"ეს იქნება ხანგრძლივი ომი" - კვირის პალიტრა

"ეს იქნება ხანგრძლივი ომი"

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის­ უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო. "ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა. გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში", - ამბობს პოდოლიაკი "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინას აქვს შორ მანძილზე მოქმედი შტორმ შჰადოწ-ის­ რაკეტები, "ლეოპარდის" ტანკები, საფრანგეთისა და იტალიის მიწოდებული ანტისარაკეტო სისტემები, F-16 გამანადგურებლები კი უკრაინას საშუალებას მისცემს საჰაერო სივრცე დაკეტოს.პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის მოსაზრებით, ამ ომში ელვისებური კონტრშეტევები­ არ იქნება. უკრაინა შეეცდება თანდათან წაიწიოს წინ, მთავარია, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ შესუსტდეს.

- ლოკალურად ორი ფრონტის ხაზი გვაქვს - აღმოსავლეთის, სადაც ბრძოლის ხაზი ძალიან მჭიდროა, მხოლოდ მანევრირების საშუალებაა, და მეორე, სამხრეთის, სადაც რუსეთი "ყრუ თავდაცვაშია", რაშიც მდინარე დნიპრო უწყობს ხელს. უკრაინული მხრიდან კონტრშეტევა ყველა მიმართულებით ნელი და თანამიმდევრული იქნება, ტემპს მოუმატებს და ისეთ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, როგორიც ბელგოროდია. ასეთი სტრატეგია ეტაპობრივად გამოაჩენს რუსეთის სუსტ მხარეებს, რასაც უკრაინა სათავისოდ გამოიყენებს, რუსეთს კი პრიორიტეტების დათმობა ანუ ძალების გადანაწილება და არჩევანის გაკეთება საჭიროების მიხედვით მოუწევს. უნდა გადაწყვიტონ, ბელგოროდის დაცვა უფრო პრიორიტეტულია თუ რომელიმე ოკუპირებული რაიონის, ქალაქის თუ დასახლების დატოვება. ერთბაშად ყველაფრის შენარჩუნებისა და გაკონტროლებისთვის საჭირო ცოცხალი ძალა აღარ ჰყავთ. ერთია აღება და სხვა - მისი შენარჩუნება და გაკონტროლება. თუმცა ელვისებურ მოქმედებებს არ უნდა ველოდოთ. ბელგოროდზე შეტევები შეიძლება რეპეტიციაც არის, მსგავს შემთხვევაში როგორ იმოქმედებენ თუნდაც ყირიმსა და სხვა ოლქებში. უკრაინა ქმნის მოლოდინს, რომ ყველაფერს სწრაფად დაასრულებს, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა, რომ საოკუპაციო ძალები წნეხში ამყოფოს. თუმცა თავადაც იციან, რომ სწრაფად არ დასრულდება და ამიტომაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის მარაგი დააგროვონ. დასავლური მედია წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის პირველ თვეებთან შედარებით, ბრძოლა ისწავლეს და ეს გასაკვირი არ არის. როდესაც წელიწადზე მეტია მუდმივად ბრძოლაში ხარ, რაღაცას სწავლობ, ყოველი მომდევნო ამოცანისთვის უკეთესად ემზადები. უკრაინელებმაც ისწავლეს ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მომზადება ბევრად აღემატებოდა რუსებისას, მაგრამ ერთი კვირა ომში ყოფნა ერთ წელიწადს სამხედრო პოლიგონზე ყოფნას უდრის. ბევრად სწრაფად სწავლობ და მეომრადაც ბევრად სწრაფად ყალიბდები. დღეს რუსები ვითომ პოზიციური ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ, სინამდვილეში კი დიდი ხანია სამხრეთში თავდაცვაზეა გადასული და როგორც ჩანს, აღმოსავლეთშიც ასე მოუწევს. ერთადერთი ქვედანაყოფი, რომელიც შეტევით ოპერაცი­ებს ატარებდა, "ვაგნერი" იყო, ნახევარ წელზე მეტია ბახმუტის მიმართულებით არც ადამიანურ რესურსს ზოგავდნენ და არც სამხედროს, თუმცა ახლა ისინიც გასვლას აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები მთლიანად თავდაცვით პოზიციებზე გადავლენ. გასულ კვირას ბელგოროდში თავდასხმების გათვალისწინებით, ისეთი სურათი იკვეთება, რომ რუსეთს სხვა მიმართულებებითაც გაუგრძელდება თავდაცვითი რეიდი. რუსეთის საოკუპაციო ძალებს აღარ ჰყავთ საკმარისად მომზადებული შემადგენლობა,­ რომელიც ბოლო ხანებში თავდაცვითი პოზიციებისთვის სჭირდებათ, და უკვე ვეღარც მოამზადებენ. თორემ ის ჯარისკაცები, რომლებიც პირველივე დღიდან იბრძვიან, რასაკვირველია, უკვე უკეთ მომზადებული არიან, მაგრამ ეს დღევანდელი რუსეთის პრობლემას ვერ აგვარებს. ომის მოგებას ახალი ქვედანაყოფები სჭირდება, მათ კი ახალი ძალები არა ჰყავთ.

- პერიოდულად როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ რაიონებში აფეთქებებია. როგორ აისახება ეს რუსეთის მოსახლეობაზე?

- ბელგოროდის რეიდს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ასპექტები. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ასეთი თავდასხმები ძალიან მომგებიანია, რადგან იმ ლოკალურმა ინციდენტებმა რუსეთს უკვე აგრძნობინა, რომ უსაფრთხოდ ვერსად იქნება და რაც დრო გავა, თავდასხმები გახშირდება. რუსეთის მოქალაქეები უკვე ხვდებიან, რამდენად უსუსურები არიან ომის წინაშე, რომელიც, თუნდაც შარშან ეგონათ, რომ მათ არასდროს შეაწუხებდა. მით უფრო, როგორც აღმოჩნდა, რუსეთის Yთავდაცვას არა ჰყავს საკმარისი ძალა, რათა მდინარე დნიპროდან კუპიანსკამდე თავდაცვის ხაზი გაავლოს. ბელგოროდს კურსკის ოლქიც დაემატება და ასე გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, რაც რუსეთს იძულებულს გახდის თავისი ისედაც გაძლებაზე მყოფი სამხედრო რესურსები გადაანაწილოს.

კიდევ ერთი - ასეთი ღრმა რეიდები­ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ლოჯისტიკურ კოლონებს. ამასთან, უკრაინელი სამხედროები რაც უფრო წაიწევენ წინ, შეეცდებიან ადგილობრივი მოსახლეობა გადაიბირონ, დაარწმუნონ, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ იცავს მათ და ასეც არის. შესაძლოა ეს ახლა ვინმეს გადაჭარბებულ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ იქ ჯერჯერობით არც ისე ბევრი სამხედრო დანაყოფი მოქმედებს, მაგრამ მათი გაზრდის ალბათობა დიდია. მოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტი უკვე ძლიერია, რადგან არაერთხელ მოუწიათ ევაკუაციამ, ნაწილი ახლაც ვერ ბრუნდება სახლში. ეს არის პუტინის რეჟიმის სუსტი წერტილი, არ ჰყოფნის ხალხი საზღვარზე განსათავსებლად. ამიტომ რუსეთის თავდაცვის ნაწილები იძულებული გახდებიან ძალები ბელგოროდსა და შემდეგ სხვა მიმართულებებზეც გადაანაწილონ, ამისთვის კი, რომელიღაც Aტერიტორიებზე სამხედრო ნაწილები უნდა მოხსნან.

ომი პოლიტიკურ ასპექტსაც მოიცავს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთის ლეგიტიმურ ტერიტორიაზე თავდასხმაზე "ცოტა მტკივნეულად" რეაგირებენ, რადგან ომის ესკალაციას ერიდებიან. თუ რუსეთის ტერიტორიაზე ცოცხალი ძალა შევიდა, შეიძლება დასავლელმა პარტნიორებმა იარაღის მიწოდებაში სიფრთხილე გამოიჩინონ. ომში სამხედრო კომპონენტი მხოლოდ იარა­ღის მიწოდება არ არის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური, დიპლომატიური და საინფორმაციო მხარდაჭერაც, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური თანადგომა­, ლოჯისტიკა. შესაძლოა არაფერი მოჰყვეს და დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა.

- რუსეთში გააქტიურებული ორი ქვედანაყოფის "ლეგიონი - თავისუფლება რუსეთს" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" ასეთი საქმეებისთვის, ალბათ, იდეალური ვარიანტია?

- ანტიპუტინისტური მუხტი მოსახლე­ობაში არის, მაგრამ ეს სამხედრო ქმედებებში ჯერჯერობით ვერ გამოიხატება. მათი ამ ქვედანაყოფებში გაწევრება პუტინის რეჟიმისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ბევრი რამ უკვე არსებული ქვედანაყოფების მოქმედებებზეც არის დამოკიდებული. ომი უკვე ისეთ ფაზაშია, არც ერთ მხარეს არა აქვს უკან დახევისა და მანევრირების საშუალება. პუტინის რეჟიმმა იცის, უკან რომ დაიხიოს, ეს კატასტროფით დამთავრდება, უკრაინამ კი თავისი დამოუკიდებლობის აღდგენა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაამთავროს. ამიტომ ეს ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

- უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ 2024 წლის ბოლომდე ყველაფერი დასრულდება.

- ბევრი რამ\ დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაუძლებს პუტინის რეჟიმი. დამარცხებულ რუსეთში პუტინი ძალაუფ­ლებას ვერ შეინარჩუნებს. შესაძლოა თავად­ რუსეთში მოხდეს რაღაც. შიდა დაპირისპირება უკვე აშკარაა. პუტინის სისუსტეზე მიანიშნებს ისიც, რომ რუსეთში გავლენა ისეთმა პირებმა ჩაიგდეს ხელში, როგორიც პრიგოჟინია. მას არც განათლება აქვს და არც სამხედრო გამოცდილება, ერთი მედროვე ადამიანია, რომელმაც თავის თავს დიდი რუსეთის აღდგენისა და ძალაუფლების გავლენების გაზრდის მისია დაუწესა. თავის დროზე პუტინის დახმარებით შეიქმნა რეპუტაცია და დაიჯერა, რომ ყველაფერი შეუძლია. ბახმუტის შენარჩუნებაში გადაეშვა, თუმცა შემდეგ სოფლის გიჟივით წივილ-კივილით დარბოდა, იარაღი მომეცით, ბახმუტი უნდა ავიღოო. ეს დასახლება რუსეთისთვის პრიორიტეტული ვერ იქნება მაშინ, როდესაც ნოვოკახოვკა და მელიტოპოლი აქვს დასაცავი, რომელთა გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინელები მთელი სამხრეთის მიმართულებაზე კონტროლს აღადგენენ. ბახმუტის სტრატეგიულ ადგილად გადაქცევა უდიდესი სისულელეა, უბრალოდ, პრიგოჟინის ახირება იყო, რომ არ დათმობდნენ და იქ თავისი მეომრები თუ რუსეთის თავდაცვის ძალები ჩახოცა. ეს არ არის ომი, სადაც რაოდენობრივი უპირატესობა გადამწყვეტია, საბოლოო შედეგს მაინც ხარისხი განსაზღვრავს. ამ ომში კარგად აღჭურვილი და მომზადებული სამხედროები არიან საჭირო. ამის მკაფიო მაგალითია ბახმუტი - ამდენი თვეა 72-ათასიან დასახლებას ეჯაჯგურებიან, არაერთხელ უპატაკეს პუტინს, ავიღეთო, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც უკრაინული მხარის ხელშია. ბახმუტის აღების ფასად ყველგან შეუსუსტდა სამხედრო პოზიციები. ეს პრიგოჟინის ამბიციების შედეგია. დიდი ხანია წაგებული ომის გმირობისთვის ემზადება, მაგრამ რომ მარცხდებიან, უკვე თავადაც აღიარა.

- რუსული მედია წერს, რომ პრიგოჟინის გავლენა პუტინის ახალ თავსატეხად იქცა.

- შესაძლოა ის პუტინისთვის საფრთხე გახდეს ან პირიქით, მისი პოზიციები გაამყაროს, შიდა რეპრესიებში ჩაერთოს. პრიგოჟინი ამ ხნის განმავლობაში უკრაინისთვის სასარგებლო იდიოტი იყო, რუსები ბახმუტს იყვნენ ჩაბღაუჭებული და სხვა მიმართულებებზე პოზიციები დაკარგეს.

სარაკეტო დარტყმებით რუსეთს სურს როგორმე უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები გამოელიოს, ამის შემდეგ ბრძოლაში ავიაციას ჩართავს, რომელსაც წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, ვერ იყენებს, რადგან უკრაინას ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არ შესუსტდეს.

როგორც ვთქვი, რუსი სამხედროები გადაიღალნენ, გამოიფიტნენ, საჭირო რაოდენობით როტაცია ვერ ხერხდება. ამუნიციის, საკვების, იარაღის, მართვის, წესრიგის, ყველაფრის დეფიციტია რუსულ არმიაში, ამიტომ ყველა ცდილობს არმიაში სამსახურს თავი აარიდოს, ქვეყნიდან გაიქცეს, თუნდაც სამუდამოდ. შეიარაღებული ძალებიდან გარბიან კონტრაქტორები, ოფიცრები­ და ევროპის ქვეყნებში თავშესაფრებს ითხოვენ. ადგილობრივ მედიას უყვებიან იმ არაადამიანურ პირობებზე, რაც გამოიარეს. რუსეთის არმიაზე აღმატებული­ შეხედულება მოსახლეობის­ პრივილეგირებულ ნაწილს არასდროს ჰქონია, მაგრამ ახლა იქ მსახურება საშუალო და ღარიბ ფენასაც აღარ უნდა. ომი უკვე შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის სახლებშიც, გახშირდა დაბომბვები, გააქტიურდნენ დრონები, მოტივაცია დაეცა. საპირისპირო მდგომარეობაა უკრაინაში - მშვიდობიანი მოსახლეობა ომში ცხოვრებას შეეჩვია, მუშაობენ, სწავლობენ, ვითარდებიან... რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ისინი თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას იცავენ, ბრძოლასაც სწავლობენ და ომსაც, მოტივაცია კი მაშინაც არ აკლდათ, როდესაც რუსეთის პირისპირ მარტო იყვნენ და არ იცოდნენ, მეორე დღეს რა იქნებოდა, ახლა კი კონტრშეტევაზე გადადიან გამარჯვების მოლოდინში.