომობილო გზა აზერბაიჯანის ბუნების ეკოლოგიის დაცვის საბაბით, შემდეგ კი სომხეთიდან აზერბაიჯანის საზღვარზე გადასასვლელ ხიდზე, ლაჩინის დერეფნის დასაწყისში, მოულოდნელად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გახსნა, რითაც სრულ კონტროლზე აიყვანა სომხეთიდან სტეფანაკერტისკენ მიმავალი მგზავრებისა და ტვირთების ნაკადი. ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა სომხეთიდან ყარაბაღელი სომხებისთვის საბრძოლო მასალისა და მით უმეტეს, სამხედრო ტექნიკის მიწოდება, რამაც სრულიად უპერსპექტივო გახადა ყარაბაღელი სომხებისთვის თავდაცვითი ბრძოლა აზერბაიჯანის სტეფანაკერტზე შეტევის დაწყების შემთხვევაში.
უფრო მეტიც, ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებულ აზერბაიჯანს სომხეთთან იქით გაუჩნდა ტერიტორიული პრეტენზიები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის უქონლობის გამო და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო ბოძები ასეულობით მეტრით დასავლეთისკენ, სომხეთის ტერიტორიაზე გადააჩოჩეს.
სომხეთის ახლანდელმა ხელისუფლებამ გაანალიზა ეს ვითარება, უპირველესად კი ის, რომ პუტინის რუსეთმა სომხეთის სტრატეგიული ინტერესები "გაყიდა" 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომის დროს - როგორც რუსეთის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არ გაუწია სათანადო სამხედრო-პოლიტიკური დახმარება. ამიტომაც პრემიერმა ფაშინიანმა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძებნა დასავლეთში, კერძოდ კი აშშ-სა და საფრანგეთში დაიწყო, სადაც ისტორიულად ძლიერია სომხური ლობი.
შეიძლება ითქვას, სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამას წინათ გამართულ რამდენიმედღიან მოლაპარაკებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიღწეულ იქნა ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფაშინიანმა ოფიციალურად გამოაცხადა - სომხეთი ცნობს აზერბაიჯანს ყარაბაღიანად და აღარ გვაქვს პრეტენზია ყარაბაღში მეორე, "პატარა სომხეთის" შექმნისო.
თუმცა ფაშინიანი დასძენს, რომ აუცილებლად გარანტირებული უნდა იყოს ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოება და დაცული მათი უფლებები, რისთვისაც ბაქო პირდაპირ უნდა მოელაპარაკოს სტეფანაკერტს... მაგრამ პრეზიდენტი ალიევი არ წავა ბაქო-სტეფანაკერტის პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რადგან არ ცნობს სტეფანაკერტელი სომხების ხელისუფლებას. "ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა ან იღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და აგრძელებს იქ ცხოვრებას როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ან ტოვებს ყარაბაღს და სხვაგან ეძებს საცხოვრებელს", - არაორაზროვნად, ყველასთვის გასაგებად განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამ საკითხში ოფიციალური ბაქო დათმობაზე არ წავა და ამას კარგად ხვდებიან ერევანში, მაგრამ სტეფანაკერტელი სომხები, რა თქმა უნდა, დიდ პროტესტს გამოთქვამენ, ოფიციალურ ერევანს "დიდი სომხეთის" შექმნის ისტორიული იდეის მარცხში ადანაშაულებენ და ბრძოლის გაგრძელებით ემუქრებიან ბაქოს, მაგრამ დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ ყარაბაღელი სომხები შეიარაღებული წინააღმდეგობის განახლების შემთხვევაში უბრალოდ განწირული იქნებიან, მათ ვერც იქ მყოფი რუსი ე.წ. სამშვიდობოები დაიცავენ - ჯერ ერთი, აზერბაიჯანელებმა იგრძნეს ქვეყნის სრული ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივის სიახლოვე და ამ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებენ და მეორე - უკრაინასთან ომის ჭაობში ღრმად ჩაფლულ პუტინის რუსეთს მალე შეიძლება "ყარაბაღული სამხედრო-პოლიტიკური თამაშებისთვის" აღარ ეცალოს, თავად ისეთ დღეში აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, თუკი უკრაინა რუსეთთან ომში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწევს დაანონსებული ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების შედეგად და რუსი ოკუპანტებისგან რაც შეიძლება მეტ თავის მიწას გაათავისუფლებს, მეზობელ მოლდოვასაც გაუჩნდება კარგი შანსი დნესტრისპირელი სეპარატისტების მოსარჯულებლად იმავე უკრაინის არმიის დახმარებითაც, რასაც დიდად ხელს ვერც დნესტრისპირეთში მდგარი რუსი სამხედროების მცირერიცხოვანი კონტინგენტი შეუშლის და ვერც "დედარუსეთი" დაეხმარება მნიშვნელოვნად, რადგან დნესტრისპირეთამდე მისაღწევად ისევ... უკრაინა ექნება გადასალახავი, რაზეც კრემლმა უკვე წაიტეხა ცხვირი.
ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის მოლოდინში, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი დიდი სატკივარი - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი გვახსენდება, რომელთა დაბრუნება ბევრად რთული იქნება და დამოკიდებულია რუსეთში პუტინის რეჟიმის მდგომარეობაზე და იმაზეც, ქართველი ერი მზადაა თუ არა გაიღოს სისხლი (როგორც ყარაბაღის ბოლო ომში გასამარჯვებლად აზერბაიჯანის ერმა) ომებით დაკარგულის ომებით დასაბრუნებლად.P.შ. რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადება, რომელშიც ძალზე უარყოფითად აფასებს დასავლეთის დადებით როლს ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებაში, შეიძლება იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის დიპლომატები, მზვერავები და სამხედროები ყველა ღონეს იხმარენ, რათა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიმშვიდემ არ დაისადგუროს, რისთვისაც კრემლი შეიძლება არც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელისუფლების "ჩამოშლას" მოერიდოს ადგილობრივი პრორუსი სომხური ძალების ხელით, სადაც წამყვან როლს ყარაბაღელი სომხების კლანიც ითამაშებს.