"ჩემი კლიენტები არიან სექსუალური ნიშნით დევნილები, ყოფილი თანამდებობის პირები, პოლიციელები" - ქალი, რომელმაც ამერიკული სირთულეები დაძლია და ახლა იქ ჩასულ ემიგრანტებს ეხმარება
ბელა მაღლაფერიძეს სოციალური ქსელის მომხმარებელი კარგად იცნობს. შესანიშნავი იუმორის წყალობით წლებია, რაც ფეისბუქზე ცნობილი პერსონაა. 2019 წელს, ემიგრაციაში წასვლის მიუხედავად აქტივობა არ შეუწყვეტია და პირიქით, საკუთარ გამომწერებს ამერიკული ამბებით ანებივრებს. მისი მოკლე სტატუსები, გამოქვეყნებული ისტორიები ძირითადად იუმორისტული ხასიათისაა და ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში, თუმცა ამის უკან არც ისე მარტივი ემიგრანტის გზა დგას. ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ამერიკიდან უკან დაბრუნება უნდათ, რადგან ფიქრობენ, რომ ცხოვრება ვერ აიწყეს, ხშირად უყვება პირად მაგალითებს, თუ როგორი რთული პერიოდები ჰქონია.
ამბობს, რომ ამერიკაში ჩასვლისას ბევრი სამსახურის გამოცვლამ მოუწია. უმუშავია მომვლელად, დალაგებაზე და კურიერადაც კი, დღეს კი სხვებს ეხმარება. ამერიკაში ჩასული არალეგალი ქართველები ახლა მას უკავშირდებიან, რათა ოფიციალურად მოუგვაროს ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ბელას კლიენტები ქართველების გარდა, ბოლო დროს რუსეთიდან რასობრივი ნიშნით დევნილი ადამიანებიც არიან.
- ბელა, საქართველოს დატოვების შემდეგ შტატებში ჩასულმა რთული გზა გაიარე. მალე პანდემია დაიწყო, თუმცა როგორც მახსოვს, თქვენ როგორც არალეგალი არ ჩასულხართ.
- ნამდვილად რთული გზა გავიარე, მე, როგორც შრომით ემიგრაციაში მარტო წამოსულმა ქალმა, ოღონდ ემოციური კუთხით რთული. სამსახურის შოვნა არასდროს გამჭირვებია, ცხოვრების თავიდან დაწყება გამიჭირდა და ლეგალიზაციის მხრივაც მხოლოდ ემოციური ნაწილი იყო რთული და არა პროცედურული. ლოქდაუნის პერიოდში ჩემი დამსაქმებელი ჩეკებს მაინც მიგზავნიდა, ამ მხრივ გამიმართლა, არასდროს არცერთი ოჯახისთვის მხოლოდ დაქირავებული თანამშრომელი არ ვყოფილვარ.
- თავიდან თქვენი სამსახურებიც სხვა ემიგრანტებისას ჰგავდა, ძირითადად გიწევდათ მოხუცთან მუშაობა, თუმცა ეს არასოდეს დაგიმალავთ და ამაზე სოციალურ ქსელში ყოველთვის იუმორით წერდით ხოლმე
- პირველივე სამსახური ღამის ცვლაში ღამის თენება იყო მოხუცთან. ძალიან მიჭირდა ღამე მუშაობა, თან სხვისი სახელით ვმუშაობდი და ძილ-ბურანში ვერც ვხვდებოდი, რომ სახელი რომელსაც იძახდა, მე მერქვა. არასდროს დამიმალავს, რომ მოხუცთან ვმუშაობდი. ძალიანაც რომ მინდოდეს ტყუილს ვერც ვიმახსოვრებ და ვერც ვამბობ, ისედაც ჩემი სოციალური აქტივობიდან გამომდინარე, როგორ მომეჩვენებინა თავი, რომ რაღაცის დირექტორი ვარ. იუმორით ვწერდი და ძალიან გულწრფელად, არასდროს ყოფილა ისე, რომ თავი დამცირებულად მეგრძნოს იმის გამო, რასაც ვაკეთებ და ამ დროს სტატუსი დამეწეროს, რომ ბედნიერი ვარ. კი, სოციალური სტატუსის, მეგობრების, ცხოვრების სტილის და სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ამ ბოლო დროს ღირებულებების დათმობის ხარჯზეც მომიწია ემიგრანტობა, მაგრამ ასე ცალსახად უბედნიერესი ან უბედური არ ვარ. ეს ჩემი ცხოვრებაა, ყველა წუთს პატივს ვცემ, ყველა განვლილი დღე მეძვირფასება და ახლა რომ ვიხსენებ იმ მძიმე შრომას, რასაც პირველ წლებში ვეწეოდი, პირიქით, ვამაყობ რომ წარმოუდგენელი შევძელი და არასდროს არაფერი მითაკილია, სახლებიც დამილაგებია, მოხუცებიც დამიბანია, კურიერადაც მიმუშავია და მძიმე ჩანთები მითრევია, ყავის მომდუღებლადაც მიმუშავია. არასდროს მითქვამს სამსახურზე უარი იმის გამო, რომ შეუფერებლად მიმაჩნდა.
- ახლა თქვენ ეხმარებით სხვებს ლეგალურად ცხოვრებაში, ამ თემაზე ვისაუბროთ. როგორც ვიცი, სპეციალური კურსებიც გაიარეთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობის საშუალება შეგძლებოდათ.
- დიახ, ჩემი ჰობი - ადამიანების დახმარება, პროფესიად ვაქციე. ორი ვარიანტი მქონდა, ხალხის ნდობა და სიყვარული გამომეყენებინა უპირობოდ და უპასუხისმგებლოდ, ან მესწავლა და ისე გამეწია მათთვის მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ პარალეგალის პროფესიონალიზმის უდიდესი ნაწილი პრაქტიკული გამოცდილება და იმ ადვოკატის კვალიფიკაციაა, ვისი სუპერვაიზინგის ქვეშაც მუშაობს, მაინც სწავლა და სერტიფიცირება ვარჩიე, რადგან ასე უფრო დიდი შანსი მექნებოდა კარგ იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყების. ასეც მოვიქეცი, დავსახე გეგმა და რა თქმა უნდა, სისრულეში მოვიყვანე 1 წელში.
- ამჟამად ამერიკაში მოსახვედრად ყველაზე პოპულარული გზა, არალეგალურად მექსიკიდან შემოსვლაა. ცხადია, ყველა ვერ ახერხებს შემოსვლას, რაზეა დამოკიდებული, იმ ადამიანზე, ვისაც გარკვეულ თანხას უხდიან თუ გამართლებაზე?
- შემოსვლას რაც შეეხება, მე არათუ კავშირი, არამედ ინფორმაციაც კი არ მაქვს შემოსვლის გზებზე. ჩემი ინფორმაციის ძირითადი წყარო ის ადამიანებია, ვისაც მომსახურებას ვუწევ და არც მათთვის მიკითხავს, ვინ და რა გზებით დაეხმარა, ამ კითხვებზე პასუხი მათ სასამართლოზე მოუწევთ. პრინციპში, მე რას ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამერიკის საიმიგრაციო სამსახური ე.წ „სმაგლერებს“ ძალიან ხშირად ახსენებს, როგორც უკანონო მიგრაციის ხელშემწყობებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ეხმარებიან საზღვრამდე მოსვლაში. შემოსვლას რაც შეეხება, ამას მხოლოდ საიმიგრაციო ოფიცერი წყვეტს და არსებული საიმიგრაციო კანონი. (გააგრძელეთ კითხვა)