რობოტიზაცია
(უფანტასტიკურესი მოთხრობა)
ნაწყვეტი წიგნიდან XXI საუკუნის ქართული მოთხრობა
ტომი 2
ესე იგი - მე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა, ერთ ნარიჟრაჟევს, სამსახურში აერომობილით გაფრენამდე, ინტერნეტში ბოდიალისას რაღაც კვანტური დიეტის სარეკლამო ბანერს მივყევი და უცნაურ საიტზე აღმოვჩნდი.
საიტი თეთრად ქათქათებდა. შუაგულ ცენტრში წვრილად მიწერილის თანახმად, თბილისის `ნ.ა.ს.ა.ს" ოფისი შევსებული კითხვარის პასუხებზე დაყრდნობით ირჩევდა ადამიან-დონორებს ერთკვირიანი ექსპერიმენტის ჩასატარებლად (და რაც მთავარია - ძალიან კარგად იხდიდნენ!!!). ექსპერიმენტს ბაქტეოროლოგიური ფარმაკოლოგიის სურნელი ასდიოდა (სპეციალური აბების პრეორალური გზით მიღება და ასე შემდეგ - ეგ აღარ წამიკითხავს), შესავსები კითხვარი კი, მეტად პრიმიტიულად გამოიყურებოდა, ანუ, ორმოც ტიპობრივ კითხვაზე პასუხების გაცემა მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას არ გამჭირვებია - უცებ შევსებული მაშინვე უკან გადავაგზავნე.
- საუზმე რა ხანია მზადაა, ლელაიე-მასწ! - მხიარულ-დასავლურად მიხმო წინსაფრიანმა თანამეცხედრე გოჩიმ ოთხ სულზე გაშლილ მაგიდასთან.
ჩვენი საერთო პირმშოები - თიკნა და ნიკალე უკვე სუფრას უსხდნენ და ერთმანეთს თვალების დაელმებაში ეჯიბრებოდნენ.
- არ ვიცი... უკვე აღარაფერი არ ვიცი!.. - ხელების ნერვიული ფშვნეტით ჩამოვუჯექი მე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა, მაგიდას. - შენ არ მოდიხარ, გოჩი?! თუ მოპატიჟების ელმესიჯი გამოგიგზავნოთ?! - გავძახე მეუღლეს.
- მაცალე, გოგო! სილიკონის სალფეტკებს და ბიოსამარილეს გამევიყოლებ და მევეთრევი, მა სა ფარცხანაყანევში წავალ!!!
- თქვენ კიდევ, რას გავხართ, რას?! - დავკივლე დაელმებულ შვილებს და მაგიდას ხელისგული მკაცრად დავკარი.
ბავშვებმა `ელამობანა" მყისვე შეწყვიტეს და მზერა გაისწორეს.
- ჩემი გაკვეთილი გაქვთ დღეს რომელიმეს?! - შევეკითხე შვილებს საუზმის დასრულებისას. თიკნამ და ნიკალემ ერთდროულად გააქნიეს თავები.
- წესიერად მოიქეცით ორივე! არ გავიგონო ვინმემ რამე მითხრას ლიცეუმში! და კიდევ - აეროგეოგრაფიას ნუ ემაიმუნებით მთელი კლასი! - წამოვდექი მე სკამიდან. - წავედით! გახდა ცხრა საათი!! სადაა აერომობილის პულტი?!
* * *
პასუხი მეორე დილით, ელექტრონულ ფოსტაზე მოვიდა. მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას 13:00-ზე ოფისში მიბარებდნენ. მისამართი: სავაჭრო ცათამბჯენ-ცენტრის მეოთხე სართული. 310-ე ოთახი. გახარებულმა მსუბუქად ავტლინკე ხელ-ფეხი, მივიღე გამაჯანსაღებელი გეოშხაპი და სამზარეულოსკენ ხაოიან ხალათში გამოხვეული ფეხშიშველი გავტანტალდი. თანამეცხედრე გოჩის უკვე გაეწყო საუზმე ორისთვის.
- ნადირები უჭმელი გაუშვი?
- მაგენი `სიქს-დე-პარკში" გაშპნენ დილიანად... გასართობათ! - თანამეცხედრე გოჩიმ ჩაი ჩამოასხა და პურიანი ლანგარი მომიჩოჩა. - კვირე როა დღეს, მაგი თუ გახსოვს?.. დეისვენონ პაწა!
- ეჰ, მალე ხომ მეც დავისვენებ და მოვასვენებ ყველას! - ამოვიოხრე სევდიანად.
- რაიო?! - შეხტა ლამის გაკვირვებისგან წინსაფრიანი გოჩი.
- თავის მოკვლაზე მეფიქრება სულ, გოჩი! - მოწყენილი სახე მივიღე მე. - სექტემბრიდან ყველა სასწავლებლის რობოტიზაციაო! გვიშვებენ სახლში პედაგოგებს! განათლების სისტემის მსოფლიო პროგრამაა! სამაგიეროდ, დამსახურებული პენსია გვექნება დანიშნული სიკვდილამდე, მაგრამ კაპიკები!.. ყველა მასწავლებელი უვადო შვებულებაშიო!!!
- შენ გეხუტუნე! მაინც რობოტები მოდიან ესე იგი? - ჩაეცინა გოჩის.
- ნერვი მაგათ არ აუტოკდებათ და არაფერი!.. მთელი სასწავლო პროგრამა ედებათო თავში!.. ისეთი ალგორითმებით იქნებიან დაპროგრამებული, ყველაფერი ეცოდინებათ!.. სუყველაფერი: ფიზიკა, ქიმია, ანატომია, ბიოლოგია, ასტრონომია, კვანტური მექანიკა, ყველა ენა!.. ყველა ინფორმაცია! ვინ გამოვდივარ მაგათთან შედარებით მე?
- მაგი არ თქვა მიორედ, გოგო!
- რა ჭირი ვთქვა აბა?!
- ... მაგიორში გახსოვდეს: შენ ხარ სულიერი, რომელმაც ცხოვრებით შექმნა საკუთარი თავი! - გოჩიმ წელზე მომხვია ხელი და შუბლზე მაკოცა.
- მოლეკულაც არ გამოვდივარ!.. მტვრის ნაწილაკიც კი! - კინაღამ ავცრემლდი, მაგრამ უცებ `ნ.ა.ს.ა."-ს ამბავი გამახსენდა და მაშინვე მოვხასიათდი. - სამაგიეროდ, მგონი დროებითი სამსახური ვიშოვე, გოჩი!
- დროებითი რაფერაა მაგი? ახსენი აბა!..
- მოკლედ, ერთკვირიანი ექსპერიმენტია!.. გადასარევად იხდიან!.. პირველზე გასაუბრებაზე მიბარებენ!
- რა ჭირი უნდათ?!
- `ნ.ა.ს.ა.ს" თბილისური ოფისის სპეცკითხვარი შევავსე და სივისთან ერთად გავუშვი ინტერნეტში! რაღაც ბაქტერიულ-ფარმაკოლოგიურ ექსპერიმენტს აყენებენ და დონორები ჭირდებათ!
გოჩიმ როყიო მზერა გამიყარა.
- არ გადაგრიონ საერთოდ, გოგო!.. მეც ხომ არ წამოვბლაყუნდე პადდერჟკის ამბავში?
- შენ იატაკი და მტვერსასრუტი გელოდება, გოჩი! მიხედე ისე ლამაზად, როგორც იცი ხოლმე! სად უნდა წამომყვე?! არასრულფასოვანი კი არ ვარ! რას იფიქრებს ხალხი?!
* * *
პირველს ხუთი აკლდა, სავაჭრო ცენტრის გვერდითა კარი რომ შევაღე და შენობაში მკაცრად ჩაპიჯაკებული შევედი. მე, ქვეყნის დამსახურებულმა პედაგოგმა ლელა მეთლუყვამ, ლიფტი მალევე ვიპოვე, ვიღაც შავკატიან კაცთან ერთად ვიმგზავრე და მეოთხე სართულზე მარტომ გავაბიჯე ბაქანზე. 310-ე კარზე ზარი ორჯერ, წყვეტილად დავრეკე. კარი ვერცხლისფერ უნიფორმაში გამოწყობილმა ბოლო თაობის რობოტმა გამიღო, რომელიც ძალიან ჰგავდა ლამაიზმისკენ გადახრილ უთმო-უწარბო კრიშტიანო რონალდოს.
- ექსპერიმენტის თაობაზე გახლვართ!.. დადებითი პასუხი მივიღე! დღეს დამიბარეს, პირველზე! მგონი, სწორად მოგაგენით...
- მობრძანდით-მობრძანდით! თქვენი ჰოლო-პასპორტიც, თუ შეიძლება!
- ინებეთ! - გავუწოდე ვერცხლისფერ რობოტს გამჭვირვალე პასპორტი და ფართოდ გამოღებულ კარში შევაბიჯე.
ოფისში ყველა რობოტი ვერცხლისფერებში დაიარებოდა. კედლებზე შპალერის ადგილას გრძივი სენსორული ეკრანები დაემონტაჟებინათ, სადაც მთვარის, იუპიტერის, ნეპტუნის, სატურნის, მარსისა და სხვა პლანეტათა ცოცხალი, მაგრამ მდუმარე ლაივები გადიოდა.
- ესე იგი, მზად ხართ ერთკვირიანი ექსპედიციისთვის! - გამიღიმა ვერცხლისფერმა რობოტმა.
- როგორ? - ძალიან დავიბენი უცებ. - სად ეგა?.. რა ექსპედიცია?! მე ოჯახი მყავს, გენაცვალე!
- საკუთარ თავში, ქალბატონო! ოჯახს არ მოგწყვეტთ! იქ ყველაფერი ეწერა!
- აჰ! მე კიდევ, უცებ ვიფიქრე, რომ...
- კი მაგრამ, კითხვარი რა - სხვამ შეგივსოთ?
- როგორ გეკადრებათ!.. - დავიძაბესავით აშკარად. - მაგრამ მაინც!.. ექსპერიმენტის შინაარსზე ხომ ვერ მეტყოდით უფრო დეტალურად?
- რაღა თქმა უნდა! - მიპასუხა რობოტმა და ექსპერიმენტის არსის მომცველი საქაღალდე გადმომცა. - ეს თქვენი ეგზემპლიარია!
ეს იყო მომავალი ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც ასახული იყო კვლევის საფუძველი, მიზანი, ამოცანა, კვლევის მეთოდოლოგია, ორგანიზება და პირობები. შემდეგი თავების ქვეშ დაწვრილებით იყო გაწერილი შემდეგი ინფორმაცია:
ა.ა. კვლევის დასახელება;
ა.ბ. ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური პროცედურების აღწერა;
ა.გ. იმ კვლევის ცენტრების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარეობს მსგავსი კვლევა;
ა. დ. კვლევის მიზანი;
ა.ე. კვლევის განხორციელების აღწერა;
ა.ვ. დონორის მიერ პრეპარატის მიღების წესი და შემდგომ მოქცევის წესები;
ა.ზ. ფარმაკოლოგიურ-ბაქტერიოლოგიური კვლევის ფაზა;
ა.თ. დონორთა კვლევაში ჩართვისა და გამორთვის კრიტერიუმები;
ა.ი. კვლევის საერთო ხანგრძლივობა;
ა.კ მოსალოდნელი შედეგები;
მე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა, იმდენად დავებეჩავებინე უსამსახუროდ დარჩენის პერსპექტივას, რომ ყოველი პუნქტის წაკითხვის შემდეგ, ვითომ-განდობილის იერით ვიქნევდი თავს, თუმცა საერთოდ არ მესმოდა, რა ჯანდაბას ვკითხულობდი.
- ახლა კი, საჭირო და აუცილებელი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური ანალიზი! - თქვა რობოტმა და დაბინდულშუშიანი განყოფილებისკენ გამიძღვა.
- ნემსი უნდა გამიკეთოთ? - ვკითხე გზად შეშინებულმა.
- ეგ არ იქნება საჭირო! - დამამშვიდა რობოტმა და შემინულ ლაბორატორიაში შემიყვანა. - თმის ღერიც საკმარისია!.. სრულ ანალიზს ნახევარ საათში მოვრჩებით.
- დრო კი მაქვს ისე!..
- თუ თქვენმა მონაცემებმა დაგვაკმაყოფილა, თანხის მცირე ნაწილს (აქ რობოტმა თანხა თითებით მაჩვენა) აქვე გადმოგცემთ ხელზე!
- უიჰ, რა კარგია!!!
- ასევე გაგატანთ ყოველდღიურად ძილის წინ მისაღებ აბებს თავისივე ინსტრუქციით!
აქ კინაღამ შევხტი მოულოდნელობისგან.
- ვაიმე!!! რა აბები, უკაცრავად?!
- ექსპერიმენტის ოქმს ახლა არ გაეცანით?! ხელში გიჭირავთ! მანდ ყველაფერი წერია! გადამრევთ თქვენ მე!!!
- მე მაპატიეთ, ბატონო რობოტო... ეტყობა გამომრჩა! - უაზროდ გადავფურცლე ოქმი.
- აბები დამზადებულია უახლეს ფარმაკოლოგიურ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით! - მომეშველა რობოტი. - ისინი შექმნილია მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტიდან (ამ შემთხვევაში მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, სატურნი, იუპიტერი, ნეპტუნი) სპეცრობოტების მიერ ჩამოტანილი მიკრობებისა და ბაქტერიებისგან!
- ვაიმე, უფალო!!!
- აბების ფერებით მიხვდებით მიმდევრობას. ინსტრუქციაში ყველაფერი წერია! თუ წინააღმდეგი ბრძანდებით, მაშინ ექსპერიმენტის ოქმს, ინსტრუქციას, აბებს და თანხას ახლავე, აქვე დააბრუნებთ უკან, მე კი დაგიბრუნებთ ჰოლო-პასპორტს და უბრალოდ დაგემშვიდობებით!
აქ უცებ მივხვდი, რომ არათუ რაღაცის უნიკალურ შანსს, საკმაოდ დიდ თანხასაც უაზროდ ვუშვებდი ხელიდან.
- არა!.. იყოს!.. ყველაფერზე თანახმა ვარ!!! - ლამის ვიყვირე.
ოფისში საქმიანად მობორიალე სხვა რობოტები წამით გაირინდნენ და ცალი წარბის ხელოვნური აწევით გამომხედეს.
- ძალიან კარგი! მაშინ აქ დამიტოვებთ მარჯვენა ხელის ცერის ჰოლო-ანაბეჭდებსაც და გაგიშვებთ! - რობოტმა წინ ქაღალდების დასტა დამიდო და ყველა ფურცელზე ცერა თითი დამაჭერინა.
მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას, თანხის უკვე გადმოცემული ნაწილის დაკარგვა ყველაზე მეტად მანერვიულებდა, ამიტომ ყველაფერი მორჩილად და ნაძალადევი ღიმილით აღვასრულე.
- ერთ კვირაში ექსპერიმენტი დასრულდება!.. ჩვენი მაშველთა ჯგუფი მოგაკითხავთ და უკვე მთლიანად მიიღებთ დარჩენილ ჰონორარს!
- ვინ მაშველები?!.. რამე შეიძლება დამემართოს?!
- ეს ექსპერიმენტის დროს გამოჩნდება! ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია! ადამიანის ფსიქიკა ხომ საერთოდ! თუ რამე გადაუჭრელი პრობლემა შეგექმნათ ექსპედიციის განმავლობაში, გვამცნეთ რამენაირად: ელფოსტით, მობილურად, ან უბრალოდ, მობრძანდით და მაშინვე ჩახსნილი იქნებით ექსპერიმენტიდან! ანუ, მყისიერად დაგაბრუნებთ ძველ, ობივატელურ ორბიტაზე!
- ჰუჰ!.. გადასარევი!
- აგერ, კონტრაქტის ერთი პირი თქვენ! ორიგინალი ჩვენთან დარჩება! ინებეთ თქვენი ჰოლო-პასპორტიც!
1.
ორშაბათი. მთვარის დღე. ყვითელი ტაბლეტები
იმავ საღამოს, ვახშმობის შემდეგ, მე, ქვეყნის დამსახურებულმა პედაგოგმა ლელა მეთლუყვამ `ნ.ა.ს.ა.-დან" გამოტანებული ტაბლეტების პირველი, ყვითელი წყვილი ჩანთიდან ამოვიღე, წინ დავიდე და კაი ხანს დავყურებდი.
- მაგი რაია სიმონ?.. გემეპარო გინა? - დამცინასავით გოჩიმ.
მისმა ამ რეპლიკამ თითქოს და ერთი-ოთხად გამაძლიერა: ორივე ტაბლეტი მაშინვე ერთდროულად ვიტუცე პირში, ზედ ბიომინერალური წყალი მივაყოლე და მეორე დილით მე, პედაგოგ ლელა მეთლუყვას უკვე ძალიან-ძალიან სხვანაირს გამეღვიძა.
- უიმე, ლელაიე!!! - აღტაცებისგან სამჯერ შემოჰკრა ტაში ლოგინში წამომჯდარმა გოჩიმ. - რა ჯანაბა გჭირს, გოგო?
- რა არი? - ვერაფერს მივხვდი მე. - რა ჯანდაბა მჭირს?!
- აი... რაცხა... რაცხა ძაან სხვანაირი ხარ, ჩემო ბატონო!
კედლის სარკისკენ გატრიალებულს მაშინვე მეცა თვალში საკუთარი აშკარა ფიზიკური ცვლილება უკეთესობისკენ.
- აუ! ექსპერიმენტი! - გამახსენდა იქვე და გოჩის მაშინვე `ნ.ა.ს.ა."-ს იმეილი, ტელეფონი და მისამართი ჩავაწერინე. - რამე ისეთი თუ დამემართა, ან ჩემი იმეილიდან მისწერე, ან დაურეკე და ეგრევე ჩამხსნიან! ჩემი ფოსტის პაროლი ხომ გახსოვს?
- ამაზე მეტი რაღა უნა დეგემართოს?!.. - გაუკვირდა გოჩას.
- არა! ეს არ ითვლება! ეს კაია!
ცვლილებამ მე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა, მართლა მომახასიათა. ერთ ღამეში იმდენად ძალიან გავლამაზებულიყავი, რომ სარკეში საკუთარი თავის თითქოსდა იდეალურ ვარიანტს შევცქეროდი: აღარსად იყო ქალური ღიპი, ტრაპეციასავით ჩამოყრილი დონდლო მხრები და გომბეშოსებრი ღაბაბი. წელიც მნიშვნელოვნად დამვიწროებოდა, მკერდს მსხლისებრი ფორმა მისცემოდა და ფეხებიც დამგრძელებოდა. სახეზე ნაკვთები და კანიც გადატკიცინებული მქონდა.
- მოდი ბარემღაც! რაღას მიყურებ? - საჩვენებელი თითით მივიხმე ქმარი. - ოღონდ წივილ-კივილი არ იყოს! რაც შეიძლება მოგუდულად!
- ეგეთი ლელაიე მე არ ვიცი! - შემაქო დიდი ხვანცალების შემდგომ გოჩიმ. - ესე მეგონა, თითქოს ვინცხა სხვასთან ვგორაობდი!
- სხვა არ გამაგონო იცოდე, თორემ დაგალეწავ ყველაფერს თავზე! - უკვე ძალიან ცხვირაწეული მეჭირა.
- დეეეე!!! ნუ, აი, ძაან ვიდზე ხააარ, პროსტა რაააა!!! - აღტაცდა სამზარეულოში ჩემს დანახვაზე თიკნა.
- ვახ, ჩემიიი! - როგორც ვინმე უცხო ტურფა, ისე მსუნაგად ჩამათვალიერა ნიკალემაც. - ეგეთი რა გიქნეს სიზმარში, ლელა მასწ?
- წესიერად ილაპარაკე! - მკაცრად მივუგდე ვაჟს და გოჩის ღიმილით მივუტრიალდი. - არ ვისაუზმოთ, გოჩი?
- მეტი რა გზაა, სიმონ?!. - გაშალა ხელები გოჩიმ და ბიოჩაის დასხმას შეუდგა.
შვილები პირდაღებულები შემომყურებდნენ ასე ერთბაშად შეცვლილს.
- დროზე ეხლა! ლიცეუმში გაგვიანდებათ! - ლითონი გაუკრთა ხმაში გოჩის.
- ცოტა ხანი ვიქნებით რა, დე!.. გიყურებთ! - ყელის ჯიჯგვნით შემეხვეწა თიკნა.
- აუ, რა ლიცეუმი?! - უკმაყოფილო იყო ნიკალე. - დედა ხარ თუ მის კავკასია, ვერ გავიგე, ჩემი დედა ვატირე რა!
2.
სამშაბათი. მერკურის დღე. ლურჯი ტაბლეტები
იმავ საღამოს, ძილის წინ, მე, დამსახურებულმა პედაგოგმა ლელა მეთლუყვამ ლურჯი ტაბლეტების წყვილი მივიღე და დილით ფრთხილად გავახილე თვალი. ქმარი გოჩი, წინა დღის არ იყოს, ისევ მუხლებზე იდგა და ინტერესით მაკვირდებოდა.
- ისევ ფორმაში ვარ, გოჩი, თუ გამივიდა? – ფრთხილად შევეკითხე ქმარს ისე, რომ სარკისკენ აღარ გამიხედავს.
- აუ, რაცხა ისევ ძაან, ლელაიე!
- რა რაცხა? – გამექცა მზერა სარკისკენ და მაშინვე დავმშვიდდი, თუმცა იქვე შევამჩნიე, რომ თავი ცოტა არ იყოს და უცნაურად დამძიმებული მქონდა.
- რაღაც ხდება კიდევ! – ვთქვი და გრძელი ფეხები ფლოსტებში გავყავი.
- ახლა რაღა ჯანაბაა? – უფრო დამაკვირდა ქმარი. – აქანე ყველაფერი პარიადოკშია! – მომიჭირა გოჩიმ მარჯვენა ძუძუზე ხელისგული.
- მაშინ წამო, ერთად ვიბანაოთ! – შევთავაზე მკერდზე ხელის მოჭერისგან თვალმინაბულმა და ორივენი სწრაფად შევტანტალდით სააბაზანოში.
ბანაობისას უცებ ძალიან მომინდა, რომ ქმარს ჩემთვის ზურგი გაეხეხა, მაგრამ მოულოდნელად ეს ფრაზა პირიდან უცნაურად დამცდა:
- Pლეასე, რუბ მყ ბაცკ წიტჰ ა წასჰცლოტჰ! (ინგლ.)
- ე! – ლამის ამოაბოყინა გოჩამ გაკვირვებით. – რაიო?
- А хрен его знает! (რუს.)
- მეიცა-მეიცა!
- Qუე ლინგუა ფალო? (პორტუგალ.) რა ვთქვი?
- ვახ, ჩემი კაი! მგონი მართლა რაცხა ძაან მაგარი გეგეხსნა, ლელაიე!
აღტაცებულს ბევრი არ მიფიქრია - მუხლებზე დაჩოქილმა მე, ქვეყნის დამსახურებულმა პედაგოგმა ლელა მეთლუყვამ, ქმარს ისეთი ზეორალური პროცედურა ჩავუტარე, ლამის სულ ძველშუმერულად ვაყივლე. სასაუზმოდ გარეთ გამოსულებს თიკნა და ნიკალე მომლოდინე სახეებით დაგვიხვდნენ.
- დღესაც იქნება სიურპრიზები? – იკითხა ნიკალემ.
- დეეთქვენი ფირმა ენებზე ლაპარიკობს, სიმონ! – მიახალა შვილებს მამამ.
- ნუ პროსტა რააა! – შაქრის მორევა შეწყვიტა თიკნამ და ამოპუტული ნაწარბალები ლამის შუბლამდე აუვიდა.
- ჟე ნე საის პას ცე ქუე ც’ესტ დურ! (ფრანგ.) – ვთქვი დაყენებული ღიმილით.
- ვაუ! – კინაღამ ლუკმა გადასცდა ნიკალეს.
- არ ვიცი, რა მჭირს! – ვუპასუხე და ნიკალეს კარაქზე მივუთითე: – Dამმი უნ ბურრო, ტესორო! (იტალ.)
- დე, შენ აქამდე ქართულის გარდა არცერთი ენა არ იცოდი! – აღშფოთდა თიკო.
- Что вы говорите? (რუს.)
- აგი სრული სიფსიხეა, სიმონ! – დაასკვნა გოჩიმ და ყველანი საუზმობას შევუდექით.
მალევე გაირკვა, რომ მე უკვე სრულიად თავისუფლად ვაზროვნებდი და ვლაპარაკობდი: თურქულად, სომხურად, უკრაინულად, ფინურად, ჩეხურად, ესტონურად, არაბულად, ებრაულად, სპარსულად, ჰინ დიზე და მეგრულადაც კი...
- ვინ ვარ ახლა მე? – აღმომხდა საუზმის დასასრულს მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას, ქართულად.
- პოლიგლოტი! – ერთხმად მიპასუხა სამივემ.
3.
ოთხშაბათი. ვენერას დღე. თეთრი ტაბლეტები
იმავ საღამოს, მე, ქვეყნის დამსახურებულმა პედაგოგმა ლელა მეთლუყვამ, თეთრი ტაბლეტების წყვილი მივიღე და დილით კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობაზე გამეღვიძა. საკუთარ თავს რომ მივუგდე ყური, მივხვდი - თავის ქალაში უცნაური რამ ხდებოდა: თავი რადიოსიხშირეების წუილა ხმებით მქონდა სავსე.
- თავში მთელი FM-დიაპაზონი მაქვს ჩართული, გოჩი! - ვთქვი მაინც მშვიდად.
- რაიო?!.. ხომ არ მიმეწერა მაი `ნ.ა.ს.ა.იაა" თუ ვინცხა ჯანაბაა, მაგათთვინ? - შფოთვით შეეგება ჩემს ასეთ გამოღვიძებას გოჩი.
მე სიამოვნებით გავიზმორე და ქმარს გავხედე.
- ჰა? არა! გაგიჟდი?! რადიოლა არ მოგიმართია ბავშვობაში? არხებია!.. ხან ერთს იჭერს, ხან მეორეს, ხან მესამეს!.. გადადიან ერთიდან მეორეზე!.. მოიცა!.. აი, 87-დან - 108-მდე... ღმერთო, რამდენი რადიოსადგური გვქონია...
- ი ენები საა?
- ისევ აქაა! - მივიკაკუნე საფეთქელზე თითი. - მაგათ ვერაფერი წაშლის! Μην αγχώνεσαι (ბერძნ.) მაგრამ ეს რადიოები როგორ უნდა გავაჩერო რომელიმეზე? ძაან აჯაფსანდალია!.. ამდენს ვერ გავუძლებ! რა ვქნა, გოჩი?! - დავფიქრდი და გავირინდე. მერე თვალები დავხუჭე და მე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა უცებ მივხვდი, რაც უნდა მექნა: დახუჭულ თვალებში (წარმოსახვით) ერთ-ერთი შამანური ჯადო-ფანდის სწავლებაზე მოვხვდი და მაშინვე გავერკვიე, ასეთი შემთხვევისას რაც უნდა ჩამედინა - ენის წვერი სასას უბრალოდ მთელი ძალით ავაჭირე და გავირინდე.
- არის! - შემოვკარი იქვე ტაში. - გაჩერდა!
დაჭერილ არხს რომ მივუგდე ყური, შემდეგი მომესმა:
`...მინდა გითხრათ, რომ კვლავაც გრძელდება ჩვენი ტრადიციული ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულიც, ანუ ადამიანი, ვინც პირველი დარეკავს და გვეტყვის სწორ პასუხს, `რადიო-ჯასა" და კორპორაცია `მევლუდისგან" მიიღებს სპეციალურ საჩუქარს – ათ ბოთლ ცივ-ცივ, ქაფქაფა `მევლუდ-კოლას". მაშ ყურადღებით! მორიგი კითხვა: კერძოდ რომელი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ და სად გარდაიცვალა დიდებული ამერიკელი მომღერალი ჯენის ჯოპლინი?.. წამზომი ჩაირთო! შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 87654321".
ზუსტი პასუხი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას მყისიერად, ანუ თავისით აღმომიცენდა თავში და ქმარს ელვის სისწრაფით გავხედე.
- გოჩი, დროზე აკრიფე 87654321 და უთხარი - ჰეროინით აბაზანაში! არ ამაყვირო! გათამაშებაა!
- სა მარეკიებ ამ დილაუთენიას, გოგო?!
- რადიოში! პრიზების გათამაშებაა!
ქმარი მსწრაფლ დამემორჩილა და უცებ აკრიფა ადვილი ნომერი.
- გერაინით ვანაში! - თქვა ყურმილში თბილისური აქცენტით და ცოტა ხანში სახე გაებადრა. - გოჩი... დიახ-დიახ! პასპორტით! - მიაყოლა მერე პირველ ორ სიტყვას და ტელეფონი გათიშა, მე კი ამ დროს თავში მომესმა:
`უკვე მინდა გამოვაცხადო ვიქტორინის შედეგი!.. საოცრება დაარქვით, მაგრამ 20 წამიც არ იყო გასული კითხვის დასმის შემდეგ, როდესაც ხაზზე გამოვიდა გენიალური კონკურსანტი სახელად... ეეე... მანუჩარი კი არა... რა შუაშია... გოჩი!.. გოჩი! მან პირველმა გვიპასუხა, რომ დიდებული ქალბატონი ჯენის ჯოპლინი ჰეროინის ზედოზირებისაგან ნახეს მკვდარი საკუთარ აბაზანაში!.. მაშ ასე, გამარჯვებულ გოჩის ვთხოვთ ხვალ დილაადრიან მობრძანდეს რადიო-ჯას ოფისში ჰოლო-პასპორტით და ჩაიბაროს მოგებული პრიზები ლუდ `მევლუდისგან"!.. რადიო-ჯას ეთერში კი ჟღერს ულამაზესი სიმღერა უკვდავი ჯენის ჯოპლინის შესრულებით `მი ენდ ბობი მაკგიი"!"
- რაფერ მიხვთი მაგნაირ ზუსტ პასუხს, გოგო? - მკითხა ქმარმა ბანაობისას.
- აფერისტობაა, გოჩი, ეგ გათამაშებები!.. ვინღა უსმენს ჩვენ დროში რადიოს!.. ვინ დადის ფაეტონით და ცხენით? აერობუსებით და აერორიქშებითაა ცა სავსე! თან მაინცდამაინც მაგ არხს?!.. როგორც წესი, არავინ რეკავს, და მერე ისევ საკუთარ თანამშრომლებს არეკინებენ!... მაგრამ ახლა ჩვენ მოვუჯოკრეთ!
- და რაფერ მერე? სა ოხრობიდან იცი მაგნაირები?
- `ნ.ა.ს.ას" ტაბლეტები, გოჩი!!!
- ააა...
თიკნას და ნიკალეს ახალი დამთავრებული ჰქონდათ საუზმე და მომლოდინე სახეებით მელოდნენ.
- დე, დღესაც გააძრე რა, რამე ფოკუს-მოკუსი! - შემეხვეწა ნიკალე.
- ნამასკარ, ახალ თაობას! - ორივეს ერთდროულად გადაავუსვი თავზე ხელი. - დღეს თავში რადიოებს ვიჭერ!.. აგერ მამათქვენს 10 ბოთლი `მევლუდ-კოლა" მოვაგებინე.
- აუ, მეც რო მინდა? - აიბზუა ცხვირი ნიკალემ.
- შენ ჯერ არასრულწლოვანი ხარ, შვილი! მამაშენი გაგიყოფს!
- ეუფ! - უკმაყოფილოდ მოღრიცა სახე გოჩიმ.
- ყველაფერი დასწრებაზეა! - თვალები დავხუჭე, პირი მოვმუწე, ენა სასას ისევ მთელი ძალით ავაჭირე და თავში კვლავაც იმავე რადიოდიქტორის ხმა მომესმა:
`აქვე იმასაც გეტყვით, რომ დედაქალაქში დილის 9 საათია!.. და კვლავ მორიგი ვიქტორინა რადიომსმენელს. ვინც პირველი დაგვირეკავს სწორი პასუხით, მიიღებს სპეციალურ პრიზს ვიქტორინის სპონსორ ლუდ `მევლუდისგან"!.. 10 ბოთლი ბიოლუდი `მევლუდ-კოლა"! ყურადღებით, კითხვა შემდეგია: კერძოდ რომელ ნარკოტიკს ეძალებოდა ჯიმ მორისონი 1970 წელს ამსტერდამის ტურნეს დროს?.. ჩვენ კი ვუსმენთ ჯგუფ `დორზის" ლეგენდარულ `ლავ მი თუ თაიმსს" რადიო-ჯას ეთერში!"
პასუხი ისევ წამის მეასედში აღმომიცენდა თავში და მაშინვე გოჩის მივუტრიალდი:
- გოჩი, აკრიფე ნომერი 87654321 და უთხარი: სოკო `გოლდენ თიჩერი"! დროზე!
- დარეკე ჩემს მაგივრად! - გაამხნევა ნიკალემ მამა და გოჩისაც ბევრი არ უფიქრია, მაშინვე აკრიფა მარტივი ციფრები და ქალაქურად თქვა:
- სოკო `ოქროს მასწავლებელი"! - და ცოტა ხანში სახე ისევ გაებადრა. - ისევ გოჩი... დიახ... აუცილებლად! - და კავშირი გათიშა.
- აუ, რაო? - შეეკითხა თიკნა.
- ხვალე უთენიას მეეთრიე და წეიღე სახში ოცი ბოთლი `მევლუდ-კოლაო"! ტიტუ, რა ჩეინთხლევს მაგდენს? - გაშალა ხელები გოჩიმ.
- თქვენ თვალში ხომ არ გეპატარავებით?! წილში ვარ ორივესთან! - გავღიზიანდი მე. - დამთავრდა ჩემი მასწავლებლობა!.. ზაფხულიც მოდის! სექტემბრიდან რობოტები ჩაგვანაცვლებენ!
- აუ, როგორ ასწორებს! - მომუშტა ხელები ნიკალემ.
- რა გიხარია, ტუტუცო-ვირიშვილო?!! - გავბრაზდი მე.
- რობოტები, თიკნა!! - დაანახვა ნიკალემ ხელისგული დას და მანაც ხელზე ხელი დაურტყა. - შენ კიდე, ისეთ ვიდზე ხარ, დე, მინიმუმ ტოპ-მოდელის კარიერა უნდა დაიწყო!
- თან ენებიც იცი უკვე!.. იქნებ რამე დიპლომატიური აგერჩია, დე? - მოუვიდა თავში თიკნას იდეა და ნიკალეს თვალი ჩაუკრა.
- ყველაფერი არ ვიცი რო? - მზაკვრულად ჩამეღიმა მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას.
- მორჩით ეხლა დეეთქვენის კენწვლას!.. ქუთეისის `ტორპედოს" ბაზაზე კი არ ვართ! - დაუცაცხანა გოჩიმ შვილებს და ისინიც მაშინვე წამოიშალნენ.
4.
ხუთშაბათი. მარსის დღე. წითელი ტაბლეტები
საღამოს, მე, ქვეყნის დამსახურებულმა პედაგოგმა ლელა მეთლუყვამ ტაბლეტების მორიგი პორცია მივიღე და დილით ისევ ახალი შეგრძნებით გამეღვიძა. თვალის გახელისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც მნიშვნელოვნად შეცვლილიყო. ხელი რომ გადავწიე, მეუღლის ადგილი საწოლში ცარიელი დამხვდა. `მევლუდ-კოლაზე წასულან!" - მოვიდა უცებვე თავში პასუხი და წინადღის რადიო-ვიქტორინა გამახსენდა. საწოლზე წამომჯდარს, მაშინვე მეცა თვალში საკუთარი ზედმეტად ბალნიანი ფეხები. მერე ხელებზე დავიხედე. ისინიც უცხოდ და უხეშად გამოიყურებოდნენ. `რა ჯანდაბაა?" - ფეხზე წამომდგარმა კედლის სარკეში ჩავიხედე და მოულოდნელობისგან ადგილზე გავილურსე: იქიდან ვიღაც ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური მამაკაცი შემომცქეროდა.
- ეუფ! - აღმომხდა მოულოდნელობისგან და მაშინვე მივხვდი: `ნ.ა.ს.ა"-ს ტაბლეტების მორიგ ულუფას მე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა, არც მეტი და არც ნაკლები, პირწავარდნილ მამრად ვექციე.
- ვაიმე! ბრედ პიტის და ბენისიო დელ ტოროს ნაჯვარს გავხარ, დე! - მომახალა მამაკაცად ქცეულს სახლში მობრუნებულმა თიკნამ და სიხარულით ადგილზე ახტუნავდა. ჩემი ასეთი ცვლილება გოჩის და ნიკალეს დიდად არ გაჰკვირვებიათ.
- მაგარი კაცი ხარ, დე! - მითხრა ნიკალემ და ათბოთლიანი შეკვრა მაგიდაზე დადო. - დილას შეგისწავლეთ უკვე! სანამ ტკბილად გეძინა!
- გოგო! სუ თავიდან აეროპატრულის გამოძახება მომეფიქრა... - დაიწყო გოჩიმ ნერვიულად. - კიღამ გული გამისკტა! რავარია, ვინცხა უცხო პიროვნებასთან ერთად რომ გეღვიძება კრაოტში, წარმეიდგინე? მარა მერე ქე გამახსენდა - ი ექსპერიმენტი!.. მივწერ ბარემ მაი `ნ.ა.ს.ა.იე"-ს?.. რას აღარ მეიგონებენ მაი ოხრები!
- ჯერ არა! - ავიქნიე ხელი კაცად ქცეულმა და სააბაზანოში შევედი.
სხეული კარგად დავითვალიერე, ახალი ორგანოები გულდასმით მოვისინჯე და ხალათში გახვეული კმაყოფილი სახით გამოვედი გარეთ. მოგებულ `მევლუდ-კოლასთან" ერთად ოჯახობას სილიკონის თევზი და ხელოვნური დე-პურიც ამოეტანა მტკვრისპირიდან. სუფრაც უცებ დაიყარ-გაიშალა. თიკნა ძაან აბრწყინებული თვალებით შემომყურებდა ასე ერთბაშად განკაცებულს და აშკარად აღგზნებული ადგილზე ისე ცმუკავდა, თითქოს მისთვის სამახსოვრო ავტოგრაფი უნდა მიმეცა.
- ბარემ ნაშებიც ხომ არ ამოგვეყარა, დე? - ჩამიკრა თვალი ნიკალემ.
- არ თქვა ეხლა, რო ისევ ერთ კრაოტში უნა დავწვეთ ღამით? - გადმომიჩურჩულა გოჩიმ და მკვრივ ტორსზე ხელი მომხვია.
- ბებიაშენისამ! იატაკზე დავიძინებ!.. - ჩამეცინა მე მამაკაცური ბარიტონით. - ხერხემალი კი არ მაქვს გამრუდებული?!..
- გეუნევი მე შენ, ღამით არ მომეკარო! - თითის ქნევით გამაფრთხილა გოჩიმ.
- ეგ მე კი არა, შენ არ მომეკარო, გოჩი!.. ხომ იცი, ვერ მომერევი!.. ნახე რა ბიცეპსები მაქ?
5.
პარასკევი. სატურნის დღე. მწვანე ტაბლეტები
წინა საღამოს დალეული მწვანე ტაბლეტების გამო, მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას, მეორე შუადღით კიდევ უფრო უცნაურად გამეღვიძა: ბიონაძვის მეგა-კუბოში ვესვენე და ზედ თეთრი სუდარა მეფარა, რომელიც სახიან-ტანიანად ყველაფერს მიფარავდა. მაშინვე მივხვდი, რომ გასულ შუაღამით, ძილის დროს გარდავცვლილიყავი და ოჯახის წევრებს უკვე ყველაფერზე ეზრუნათ. იქვე მივხვდი, სახლში ალიაქოთი რომ არ გამომეწვია, ფრთხილად უნდა მესუნთქა. ერთი პირობა კი ვიფიქრე, წამოვდგები და ცირკს მოვაწყობ-მეთქი, მაგრამ მაშინვე წარმოვიდგინე ამ საქციელის სავალალო გაგრძელება. ვინმეს დაზიანება და `იმერული ესკიზები-2"-ის ჩატარება სულ არ შედიოდა ჩემს გეგმებში, ამიტომ ვარჩიე, ისევ თავი მომემკვდარუნებინა.
კუბო სასტუმრო ოთახში იდგა. გარშემო ჭირისუფლებს ელექტრო-ყვავილებისგან შეკრული გვირგვინები შემოეწყოთ, თავად კედლებთან ჩარიგებულ სკამებზე ისხდნენ, წარმოუდგენელ სისულელეებზე ყბედობდნენ და მხოლოდ ოთახში ახალი შემომსვლელის დანახვაზე დუმდებოდნენ. თიკნა თავისთვის ქვითინებდა. გოჩი და ნიკალე აგრონეილონის შარვალ-კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი და ყოველ მომსვლელს მგლოვიარე სახით ართმევდნენ ხელს. `ვიზიარებ... ვიზიარებ... ვიზიარებ!" - ხანგამოშვებით მესმოდა კუბოში მწოლს და მახსენდებოდა `ვიზეარით" სულ პირველი გადაფრენა ნიუ-ბუდაპეშტისკენ გოჩისთან ერთად. `ვიზიარებ... ვიზიარებ... ვიზიარებ!" - არ წყდებოდა მომსვლელთა ნაკადი, რომელიც ამ სიტყვით მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას, თითქოს მიღმიერი სამყაროს ვიზას მაძლევდა.
- ვიზე ამბობ? ააა! დედა, რა კაი ვიზუალი აქვს? - მესმოდა კუბოში მწოლს ჭირისუფალთა როშვა.
- აერომღვდელი როდის მოფრინდება ნეტა?
- მე ახალი მეტაერკემლის ხორცის გარეშე არ შემიძლია...
- ჯართში რო გადაგცვლიან ეს უნამუსოები!
- მთელი ცხოვრება სპეცლიცეუმს შესწირა საცოდავმა! მერე რამდენი სუპერცნობადი სახე გაუზარდა ქვეყანას, და ამათ კიდევ - რობოტიზაციაო!
რომ არ მომეწყინა, პირი მოვმუწე და ოდნავ გავიჭინთე.
- გაზები გასდის! - მომესმა მორიგი რეპლიკა.
ღამით, როდესაც მომსვლელი დაილია და ქმარ-შვილიც დასაძინებლად მიწვა, მე, ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა, ფრთხილად წამოვდექი კუბოდან და გემრიელად გავიზმორე. მოშივებულს სხეულში უცნაური ჟრუანტელი დამიდიოდა. მაცივართან მიტანტალებულმა იქიდან მორჩენილი `მევლუდ-კოლა" და ნანო-თევზი გამოვიღე და კარგადაც მოვულხინე. თან წამდაუწუმ სასაზე ვიჭერდი ენას და რადიოებსაც რიგრიგობით ვუნაცვლებდი ერთმანეთს: ხან ნეპალურად ვღიღინებდი `რესან ფირირის" და ხანაც მანუჩაოს ფრანგულ-ბასკურ სიმღერებს ვრეპავდი. კარგად რომ შევზარხოშდი, ტაბლეტების მორიგი წყვილი მივიღე, დარჩენილი ორი ტაბლეტი გულისჯიბეში ჩავიდე, ისევ კუბოში ჩავწექი, სუდარა გადავიფარე და თვალები დავხუჭე.
6.
შაბათი. იუპიტერის დღე. შავი ტაბლეტები
მეორე დღეს რომ გამეღვიძა და თვალი გავახილე, მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას, ძალიან შემეშინდა: უკვე დამარხული ვიყავი. კუბოში მწოლს და სიბნელეში მყოფს ჟანგბადი არ მყოფნიდა. მივხვდი, კუბო საფლავში ჩაესვენებინათ და საფლავი მიწით ამოევსოთ. შევეცადე კუბოსთვის თავსახური ამეხადა. ხელისგულებით ავაწექი კიდეც, მაგრამ არაფერი გამოვიდა - მიწის მასა ძალიან მძიმე იყო.
- მიშველეეეთ! - ვიყვირე მთელ ხმაზე, მაგრამ აბა, ვის რას გავაგონებდი.
მერე ჯერ ერთ გვერდზე გადავტრიალდი, შემდეგ - მეორეზე. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. კუბოში ჰაერი სულ უფრო ცოტავდებოდა. ენა ისევ სასას ავაჭირე, რამაც FM-დიაპაზონის ერთ-ერთ სიხშირეზე მომმართა. რადიოსადგურზე ახალ ეროვნულ სიმღერას წარადგენდნენ. შემსრულებელი ბევრს საუბრობდა ქართული ანბანის უნიკალურობაზე, რომლისთვისაც სიმღერა სახელწოდებით `განდონთქება" მიეძღვნა. რეპერულ-ფოლკლორულ სტილში შესრულებული ტექსტი ორიგინალური კი იყო, თუმცა თავიდან ვერაფრით მივხვდი, რა საერთო ჰქონდა ამ სიმღერას ქართულ ანბანთან, არადა, ვითომ ხომ ყველაფერი ვიცოდი?.. მაგრამ, ამ შემთხვევაში, გონებამ აშკარა `ერორი" მისცა... მერე რადიოდიქტორმა გაშიფრა ეს აკროსტიხი და აღმოჩნდა, რომ სიმღერის ყველა სიტყვის პირველი ასო ქართულ ალფაბეტს თანმიმდევრობით იმეორებდა:
`ალექსამ ბოზბაში გაუშვა დამკაში
ევერესტს ვუყურებ ზემოდან თანხმობით
ილონამ კროსვორდი ლოგინში მოხაზა
ნასკებში ომია პაწუა ჟანგბადის
როგორი საწყალი ტიპია უშანგი
ფელამუშს ქუჩაში ღორულად ყიდიან
შე ჩემა ძალიან ცუდია წამალი
ჭანჭური ხურმაზე ჯგიროა ჰამლეტ!"
მე, ქვეყნის დამსახურებულმა პედაგოგმა ლელა მეთლუყვამ, გულისჯიბიდან ბოლო ორი ტაბლეტი ამოვიღე და ბოლომდე გავღეჭე.
7.
კვირა. ნეპტუნის დღე. გამჭვირვალე ტაბლეტები
- სასაფლაოზე ასულ ჩემებს ჩემი საფლავი გათხრილი დაგხვდათ, ხოლო ბიონაძვის კუბო - თავახდილ-ცარიელი!
`ფინიტა ლა კომედია, სიმონ!" - აღმოგხდა ამის დანახვაზე ჩემო გოჩი და განზე სიმწრით გადააფურთხე.
`ღმერთო, რა ვანდალიზმია?" - ასე აწრიპინდი შენ, თიკნა.
`რამე ხომ არ ჩაატანეთ ისეთი?" - შენ მამას გადახედე, ნიკალე.
`შენც იქ არ ეგდე?!" - აწრიპინდი ისევ შენ, თიკნა.
`იქნებ გაცოცხლდა, აყვირდა და მესაფლავეებს გააგონა?.." - დააბრეხვე შენ, ნიკალე.
`შენ კიდევ გჯერა ეგეთების?!" - წრიპინიდან წიკვინზე გადახვედი შენ, თიკნა.
`აპა მაინცდამაინც რობოტების უნა ჯეროდეს ამხელა ოყლაყს?" - ასე გადაეკითხე ჩვენს ქალიშვილს შენ, გოჩი.
`იქნებ, ვიღაც მშიერმა ნეკროფილებმა მოყნოსეს, ამოთხარეს და შეჭამეს!" - ეს საზარლობა მოგივიდა თავში აზრად შენ, ნიკალე.
მერე იქვე მოზუზუნე რობოტი-მესაფლავე დაინახეთ და თქვენკენ იხმეთ.
`ეგეთი არაფერი გაგვიგია, უფროსებო!" - უკვირდა მასაც.
`მაი ნ.ა.ს.ა-იე მგონია მაინც!" - ბოლთას სცემდი ადგილზე ნერვიულად შენ, გოჩი.
მტვრის პატარა ნაწილაკებს სასაფლაოს სიო ჰაერში მზის სისტემის პლანეტებივით მწყობრად ატრიალებდა. მე კიდევ, `ნ.ა.ს.ა"-სგან ასე გულუხვად დაჯილდოებული, (ყველაფრისმცოდნე, თან პოლიგლოტ- და თავში რადიოსხმებიან, დაკუნთულ მამაკაცად დარჩენილი) ქვეყნის დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა, უკვე სახლში ველოდი ოჯახის დანარჩენ წევრებს და ფართო აივანზე მოვარჯიშე, რკინის უმძიმეს გირებს ჰაერში ჰაერის ბუშტებივით იოლად ვათამაშებდი. თავში FM-დიაპაზონის რადიოსადგურთა ზრიალი აღარ მედგა, ვინაიდან სასაზე ენააჭერილი, ვარჯიშის პარალელურად რომელიღაც რელიგიურ რადიოსადგურს ვუსმენდი.
`აერომამაო, ძალიან ცუდად ვარ იმიტომ, რომ დიდი გეოცოდვა ჩავიდინე! მე და ჩემს შეყვარებულს ქორწინებამდე გვქონდა ურთიერთობა! მარსკვლავი ისე დავიწერეთ, მოძღვრისთვის სიმართლე არ მითქვამს! მარსკვლავწერისას გვკითხა - გარნა ოდენ ახლა ხდებით ცოლ-ქმარიო?" - მოთქვამდა ვიღაც თავსაფრიანი გოგო ეთერში.
`Mitä ihmettä?" - ფინურად შევეკითხე თავს და ენის სასაზე აჭერით სხვა რადიოსადგურზე გადავერთე.
იქ უკვე გამამხნევებელი ფსევდოროკენროლი ჟღერდა და მეც ფართოდ გავიღიმე. სკოლების საყოველთაო რობოტიზაცია მე, ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგს ლელა მეთლუყვას, საერთოდ აღარ მადარდებდა:
სამუდამოდ ასეთად დარჩენილს, ცხოვრება, სამომავლოდ, სრულიად ახლებურ და ყველასგან განსხვავებულ აეროპერსპექტივებს მთავაზობდა.
(R)