"ჰუსეინ "ბანდერა" - ჩეჩენი მებრძოლი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, შემდეგ კი ერთგულება რამზან კადიროვს შეჰფიცა" - კვირის პალიტრა

"ჰუსეინ "ბანდერა" - ჩეჩენი მებრძოლი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, შემდეგ კი ერთგულება რამზან კადიროვს შეჰფიცა"

აშშ-ის რადიო "თავისუფლება // თავისუფალი ევროპის" (Radio Free Europe/Radio Liberty, RFE/RL) რუსულენოვანი სამსახურის, "რადიო სვობოდას" პროექტის - "კავკაზ. რეალიის" (Кавказ. Реалии) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ჰუსეინ "ბანდერა" - ჩეჩენი მებრძოლი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, შემდეგ კი ერთგულება რამზან კადიროვს შეჰფიცა" (ავტორები - ტიმოფეი როჟანსკი და ირინა რომალისკაია).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის მხარეს მებრძოლი ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში ჩეჩენ მოხალისეთა ქვედანაყოფიც შედის, რომელთა წევრები რუსეთისაგან დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის - იჩქერიის აღორძინების მომხრეებს წარმოადგენენ. მათ შორისაა ერთ-ერთი მეომარი, სახელად ჰუსეინ ჯამბეტოვი, ოცეულის მეთაური. იგი იბრძოდა ლისიჩანსკში, ბახმუტში, გამოდიოდა უკრაინის ტელევიზიით, აძლევდა ინტერვიუებს დასავლურ მასმედიას, მისი მეტსახელი იყო "ბანდერა"... და უცებ, ასეთი საბრძოლო ბიოგრაფიის მქონე ჰუსეინ ჯამბეტოვი გროზნოში გამოჩნდა და რამზან კადიროვს ერთგულება შეჰფიცა: "მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, სამუდამოდ ჩვენი ხალხის წინამძღოლთან ვიქნები. მე მას ძმობას, მეგობრობას გავუწევ, მისი ჯარისკაცის მოვალეობას შევასრულებ", - განაცხადა მან. არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალურ ლეგიონში ჰუსეინ ჯამბეტოვი სრულიად სხვაგვარად ლაპარაკობდა - იგი ალაჰს ევედრებოდა, რომ მიეცა ძალა რუსების ამოსაწყვეტად, ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის ჩათვლით. მართლაცდა, მკვეთრი ტრანსფომაციაა, ხომ?

ამ ისტორიაში გასარკვევად 1990-იან წლების ბოლოს უნდა დავბრუნდეთ, ჩეჩნეთის ორი ომის პერიოდში, როცა მებრძოლებს ჩეჩნეთის რუსეთისაგან გამოყოფა და დამოუკიდებელი იჩქერიის შექმნა სურდათ. ჰუსეინ ჯამბეტოვი მათ მხარეს იბრძოდა. კონფლიქტში რუსეთის არმიამ გაიმარჯვა, მოსკოვის მხარეს გადავიდა ახმატ კადიროვი, რამზანის მამა, რომელმაც ვლადიმერ პუტინს ერთგულება შეჰფიცა. დამარცხებულები ევროპაში გაიფანტნენ, მოგვიანებით ზოგიერთი უკრაინის არმიაში ჩაეწერა. როცა ომი დაიწყო, მათ იმედი გაუჩნდათ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. მათ შორის იყო ჰუსეინ ჯამბეტოვიც, რომელიც "ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ დასავლეთი ჩეჩნეთსაც დაეხმარებოდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რამზან კადიროვი უკრაინის არმიის შემადგენლობაში არსებულ ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონს თავის დაუძინებელ მტრად თვლის. რუსეთში ჰუსეინ ჯამბეტოვზე ძებნა იყო გამოცხადებული... და უეცრად იგი გროზნოდან აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნების წინ რამდენიმე უკრაინელი თანამებრძოლი მოკლა. ახლა ინტერნაციონალური ბატალიონის ყოფილი მებრძოლი იმ თანამემამულეებს მოუწოდებს, რომლებიც ჯერ კიდევ მსახურობენ უკრაინის არმიაში, რომ რუსეთის მხარეს გადავიდნენ. მაგრამ როგორც ჰუსეინ ჯამბეტოვის ყოფილი თანამებრძოლები ამბობენ, ომში ის უფრო მეტად ლაპარაკობდა, ვიდრე იბრძოდა. "ჰუსეინი, უბრალოდ, ყბედი იყო. არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ყბედობის გარდა. ბრძოლის ხერხებს არ ფლობდა. შეეძლო ჭამა-სმა და ძილი", - ამბობს ზუმსო ამაევი, რომელიც 25 წლის წინათ იჩქერიის სპეცქვედანაყოფში მსახურობდა, ახლა კი უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის, რუსეთის წინააღმდეგ.

ჰუსეინ ჯამბეტოვის ჩეჩნეთში დაბრუნების შემდეგ საჯაროდ გამოვიდა [რუსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები] მამამისი, რომელმაც შვილის საქციელი "ჩეჩენი ხალხის ღალატად" შეაფასა და განაცხადა, რომ ნებას აძლევს და ლოცავს ყველას, ვინც ჰუსეინ ჯამბეტოვის მოკვლას გადაწყვეტს.

შეუძლია თუ არა ამ ფაქტს, ინტერნაციონალური ბატალიონის ჩეჩენ მებრძოლებს რეპუტაცია შეულახოს? თვითონ მეომრები ამბობენ, რომ ეს არ მოხდება - "ყველა ომის დროს არიან მოღალატეები და კოლაბორანტები. მაგრამ ცუდი ისაა, რომ ჰუსეინ ჯამბეტოვმა ბევრი რამ იცის - გვარები, სახელები, ვისი ოჯახი სად ცხოვრობს, სად არიან მათი ნათესავები, იცის ტელეფონის ნომრები... უკვე გვაქვს ცნობები, რომ ჰუსეინ ჯამბეტოვის მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე ჩეჩნეთში ბევრი ნათესავი დაიჭირეს", - ამბობს ისლამ ბელოკიევი, შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის მებრძოლი.

რა არის ჰუსეინ ჯამბეტოვის მტრის მხარეს გადასვლის მიზეზები, ჯერჯერობით გაუგებარია. თვითონ იგი ზუსტ განმარტებას არ აკეთებს. შეიძლება რუსებმა ან თვითონ პრორუსმა ჩეჩნებმა მოისყიდეს. შეიძლება თავიდანვე შეგზავნილი იყო კრემლის მიერ და შენიღბულად მოქმედებდა. არავინ იცის. ამ ისტორიას კომენტარს ახმად ზაკაევი, დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი უკეთებს:

- თქვენი აზრით, რა მოხდა ჰუსეინ ჯამბეტოვთან მიმართებით?

- ომის დროს, რასაკვირველია, ყოველთვის არიან გმირები და მოღალატეები. ჩვენდა საბედნიეროდ, მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა არსებობს, როცა უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური ქვედანაყოფის მებრძოლი მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა. შესაძლოა, ჰუსეინ ჯამბეტოვს ჩეჩენი ხალხის გაერთიანება ნამდვილად უნდოდა. ალბათ, სწორედ ამიტომ ვიღაცებმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენეს - პროპაგანდისტული მიზნით, - აი, ხედავთ, კაცი უკრაინელების მხარეზე იბრძოდა, ახლა კი [ჭკუას მოუხმო] და რამზან კადიროვის მხარეზე გადავიდაო. ჩემი აზრით, მიზანი მხოლოდ ეს იყო. ჰუსეინ ჯამბეტოვს არავითარი საიდუმლო მონაცემები არ აქვს.

- ნიშნავს თუ არა მისი რუსების მხარეს გადასვლის ფაქტი გარკვეული ტენდენციის დაწყებას თუ ეს მხოლოდ ერთეულ შემთხვევას წარმოადგენს?

- კიდევ კარგი, რომ თავისი ნამდვილი სახე დროულად გამოაჩინა. ვფიქრობ, რომ მის მაგალითს არავინ მიბაძავს. ჰუსეინ ჯამბეტოვი რომ ჩეჩნურ ბატალიონში დარჩენილიყო, სახელი და დიდება ექნებოდა, ახლა კი იგი სასაცილო ადამიანად იქცა. მან სამარცხვინო მოქმედება ჩაიდინა.

- თავის დროზე რამზან კადიროვმა იმ ჩეჩნებს, რომლებიც იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, რუსეთის მხარეს გადასვლისაკენ მოუწოდა და ზოგიერთებმა მართლაც ისარგებლეს ამ შესაძლებლობით. ახლაც იმუშავებს იგივე ტაქტიკა?

- არა, რა თქმა უნდა. იმ დროს სხვა სიტუაცია იყო, ჩეჩნეთში ბოროტება ზეიმობდა: განუწყვეტელი დაბომბვები, ეთნიკური წმენდები, საკონცენტრაციო ბანაკები... ასეთ პირობებში ვლადიმერ პუტინმა და რამზან კადიროვმა შეძლეს სულმოკლე ადამიანების გადაბირება. მაგრამ ახლა სხვა სურათი გვაქვს. რამზან კადიროვისა და ვლადიმერ პუტინის სიცოცხლის წუთები დათვლილია. ამ დროს მხოლოდ ფსიქიკურად არანორმალურს თუ შეუძლია კრემლის მხარეს გადასვლა. ასეთი აღმოჩნდა ჰუსეინ ჯამბეტოვი. ის რომ ნორმალური იყოს, იმას არ ჩაიდენდა, რაც ჩაიდინა. ვიმეორებ, რომ მე არ მგონია, ვინმემ მის მაგალითს მიბაძოს.

თავის დროზე ასლან მასხადოვიც თანახმა იყო, რომ ჩეჩნური ქვედანაყოფები [ფორმალურად] რუსეთის დროშის ქვეშ გადასულიყვნენ, რათა სამომავლოდ მათ დეოკუპაციაში მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინათ, მაგრამ ეს წარსულში იყო, ახლა სხვა დროა. რამზან კადიროვს ჰუსეინ ჯამბეტოვი მხოლოდ პროპაგანდისათვის სჭირდება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ