პოლიტიკური ვაჭრობის უმაღლესი პილოტაჟი - მოგცემ F-16-ებს, სამაგიეროდ, დათანხმდი ნატოში ახალი წევრის მიღებაზე... - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ვაჭრობის უმაღლესი პილოტაჟი - მოგცემ F-16-ებს, სამაგიეროდ, დათანხმდი ნატოში ახალი წევრის მიღებაზე...

საერთაშორისო პოლიტიკაში რომ ვაჭრობა ხდება, იმ დონის ღია და კულუარული გარიგებები მსოფლიო დონის ბრენდებს არც კი დაესიზმრებათ, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ამ დღეებში შეიძლება გამოჩნდეს...

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის კვლავ გამარჯვებამ უახლოეს მომავალში მსოფლიოს დიდ ნაწილში შეიძლება, ბევრი რამ კარდინალურად შეცვალოს, რადგან ერდოღანი არც მანამდე მალავდა თავის გრანდიოზულ მიზნებს „დიდი თურქეთის“ შექმნისკენ და ახლა, პრეზიდენტად კვლავ არჩევის შემდეგ, ბუნებრივია ეცდება, ხორცი შეასხას ამ, თავის მასშტაბურ ჩანაფიქრს...

ამის გარანტად კი ანკარაში თურქეთის შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერებისკენ წინსვლა მიაჩნიათ, რაც თურქეთს არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გახდის ერთ-ერთ ლიდერად, არამედ - ევროპისა და თვით აშშ-ისთვისაც კი ძალზე ანგარიშგასაწევ ძალად გადააქცევს.

თურქეთის სამხედრო გაძლიერების ერთ-ერთ მიმართულებას კი მისი სამხედრო-საჰაერო ძალების შემდგომი სრულყოფა წარმოადგენს.

დღეისათვის თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში 450-მდე საბრძოლო თვითმფრინავი მოიპოვება, რომელთაგან 270-მდე საბრძოლო მზადყოფნაშია, ხოლო 180-მდე კი - რეზერვში.

საბრძოლო თვითმფრინავების უდიდესი ნაწილი F-16-ის ტიპისაა, რომელთაგან 152 ერთეული თურქეთმა აშშ-ში 1987-1995 წლების პერიოდში შეიძინა, თუმცა 2011 წლიდან შეუდგა F-16-ების ადგილზე აწყობასაც, ამერიკული ლიცენზიის ფარგლებში.

თურქეთს სურდა, მეხუთე თაობის F-35 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავებითაც გაძლიერებულიყო, რისთვისაც ეს ქვეყანა გაერთიანდა F-35-ების შესყიდვის მსურველ სახელმწიფოთა რიგებში და თურქეთში F-35-ების რიგი მნიშვნელოვანი დეტალების სერიული წარმოებაც კი დაიწყეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერდოღანმა პუტინისგან რუსული С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინა (რითაც უკიდურესად გააღიზიანა ნატოელი პარტნიორები), ამერიკელებმა თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვა შეაჩერეს, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას წინასწარ უკვე ჰქონდა გადახდილი 1,4 მლრდ დოლარი, რომელიც ამერიკულ მხარეს ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია ანკარისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე F-35-ების შეძენა დაიბლოკა, თურქეთმა გადაწყვიტა უკვე არსებული F-16-ების პარკის გაზრდა და მოდერნიზაცია, რისთვისაც ისევ ამერიკელებს მიმართა.

2-erdogani-1685520017.png
F-16-ების ესკადრილიებს თურქეთის საჰაერო სივრცის დაცვის გარდა, სამეზობლოში წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენებაც შეუძლიათ...

ამჯერად ბაიდენის ადმინისტრაცია არ იყო წინააღმდეგი, F-16-ებით ვაჭრობა გაეგრძელებინა ანკარასთან, მაგრამ ამერიკელმა კონგრესმენებმა ულტიმატუმი წამოაყენეს - ჯერ თურქეთმა, როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, თანხმობა განაცხადოს ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე და მხოლოდ მას შემდეგ მივყიდოთ F-16-ებიო...

კრემლის გასახარად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაბლოკა ამ ორი ქვეყნის სურვილი, შესულიყვნენ ნატოში მოტივით, რომ ჰელსინკი და სტოკჰოლმი იფარავენ იმ ქურთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს...

ფინეთის საკითხი მალევე, დიდი პრობლემების გარეშე დადებითად გადაწყდა, თურქეთი დათანხმდა ამ ქვეყნის ალიანსში მიღებას, თუმცა როგორც ირკვევა, სამაგიეროდ, ამერიკელმა კონგრესმენებმაც აღარ ჩაშალეს 259 მლნ დოლარიანი გარიგება, რომლის ფარგლებშიც ანკარა ამერიკული მხარისგან ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას მიიღებს თავისი F-16-ების საბორტე კომპიუტერებისთვის, რაც საკმაოდ აამაღლებს მათ საბრძოლო შესაძლებლობებს.

მაგრამ თურქ გენერლებს უფრო მეტი სურთ, კერძოდ კი, 20 მლრდ დოლარის ღირებულების F-16-ების თანამედროვე მოდიფიკაციების პარტიის შეძენა, რაც უკვე ძალზე სერიოზული განაცხადია, რადგან თურქეთის საჰაერო ძალების შესაძლებლობები რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი გახდება და თითქმის გაუტოლდება ისრაელის სამხედრო ავიაციის ძალიან მაღალ საბრძოლო დონეს.

თუმცა ამერიკელ კონგრესმენებს ამჯერადაც კატეგორიული მოთხოვნები აქვთ - კეთილი ინებოს თურქეთმა და ჯერ დათანხმდეს შვედეთის ნატოს სრულუფლებიან წევრად მიღებას და მერე მივყიდოთ ახალი გამანადგურებლებიო, - აცხადებენ ვაშინგტონში.

ფინეთის შემთხვევისგან განსხვავებით, შვედეთთან მიმართებაში ბევრად უფრო რთული სიტუაციაა, რაც იმანაც გამოიწვია, რომ სტოკჰოლმის ცენტრში ქურთების პარტიების წარმომადგენლებმა ჯერ პრეზიდენტ ერდოღანის ფიტული დემონსტრაციულად ფეხებით ჩამოკიდეს, შემდეგ კი სკანდინავიელმა ექსტრემისტმა (რომლისკენაც, დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურების კვალი მიდის) ყურანი დაწვა, რითაც არა მარტო თურქების, არამედ - მთელი მუსლიმანური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია...

შვედეთის ხელისუფლებამ კი, დემოკრატიის პრინციპების დაცვის მოტივის მოშველიებით, არ აღკვეთა ეს ფაქტები და არც დაგმო, რამაც უკიდურესად გაართულა ამ ქვეყნის ნატოს რიგებში მალე მიღების პერსპექტივა, რადგან თურქეთი (და რატომღაც უნგრეთიც) ამას ეწინააღმდეგებიან...

ვნახოთ, როგორ დამთავრდება საერთაშორისო პოლიტიკური ვაჭრობის უმაღლესი პილოტაჟი - 20 მლრდ დოლარის ღირებულების F-16-ების თანამედროვე მოდიფიკაციების პარტიის მიღების სანაცვლოდ, დახუჭავს თუ არა შვედეურ „დემოკრატიაზე“ თვალს თურქეთის კვლავ არჩეული პრეზიდენტი ერდოღანი?!