უკრაინა რუსეთის საზღვართან ფრონტის ხაზის "დაგრძელებას" ცდილობს, რადგან... - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთის საზღვართან ფრონტის ხაზის "დაგრძელებას" ცდილობს, რადგან...

ზაფხულის პირველი დღის - 1 ივნისის გამთენიიდან, რუსეთ-უკრაინის საზღვრის ბელგოროდის ოლქის მონაკვეთზე ინტენსიური ბრძოლები დაიწყო, რომელშიც რუსი პროპაგანდისტები უკრაინულ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს ადანაშაულებენ და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც "კრემლის რუპორები" შეიძლება მართლები იყვნენ...

რუსულ სასაზღვრო პუნქტ "შებეკინოზე" უკრაინელებმა ტანკებითაც კი შეუტიეს, ხოლო ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქი, რომელიც უკრაინას უშუალოდ ესაზღვრება, ორასჯერ მეტად დაიბომბა უკრაინული არტილერიის მხრიდან...

რა არის ეს - უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩანაფიქრი, რომ საბრძოლო მოქმედებები რამენაირად აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზეც გადაიტანოს, რათა რუსეთის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ნაწილმა მაინც თავის თავზე იგრძნოს ომის საშინელება თუ უკრაინის გენშტაბის გათვლა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთ მიმართულებაზე, სადაც ერთი წელია, აღარ მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები, ახალი შეიარაღებული დაპირისპირების კერების შექმნას, რათა "დაგრძელდეს" ფრონტის ხაზი და რუსი ოკუპანტები იძულებულნი გახდნენ, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე კონცეტრირებული ძალების ნაწილი გადაისროლონ ბელგოროდის ოლქში, სახელმწიფო საზღვრის გასამაგრებლად...

როგორც ჩანს, უკრაინის სტრატეგიულ გათვლებში ეს ორივე ჩანაფიქრია - პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მოსახლეობას რეალურად აგრძნობინონ, რომ მათი "მეფის"-პუტინის მიერ დაწყებული აგრესია მეზობელი უკრაინის მიმართ უკან უბრუნდებათ და სამხედრო მხრივ, რაც მეტად "გაიბნევიან" რუსული საოკუპაციო ძალები ისედაც თითქმის ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე, მით უფრო გაუძნელდებათ მოიერიშე ძალების თავმოყრა (როგორც ეს ბახმუტის შემთხვევაში დიდი გაჭირვებითა და დანაკარგებით, მაგრამ მაინც მოახერხეს) უკრაინის მორიგი ქალაქის (მაგალითად, კრამატორსკისა და სლოვიანსკის) დასალაშქრად...

ვინც რუსეთ-უკრაინის ომს პირველი დღეებიდანვე ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ სწორედ ჩრდილოეთიდან წამოწყებული შეტევები ისახავდა მიზნად ამ ომის ელვისებურად დამთავრებას, როდესაც ბელარუსისა და რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქებიდან დაძრული რუსული ჯავშანკოლონები კიევისკენ მიიწევდნენ...

მაშინ კრემლს ჩაუვარდა ბლიცკრიგის გეგმა და იძულებული გახდა, უკრაინაზე თავდასხმიდან ერთ-ორ თვეში საერთოდ გაეყვანა თავისი საოკუპაციო ძალების შენაერთები უკრაინის ჩრდილოეთი რაიონებიდან, მათ შორის - სუმიდან და ჩერნიგოვიდან...

ეს არ იყო "კეთილი ნების" ნაბიჯი, როგორც ამას კრემლი ცდილობდა წარმოედგინა, ეს რუსეთის გენშტაბმა იძულებით გააკეთა, რადგან, უბრალოდ, ძალები არ ჰყოფნიდა, ორი ათას კმ-იანი ფრონტის ხაზზე სერიოზული შეტევები განეხორციელებინა.

რუს ოკუპანტებს მაშინ რომ არ მოეხსნათ ძალები ბუჩადან, ჰოსტომელიდან, ჩერნობილიდან, სუმიდან, ჩერნიგოვიდან და ხარკოვიდან, დღემდე შეიძლება ვერც კი გაეძლოთ და რუსული ფრონტის მასობრივი ჩამოშლა აქამდეც მომხდარიყო...

მაგრამ მაშინ რუსეთის გენშტაბმა, ეტყობა, შეძლო კრემლის მთავარი ბინადარის დარწმუნება ამის აუცილებლობაში, რის შემდეგაც პუტინმა მიიღო მისთვის პოლიტიკურად ძალზე მძიმე - უკვე დაპყრობილი უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილებიდან და უშუალოდ კიევიდან ოცდაათიოდე კმ-ში მდგარი რუსული არმიის შენაერთების მოხსნისა და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების გადაწყვეტილება.

მართალია, ამით კრემლმა საბოლოოდ დაკარგა უკრაინის დედაქალაქის - კიევის დაპყრობის იმედი, მაგრამ, სამაგიეროდ, ინტენსიურად შეუდგა გეგმა-მინიმუმის შესრულებას - ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას...

უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოყვანისა და აღმოსავლეთ მიმართულებაზე მათი გადასროლის შემდეგ რუსეთის გენშტაბმა ნაწილობრივ შეძლო ძალების კონცენტრაცია ფრონტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, სადაც დღესაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

სამხედრო ანალიტიკოსების სიმცირეს არც უკრაინის გენშტაბში უჩივიან და, სავარაუდოდ, შემუშავდა გეგმა, რომელიც ფრონტის ახალი მონაკვეთების გახსნას ითვალისწინებს ჩრდილოეთ მიმართულებაზე, ოღონდ, ახლა უკვე არა კიევისა და ჩერნიგოვის სიახლოვეს, არამედ - უშუალოდ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, განსაკუთრებთ კი - ბელგოროდის სასაზღვრო ტერიტორიებზე.

შეიძლება ამ ახალ ფრონტზე უკრაინის არმიას დიდი წინსვლა არ ჰქონდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ორ უპირატესობას შეიძენს - აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზეც ნაწილობრივ გადაიტანს საბრძოლო მოქმედებებს და, ამასთანავე, რუსეთს აიძულებს, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზებიდან მოხსნას და აქეთკენ გადაისროლოს დამატებითი ძალები...