"ენადაბმული: ვდგავარ: გავშეშდი" - რა მიზნით ეწვია ამერიკელი ფერმწერი საქართველოს - კვირის პალიტრა

"ენადაბმული: ვდგავარ: გავშეშდი" - რა მიზნით ეწვია ამერიკელი ფერმწერი საქართველოს

"ენადაბმული: ვდგავარ: გავშეშდი: (მომდევნო აზრები)" - ასე ჰქვია თანამედროვე ამერიკელი მხატვრის მაკარტურ ბინიონის ნამუშევრების ერთ-ერთ მორიგ სერიას და ეს სახელწოდება აქვს მარიკა მაიოროვას (დადიანი) პირველ სრულმეტრაჟიან ფილმსაც, რომელიც ფერმწერის საინტერესო პორტრეტს ქმნის...

რეჟისორის დოკუმენტური ნამუშევარი მაკარტურ ბინიონის დღევანდელობას და ყოველდღიურობას ასახავს. ამავდროულად, ბიოგრაფიული ცნობებითაც დატვირთულია. ინფორმაციას პირადად მხატვრისგან ვისმენთ, ასევე მისი მეუღლისა და შვილისგან, რომლებიც მაკარტურ ბინიონის ხასიათზე, თვისებებზე, მუშაობის სტილსა და გამოვლილ წლებზე ღიად და გულწრფელად ჰყვებიან. მაკარტურ ბინიონის სახელოსნოში გატარებული საათები, ტილოსთან მუშაობის პროცესი, სხვადასხვა ქალაქში ვიზიტები, გამოფენებისთვის სამზადისი, გალერისტებთან ურთიერთობა და სხვა უამრავი დეტალი ფილმის მთავარი გმირის პიროვნების ამოცნობას ემსახურება და ამგვარი "შიდა სამზარეულო" ყოველთვის მიმზიდველი, ჩამთრევი და საინტერესოდ საყურებელია.

19 მაისს, კინოთეატრ "ამირანში" ქართველი რეჟისორის, მარიკა მაიოროვას დოკუმენტური ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის, მხატვარი საქართველოში ჩამოფრინდა და როგორც ჩვენების ბოლოს განაცხადა, ფილმის დასრულებული და სრული ვერსია ახლა პირველად, მაყურებელთან ერთად, დარბაზში იხილა. ღელავდა, თუმცა შედეგით კმაყოფილი დარჩა.

ფილმის ავტორი ნიუ-იორკში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მაკარტურ ბინიონი 2017 წელს, ნიუ-იორკში გალერეა "ლე ლონგში" გამართულ პირველ სოლო გამოფენაზე გაიცნო. გარკვეული დროის შემდეგ, სურვილი გაუჩნდა და მხატვარს გაანდო იდეა, რომ მასზე ფილმის გადაღება სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მაკარტურ ბინიონის სახელოსნო და მუშაობის ინტიმური დეტალები აქამდე არავის ენახა, ის მალევე დათანხმდა, რადგან იფიქრა, რომ ამ გზით მას და რაც მთავარია, მის განსხვავებულ მუშაობის სტილს ფართო საზოგადოება უკეთ გაიცნობდა. ამგვარად, გადაღებებიც დაიწყო და 3-წლიანი მუშაობის შედეგად ფილმიც შედგა.

ამჟამად მხატვარი ჩიკაგოში ცხოვრობს. ის 11-შვილიან ოჯახში დაიბადა. იტაცებდა ჯაზი. წერდა, მაგრამ მოგვიანებით მხატვრობით დაინტერესდა. დეტროიტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა კრენბრუკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის განხრით განაგრძო. მისი სადიპლომო ნამუშევარი ნიუ-იორკის - უიტნის მუზეუმის კოლექციაშია შესული. აფროამერიკელი მხატვარი ნიუ-იორკში 1973 წელს, საკუთარი პორტფოლიოთი ხელში და ჯიბეში 95 დოლარით ჩავიდა. ხატავდა ბევრს და განუწყვეტლივ. გამორჩეული სტილის მიგნებამდე, ხატვის საკუთარი ტექნიკის განვითარებამდე და საყოველთაო წარმატებამდე, ბინიონს დიდი დრო დასჭირდა. შეიძლება ითქვას, პირველი დიდი აღიარება 70 წლის ასაკში მოიპოვა, როცა ვენეციის ბიენალეზე მისი ნამუშევარი გამოიფინა. მას შემდეგ მისი კარიერა დღითი დღე იზრდებოდა და ახლა ნახატებს A კლასის გალერეები წარმოaდგენენ. მისი ნამუშევრები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში და მათ შორის, ერთ-ერთი ნახატის მფლობელი ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამაა. მხატვარი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში თავის კვალს ტოვებს.

P.S. დარწმუნებული ვარ, ფილმი საფესტივალო ცხოვრებას რომ დაიწყებს, შეუმჩნეველი არ დარჩება. ქალბატონ მარიკა მაიოროვას წარმატებას ვუსურვებ და მის მორიგ საინტერესო ნამუშევრებს დაველოდებით.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"