"რცხვენოდეს, რომ ასე გამიმეტა. უფლის სასჯელის ეშინოდეს!"
ახალგაზრდა ქალის გულახდილი ინტერვიუ
ლალი 24 წლის იყო, მეუღლეს რომ გაშორდა, მას შემდეგ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ერთ დღეს, ხელბორკილები დაადეს და ციხეში აღმოჩნდა. იქ ყოფნის დროს გაიგო, რომ სამი თვის ფეხმძიმე იყო და ძალიან განიცადა ციხეში რომ უწევდა ყოფნა. პატარა ბიჭუნას დედა გახდა. ღუდუშაურის საავადმყოფოში იმშობიარა, სხვა დედებისგან განსხვავებით, მის პალატას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები იცავდნენ.
რამდენიმე დღეში დედა-შვილი საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ ისინი სახლში არ წასულან, რუსთავის ქალთა #5 დაწესებულებაში დაბრუნდნენ და გარკვეული დროით, მას ციხეში მოუწია შვილთან ერთად ყოფნა. თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული. ფეხმძიმობის ამბავი ციხეში მოხვედრის შემდეგ შეიტყო, კარგა ხანს უმალავდა ოჯახს ამას, ოჯახს რომელიც მისი დაკავებით შოკირებული იყო. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო მისმა მშობლებმა, რომ მეორე შვილს აჩენდა.
ლალი:
- სიყვარულით შეიქმნა ჩემი ოჯახი, მაგრამ მეუღლეს გავშორდი, მაშინ არ ვიცოდი ფეხმძიმედ რომ ვიყავი. ჯერ ოჯახი დანგრევის სტრესი არ მქონდა გადატანილი, რომ ციხეში მოვხვდი და საკანში გამომკეტეს. ასე მეგონა ცა ჩამომექცა თავზე. სულ ვტიროდი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ძალიან გამიჭირდა, ჰაერი არ მყოფნიდა, იმდენად ცუდად გავხდი, ექიმს ვთხოვე ანალიზები აეღო, მაშინ გაირკვა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ეს სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის. დახურულ დაწესებულებაში 10 დღე გავატარე, მერე რეჟიმი შემიცვალეს და ღია დაწესებულებაში გადამიყვანეს, რადგან სამი თვის ორსული ვიყავი, ყველანაირ გამოკვლევებს მიტარებდნენ. დედათა და ბავშვთა შენობაში ვიყავი, ცალკე იდგა ეს შენობა და სულ სხვა გარემო იყო, ცალკე ოთახი, საერთო სამზარეულო, პატარა ეზო ბავშვის სათამაშოებით, აქ გავატარე ორსულობის დღეები, ორი პატარა იზრდებოდა იმ დროს იქ და იმათმა გადამატანინეს ეს სტრესი, მერე ისე გაიარა ამ დღეებმა, საერთოდ არ მიგრძნია. მშობიარობის მერე ჩემს შვილთან ერთად ისევ იქ მომიწია დაბრუნება. ეს თავიდან ძალიან განვიცადე, მაგრამ მერე ისე ჩავერთე ჩემი შვილის აღზრდაში, რომ მივეჩვიე. კანონით სამი წლამდეა დედა ციხეში თავის შვილთან, სამი წლის მერე ბავშვი გაჰყავთ, მაგრამ მე გამიმართლა. 3 წელი მომისაჯეს და დარჩენილი 2 წელი პირობითი სასჯელი მქონდა. ეს სამი წელიც ბოლომდე არ მომიხდია, რადგან ბავშვია ვიყავი პრეზიდენტის შეწყალებით გამოვედი. იქიდან გამოსვლის შემდეგ მე და ჩემმა შვილებმა თავიდან დავიწყეთ ახალი ცხოვრება. სახლში მეორე შვილი მელოდებოდა და ახლა ჩემს ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ეს ამბავი წლების წინ იყო, მაგრამ ციხეში გატარებული პერიოდი თავს ყოველთვის მახსენებს. მე იქ არ უნდა მოვხვედრილიყავი, მაგრამ სხვის დაგებულ მახეში გავები. ამაზე ამიერიდან საუბარი არ მინდა, ჩავლილია. იმას განვიცდიდი, რომ ჩემი უფროსი გოგონა მარტო იზრდებოდა, ის დედაჩემთან იყო და ვიცოდი არაფერს დააკლებდა, მაგრამ ჩემი სითბო და სიყვარული აკლდა. ყველაზე მძიმე იყო ციხეში რომ მოიყვანდნენ ჩვენი დაშორება. ამის ატანა არ შემეძლო და ამიტომ ციხეში ყოფნის დროს სულ ორჯერ ვნახე ჩემი შვილი. უკვე დიდი გოგოა, მომავალ წელს სკოლას დაამთავრებს და დღეს ძალიან ბედნიერი დედა ვარ, რომ ორი შვილი მყავს. მე ვმუშაობ სალონში და მაქსიმალურს ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის. ბინა კი მქონდა და ახლა სამივე ერთად ვცხოვრობთ. სიმართლე რომ გითხრათ, გარეთ რომ ვყოფილიყავი, ჩემი მეორე შვილი არ გაჩნდებოდა, რადგან მეუღლესთან ახალი გაშორებული ვიყავი. ალბათ უფლის ნება იყო ჩემი იქ მოხვედრა, რომ ჩემი შვილიც გაჩენილიყო. უფალს მადლობა იმისთვის, რომ დღეს მეორე შვილი მყავს.
- ციხეში რა ბრალდებით იყავით?
- ვერ ვიტყვი, რომ დამნაშავე არ ვარ, თაღლითობის ბრალდებით დამაკავეს, მაგრამ მე სხვისი ჩადენილი დანაშაული ჩემს თავზე ავიღე და მე დამიჭირეს. იმან კი სიმართლე არ თქვა, უფრო მეტიც საერთოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ერთი არ მოვუკითხივარ მას შემდეგ არც ციხეში და არც იქიდან გამოსვლის შემდეგ დამლაპარაკებია. მერე გავიგე, რომ იტალიაში წავიდა სამუშაოდ. თავიდანვე უნდა მეთქვა სიმართლე. ახლა იმას განვიცდი ასეთი ადამიანი რომ იყო ჩემი მეგობარი. მე არ უნდა ამეღო სხვისი დანაშაული, მაგრამ მაშინ მას 2 თვის პატარა ჰყავდა და ძალიან შემეცოდა. ერთად ვიყავით სულ და ჯოხი ჩემზე გადატყდა. მე რომ მცოდნოდა ორსულად ვიყავი, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, მაგრამ მერე უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. მე და ჩემს შვილს იქ ძალიან კარგად გვივლიდნენ, ერთადერთი, როცა ეზოში გავდიოდი და გისოსებს ვხედავდი, მაშინ ვხვდებოდი ციხეში რომ ვიყავი, თორემ ძალიან კარგი პირობები იყო. კარგი დამოკიდებულება ადმინისტრაციის მხრიდან, მათ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანეს და მეხმარებოდნენ. ყველა ბავშვიან დედას თავისი ოთახი გვქონდა და ჩვენს შვილებთან ერთად იქ ვიყავით. ყველა საჭირო ავეჯით იყო აღჭურვილი იქაურობა, გვქონდა პატარა სამზარეულოც.. გვქონდა ეზო, სადაც ჰაერზე გაგვყავდა ბავშვები. მათთვის სათამაშოებიც იდგა ეზოში. ჩემი პატარას საბავშვო ეტლით ვასეირნებდი ხოლმე. მართალია სხვების მსგავსად დიდხანს არ ვყოფილვარ საკანში გამოკეტილი, მაგრამ მართლა ვნანობ რომ იქ მომიწია სამი წლის გატარება. ალბათ საკანში ვერ გავძლებდი, ჩემმა შვილმა გადამატანინა ყველაფერი, არავინ იცის ვის რას უმზადებს ბედი და ვინ სად აღმოჩნდება.
- მეუღლეს რატომ დაშორდით?
- რომ დამიჭირეს მაშინ 3 თვის დაშორებულები ვიყავით, ის წამალდამოკიდებული იყო და მივხვდი მასთან ცხოვრება არ შემეძლო. აგრესიულიც იყო, მე მთხოვდა ფულს, ვმუშაობდი და სახლში დაღლილი რომ მოვიდოდი ან გათიშული მხვდებოდა. ან აგრესიული. სახლიდან ყველა ნივთი გაიტანა. მივხვდი ასე ცხოვრება აღარ შემეძლო. მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და წამოვედი ჩემს მშობლებთან. მერე გაირკვა, რომ მისგან მეორე შვილს ველოდი. მან ეს ამბავი ჩემი ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაიგო. ბავშვებთან ურთიერთობა აქვს, არა ხშირად, მაგრამ პერიოდულად ნახულობს. მას ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, რომლებთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს შენარჩუნებული. ჩვენს დაშორებაში ისინი მე არ მადანაშაულებენ, რადგან კარგად იციან თავიანთი შვილის პრობლემები. ბევრჯერ სცადა დედამისმა რომ მდგომარეობიდან გამოეყვანა, კლინიკაშიც წაიყვანა ჩემი ყოფილი ქმარი, უმკურნალა, მაგრამ მან ისევ დაიწყო წამლის მოხმარება. დედამთილს ხშირად მიჰყავს ბავშვები და ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ ისინი... ჩემი მშობლები ამ დრომდე მეხმარებიან. მე ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი მაქვს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ საჭიროებებთან, რაც ორ ბავშვს სჭირდება. ფინანსურად ძირითადად მამაჩემის კმაყოფაზე ვარ. ძალიან კარგი მშობლები მყავს და დედაჩემი ყველაფერში მიწყობს ხელს. ჩემი შვილების გარეშე ერთი დღეც არ შეუძლიათ ყოფნა. ძალიან კარგი შვილები მყავს და ამით ვარ ბედნიერი. ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მომიწყო, მაგრამ ჩემი ოჯახის გვერდში დგომით მე ეს გადავლახე. ყველაზე მთავარი ოჯახის მხარდაჭერაა, რომ არა მათი გვერდში დგომა, არ ვიცი როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ჩემი ოჯახის წევრებმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაიგეს, რომ მე სხვისი დანაშაულის გამო ვიყავი იქ გამოკეტილი. თუ ის ამ სტატიას წაიკითხავს, მხოლოდ ამას ვეტყოდი, რცხვენოდეს, რომ ასე გამიმეტა. უფლის სასჯელის ეშინოდეს. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და დღეს ჩემთვის მთავარი მხოლოდ ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის კარგად ყოფნაა. ბევრჯერ დავეცი და ბევრჯერ წამოვდექი ფეხზე, ახლა კი ბედნიერი ვარ ჩემი შვილებით და მათი წარმატებებით ვხარობ.
(სპეციალურად საიტისთვის)