"დასრულდა ერთი ეპოქა, დაიწყო მეორე" - მეოთხედი საუკუნე ქვეყნის საჭესთან" - კვირის პალიტრა

"დასრულდა ერთი ეპოქა, დაიწყო მეორე" - მეოთხედი საუკუნე ქვეყნის საჭესთან"

დღევანდელი საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემას, შეიძლება ითქვას, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაშუქება წარმოადგენს. როგორც უკვე ცნობილია, გაიმარჯვა თურქეთის პოლიტიკური ბლოკის - "სახალხო ალიანსის" კანდიდატმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა (მიიღო ხმების 52,16%), წააგო "ეროვნული ალიანსის" კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ (მიიღო ხმების 47,84%).

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით - "მეოთხედი საუკუნე ქვეყნის საჭესთან: თურქეთის პრეზიდენტმა არჩევნები მოიგო", რომელშიც ვკითხულობთ:

"რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც თურქეთს უკვე 20 წელია, მართავს, იოლად მოიგო მორიგი არჩევნები და კიდევ 5 წლის ვადით მიიღო იმ ქვეყნის საჭესთან დგომის უფლება, რომელიც მისი მეთაურობით 21-ე საუკუნის დასაწყისიდან უფრო მდიდარ და გავლენიანად იქცა, ვიდრე მანამდე იყო, მაგრამ, იმავდროულად, ნაკლებად საერო და თავისუფალი გახდა.

არჩევნების ორგანიზებასა და ხმების დათვლაში რაიმე სერიოზული დარღვევა არ გამოვლენილა, მაგრამ ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნები არათავისუფალ გარემოში და პირობებში ჩატარდა ანუ დემოკრატიული არ ყოფილა რამდენიმე მიზეზის გამო: თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ისარგებლა თავისი ადმინისტრაციული რესურსით, გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში [ფსიქოლოგიურ] ზეწოლას ახდენდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე, სასამართლო სისტემაზე, ზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას, ხოლო მისი ოპონენტები ან ციხეში სხედან, ან დაპატიმრების შიშით თამამად ვერ მოქმედებენ.

ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, მოქალაქეთა თავისუფლების შეზღუდვები, მმართველობაში დაშვებული შეცდომები, რომელიც მიწისძვრის შედეგებით გამოვლინდა და ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება, ამომრჩევლებს განწყობას რეჯეფ ერდოღანის წინააღმდეგ და ქემალ ქილიჩდაროღლუს სასარგებლოდ შეუცვლიდა ანუ ელექტორატი უარს ეტყოდა ტრადიციულ კანდიდატს და ხმას განახლებების მქადაგებელს მისცემდა.

მაგრამ პოლიტიკურად ორად გაყოფილ ქვეყანაში, რაც უკვე პირველი ტურის შედეგად გამოვლინდა, მეორე ტურში კვლავ იმძლავრა არა ქალაქების მოსახლეობამ, რომელსაც დემოკრატიული, საერო და ევროპაზე ორიენტირებული თურქეთის ხილვა სურს, არამედ პროვინციამ, სადაც რეჯეფ ერდოღანის ელექტორატია კონცენტრირებული, რომელიც იზიარებს მის მიერ გატარებულ კონსერვატიულ პოლიტიკას, მიმართულს საზოგადოებრივი ცხოვრების ისლამიზაციისაკენ, ავტორიტარიზმის განმტკიცებისაკენ, სამხედრო ძლიერებისა და გავლენის ზრდისაკენ.

თავნება და მბრძანებლური ხასიათის მქონე რეჯეფ ერდოღანს ოპოზიციამ რბილი და უფრო "მიწიერი" კანდიდატი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირა. მისი შანსები თავიდანვე დიდი არ იყო, მაგრამ რადგანაც ოპოზიციის მთავარ ლიდერს - სტამბოლის მერს, 54 წლის ექრემ იმამოღლუს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა (მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, აპელაცია კი მხოლოდ არჩევნების შემდეგ იყო შესაძლებელი), ამიტომ პრეზიდენტობის კანდიდატობა სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელს ხვდა წილად. მაგრამ თუნდაც ექრემ იმამოღლუს გაემარჯვა, დიდი რისკი იყო, რომ მას ციხეში გაგზავნიდნენ.

კონსტანტინოპოლის დაცემა

ხმების დათვლა ბოლომდე არც კი იყო დასრულებული, რომ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა რეჯეფ ერდოღანისადმი მილოცვები დაიწყეს - პლანეტის სხვადასხვა რეგიონიდან, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნებიდან, რამაც დაადასტურა თურქეთის ლიდერის, როგორც მოხერხებული შუამავლის სტატუსი, რომელსაც შეუძლია, სარგებელი მიიღოს თავისი ქვეყნისათვის იმ კონფლიქტიდანაც, რომლის მონაწილეებიდან მხარს არცერთს არ უჭერს: "ძვირფასი მეგობრისათვის" ვლადიმერ პუტინის მიერ გაგზავნილი სადიდებელი დეპეშის კვალდაკვალ რეჯეფ ერდოღანმა მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკის - იმ ქვეყნის მეთაურის მილოცვაც, რომელსაც ანკარა იარაღს უგზავნის რუსეთის ჯარის შეტევების მოსაგერიებლად და ეკონომიკურად ეხმარება.

იმავდროულად, თურქეთი ნატოს წევრია და რჩება ევროკავშირის მოკავშირედ ლტოლვილთა ნაკადისაგან თავდაცვაში. რეჯეფ ერდოღანი ავითარებს ურთიერთობებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მისი არმია იბრძვის სირიაში და აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან, განსაკუთრებით გაზისა და ატომური ენერგეტიკის სფეროებში.

რეჯეფ ერდოღანი თავის თავს ერთდროულად თვლის, როგორც მუსტაფა ქემალის მასშტაბის მქონე რეფორმატორად, ასევე - ოსმალეთის იმპერიის დიდებული ეპოქისდროინდელ სულთნად. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეკრებილ აღფრთოვანებულ მომხრეებს იგი "ახალ დიდებულ ოქროს საუკუნეს" დაჰპირდა.

"ამ არჩევნებში, რომელიც უმნიშვნელოვანესია თურქეთის ისტორიაში, ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა "თურქული საუკუნის დაწყებას", - თქვა რეჯეფ ერდოღანმა მისი სასახლის წინ შეკრებილი მოქალაქეების წინაშე. მან გაიხსენა, რომ ზუსტად 570 წლის წინ დაეცა კონსტანტინოპოლი, დასუსტდა ბიზანტია, მაგრამ, სამაგიეროდ, აყვავდა ოსმალეთი. "ამით ისტორიაში გარდატეხა მოხდა: დასრულდა ერთი ეპოქა, დაიწყო - მეორე. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნებიც ასეთივე შემობრუნებითი, გარდამტეხი მომენტი იქნება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა თავის მოკლე გამოსვლაში, რომელიც მან სიმღერით დაიწყო და ლექსით დაასრულა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ