"მჩაგვრელი ადამიანების ფსიქოტიპები საჯაროდ გამომაქვს" - კვირის პალიტრა

"მჩაგვრელი ადამიანების ფსიქოტიპები საჯაროდ გამომაქვს"

"მთაზე ცოცვა საოცრებაა! საკუთარ შიშებს თვალებში უყურებ!.."

32 წლის თაკო მამაიაშვილის ვიდეოები სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია. ახლახან ის ინტერნეტში პოლიტიკური სატირის ტიპის საავტორო გადაცემაშიც გამოჩნდა... გადავწყვიტეთ, თაკო მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო - რას საქმიანობს, რა ინტერესები და გეგმები აქვს...

- გარკვეული პერიოდი სოციალური ქსელით აღარ ვსარგებლობდი, რადგან ძალიან მომბეზრდა. როცა დავბრუნდი, რატომღაც, ჩემს ახალ ფოტოებს, რომლებიც გამოვაქვეყნე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ისე მოხდა, რომ ჩემი ფოტოებიც და ვიდეოებიც ხალხმა "აიტაცა"...

- სოციალურ ქსელში განსხვავებული იმიჯით ხომ არ დაბრუნდით?

- არა, არა... უბრალოდ, სოციალური ქსელებით დიდხანს არ ვსარგებლობდი, თორემ მთელი ცხოვრება ასეთი იმიჯი მაქვს - არაფერი შემიცვლია, გარდა იმისა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები ვიზრდებით, ვიხვეწებით...

- კონტენტს რა პრინციპით ქმნით?

- ჩემი კონტენტის 90% იუმორია. შეიძლება, უცებ კამერა ავიღო და რაღაც ვიხუმრო... პირადი ურთიერთობები საჯაროდ არასდროს გამომაქვს. ჩემი კონტენტი პირად გამოცდილებაზე "არ გადის"... ცხოვრება ყველასთვის მარტივი ხომ არ არის, არა? ვცდილობ, პოზიტივი გავაზიარო, - რაღაცაზე რომ ვიცინი და ვცანცარებ, მინდა სხვაც გავამხიარულო, მეტი არაფერი... "ხაზგასმით" აღვნიშნავ, ისეთი ადამიანი ნამდვილად არ ვარ, ვინც თუნდაც, ყოფილ მეგობარ მამაკაცზე ცუდად ისაუბრებს, რადგან უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვცემ პატივს. ჩემი კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ იუმორია.

- თქვენს ვიდეოებს მამაკაცებისგან როგორი გამოხმაურება აქვს?

- როდესაც ადამიანი ცხოვრებას ჯანსაღად უყურებ და ასევე ჯანსაღი იუმორი გაქვს, მსგავსი ვიდეოები შენთვისაც ჩვეულებრივი ამბავია; როდესაც აგრესიული ხარ, პოზიტივიც აგრესიული და გამაღიზიანებელი გეჩვენება... რეალურ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანები მხვდებიან, 100% ჩემ მიმართ დადებითადაა განწყობილი. ამას შორიდან, თვალებზევე ვხვდები, ისეთი საყვარლები არიან...

dsc-2744-1684739369-1685347286.jpg

- უარყოფითი კომენტარები თქვენზე გავლენას არასოდეს ახდენდა?

- ბავშვობიდან ასეთი ხასიათი მაქვს: ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სხვისი თვალით რამდენად კარგად ან ცუდად ვარ დანახული, რადგან ჩემი განწყობა ყველას მიმართ აბსოლუტურად პოზიტიურია. სიმართლე გითხრათ, უარყოფითი კომენტარები უსიამოვნოა, მაგრამ ხასიათს ვერ მიფუჭებს, განწყობას ვერ მიცვლის, თუმცა, არის კონკრეტული რაღაცები, რასაც უპასუხოდ არ ვტოვებ: სქრინები საჯაროდ გამომაქვს, რადგან მინდა, ადამიანებმა გაიგონ, როგორი დამოკიდებულება არ არის სწორი. საერთოდ, ჩვენი ცხოვრების იდეა ისაა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. პოზიტიურ განწყობაზე მხოლოდ შენ ხომ არ უნდა იყო? გინდა, სხვებიც ასე განწყობილები იყვნენ. ამასთანავე, სიმართლის მოყვარულიც ვარ. მჩაგვრელი ადამიანების ფსიქოტიპები საჯაროდ გამომაქვს და ხალხს ვაჩვენებ, როგორი არ უნდა იყო ადამიანი და როგორ უნდა მოიქცე, როცა ვინმე ცდილობს, დაგჩაგროს.

- როგორ გახდით გადაცემის - "თაკშოუ" წამყვანი?

- სიმართლე გითხრა, შემოთავაზებები ყოველთვის მქონდა ბევრი ტელევიზიიდან, რეალითი შოუდანაც, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის, "სადღაც" გამოვჩნდე... ერთ-ერთი ინტერნეტტელევიზიის კონკრეტული შემოთავაზება ძალიან მომეწონა. თავდაპირველად, აბსოლუტურად სხვა წინადადება იყო და არა - ეს გადაცემა. "თაკშოუ" ჩემი საავტორო გადაცემაა: იდეაც ჩემია და სცენარზეც აქტიურად ვმუშაობ.

- პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს ყოველთვის ადევნებდით?

- რა თქმა უნდა! საერთოდ, ჩემთვის მსოფლიო ეკონომიკაც საინტერესოა, მაგრამ ჩემი ქვეყნის - უმნიშვნელოვანესი.

- გადაცემაზე მუშაობის პროცესის შესახებ გვიამბეთ...

- "ბიბისიდან" დაწყებული, აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო სააგენტოს სიახლეებს ვკითხულობ, მერე სცენარს ვწერ...

- პროფესიით ვინ ხართ?

- იურისტი. ეს საკმაოდ საინტერესო პროფესიაა. უბრალოდ, ამ ეტაპზე ცოტა ხნით ჩამოვშორდი, რადგან ვსწავლობ, ვუკრავ, ვწერ... სწავლასა და კითხვაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ. ბევრი რაღაცის ერთად კეთება მიყვარს.

- იურისტობა რატომ აირჩიეთ? პროფესიით გიმუშავიათ?

- სამართლიანობა მიყვარს. შესაბამისად, კანონიც ამას გულისხმობს... არ მიყვარს, როცა სუსტს ჩაგრავენ. თუნდაც ბავშვობაში, როცა ფილმებს ვუყურებდი, ჩემთვის ასეთი სიტუაციები ყოველთვის საინტერესო იყო... მერე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ სწავლა "გემრიელად" დავამთავრე. შემდეგ, პროფესიით ბევრი წელი ვიმუშავე... ამჟამად "მუზიკ პროდაქშენს" ვსწავლობ. მუსიკას ვწერ კიდეც... სხვათა შორის, წიგნსაც ვწერ, უბრალოდ, ჯერ საზოგადოება ვერ ნახავს, რადგან მგონია, წიგნის დასასრულებლად ცოტა დრო მჭირდება. წერა 2021 წელს დავიწყე... ავტობიოგრაფიული, ფსიქოლოგიური სატირა გახლავთ, ოღონდ - ეს დრამა არ იქნება. წიგნი იმისთვის იქნება განკუთვნილი, რომ ადამიანებმა მეტი მოტივაცია მიიღონ და საკუთარი თავი ნებისმიერ სიტუაციაში მეტად დაიცვან. ჩემი წიგნიდან პატარ-პატარა ამონარიდებს "ფეისბუკზე" ვაქვეყნებ... სხვათა შორის, კასკადიორობასაც ვსწავლობდი. უბრალოდ, ბოლო პერიოდში მისვლა ვეღარ მოვახერხე. ახლა ვფიქრობ, ისევ გავაგრძელო, რადგან საინტერესოა. იცი, რა მაგარია?! მთაზე ცოცვა, სიმაღლიდან დაშვება საოცრებაა! საკუთარ შიშებს თვალებში უყურებ!.. საოცარ ადამიანებთან ერთად ვსწავლობდი... საჯაროდ ჩემი პირადულის გამოტანა არ მიყვარს. ბოლო პერიოდში იმდენი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს, რომ რაღაცნაირად, ყველაფერს მოვწყდი და მხოლოდ იმ კონკრეტული რაღაცებით დავკავდი, რაზეც საუბარი არ მსურს... ძირითადად, გადაღებებით ვარ დაკავებული. სხვათა შორის, ერთ-ერთ ფილმშიც მივიღე მონაწილეობა. ფილმის ჩვენება ისრაელში იქნება, თუმცა გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა...

- როგორც ვიცი, დიჯეიც ხართ, საღამოებზეც უკრავთ...

- ძალიან ცოტა ხანია, რაც დიჯეინგით დავინტერესი. საერთოდ, როცა რაღაც მინდა, მაშინვე ვაკეთებ, მოცდა არ შემიძლია... როცა "მუზიკ ფროდაქშენის" კურსზე სწავლა დავიწყე, დაკვრასთან დაკავშირებული გარკვეული შემოთავაზებები იქვე მქონდა. 1-2-ჯერ დავუკარი კიდეც, მაგრამ როგორც გითხარით, ბოლო პერიოდში ერთად იმდენი რაღაც მოხდა, რომ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი და შემოთავაზებებზე სულ უარს ვამბობდი, მაგრამ რა თქმა უნდა, მუსიკის წერასთან ერთად, ვუკრავ კიდეც... ვგიჟდები, მუსიკა ისე მიყვარს! ჩემი განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც მაგალითად - ხატვა. მხატვარი არ ვარ, მაგრამ ვხატავ, ხელოვნება ძალიან მიყვარს...

- აღნიშნეთ, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარსო, მაგრამ იქნებ, ცოტა რამ მაინც გვითხრათ, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ...

- გამოცდილებაზე არ ვისაუბრებ. ამაზე არც ცუდი მაქვს სათქმელი, რადგან გამოცდილება ჩემთვის კარგი რამეა. დღესდღეობით პირადი ცხოვრებისთვის არც დრო მაქვს და ალბათ, საამისოდ განწყობილიც არ ვარ. ყოველ შემთხვევაში, გვერდით არავინ მყავს.

- საერთოდ, როგორი მამაკაცები იქცევენ თქვენს ყურადღებას?

- განათლებული, გულთბილი, უბრალო ადამიანები.

- მამაკაცები თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- ვისაც როგორ შეუძლია (იცინის). გულწრფელად ვამბობ - ასეთ რაღაცებს არ ვაკვირდები.

- ერთ-ერთ ვიდეოში ამბობთ, - ბიჭებს, ვის მიმართაც მეგობრულად განწყობილი ვარ, ჰგონიათ, რომ ვეფლირტავები, ხოლო ვისაც ვეფლირტავები, ჰგონია, ვეღადავებიო...

- (იცინის) ვიდეოებში სულ რაღაცას ვმაიმუნობ და ვცანცარებ. არავინ მომწონს. თუ ვინმე მომეწონება, ამ ამბავს ძალიან მაგრად აღვნიშნავ (იცინის).

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მყავს და, რომელიც ჩათვალეთ, რომ ჩემი ტყუპისცალია. ძირითადად, დროს ერთად ვატარებთ. საოცaრი დედ-მამა მყავს, მათზე ვგიჟდები!.. ჩემთვის ოჯახი ყველაზე ძვირფასია, რაც ამ სამყაროში გამაჩნია... საერთოდ, ადამიანს ასაკი რომ გემატება, ცხოვრებაში რაღაცებს უკეთ "გადახარშავ" ხოლმე, რეალურ ღირებულებებს აცნობიერებ... ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთ ოჯახში მოვხვდი...

- ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებში თქვენს აქტიურობას, ხალხის ნაწილისგან უარყოფით კომენტარებს როგორ ხვდებიან?

- იციან, როგორი ვარ და ძირითადად, იუმორით ხვდებიან. ყველანი აზრზე მოსული ტიპები ვართ: ვიცით, რომ არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები, ასევე - ზრდილობიანი და უზრდელი, ადამიანი და არაადამიანი. უარყოფითi კომენტარების გამო ნერვები არ უნდა მოგეშალოს. მცირეწლოვანი ბავშვები ხომ არ ვართ, არა? შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს ჯანსაღად იღებენ. ცუდი კომენტარის წაკითხვა არავის სიამოვნებს, მაგრამ რომ დაფიქრდები, რეალურად, ამის უკან, რა და როგორ დგას, ნერვები აღარ გეშლება...

- თქვენი ყოველდღიურობა როგორია?

- სპორტდარბაზში ვარჯიში, კითხვა, მუსიკა ან გადაღებები... თუ ლექცია მაქვს, ვესწრები ან დავალებებს ვასრულებ, ან - ვწერ, ან - რა ვიცი, ათას რამეს ვიგონებ... არ მომწონს, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ახლაც ვფიქრობ, "მუზიკ ფროდაქშენის" კურსის დასრულების შემდეგ, სწავლა სად გავაგრძელო?.. როცა თვითრეალიზებული ხარ, ცხოვრება ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანია, უფრო პოზიტიური ხდები...

- როგორც ვიცი, ბევრს მოგზაურობთ...

- კი, როცა ამის დრო და საშუალება მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დროც არ მრჩება, რომ სადმე "გავიქცე", მაგრამ ვიმედოვნებ, ზაფხულში საქართველოდან გასვლას მოვახერხებ. უკვე ტურისტად აღარ მივდივარ, სოლო მოგზაური ვარ. რა თქმა უნდა, ჩემს დასთან, მეგობრებთან ერთად მოგზაურობაზე ვგიჟდები, მაგრამ მარტო მოგზაურობა, საკუთარ თავში ახალი აღმოჩენებიც მომწონს. რეალურად, ჯერ ძალიან ცოტა ქვეყანა მაქვს ნანახი: ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი... საქართველოს ბუნებაზე გასაოცარი მართლა არსად არაფერი მინახავს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"