სოფელ გავაზში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

სოფელ გავაზში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

31 მაისის საღამოს მოსულმა სეტყვამ სრულად დააზარალა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი.

როგორც იქ მცხოვრები ჟურალისტი - ზვიად იმედაშვილი გვიყვება, სტიქია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც დაისეტყვა და დაზიანდა სოფლის ატმის ბაღები და ყურძნის ვენახები, ბაღ-ბოსტანი და სხვადასხვა სახის ხილი.

გავაზი ძალიან დიდი სოფელია და სტიქია ყველა უბანს შეეხო, თუმცა ზოგ ადგილას, ვენახების 50-60%-ია დასეტყვილი. ნორჩი მტევნები ქარიშხლითა და სეტყვით არის გადამტვრეული. ზარალი დღის განმავლობაში კიდევ უფრო გამოიკვეთება, როდესაც დაზიანებული ვაზის სრულად დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

ცუდი მდგომარეობაა იმ მხრივაც, რომ სოფელში, სამწუხაროდ, ვენახების და ატმის ბაღების დიდი ნაწილი დაუზღვეველია.

დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლების სწრაფ სათანადო რეაგირებას და ზარალის დათვლას ითხოვს.

მოგეხსენებათ, კახეთი ვაზით და ატმით მიღებულ შემოსავალზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

(სპეციალურად საიტისთვის)