კოსოველ სერბებთან ნატოს სამშვიდობოების ომი - ის, რისკენაც მიისწრაფვის პუტინი... - კვირის პალიტრა

კოსოველ სერბებთან ნატოს სამშვიდობოების ომი - ის, რისკენაც მიისწრაფვის პუტინი...

29 მაისს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ზვეჩანში, ძალზე სახიფათო პრეცედენტი დაფიქსირდა - ადგილობრივ სერბებსა და კოსოვოში განთავსებულ ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს - KFOR-ს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც 52 სერბი მომიტინგე და KFOR-ის 34 სამხედრო დაშავდა, მათ შორის 14 იტალიელი, ასევე - უნგრელი და მოლდოველი სამშვიდობოები.

კოსოვოს ჩრდილოეთი ნაწილი კომპაქტურადაა დასახლებული სერბებით, რომლებიც არ ეგუებიან, კოსოვოს, როგორც ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს გაძლიერებას და ყველანაირად ცდილობენ ხელის შეშლას - გასული წლის ბოლოს ჩრდილოეთ კოსოვოში მღელვარება და გზების ჩახერგვა იმან გამოიწვია, რომ ადგილობრივ სერბებს არ სურდათ თავიანთი ავტომობილების სანომრე ნიშნების ჩანაცვლება კოსოვურით, ახლა კი სერბების აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ ქალაქში (რომლებშიც, ძირითადად, სერბები ცხოვრობენ) მერებად კოსოველი ალბანელები დაუნიშნეს...

1-kos-1685442333.png
ჩრდილოეთ კოსოვოში, ქალაქ ზვეჩანში ერთმანეთს ადგილობრივი სერბები და ნატოს KFOR-ის სამხედროები „შეერკინენ“ ხელკეტებითა და ცრემლსადენით გაზით, მაგრამ რა მოხდება, თუკი საქმეში ავტომატები „ჩაერთვებიან“...

პროტესტი კი სერბებმა ძალზე აგრესიულად გამოხატეს და ქალაქ ზვეჩანის მერიაში შეჭრა სცადეს, რის გამოც კოსოველებმა დასახმარებლად KFOR-ის ნატოელ სამშვიდობოებს უხმეს, სერბებმა მათ ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მიიღეს...

კოსოვოს შეიარაღებული კონფლიქტის ისტორია

დიდ სისხლისღვრას გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში ვერც უკვე ყოფილ იუგოსლავიაში შემავალი რესპუბლიკები გადაურჩნენ, თუმცა ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ ექვსი რესპუბლიკიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა ოთხმა - სლოვენიამ, ხორვატიამ, ბოსნია-ჰერცოგოვინამ და მაკედონიამ (საბერძნეთის დაჟინებული პროტესტის შემდეგ ამ რესპუბლიკას ოთხი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიად გადაერქვა სახელი).

ყოფილი იუგოსლავიის მემკვიდრე - სერბეთი იძულებული იყო, შეგუებოდა ამ რეალობას და თავისთან კავშირში მხოლოდ მონტენეგროს "აკავებდა", მაგრამ 2003 წელს მანაც თავს უშველა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებული ეს ურთულესი პოლიტიკური ვნებათაღელვა თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 1999 წელს უკვე უშუალოდ სერბეთიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობა გადაწყვიტა კოსოვომ, რომელიც "კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის" სტატუსით შედიოდა სერბეთის შემადგენლობაში და მის სამხრეთ ნაწილში არის განთავსებული.

კოსოვოს ოლქს, რომელშიც ორ მილიონამდე ალბანელი ცხოვრობს, თავის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთით კი ესაზღვრება ალბანეთი და ადვილი მისახვედრია, ვინ ვის დაუჭერდა მხარს...

1999 წელს სერბებისა და კოსოველი ალბანელების შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ნატომ კოსოვოში თავისი საერთაშორისო კონტინგენტი KFOR-ი განათავსა.

2008 წლის თებერვალში მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის - აშშ-მა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, იტალიამ, გერმანიამ სცნეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. დღეს კოსოვოს დამოუკიდებლობას 114 ქვეყანა აღიარებს.

გასაგებია, რომ სერბებისა და კოსოველი ალბანელების თანაცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ იქნებოდა ამ წლებში, მით უმეტეს, თავად კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, უშუალოდ სერბეთის სამხრეთ საზღვართან, 100 ათასამდე სერბი კომპაქტურადაა დასახლებული და ისინი არ ცნობენ სახელმწიფო საზღვარს...

2-kosovo-1685434758.png
ამ რუკაზე, ჩრდილოეთით, გამოსახულია სერბეთი, სამხრეთით კოსოვო, ხოლო მათ შუა ის რაიონია, სადაც კოსოველი სერბები კომპაქტურად ცხოვრობენ და სადაც დღეს სერიოზული დაძაბულობაა...

რამდენად რეალურია, რომ კოსოვოს ჩრდილოეთით ადგილობრივ სერბებსა და ნატოს სამხედროებს შორის მომხდარი ეს შეხლა-შემოხლა უფრო სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

სწორედ ეს სურს კრემლის მთავარ ბინადარ პუტინს, რომ ნატოს რაიმენაირად სამაგიერო გადაუხადოს უკრაინის არმიის დასავლური შეიარაღებით მომარაგების გამო და ევროპას „უკანა ეზოში“ თავისი „პატარა ომი“ გაუჩაღოს, რაც აუცილებლად გადაატანინებს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების ყურადღების დიდ ნაწილს უკრაინის ომიდან კოსოვოს პრობლემის მოგვარებაზე...

ამის დასაწყებად კოსოველ სერბებს საკმაო რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი მოეპოვებათ, თუმცა ეს შეიარაღება არასაკმარისი იქნება დიდი კონფლიქტის გასაჩაღებლად და ისინი დახმარებას აუცილებლად სთხოვენ მეზობელ სერბეთს, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთისკენ გაიწვდენს თხოვნის ხელს...

თუმცა ეს ლოგიკური ჯაჭვი ჯერჯერობით გაწყვეტილია, რადგან სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი არ აქტიურობს კოსოველი სერბების სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, რადგან მას სერბეთის ევროკავშირში გაწევრება სურს...

სერბეთი 2012 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ის, რომ განვლილ 11 წელში ვერ გახდა მისი სრულუფლებიანი წევრი, რა თქმა უნდა, სერბეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისაცრუებას იწვევს, შესაბამისად ქვეყანაში ძლიერდება პრორუსული განწყობები და ევროკავშირმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მართლაც მიიღოს თავის „უკანა ეზოში“ პრორუსული სერბეთი, თუკი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს პრეზიდენტ ვუჩიჩის ხელისუფლების დამხობა...

პოსტიუგოსლავიური კონფლიქტების პარალელები პოსტსაბჭოთა კონფლიქტებთან...

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა სერბეთს, დაახლოებით, იგივე გაუკეთა, რაც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვას თუ აზერბაიჯანს, როდესაც ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ წარმონაქმნებს სახელმწიფოებრიობის სტატუსის შეძენის სურვილი გაუძლიერა და ამაში დახმარება გაუწია.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, რომელთა „დამოუკიდებლობა“ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს თუ აქვთ აღიარებული (მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა არავის უღიარებია, თვით სომხეთსა და რუსეთსაც კი), კოსოვოს დამოუკიდებლობა ასზე მეტმა ქვეყანამ სცნო, თუმცა საბედნიეროდ მათ შორის არ არის ჩვენი საქართველო.

პირიქით, 2008 წლის 17 თებერვალს, როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენ დაჩქარებულად გამოვიყვანეთ KFOR-ის შემადგენლობაში მყოფი ქართველი სამხედროების ერთი ასეული და ერთი ოცეული - ნატოს ამ კონტინგენტში კოსოვოში 1999-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების 17-მა ოცეულმა და 11-მა ასეულმა გაიარა როტაცია, საბედნიეროდ - უდანაკარგოდ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გადავრჩით კრემლის რისხვას - კოსოვოს აღიარებიდან შვიდ თვეში რუსეთმა დასავლეთს სამაგიერო გადაუხადა საქართველოს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შემოჭრითა და მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარების სახით...