როგორი შეიძლება იყოს ქალაქი ბავშვების გარეშე? - კვირის პალიტრა

როგორი შეიძლება იყოს ქალაქი ბავშვების გარეშე?

იმ დღეს საშინლად წვიმდა და მოვრბოდი თავქუდმოგლეჯილი. მოვრბოდი სახლისკენ, წვიმის გამო არა, იმ ამბის გამო, რომელმაც იმ დღეს მსოფლიო შეძრა. როგორც კი ოთახში შევედი BBC-ის არხი ჩავრთე და მუხლებზე დავეშვი. ეს ის დღე იყო, სირიაში პირველად, ქიმიური იარაღი, რომ გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ასობით ბავშვი დაიხოცა. იმავე დღეს 13 ათასი ბავშვი მიაწყდა სირიის საზღვარს და ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ეს იყო საოცარი კადრი, ზემოდან გადაღებული, ყველა ტიროდა, ხმამაღლა ყვიროდა, ყველა ფეხშიშველი, ჭუჭყიანი და სისხლიანი იყო... საკუთარი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.

მაშინ გავიფიქრე - როგორი შეიძლება იყოს ქალაქი ბავშვების გარეშე?

ომის გარეშე, გაჭირვების გარეშე დღეს ბევრი ამბობს უარს ბავშვის ყოლაზე. თანამედროვეობაში არაერთი ირჩევს უბავშვო ოჯახს. სხვადასხვა მიზეზით და უდროობის გამოც, უარს ამბობენ ბავშვზე, როგორც ზრუნვის ობიექტზე. დრო აჩქარდაო, ბევრი საქმეაო, სინამდვილეში არსადაც არ წავსულვართ, არც დრო აჩქარებულა... ჩემი ინგლისელი თანამშრომელი ჯონი მეუბნება: „ჩემი მეუღლე ზუსტად ქორწილის დღეს შემითანხმდა, რომ უარს ამბობს ბავშვის ყოლაზე. მისი გაზრდის თავი არ მაქვს. თუ, ჩვენს გარდა დამატებით ვინმე გინდა, ძაღლი ან კატა ვიყოლიოთ...“ მაშინ გამიკვირდა ჯონის ეს ნათქვამი. დღეს კი, ბევრისგან მესმის და აღარ მიკვირს. ზრუნვის ობიექტის ჩანაცვლება ხდება ძაღლით, ან კატით...

და, როგორი შეიძლება იყოს ოჯახი ბავშვის გარეშე?

არც მშობიარობის ტკივილების განცდის სურვილი აქვთ... ჩემი სტუდენტობის პერიოდში ვიცოდი, რომ „საკეისრო კვეთა“ ისეთს შეეძლო გამოეყენებინა, რომელსაც ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს ბუნებრივი მშობიარობისთვის. თანაც, ვწუხდით - პირველივეს, რომ „საკეისროთი“ აჩენს, გამოდის, რომ ორზე მეტი ბავშვის ყოლას ვერ შეძლებსო... დღეს, გინდა ერთზე მეტი გააჩინე ასეთი გზით, ერთგვარი კომფორტის გზაა, უმტკივნეულო... ხელოვნურ საშვილოსნოზეც ბევრს ლაპარაკობენ მეცნიერები და ახლა, ამის განხილვის დრო არ მაქვს.

ერთ ტელე-გადაცემაში მრავალშვილიანობის საკითხს საკმაოდ ზერელედ განიხილავდნენ. აი, უგანდაში ბევრი შვილი ჰყავთ და თქვენ სად ისურვებდით იცხოვროთ, აფრიკაში თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში? მხოლოდ გაჩენა ხომ არ არის, მთავარი აღზრდააო... უკაცრავად, მაგრამ ერთი და ორშვილიანი ოჯახებიც მინახავს კრიმინალი შვილებით. დღეს, განვითარებული ქვეყნებიც ამბობენ უარს ბავშვზე. “Child- free” საზოგადოება უკვე მოდაა. ბოლო კვლევების მიხედვით, ვინც ამბობს ჯერ კარიერას მივხედავ და მერე გავაჩენ ბავშვს, 100 პროცენტი თითქმის შვილის გარეშე რჩება... რაღა შორს წავიდე, მაგალითად მე! „ჯერ სწავლა დავასრულო“ „ჯერ უმაღლესში ჩავაბარო...“ სისულელეა.

მშვენიერი დახმარება ეძლევათ ამერიკაში მარტოხელა დედებს, ასევე წახალისებული არიან ბრიტანეთშიც ისინი. არ ვიცი რა თანხას იღებს მარტოხელა დედა საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად მრავალშვილიანი ოჯახების სიდუხჭირეს ვუყურებთ ეკრანებზე...

სამაგიეროდ, ვიცით რომ 1950 წლიდან მსოფლიო 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უერთდება ამ დღეს, მაინც რჩება ერთ-ერთ პრობლემურ ქვეყნად ამ მხრივ. პრობლემები მხოლოდ „მიუსაფარ ბავშვებში“ არ არის, თანამედროვე სკოლებსა თუ ოჯახებში მრავლად გვხვდება უხეში დარღვევები, ფსიქოლოგიური ძალადობის, არასწორი აღზრდის, არასრულწლოვანების ექსპლუატაციის, საბაზისო განათლების ვერ მიღებაში... ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ამ მიმართულებით.

„ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური, კულტურული და სოციალური განვითარების მიუხედავად, ჩვენ ყურადღების მიღმა დაგვრჩა ყველაზე ფუნდამენტური ფაქტი: თუ ბავშვები ცუდად იკვებებიან, ისინი ცუდადაც ცხოვრობენ“, - თქვა კეტრინ რასელმა, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი თქმით: 3-დან 1 ხუთ წლამდე ბავშვი კვების დეფიციტს განიცდის, ხოლო 3-დან 2 ორ წლამდე ბავშვი არასაკმარისად იკვებება მსოფლიოში...

პრობლემა მრავალმხრივია და მუდმივი საკვლევი. მე კი ბავშვებზე მინდოდა მეთქვა რამდენიმე თბილი სიტყვა.

ბავშვებზე, რომლებიც ასე მიყვარს და ასე, ძალიან "მშურს" მათი, როცა საკუთარი ნახატის სჯერათ, ან წარმოსახვის ან სასწაულის. სჯერათ ბედნიერების და ამ ბედნიერებას თავად ქმნიან... როგორ საჭიროა დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ საკუთარი თავის რწმენა. და, რა პრობლემაა მათი აზრების გაზიარება, მათი გულისტკივილის გულისყურით მოსმენა, მათ უფლებებზე სერიოზულად დაფიქრება?...

უფროსებო! დიდებო! მოაზროვნე ადამიანებო! შეინახეთ ის სამყარო, რომელიც თქვენს სიღრმეშია დაფარული, უწოდეთ მას როგორც გნებავთ, თუნდაც ბავშვობის მოგონება, ის ხომ ჩვენი ცხოვრების სუფთა და ლამაზი პერიოდია. ჰაინე ამბობდა, რომ ბავშვი ქმნის ჰარმონიას ოჯახსა და საზოგადოებაში. გენიალური ჩაპლინი თავის ახალგადაღებულ კომედიურ ფილმებს პირველად ბავშვებს უჩვენებდა, მათი გულწრფელი, უშუალო რეაქცია აინტერესებდა.

გერმანიის პატარა ქალაქში დღემდე იხდიან იმ ბავშვებისადმი მიძღვნილ ზეიმს, რომლებიც შუა საუკუნეების დროს, ოცდაათწლიანი ომის პერიოდში, გალავანთან დახვდნენ დაუნდობელ ლანდსკნეხტებს და ხელი ააღებინეს ქალაქის მოსპობაზე. ბავშვის ცრემლმა მათი ქვის გულიც კი მოალბო.

ბავშვს არ შეუძლია "დიდივით" ფიქრობდეს, მაგრამ შეუძლია თავისებურად ბავშვურად ჩასწვდეს უფროსების სერიოზულ პრობლემებს...

ერთი ვიცი, ამ ღმერთდაკარგულ სამყაროში თუ ბევრ რამეს ბავშვის თვალით არ შევხედავთ, თუ გულწრფელობას და სამართლიანობას დავკარგავთ მგონი, ყველაფერს დავღუპავთ დედამიწაზე. ბავშვი ხომ მარადიული სასწაულია თავისი შეურყვნელი ცნობიერებითა და იმპროვიზაციის ულევი ნიჭით.