იწყება? დღეს, ხვალ, ამ კვირას... - კვირის პალიტრა

იწყება? დღეს, ხვალ, ამ კვირას...

27 მაისს, შაბათს, როდესაც ეს სტატია იწერებოდა, მოვისმინეთ უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალური პირების ორი მრავლისმეტყველი მინიშნება, რომლებიც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ უკრაინა დღე-დღეზე ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადასვლას აპირებს, რასაც ლამის მთელი მსოფლიო ელოდება - ოკუპანტი რუსეთი ერთგვარი შიშით, უკრაინის მხარდამჭერები კი გამარჯვების იმედით.

ჯერ იყო და, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, "დროა, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია", ხოლო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაამატა, "ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში".

მრავალჯერ დაანონსებული მოსალოდნელი "დიდი უკრაინული კონტრშეტევა" ერთგვარად "გადამწიფდა" - ჯერ წვიმის სეზონის დამთავრებას ელოდნენ, რაც ლოგიკური იყო - გრუნტი უნდა გამომშრალიყო მძიმე ჯავშანტექნიკის მინდვრებით გასავლელად გაშლილად კონტრშეტევების დასაწყებად.

მეორე პრობლემა დასავლური ბიუროკრატიაა, რომელიც აჭიანურებდა გამოყოფილი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების სრულად და დროულად მიწოდებას უკრაინის არმიისთვის.

მესამე ნაწილობრივ პრობლემად იქცა ცხვირმოუხოცავი ამერიკელი რიგითის (რომელსაც პენტაგონის საიდუმლო შიდაკომპიუტერულ ქსელზე მიუწვდებოდა ხელი) მიერ ინტერნეტში საიდუმლო დოკუმენტების გავრცელება, რომლებშიც უკრაინის არმიის მზადყოფნაზეც იყო მონაცემები, რის გამოც, სავარაუდოდ, გადაიდო უკრაინელთა კონტრშეტევა საბრძოლო ოპერაციების ახალი გეგმის მომზადებამდე.

აბსოლუტურად მზად არც ერთი ქვეყნის არმია არ და ვერ იქნება, რადგან ერთია შტაბში დაგეგმილი ოპერაციის წარმატებით "გათამაშება" ოპერატიულ რუკაზე და მეორე მისი შესრულება რეალურ საბრძოლო სიტუაციაში, როდესაც ათასი გაუთვალისწინებელი დეტალი "ამოხტება" და საბრძოლო ოპერაციის მსვლელობა შეიძლება ჩაშლის პირასაც მივიდეს (ისე, შორს რომ არ წავიდეთ, ახლაც ჩამესმის ყურში განწირული ხმით რაციასა და მობილურში ყვირილი და გინება, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს გამთენიისას, დილის 3-4 საათზე, გორის პოლიციის შენობის მეორე სართულის ღია ფანჯრებიდან "იფრქვეოდა" იმდროინდელი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან იმის გამო, რომ ქართული დანაყოფების ნაწილი ვერ ასრულებდა დასახულ საბრძოლო ამოცანებს და ამის მსმენელი გორის იმ ქუჩაზე ყველა გამვლელი ხდებოდა).

თვით რუსეთიც კი, რომელიც არაერთი წელი ემზადებოდა უკრაინაზე თავდასხმისთვის და ფსონი ბლიცკრიგზე - კიევის დესანტით დაპყრობასა და პრორუსი მარიონეტული ხელისუფლების დასმაზე დადო, მწარედ შეცდა.

ამიტომაც გასაგებია უკრაინელების უდიდესი სიფრთხილე, რადგან ხვდებიან, მეორე ასეთი შანსი, როდესაც მეტ-ნაკლებად მომზადებული და არცთუ ცუდად შეიარაღებული ბრიგადების რეზერვი დაუგროვდათ კონტრშეტევაზე გადასასვლელად, შეიძლება აღარც მიეცეთ. უკრაინა თითქოს ფეხს ითრევს და უფრო მეტ შეიარაღებას მოითხოვს დასავლეთისგან, რადგან ნებისმიერი მეომარი ქვეყნის გენშტაბს ჭურვებისა თუ ვაზნების უფრო დიდი მარაგი სურს თავის საწყობებში.

მეორე მხრივ, ჩანს, დასავლეთსაც ევსება მოთმინების ფიალა და ერთგვარად მიანიშნებენ ოფიციალურ კიევს, შეპირებული შეიარაღების 98%-ზე მეტი უკვე მოგეცით, ახლა კი კეთილინებეთ და გაამართლეთ ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების იმედი ათეულობით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების მოცემის შემდეგო.