"ნახვამდის ქემალ" - საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს - კვირის პალიტრა

"ნახვამდის ქემალ" - საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ხმების 75.42%-ს შედეგად მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

საბჭოს ცნობით, ერდოღანი ხმების 53.41%-ით მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს უსწრებს, რომელსაც ხმების 46.59% აქვს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის", - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი", - აღნიშნა მან მხარდამჭერებთან და მისი კონკურენტის ქემალ ქილიჩდაროღლუს მისამართით დასძინა:

"ნახვამდის, ქემალ".

BBC-ის ცნობით, ერდოღანი ასევე დაუბრუნდა თავისი საარჩევნო კამპანიის თემას და დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიები პროლგბტ პოლიტიკის გატარებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ერდოღანი იმარჯვებს და ამ შედეგების მიხედვით, ის კიდევ ხუთი წლით ხდება ქვეყნის პრეზიდენტი.

"ერდოღანის გამარჯვება "პიროსის გამარჯვება" იქნება", - ამის შესახებ კი ერდოღანის ოპონენტის ქემალ ქილიჯდაროღლუს მრჩეველმა მეჰმეთ ქარლიმ განაცხადა.

"ისე ჩანს, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ეს არჩევნები მოიგო. მაგრამ შეცდომა იქნება ამას გამარჯვება დავარქვათ. ალბათ "პიროსის გამარჯვება" უკეთესი ტერმინია ამ ვითარების აღსაწერად," - განაცხადა ქარლიმ.

ქარლი მოქმედ პრეზიდენტს არჩევნების პერიოდში დაძაბულობის გამძაფრებაშიც ადანაშაულებს.

ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან პარტიის სათაო ოფისში განაცხადა.

"ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,"- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა, მისი თქმით "ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არასამართლიანი არჩევნების პერიოდია... შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით", - განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

IPN