"ჩემს ცხოვრებას ემიგრაციას ვერ დავარქმევ, რადგან მე და ჩემი და აქ დავიბადეთ" - ქართველი გოგონა, რომელიც სამოდელო სფეროში იმკვიდრებს თავს - კვირის პალიტრა

"ჩემს ცხოვრებას ემიგრაციას ვერ დავარქმევ, რადგან მე და ჩემი და აქ დავიბადეთ" - ქართველი გოგონა, რომელიც სამოდელო სფეროში იმკვიდრებს თავს

"ცოტა ხნის წინ მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო და წარმომედგინა MANZARI-ის ფირმის ნაწარმი ბეწვეულის 48-ე საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც საბერძნეთის ქალაქ კასტორიაში 2023 წლის 27-29 აპრილს ჩატარდა. ასევე ვთანამშრომლობ Schwarzkopf-ის IEK delta-სა და სხვა ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში. ვემზადები უფრო მეტი კონტრაქტის გასაფორმებლად, ოღონდ, მას შემდეგ, რაც 16 წლის გავხდები", - ამბობს ჩვენთან საუბრისას 15 წლის კატერინა კახნიაშვილი...

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი მოდელებისთვის სამუშაო სივრცე შეზღუდულია, მან უკვე წარმატებებს მიაღწია და წინ მეტად საინტერესო გზა აქვს.

თავის ბავშვობასა და დღევანდელობაზე კატერინა საბერძნეთიდან ვრცლად გვესაუბრა.

- ჩემი ბავშვობის ყოველდღიურობა არ ჰგავდა სხვებისას, თითოეული დღე მუდმივად გადატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. დედასთან ერთად მუდმივ ძიებაში ვიყავი - რა სფეროში შეიძლებოდა საკუთარი თავი მეპოვა. მე და ჩემს უმცროს დას ადრეული ბავშვობიდანვე მოგვიწია სპორტისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან შეხებამ. დავდიოდი სახელოვნებო სკოლაში, სადაც ვეუფლებოდი ხატვას, ფერწერას, გრაფიკას, ასევე ვმუშაობდით კონსტრუქციებისა და ქანდაკების მიმართულებით.

გარდა სახელოვნებო სკოლისა, პარალელურად ვეუფლებოდი მუსიკალურ ხელოვნებას. სამუსიკო სკოლა "ოდიო ანოპოლისში" ვისწავლე ვიოლინოზე დაკვრა და საგუნდო სიმღერა. პარალელურად, ვთამაშობდი ჭადრაკს და ვთამაშობ ბადმინტონს. მონაწილეობა მაქვს მიღებული საბერძნეთის სხვადასხვა ეროვნულ ჩემპიონატში და რამდენიმე მედალი მოპოვებული.

ამ ყველაფერთან ერთად, დიდი ადგილი ეკავა მშობლიური ენის შესწავლას. დავდიოდი სალონიკში არსებულ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში, სადაც ბატონი ელგუჯა ციგროშვილის დამსახურებით ვისწავლე ქართული ენა, მშობლიური ისტორია და კულტურა. ვცეკვავდი სალონიკში არსებულ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "კოლხში". აქტიურად ვმონაწილეობდი სალონიკში არსებული ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

- რას იტყვით სკოლაზე?

- მეცხრე კლასამდე მე და ჩემი უმცროსი და ანასტასია სალონიკის მეცამეტე გიმნაზიაში ვსწავლობდით. ბერძენი ბავშვები ძალიან გულღია და კონტაქტურები არიან, ამიტომ სკოლაში ბევრი მეგობარი გვყავდა, მაგრამ მერე სწავლა კერძო სკოლაში გავაგრძელეთ. კოლეჯის გადასახადი საკმაოდ მაღალია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეობა გვაქვს მიღებული ბადმინტონის ეროვნულ ჩემპიონატებში, 70%-იანი დაფინანსებით ჩავირიცხეთ. კოლეჯში ძალიან მეგობრული, სასიამოვნო და განსხვავებული ატმოსფერო დაგვხვდა. განსხვავებულია მისი სასწავლო სისტემა და მოსწავლეს ის მეტ თავისუფლებას, მოტივაციას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროგრამა ძალზე დატვირთულია (ექვს საათზე ვიღვიძებთ, რომ სკოლაში წავიდეთ), გარემო და სასწავლო პროცესი იმდენად სასიამოვნოა, რომ მოსწავლისთვის რთული მასალის დაძლევა პედაგოგებთან ერთად, სასიამოვნოც კი არის.

- როდიდან იმყოფებით ემიგრაციაში?

- ჩემს ცხოვრებას ემიგრაციას ვერ დავარქმევ, რადგან მე და ჩემი და აქ დავიბადეთ და აქაური მეგობრები გვყავს. ჩემი მშობლები სალონიკში 2003 წელს ჩამოვიდნენ და დედა უკვე 20 წელია აქ ცხოვრობს. აქ თავის დამკვიდრება არც ისე ადვილია. დედას პროფესიის შეცვლაც კი მოუხდა და ის სამედიცინო სფეროში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც საქართველოდან ბებო, დეიდა და ნათესავები გვეწვევიან ხოლმე. დედის ძმა მეუღლესა და შვილთან ერთად კუნძულ როდოსზე ცხოვრობს. დღესასწაულებს ძირითადად, ერთად ვხვდებით, ქართულ გარემოში.

- როდიდან და როგორ აღმოჩნდით სამოდელო სფეროში?

- ყოველთვის არსებობდა მინიშნება, რომ მე ამ სფეროში აღმოვჩნდებოდი, რადგან გავიზარდე ფრაზით "კატერინა მოდელი". 2021 წლის სექტემბერში დედამ მიბიძგა ამ თამამი ნაბიჯის გადადგმისკენ და მასთან ერთად შესარჩევ შეხვედრაზე წავედი. იმ სააგენტოში არ მიმიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. რამდენიმე თვე მოვემზადე და თებერვალში დავიწყე სხვადასხვა "ვორკშოფში" მონაწილეობა.

- დღეს უკვე ძალიან შთამბეჭდავია სამოდელო სფეროში მიღწეული თქვენი წარმატებები...

- ცოტა ხნის წინ მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო და წარმომედგინა MANZARI-ის ფირმის ნაწარმი ბეწვეულის 48-ე საერთაშორისო გამოფენაზე. ასევე, ვთანამშრომლობ schwarzkopf-ის IEK delta-სა და სხვა ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, არ ვკმაყოფილდები მიღწეულით, ბევრს ვმუშაობ და საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს, დიდი ძალისხმევის ჩადებას ვაპირებ.

- კონტრაქტებზე რას იტყვით?

- კონტრაქტები ცალკე განსახილველი თემაა. რადგან არასრულწლოვანი მოდელებისთვის სამუშაო სივრცე შეზღუდულია, ვემზადები უფრო მეტი კონტრაქტის გასაფორმებლად, ოღონდ, მას შემდეგ, რაც 16 წლის გავხდები.

- თუ ადევნებთ თვალს საქართველოში მოდის სფეროს და გაქვთ თუ არა საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები?

- რა თქმა უნდა, ვადევნებ თვალს, მაგრამ საქართველოში ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადამიდგამს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამომავლო გეგმებში უცხოურ სამოდელო კომპანიებთან თანამშრომლობაა, თუ საქართველოში მუშაობის საშუალებაც მომეცემა, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"