"პუტინის მინინატო იშლება - დროა ОДКБ "ცარიელ ჭურვად" ვაღიაროთ"
ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "პუტინის მინინატო იშლება - დროა ОДКБ "ცარიელ ჭურვად" ვაღიაროთ" (ავტორი - ივანა სტრადნერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც ცნობილია, ორიოდე თვის წინათ რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავისი გეგმის განსახორციელებლად ბელარუსის ტერიტორიაზე, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების საკითხში: პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი თავის ბირთვულ არსენალს სხვა ქვეყანაშიც ინახავს.
ერთი შეხედვით, ეს ფაქტი თითქოსდა კრემლის ძალას მოწმობს, თუმცა ჭეშმარიტებას არ ასახავს, პირიქით - მოსკოვის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ის შიშობს, ვაითუ ბელარუსში პროდასავლური მოძრაობა აღორძინდეს და მოკავშირე უკრაინის მსგავსად არ დაკარგოს.
ევროპის სხვა ქვეყნებშიც რუსეთისათვის არასასიამოვნო სიტუაციაა - ანტიკრემლური აქციები იმართება მოლდოვასა და საქართველოში, თვით ევროპის შუაგულშიც კი - სერბეთში, რომელიც რუსეთის ტრადიციული მოკავშირეა. იქაური საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარებით, საქმე იქითკენ მიდის, რომ მალე ქვეყანა, ალბათ, იძულებული გახდება, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.
ამასობაში კი ნატოს იმიტაციური ვერსია - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (რუსული აბრევიატურით - ОДКБ - შემდგომში კუხო - რედ.), რომელიც მოსკოვმა 1992 წელს, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნა, შინაგან კრიზისს განიცდის და ლეგიტიმურობის პრობლემის წინაშე დგას იმიტომ, რომ მისი წევრები (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყახაზეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), რეგიონული სტაბილურობის დაცვის ნაცვლად, რისთვისაც ორგანიზაცია შეიქმნა, ხშირად ერთმანეთს ებრძვიან.
კუხო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი, ნატოს (NATO) ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსია და გულისხმობს იმას, რომ წევრებმა ერთმანეთის უსაფრთხოება დაიცვან რომელიმე ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ "ოდკბ"-ში რუსეთი დომინირებს, კრემლს არც ერთი წევრისთვის არ გაუწევია ქმედითი დახმარება, ერთადერთი შემთხვევის გარდა (ყაზახეთის მოვლენების დროს, 2022 წლის იანვარში, თუმცა მას, ფაქტობრივად, მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და სწრაფად დასრულდა). შეიძლება ითქვას, რომ არსებობის 30 წლის განმავლობაში კუხო თავს იკავებდა წევრი ქვეყნების კონფლიქტების ზონაში კოლექტიური სამხედრო ქვედანაყოფების განთავსებისგან, როგორც ეს იყო სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში - როცა სომხეთმა აზერბაიჯანთან და ყირგიზეთმა ტაჯიკეთთან სამხედრო დაპირისპირების დროს კუხო-საგან დახმარება ითხოვეს
ანალოგიური ყოყმანი და თავშეკავება გამოხატეს კუხო-ს წევრებმა რუსეთ-უკრაინის კატასტროფული ომის დროსაც - შეიძლება ითქვას, მათ კრემლისაგან პირი იბრუნეს (ბელარუსის გარდა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთს). გასულ წელს ყირგიზეთმა რუსეთთან ერთად დაგეგმილ სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ახლახან კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის ქვეყანა რუსეთის ისტორიულ მოკავშირეს წარმოადგენს, აღნიშნა, რომ განიხილება სომხეთის კუხო-დან გასვლის საკითხი. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ რადგანაც კუხო-ს ჩარჩოებში რეგიონული უსაფრთხოება დაცული არ არის, იგი იძულებულია, დახმარების მიზნით, ევროკავშირს მიმართოს.
მართალია, კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სიტუაციას შერბილებას შეეცადა და განაცხადა, რომ ჩვენს სომეხ მეგობრებთან დიალოგს გავაგრძელებთ და ყველაფერს მოვაგვარებთო, გაურკვეველი რჩება - ექნება თუ არა რუსეთის პოზიციის პოზიტიურად აღქმის უნარი ნიკოლ ფაშინიანს იმის შემდეგ, რაც ერევანში მოხდა - როცა მთიანი ყარაბაღის გამო ასობით ადამიანი შეიკრიბა და მთავრობას კუხო-დან გასვლა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანი უკმაყოფილოა იმითაც, რომ კუხო-ს წევრობის გამო მას უცხოეთში (დასავლეთში) იარაღის შეძენის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს.
რუსეთის უუნარობამ სომხეთის დასახმარებლად არ უნდა გაგვაკვირვოს. ვლადიმერ პუტინი კუხო-ს იყენებს არა სახელმწიფო სუვერენიტეტის თანასწორი დაცვისა და ურთიერთდახმარების ინსტიტუტად, არამედ - ცალმხრივ საშუალებად პოსტსაბჭოური რეგიონების გაკონტროლებისა და კრემლის ინტერესების რეალიზებისათვის. შესაბამისად, იმ ქვეყნებმა, რომლებიც ოდესღაც რუსეთის გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდნენ, დაიწყეს თანამშრომლობის ძიება სხვა სახელმწიფოებთან და სხვა რეგიონებში.
მართლაც, დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შედეგად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაპირისპირების პოტენციური დარეგულირებისათვის საერთო ენა გამონახეს. სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ანკლავი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარა იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი ეთნიკური სომხების უფლებებს დაიცავს. 25 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სამიტის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, ასე ვთქვათ, "საქმის კურსში ჩააყენა".
ნატომ უნდა ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები იმის საჩვენებლად, რომ კუხო დღეს, განსაკუთრებით რუსეთის დომინირებით, არის მხოლოდ ისეთი სიმბოლური წარმონაქმნი, რომელსაც პრაქტიკული არსი დაკარგული აქვს და უმოქმედოა. კუხო უაზრო "ორგანიზაციას" წარმოადგენს.
კუხო-ს წინააღმდეგ მზარდი ნეგატიური განწყობა ნატოს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის ჭეშმარიტი მიზნები გამოამჟღავნოს. ნატოს წევრებმა უნდა ისარგებლონ საინფორმაციო კავშირებით რუსეთის სანდო პირებთან ბელარუსში, ყაზახეთში, მოლდოვასა და ბალკანეთში, რომ ისინი ჭეშმარიტებაში დაარწმუნონ: რუსეთმა თავის მოკავშირეს - სომხეთს, დახმარებაზე უარი განუცხადა და მოსკოვი მათაც იმავეს გაუკეთებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია.
რუსეთი აგრძელებს ნატოს წარმოსახვას ბოროტმოქმედ მოთამაშედ "გლობალური სამხრეთის" ქვეყნებთან მიმართებით, რომელმაც ხელი შეუწყო კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის გაღვივებას და, საბოლოო ჯამში, სწორედ ნატო არის პასუხისმგებელი, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
რამდენადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ივლისში პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში) დაგეგმილი "გლობალური სამხრეთის" ქვეყნების ლიდერთა სამიტისათვის ემზადება, აფრიკის ქვეყნებისათვის უკიდურესად სასარგებლოა სიმართლის ცოდნა რუსეთის პრეზიდენტის მიმართვაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი - მისი დასავლეთისაკენ გადახრის გამო. "გლობალურმა სამხრეთმა" უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთთან ურთიერთობა სარისკოა.
ვლადიმერ პუტინის გეგმამ ნატოს დასარღვევად კრახი განიცადა. ახლა როლები უნდა შეიცვალოს: ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებმა კუხო "ცარიელ ჭურვად" - არაფრის გამკეთებელ და უაზრო ორგანიზაციად უნდა წარმოადგინონ. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ