"აქ სამოთხე არ არის..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი 6-თვიანი საიმიგრაციო ციხიდან გამოსვლის შემდეგ... - კვირის პალიტრა

"აქ სამოთხე არ არის..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი 6-თვიანი საიმიგრაციო ციხიდან გამოსვლის შემდეგ...

"გზის" რესპონდენტი, რომელიც თავის ფათერაკიან თავგდასავალს გვიყვება, ერთ-ერთია ასობით ქართველს შორის, რომლებიც ემიგრაციის გზას დაადგნენ. მან ვაშინგტონის, ტაკომას საიმიგრაციო ციხე რამდენიმე დღის წინ, 20-ათასდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა, რის შემდეგაც ამერიკაში მისი ცხოვრების კიდევ ერთი მძიმე ეტაპი დაიწყო.გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ირაკლი, 34 წლის:

"ძველი კადრები, რომლებსაც საქმის გაკეთება შეგვეძლო, ცოტანი ვიყავით განყოფილებაში, მაგრამ ხვალ-ზეგ "რამის შეცვლის" იმედით, წლები გავიდა და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო და ქვეყანა უნდა დამეტოვებინა. ოჯახის წევრებთან ერთად დავიწყე ფიქრი, რა გზას დავდგომოდი. ცოლ-შვილი არ მყავს და ჩემი "განაცხადი" დედ-მამისთვის შოკი აღმოჩნდა: უკვე 30 წელს გადაცილებული ხარ, გვეგონა, ოჯახზე ფიქრობდი, შვილიშვილი გვინდა, სანამ შეგვიძლია, ბებია-ბაბუობა გვაღირსეო... არც ჩემს დას ჰყავს ოჯახი. ამ მხრივ მშობლები მართლაც მეცოდებოდნენ. დედამ იცოდა, რა ჯოჯოხეთურ პირობებში მიწევდა მუშაობა: ცვლიდან დაბრუნებულს, ყველაფერი სახეზე მეტყობოდა, მაგრამ ქვეყნიდან ჩემი წასვლა მაინც არ უნდოდა. შეყვარებული გყავს, ხელი მოაწერეთ და ერთად წადით, იმას აქ ტოვებ, შენ იქ რა გელოდება, არ იცი; არც ის, როდის დაბრუნდები და ის გოგო რა გზას დაადგება, ასე თავმოუბმელად როდემდე უნდა იყოო?!."

"ვიპოვე "გადამყვანი" და "სპონსორი", რომლებსაც წინასწარ გადავუხადეთ თანხის ნაწილი, "გადამყვანს" - ნაწილი, "სპონსორს", რომელიც იქ 15 წელზე მეტია ცხოვრობს, სრული თანხა - 10 ათასი დოლარი. ის ნათესავების ჩარევით ვიპოვეთ და როგორც გვითხრა, "იაფი გამოგვართვა, რადგან პირველად იღებდა ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე..." ჯერ ესპანეთში ჩავფრინდი, შემდეგ - მექსიკაში, ქალაქ მეხიკალეში, იქიდან რამდენიმე საათი მანქანით მატარეს სხვებთან ერთად და რაღაც საზღვრისპირა დასახლებაში გადაგვიყვანეს, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დამხვდა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო. გარშემო ნამდვილი ანტისანიტარია გახლდათ..." "ზოგი რამდენიმე დღის შემდეგ გაუშვეს, მე ბორკილდადებული ვაშინგტონში, ტაკომას ციხეში გადამიყვანეს და იქ გავიგე, რატომ: ჩემს სპონსორს, რომელსაც თანხა ჯერ კიდევ საქართველოდან წამოსვლამდე გადავუხადე, ამერიკულმა საგადასახადო სისტემამ დარღვევა აღმოუჩინა, თურმე აშშ-ში ჩასვლიდან პირველ წლებში სახელმწიფოს გადასახადებს უმალავდა. იქ კი, სისხლის სამართლის დანაშაულს უფრო იოლად გაპატიებენ, ვიდრე ამას... აქ დამკვიდრებული წესის თანახმად, ახალი "სპონსორის" პოვნაზე უნდა ეზრუნა, მაგრამ აქეთ გაგვიბრაზდა, შარში გამხვიეთ, სასამართლო და ყადაღის დადება მემუქრებაო... არ ვიცი, როგორ მოაგვარა თავისი საქმე, მაგრამ მაშინ, როდესაც ციხეში ვიჯექი, ჩემს ოჯახს კომპენსაციას სთხოვდა: ადვოკატი უნდა ავიყვანოო..."

"ციხეში დარჩენა უკვე გაუსაძლისი იყო. ბოლოს ისეთი ქართველი შემოიყვანეს, რომლის გამოც სხვა ქართველებმა სხვაგან გადაყვანა ითხოვეს. ციხიდან ცდილობდა, საქმე ისე მოეგვარებინა, რომ გარეთ მყოფებისთვის ფული შეეწერა. პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. მას და კოლუმბიელებს რამდენჯერმე დიდი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ და სამწუხაროდ, ქართველი ყველა შემთხვევაში მტყუანი იყო. ისინი შეჰპირდნენ, რომ ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი