თალიბები ირანს ომს უცხადებენ - ამერიკამ შეგნებულად სწორედ ამისთვის დაუტოვა დიდძალი შეიარაღება თალიბებს? - კვირის პალიტრა

თალიბები ირანს ომს უცხადებენ - ამერიკამ შეგნებულად სწორედ ამისთვის დაუტოვა დიდძალი შეიარაღება თალიბებს?

ავღანეთ-ირანის საზღვარზე 27 მაისს სერიოზული შეიარაღებული შეტაკება მოხდა,რომელშიც დაპირისპირებულმა მხარეებმა ტყვიამფრქვევებისა და ყუმბარსატყორცნების გარდა, მსხვილკალიბრიანი არტილერიაც კი გამოიყენეს...

სასაზღვრო კონფლიქტები არცთუ იშვიათია მსოფლიოში, მაგრამ 27 მაისის ინციდენტს მოჰყვა ავღანეთის თალიბების ხელისუფლების მკვეთრი განცხადება იმის შესახებ, რომ ის...ომს გამოუცხადებს ირანს!

რა ვერ გაიყვეს მეზობლებმა - ავღანეთმა და ირანმა ისეთი, რომ საქმე მსოფლიოში კიდევ ერთ დიდ ომამდე შეიძლება მივიდეს?

წყალი!

სწორედ წყლის რესურსების ნაკლებობა ხდება იმის მთავარი მიზეზი, რომ ორი უზარმაზარი სახელმწიფოს - ირანისა (88 მლნ მოსახლე) და ავღანეთის (40 მლნ ადამიანი) სტრატეგიული ინტერესების დაპირისპირება შეიარაღებულ ორთაბრძოლაში გადაიზარდოს და - არა მარტო საზღვრის გასწვრივ...

„წყლისათვის ომის“ წინაისტორია კი დაახლოებით ასეთია:

ირანის ისლამური რესპუბლიკის 31-ე პროვინციიდან უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს სისტანისა და ბელუსჯისტანის პროვინცია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს.

ირანის ამ პროვინციის მოსახლეობის მომარაგება წყლით, ძირითადად, ჰამუნის ტბიდან ხდება, რომელიც წელს თითქმის ამოშრა, რამაც თავის მხრივ, რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ირანის ხელისუფლება, რადგან სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინცია ისედაც ოპოზიციაში ედგა ოფიციალურ თეირანს და ეხლა უწყლოობის გამო ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი საფუძველი გაუჩნდა ფართომასშტაბიანი, მათ შორის - შეიარაღებული გამოსვლების დასაწყებად ირანის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ ის ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობას სასიცოცხლო წყლის მარაგით...

ირანმა თანამგზავრული ფოტოგრაფირება განახორციელა და გაარკვია,რომ ჰამუნის ტბაში ჩამდინარე მდინარე ჰილმენდზე (ის სათავეს ავღანურ პროვინცია ჰილმენდში იღებს, რომელიც არცთუ კარგად დაამახსოვრდათ იმ რამდენიმე ათას ქართველ სამხედროს, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიას სწორედ ამ, არცთუ მშვიდ ადგილებში გადიოდნენ) აგებულ ელექტროსადგურებზე თალიბები წყალს „იპარავენ“ და იმის მაგივრად, რომ 1973 წლის ირან-ავღანეთის შეთანხმების თანახმად, ჰამუნის ტბისკენ გაუშვან, სხვა მიმართულებას აძლევენ...

თალიბები კატეგორიულად უარყოფენ ირანელების პრეტენზიებს და ჰამუნის ტბის ნაწილობრივ ამოშრობის მიზეზად ბუნებას ასახელებენ - გაზაფხულზე არასაკმარისად წვიმდა, რომ მდინარე ჰილმენდი ადიდებულიყოო...

2-sis-1685350204.png
ირანის ისლამური რესპუბლიკის სისტანისა და ბელუსჯისტანის პროვინცია, რომელიც ავღანეთსა და პაკისტანს ესაზღვრება

ასეა თუ ისე, უწყლოდ დარჩენილი სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციის 2,4 მლნ-იან მოსახლეობას კიდევ ერთი სერიოზული საბაბი უჩნდება, ოფიციალურ თეირანს სერიოზული პრობლემები შეუქმნას, რაც არანაირად არ შედის იმ ირანის ხელისუფლების სტრატეგიულ ინტერესებში, რომელსაც ისედაც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ჰქონდა ისრაელთან, არანაკლები - აშშ-თან და თურქეთთან, ხოლო ბოლო წლებში, დამატებით, საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაც კი გადაიკიდა კამიკაძე „შაჰიდების“ რუსეთისთვის მასობრივად მიწოდების გამო...

3-sis-1685350234.jpg
ირანზე დაწესებული მრავალი საერთაშორისო სანქციის მიუხედავად, ევროკავშირმა თეირანს 10 მლნ ევრო გამოუყო ჰამუნის ტბის ეკოსისტემის გადასარჩენად...

და ამ ყველაფერს შეიძლება დაემატოს რეალური ომი თალიბების - ავღანეთთან, რაც თეირანისთვის ძალზე დიდ თავისტკივილად გადაიქცევა და აი, რატომ...

2021 წლის ზაფხულში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის უსწრაფესი ევაკუაცია ავღანეთიდან, რაც ერთგვარ გამოქცევასაც კი დაემსგავსა, იქ დიდძალი ამერიკული შეიარაღების დატოვების ფონზე, რუსების და იმავე ირანელების დაცინვის საგანიც გახდა, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, თეთრ სახლს ჰქონდა არანაკლებ სამი სერიოზული მიზეზი იმისთვის, რომ ასე მოქცეულიყო:

პირველი - ვაშინგტონს რამენაირად უნდა დაემთავრებინა 20 წელს გაწელილი ეს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, რომელსაც უკვე დაკარგული ჰქონდა პირვანდელი მიზნები;

მეორე - ამერიკულ დაზვერვას ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ პუტინის რუსეთი უკრაინაზე ღია სამხედრო აგრესიის განხორციელებას აპირებდა და საჭირო იყო ამერიკული კონტინგენტის ავღანეთიდან სასწრაფოდ ევროპაში გადასროლა;

მესამე - ეს შეიძლება კონსპიროლოგიას ჰგავდეს, მაგრამ მაინც არ არის გამორიცხული: აშშ-მა ავღანეთის ოცწლიან ომში მთავარ მოწინააღმდეგეს - თალიბებს სპეციალურად დაუტოვა დიდძალი ამერიკული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რათა ადრე თუ გვიან მათ ეს დანატოვარი მეზობელი ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ...

თალიბების ხელით ირანის სასაზღვრო ომში ჩათრევა ყველა იმ ქვეყნის - ისრაელის, აშშ-ის, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, საუდის არაბეთის ინტერესებში შედის, ვინც ოფიციალურმა თეირანმა თავისი პოლიტიკით აქამდე გადაიკიდა...