"ჩემი შეყვარებული ომშია და მე რა უფლება მაქვს შინ ვიჯდე, შორიდან ვუყურო ამ ყველაფერს?!" - კვირის პალიტრა

"ჩემი შეყვარებული ომშია და მე რა უფლება მაქვს შინ ვიჯდე, შორიდან ვუყურო ამ ყველაფერს?!"

სასწაული იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება და ეს ძირითადად სიყვარულს უკავშირდება. ჩემს რესპონდენტს, ახალგაზრდა და ლამაზ ქალს სიყვარულის ძალამ მისცა გამბედაობა ევლო მატარებლით, თვითმფრინავით, ავტობუსით, ფეხით; გადაელახა მინდვრები, მდინარეები, ბლოკპოსტები და შეყვარებულთან პირდაპირ ფრონტის ხაზზე ჩასულიყო. დიახ, იაკო ფრანგიშვილმა ზამთრის ერთ ცივ და სუსხიან დღეს უკრაინაში ჩააკითხა "ქართული ლეგიონის" მებრძოლს, ნიკა ჭურაძეს. როგორი იყო შეყვარებულის დანახვით გამოწვეული რეაქცია ომში, ვინ არის ნიკა, რატომ იბრძვის ის და როგორია ახალგაზრდების მიზნები, ამის შესახებ წყვილი თავად გვიამბობს.

ნიკა:

- პროფესიით მხატვარი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და მშვიდად ვცხოვრობდი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მყავს მშობლები, ძმები, შეყვარებული, მეგობრები... უბრალოდ, როცა ვნახე, რაც გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, როგორ ექცეოდნენ რუსი სამხედროები ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, მას მერე ცხოვრების მშვიდად გაგრძელება უბრალოდ ვეღარ შევძელი... ომში გაბრაზებული ან შურისძიებით აღვსილი არ წამოვსულვარ. ის ადამიანები შემეცოდნენ, რუსული სისასტიკის წინაშე რომ აღმოჩნდნენ.

- მშობლებზე აღარაფერს გეკითხებით, იაკომ როგორ გამოგიშვათ?

- დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და ია უსიტყვოდ მიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი. მხოლოდ ის მთხოვა: შემპირდი, რომ აუცილებლად დამიბრუნდებიო.

იაკო:

- ნიკასთვის რუსული ოკუპაცია, აგრესია, სისასტიკე ყოველთვის მტკივნეული თემა იყო. ზოგადად, ისეთი ადამიანია, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, ყოველთვის ეფიქრება სამშობლოზე, სხვა ადამიანებზე... როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მშვიდობიანი ხალხის ხოცვა დაიწყო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთელ სამყაროს მიმართა დაგვეხმარეთო, ვიფიქრე, რომ ერთ დღეს ნიკაც წავიდოდა. სულ იმის შიში მქონდა, რომ აი, ახლა მეტყვის, უნდა წავიდეო და ეს დღეც დადგა. ვერაფერი ვუთხარი. მისი ხასიათისა და ტიპაჟიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. ცრემლებით გავაცილე...

- უკრაინაში წასვლა როგორ გადაწყვიტე?

- ძალიან მენატრებოდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა ღირდა, თუკი ნიკას ჩავეხუტებოდი.

- მარტო წახვედი?

- სრულიად მარტო. გზაში ბევრი დაბრკოლება შემხვდა, ბევრჯერ ვიტირე სიმწრით, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა ყველაფერის ატანისა და გადატანის ძალა მომცა. ჯერ პოლონეთში ჩავფრინდი, იქიდან უკრაინის საზღვრამდე დაიწყო ყველაზე დიდი სირთულეები. ვინც კი გზაში შემხვდა, ყველა მეხმარებოდა. როცა იგებდნენ, სად მივდიოდი და რატომ, მგულშემატკივრობდნენ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო. სხვათა შორის, ყველა ქართველი იყო. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მივდიოდი და ბევრი დაბრკოლება მხვდებოდა: ხან ტრანსპორტი არ იყო, ხან გზა... ამ ყველაფერთან ერთად, ისე ციოდა, ძვალსა და რბილში რომ ატანს. მე ორი უზარმაზარი ჩანთა მქონდა, ნიკუშასთვის, სხვა რაღაცებთან ერთად საახალწლო ნუგბარიც მიმქონდა. 7 საათი ვიდექი პოლონეთის საზღვარზე. მეგონა მოვკვდებოდი. იყო მომენტი, რომ ვიფიქრე, გზას ვეღარ გავაგრძელებდი... უკრაინის საზღვართან რომ მივედი, უკუნი სიბნელე იყო. მივდიოდი ამ სიბნელეში ფეხით, დაღლილი, მძიმე ჩანთებით და თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა. ბოლოს ნიკუშა რომ დავინახე, დაღლილობაც უკვალოდ გაქრა და შიშიც. ეს ყველაფერი ღირდა იმისთვის, რომ ჩავხუტებოდი და მის თვალებში ჩამეხედა.

ნიკა:

- იაკოს სიყვარული, ყველა რთულ სიტუაციაში მაძლევს მოტივაციას. ვიცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ჯოჯოხეთშიც რომ მომიწიოს ჩასვლამ, იქიდანაც ცოცხალი უნდა ამოვიდე. ჩემს თავს წამით არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას. მარტო მე არ ვარ ასე. აქ არიან ბიჭები, რომლებსაც უკვე დიდი შვილები ჰყავთ და მათთან ჩახუტება ერთ სიცოცხლედ უღირთ, მაგრამ ისიც იციან, რომ სწორედ შვილების ნათელი მომავლისთვის აქვთ თავი გადადებული.

- იას უკრაინაში ჩამოსვლა სიურპრიზი იყო?

- სიურპრიზი ის იყო, რომ ჩამოსვლა გადაწყვიტა. კიდევ კარგი, ვერ მოითმინა და წამოსვლამდე ჩანაფიქრი გამანდო. სხვათა შორის, როდესაც ია ჩამოვიდა და ქალაქში განგაშის სიგნალი ჩაირთო, პირველად შემეშინდა. აქ ორი კვირა გაჩერდა და იძულებული გავხდი, გამომეცილებინა. ეს გამომშვიდობება უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი განშორება.

იაკო:

- ამ დრომდე ნიკას თვალებში შიში არ მენახა. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ყველაზე კარგად დაცული მე ვიყავი. ნიკასაც ვუთხარი: არ ინერვიულო, მე არაფრის მეშინია, ნახე, როგორი რომანტიკული მომენტი გვაქვს, ამას მერე შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით-მეთქი.

iako5-1685347514-1685690968.jpg

- სამოქალაქო აქტივობებში, საპროტესტო მოძრაობებში თუ მონაწილეობ?

- რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში არ ვარ გაწევრებული, მაგრამ როდესაც საჭიროა, ყოველთვის გამოვდივარ ქუჩაში. ერთადერთი, რაც ვერ გავაპროტესტე, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა იყო, რადგან მაღალი სიცხე მქონდა. დანარჩენ შემთხვევაში ჩემი წვლილი მეც შემაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩემი შეყვარებული ომშია და მე რა უფლება მაქვს შინ ვიჯდე, შორიდან ვუყურო ამ ყველაფერს?!

- ნიკა, როგორც ვიცი, სადაზვერვო ჯგუფში ხარ და ხშირად გიწევს ცხელ წერტილში ყოფნა. შეგიძლია გაიხსენო ამბები, როდესაც სიკვდილს თვალებში ჩახედე?

- აქ სულ თვალებში ვუყურებთ სიკვდილს, მაგრამ უკვე შევეჩვიეთ. მახსოვს, ახალი ჩამოსული რომ ვიყავი და პირველად მივდიოდი დავალებაზე მანქანით, ყაყაჩოები დავინახე და ასეთი ამბავი გამახსენდა: მე და ჩემი ძმები პატარები რომ ვიყავით, მამას ვკითხეთ, - ამდენი ყაყაჩო რატომ ამოდის მინდვრებშიო? მამამ გვითხრა, - ესენი უბრალო ყაყაჩოები არ არიან, ჩვენს ქვეყანას ბევრი ომი უწევდა და ყველა მიწა წმინდააო. მე ისევ ვიკითხე, რატომ აკურთხეს-მეთქი? დედამ თქვა, კი არ აკურთხეს, ყაყაჩოები დაცემული ჯარისკაცების სახელზე ამოდისო. მას შემდეგ, პატივისცემის ნიშნად, ყაყაჩოებს აღარ ვწყვეტდი... ეს ამბავი რომ მახსენდებოდა, თან სიამოვნებისგან მეღიმებოდა, თან გულდაწყვეტილი ვფიქრობდი, - ვაითუ, ჩემი ყაყაჩო ჩემს მიწაზე არ გაიზარდოს-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ და სამშობლოში აუცილებლად გამარჯვებულები დავბრუნდებით.

- ახლა ალბათ მკითხველებიდან ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ ასეთი შეყვარებული ხარ, გაქვს პროფესია, რომელიც გიყვარს, ბედნიერი ხარ მშობლებისა და დედმამიშვილების გარემოცვაში, რატომ არ ბრუნდები სამშობლოში? რა გაიძულებს, რომ იომო უცხო ქვეყანაში?

- ეს არ არის სხვისი ომი, ეს არის ბრძოლა ქართველების სისხლისმსმელების წინააღმდეგ. რუსი ყველგან ქართველის მტერია, საქართველოშიც, უკრაინაშიც და ამერიკაშიც. მიაღწევს რუსეთი თავის მიზანს უკრაინაში? შემდეგი ვიქნებით ჩვენ. მე ზუსტად იმისათვის ვიბრძვი უკრაინაში, რომ რუსეთმა მერე საქართველოში არ დაატრიალოს ცოდვის კალო. ცოტასაც უნდა გავუძლოთ. უკრაინელები მედგრად არიან. შარშან, ენერგორესურსებზე მასირებული შეტევები რომ დაიწყო, ქართველები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ხალხს ძალიან გაუჭირდება, ყელში ამოუვაო. თუმცა საპირისპირო ვიხილეთ. მაგალითად, როდესაც შუქი იყო, ხალხი ელექტრომადუღარას არ იყენებდა, - მე რომ გამოვიყენო ეს ენერგია, იქნებ საავადმყოფოში ვიღაცას დააკლდესო. ახლა აქ მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიოს ბედი წყდება. მინდა რუსულმა ურდომ აქ ისე მოიტეხოს კისერი, რომ საქართველოსკენ ვერასდროს გამოიხედოს. აქ თითოეული ჩვენგანი საქართველოს ელჩია. ჩვენი ბიჭები თავიანთი სიმამაცით საქართველოს ასახელებენ და თავიანთი სისხლით წერენ საქართველოს ისტორიას. არ მესმის იმ ქართველების, რომლებიც ამბობენ, რუსებს ხომ არ შევაკვდებით? აბა, ომი გინდათო? იცით, იარაღის ხელში აღების გარდა, ბრძოლის სხვა ხერხებიც არსებობს. გარდა ამისა, ქართველ კაცს ვინმემ ქუჩაში შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, იტყვის, ეს ახლა ჩემზე ძლიერია და ხელს ვერ შევუბრუნებო? არ არის ჩვენი მენტალობისთვის დამახასიათებელი შეშინებული კაცის პოზიციიდან საუბარი და რატომ გვახვევენ ასეთ იდეოლოგიას თავს?

- ყველაზე რთული რა არის?

- ის, რომ თანამებრძოლებს ვკარგავთ. დილით ერთად ხართ, ლაპარაკობთ, ერთმანეთს უცინით, აიმედებთ და მეორე წუთში შეიძლება აღარ იყოს. მხოლოდ ქართველებს არ ვგულისხმობ, უკრაინელებსაც ჩვენს ძმებად მივიჩნევთ.

- ახლა რა ხდება ფრონტის ხაზზე?

- უმაღლესი მოტივაცია გვაქვს. კონტრშეტევა ნელ-ნელა გადადის აქტიურ ფაზაში. ცოტა ხნის წინ გამოვედით ბახმუტიდან, იქ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უკვე გავაკეთეთ. ახლა ზაპოროჟიეს მიმართულებით ვმუშაობთ.

- სულ ცოტა ხნის წინ "ვაგნერელების" მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტი სრულად აიღეს.

- იქ ასაღები მართლა არაფერი იყო. ქალაქი უბრალოდ აღარ არსებობს, მხოლოდ ნანგრევებია, მოსახლეობა კი სრულად გაყვანილი. უკრაინელებმა საკმაოდ მიზანმიმართული და გათვლილი სტრატეგიით, რუსეთის უზარმაზარი რესურსი შეალიეს ამ ერთ პატარა დასახლებას. დადიან ახლა რუსი მაროდიორები, ნაგავში იქექებიან თუ რამე იპოვეს - უნიტაზები, სარეცხი მანქანები და მსგავსი ნივთები, იმას ეზიდებიან. ახლა მე საქართველოში მიმდინარე ამბები უფრო მაფიქრებს. რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ჩვენთვის ზურგში მახვილის ჩაცემა იყო. პრობლემა ის არის, რომ საქართველო მაშინ იწყებს რუსეთთან ურთიერთობების დათბობას, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა იმპერიალისტური რუსეთის სისხლიანი სახე და ყველა ცდილობს გაემიჯნოს.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებით ჩვენ შეიძლება, აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შანსი მოგვეცეს.

- ნახეთ რას ამბობენ რუსები, შესაძლოა აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგასო, ანუ დარწმუნებით არ ამბობენ. როდესაც რუსი ხელშეკრულებას აფორმებს და პირობას დებს, იმას არ ასრულებს და ასე სათუოზე ვენდობით ამ საერთაშორისო "ჟულიკებს"? საქართველო ერთ დიდ სახინკლედ წარმოუდგენიათ. უნდათ, მაგათ დაკრულზე ვიცეკვოთ და ვიმღეროთ, ასე არ გამოვა. საქართველო უდიდესი საბრძოლო ისტორიის, ტრადიციების ქვეყანაა და არც ერთ თავმოყვარე ქართველს არ უნდა უნდოდეს რუსების სამაიმუნოდ თავი გაიხადოს.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"