"კიევის რეჟიმი მოსკოვს 8 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს" - რუსეთის თავდაცვის უწყება - კვირის პალიტრა

"კიევის რეჟიმი მოსკოვს 8 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს" - რუსეთის თავდაცვის უწყება

კიევის რეჟიმი რუსეთის დედაქალაქს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. ყველა მათგანი განადგურებულია, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, სამი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს, რის შედეგადაც მათ კონტროლი დაკარგეს და დაგეგმილ სამიზნეებს ასცდნენ, ხუთი დრონი კი Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.

"დღეს დილით კიევის რეჟიმმა ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა. თავდასხმაში რვა უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. მტრის ყველა დრონი განადგურებულია", - აცხადებენ სამინისტროში.

განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმაც. უწყების ცნობით, ისინი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ფაქტს იძიებენ. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ დრონების ჩამოვარდნის შედეგად რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე შენობა მცირედ დაზიანდა.

„გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ გაშვებული რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აცხადებენ უწყებაში.

წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებულია ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები.

„მიმდინარეობს დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება“, - აცხადებენ უწყებაში.