"საქართველოს მთავრობა ევროპის პოლიტიკური სივრციდან უკვე გარიყულია, რუსეთისათვის კი სიცოცხლის გზაა"
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკავშირი იმიტომ არის "შავ დღეში“, რომ მას სურს, საქართველო მისი ნაწილი გახდეს და უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამოსცილდეს, თუმცა მთავრობა ამისთვის არაფერს აკეთებს.
როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ევროპის პოლიტიკური სივრციდან უკვე გარიყულია, რუსეთისათვის კი საქართველო „სიცოცხლის გზაა“.
"ამ მარიონეტმა მთავრობამ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. რაც მოხდა ნიშნავს იმას, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა დიპლომატიური საუბრებისა და განხილვის მიუხედავად საქართველოსთან ვერაფერს მიაღწიეს. დემარში ბოლო ზღვარია. ევროკავშირი იმიტომ არის შავ დღეში, რომ მას მართლა სურს საქართველო მისი ნაწილი გახდეს და უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამოსცილდეს, თუმცა მთავრობა ამისთვის არაფერს აკეთებს. ლევან დავითაშვილის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს და მათზე ეკონომიკურად ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებულები, სისულელეა. დღეს რუსეთი არავის უნდა. თვითმფრინავები ორივე მიმართულებით ცარიელი დადის. არ იყო თვითმფრინავები და ძალიან კარგად ვარსებობდით. ორიოდე მგზავრი ეკონომიკაზე ვერ იმოქმედებს. გარდა ამისა, ფრენების გარეშე რუსები მაინც თავისუფლად ახერხებდნენ ჩამოსვლას. საქართველოს მთავრობა ევროპის პოლიტიკური სივრციდან უკვე გარიყულია. რუსეთისათვის კი საქართველო სიცოცხლის გზაა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
გარდა ამისა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მისი და ხატია დეკანოიძის ერთობლივ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფს ეხება, როგორც მან აღნიშნა, თუ ინიციატივის გამო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ისინი ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატების მიზანი მხოლოდ პარლამენტში მათი პოზიციების გაძლიერებაა.
"ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, პარტიაც იშლება. მე და ხატია დეკანოიძე გამოვედით პარტიიდან, რადგან იყო რაღაცები, რასაც არ ვეთანხმებოდით. ძალიან კარგი იქნება, თუ პარტია ბალანსს შეინარჩუნებს და არ დაიშლება, მაგრამ ყველამ ვიცით, იქ რა საშინელებაც ხდება. თუ ჩვენი ინიციატივის გამო ფრაქცია დაიშლება, პასუხისმგებლობას მე არ ავიღებ. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ პარლამენტში ჩვენი პოზიციები გაძლიერდეს და უფრო ეფექტიანები ვიყოთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ინტერპრესნიუსი"