"ჩემი ოცნებაა რეაბილიტაცია გავიარო, იქნებ შევძლო და ეტლში დამოუკიდებლად ჩაჯდომა მაინც მოვახერხო. ყველგან ნაწოლები გამიჩნდა"
"ჩემო ძვირფასებო, ვინც ამას კითხულობთ, მოგმართავთ, სიკეთე უკან ბრუნდება. მე ვარ ირაკლი გელაშვილი. ვიბრძვი, რომ როგორმე ეტლში დაჯდომა დამოუკიდებლად შევძლო. მეც ისევე ვცხოვრობდი, როგორც ყველა თქვენგანი, მაგრამ ერთმა საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება...
გადმოვვარდი სიმაღლიდან, დამიზიანდა ხერხემალი და მას შემდეგ საწოლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ყოველი ლარი და თეთრი მნიშვნელოვანია, რომ საწოლი შეცვალოს სავარძელმა, ერთ ოთახში არ ვიყო გამოკეტილი და ჰაერი ჩავისუნთქო.
შენი ერთი ლარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კეთილი ადამიანი, საბედნიეროდ, ძალიან ბევრია, მე ამის მწამს", - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი გელაშვილი და დახმარებას ითხოვს.
38 წლის ირაკლი გელაშვილი:
- 5 წელია, ლოგინად ვარ ჩავარდნილი, წელს ქვევით მოწყვეტილი ვარ, ჩემს უბანში, ავჭალაში, უცებ თავბრუ დამეხვა და სიმაღლიდან გადავვარდი, ხერხემალი და მალები დამიზიანდა, მას მერე გადაადგილება არ შემიძლია... მძიმე დღეები გამოვიარე. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის და გამოსავლის ძიება დავიწყე. ვფიქრობდი, როგორმე საფრანგეთში ჩავსულიყავი, მეგონა, იქ დამეხმარებოდნენ.
ეტლში ჩავჯექი და წავედი საფრანგეთში, ჩავბარდი, თავშესაფარში მიმიყვანეს, სისუფთავე იყო, კვებაც, მაგრამ ვერ ვჭამდი მათ მოტანილ საჭმელს. არ იყო ისეთი, რისი ჭამაც ჩემთვის შეიძლებოდა, მაგალითად, რძის პროდუქტებს ვერ ვჭამ. თავშესაფარში სისუფთავის მხრივ კარგი სიტუაცია იყო, დასუფთავება, მოვლა, მოწესრიგება შედიოდა, ეტლში ჩამსვამდნენ დილით და საღამოს 9 საათზე გადამსვამდნენ საწოლში.
რეაბილიტაციისთვის არ ჩამტარებია პროცედურები. 9 თვე ასე გავატარე, მერე ისევ ხალხის დახმარებით დავბრუნდი საქართველოში, რადგან მივხვდი, იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. რეაბილიტაციისთვის არაფერი მიკეთდებოდა. აქ გაირკვა, რომ სულ ნაწოლები მქონდა საჯდომზე, რამდენი თვეა ვმკურნალობ, რომ როგორმე მოვირჩინო, ახლა მორჩენის პირას ვარ და იმედია, მოშუშდება ეს დაზიანებები. ფეხზეც გამიჩნდა ნაწოლები, მაქვს ღრმა ჭრილობები.
აქ ჩემი ძმა მივლის, დაც მყავს, მაგრამ და მუშაობს, უფრო შორს არის და ყოველდღე ვერ მოდის ჩემთან. სულ ძმა მივლის, ამიტომ, ის ვერ მუშაობს, რადგან მე ვერ მტოვებს. ვცხოვრობ ჩემს ძმასთან, არც სახლი მაქვს, არც - კარი. ერთი ნაკვეთი მქონდა და ისიც გავყიდე, სამკურნალო ფული რომ მჭირდებოდა.
ახლა ყველაზე მეტად მჭირდება რეაბილიტაცია. ამისთვის საჭირო თანხები კი არ მაქვს.
მთავარია, რეაბილიტაცია ჩამიტარდეს და ის მაინც შევძლო, რომ ეტლში ჩაჯდომა დამოუკიდებლად მოვახერხო. როცა ექიმმა ოპერაცია ჩამიტარა, მაშინ მითხრა, რეაბილიტაციას თუ ჩაიტარებ გაივლი კიდევაცო, მის ამ სიტყვებს უკვე წლებია ვებღაუჭები. ეს გარანტია მაშინ მომცეს.
2019 წელს ჩამიტარდა ხერხემლის ოპერაცია რკინიგზის საავადმყოფოში. რეაბილიტაციისთვის სხვა კლინიკას მივმართე, კალკულაციაც გამიკეთეს - 130 ლარი მოითხოვეს ერთ პროცედურაში, მაგრამ ვერც გადავადგილდები ავჭალიდან იმ კლინიკამდე, ძალიან შორია, მანქანაში ვერ ვჯდები, ყველა ჯერზე რეანიმობილს ხომ არ ვიქირავებ? 100 ლარი ჯდება გამოძახება, უკან წამოსვლას კიდევ 100 ლარი უნდა, ეს თანხა რით უნდა გადამეხადა და უარი ვთქვი.
თანხა რომ მქონდეს, 130 ლარში, თურმე სახლშიც მოდიან, მასაჟებსაც აკეთებენ და ელექტროფორეზსაც, მაგრამ მე ეს თანხა არ მაქვს. არანაირი საშუალება არა მაქვს ამ პროცედურებისთვის.
ჩემი ოცნებაა რეაბილიტაცია გავიარო, იქნებ შევძლო, ან ელემენტარულად, დამოუკიდებლად ეტლში ჩაჯდომა მაინც მოვახერხო. 9 თვე ვიყავი საფრანგეთში, აქედან რომ წავედი, არც ერთი ნაწოლი არ მქონდა და რომ ჩამოვედი, ქუსლები საერთოდ მოჭმული მაქვს, ზურგი, ყველგან ნაწოლები გამიჩნდა.
ძალიან მერიდება, მაგრამ ისევ თხოვნით უნდა მივმართო საზოგადოებას, თითო ლარით ვისაც შეგიძლიათ დამეხმაროთ, ამ თანხას რეაბილიტაციისთვის გამოვიყენებ, რომ დავიწყო მკურნალობა ჭრილობებზე და შემდეგ მასაჟი.
მადლობას გიხდით ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და დამეხმარეთ.
თიბისი, #GE88TB7048045068100008 მიმღები ირაკლი გელაშვილი
საქართველოს ბანკი#GE36BG0000000698240500 მიმღები ირაკლი გელაშვილი
ლიბერთი ბანკი GE41LB0211153697373000 მიმღები ირაკლი გელაშვილი
პ/ნ 01001068972 მიმღები ირაკლი გელაშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)