"დავითის ფიგურა ნაწარმოებში მიჩნეულია სომხეთის მეზობლად მდებარე საქართველოს სამეფოს ძლიერ მეფედ" - უცნობი წყაროები დავით აღმაშენებლის შესახებ
წინამდებარე წერილში წარმოგიდგენთ უცნობ სირიულ და ლათინურ წყაროებს, რომლებიც დავით აღმაშენებელზე მოგვითხრობენ. წერილობით წყაროებთან ერთად, გაგაცნობთ დავით აღმაშენებლის უცნობ ძველ ფრანგულ გამოსახულებებსაც, რომელიც ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულების შემცველია.
თავდაპირველად განვიხილოთ სირიული ანონიმი დიდგორის ბრძოლის შესახებ. ქრისტიანი სირიელი ანონიმი ავტორის უნივერსალური ქრონიკა ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ წყაროდ არის მიჩნეული. ქრონიკაში თხრობა 1234 წლამდეა მიყვანილი. ძეგლი სირიულ წყაროებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ტექსტს სრული სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. ავტორი ეყრდნობა უაღრესად ფართო წყაროთმცოდნეობით ბაზას, რომლის დიდი ნაწილიც დღეს დაკარგულია. ამგვარი წყაროს ცნობები საქართველოს ისტორიის ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ, როგორიც დიდგორისა და ბასიანის ბრძოლებია, ცხადია, განუზომლად ღირებულია ჩვენი სამეცნიერო ლიტერატურისთვის. საქართველოს შესახებ ცნობები ქრონიკის ჩვენამდე მოღწეულ ნაწილებში საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გაბნეულია მთელ თხზულებაში, მათი სრულად თარგმნა, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოესწრო. წინამდებარე ნაწყვეტში წარმოგიდგენთ ქრონიკის ცნობას დიდგორის ბრძოლის შესახებ, რომელიც ძირითადად ეთანხმება ამ ეპოქალური ისტორიული მოვლენის შესახებ არსებულ სხვა წყაროებს, მაგრამ მისი წინაპირობებისა და განვითარების ნაწილობრივ განსხვავებულ სურათსაც გვთავაზობს. კონკრეტულად, დიდგორის ომის მიზეზად აქ დასახელებულია ილღაზისა და დავითის ინტერესთა გადაკვეთა სომხეთში და არა განძელ-თბილელ-დმანელ ვაჭართა ელჩობა:
“ღაზის დამარცხება იბერთაგან.
ხსენებული ღაზი ფრიად განდიდდა და ძლევა შეიმოსა. იგი გაამპარტავანდა, რადგანაც მისი ძალაუფლება გავრცელდა სუკმანის ძეზე, მის ძმაზე და დავუდზე, მის ბიძაშვილზე, ვიდრე ატორამდე, სომხეთამდე და იბერთა საზღვრებამდე. მისი ხალხი და მისი მოკიდებულები გაბატონდნენ მთელ სომხეთზე. ამდენად, შეტაკება მოხდა მათსა და იბერთა მეფეს შორის, რომელსაც ერქვა დავითი. ღაზი გათამამდა და შეკრიბა მთელი მისი ტომის კაცები, რომლებიც დაფანტული იყვნენ ურიცხვ ხალხში და შევიდა იბერთა ქვეყანაში. ამ ამბის ცნობისას, დავითმა, იბერთა მეფემ, შეკრიბა თავისი მებრძოლები და გაემართა მის შესახვედრად. ბრძოლა გაჩაღდა მათ შორის. ღაზი დამარცხდა მის წინაშე. იბერები დაედევნენ თურქებს, ვიდრე მათი უმეტესი ნაწილი არ ამოწყვიტეს და მათი ქონება მოიალაფეს. ამგვარად, ღაზი შერცხვენილი გამობრუნდა იბერთა ქვეყნიდან და დაბრუნდა თავის ქვეყანაში, ცოტა ხანში დასნეულდა და მოკვდა” (Anonymi auctoris Chronicon ad annum Christi 1234 pertiners, Louvain, 1974, 62-63.)
მეორე, ამჯერად ლათინური, უცნობი წყაროც დავით აღმაშენებელზე დაახლოებით ამავე პერიოდს ეკუთვნის და როგორც ვნახავთ, რამდენადმე ეხმიანება სირიული წყაროს ცნობას ილღაზის შესახებ.
XIII საუკუნის პირველ ნახევარში, კათოლიკური ეკლესიის კარდინალი ოლივერი აღწერს ჯვაროსანთა და ეგვიპტის სულთანთა ბრძოლების ცალკეულ პერიპეტიებს. ავტორი დაწვრილებით საუბრობს ეგვიპტელთა ერთ-ერთი ტრადიციული სამხედრო ხრიკის შესახებ, რომელიც გულისხმობდა მოწინააღმდეგის ზურგში წყლის არხის გაყვანასა და ამგვარად, მათთვის უკან დასახევი გზის დატბორვას... ეს ხრიკი საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა და მტრის დემორალიზებას ახდენდა. ეგვიპტელთაგან ჯვაროსნებისთვის უკან დასახევი გზის დატბორვის შემდეგ, სულთნის ბანაკში მოითხოვდნენ, რომ უკან დასახევ გზამოჭრილ ჯვაროსნებს დაუყოვნებლივ დასხმოდნენ თავს, მაგრამ წინდახედული სულთანი ფრთხილობდა, რადგანაც, ამ ეტაპზე, გენერალური შეტევისთვის მზად ჯერაც არ იყო. ოლივერი წერს:
სულთანმა “თათბირისას უბრძანა მათ [თავის სარდლებს], შეეწყვიტათ ყველანაირი სამხედრო მოქმედება ჩვენს [ჯვაროსნების] წინააღმდეგ. მისი ძმები, განსაკუთრებით კი ემესის მთავარი, განცხადებული მტერნი ქრისტიანებისა, ცდილობდნენ, შემოებრუნებინათ იგი. ეუბნებოდნენ, რომ წყლით გარემოცულ ფრანგებს [ჯვაროსნებს] აღარ შეეძლოთ გაქცევა, მაგრამ სახიერმა და წინდახედულმა სულთანმა, მშვიდობისმოყვარემ და არა სისხლის ღვრის მოსურნემ, თავის ძმებთან და სასახლის დიდებულებთან განბჭო და წარმოუსახა მათ თვალწინ მაგალითი სპარსეთის სულთნისა, რომელსაც, თავისი წარმატებებით მეტად გადიდგულებულს, ჰქონდა სურვილი, თავად დაენიშნა კაიროს მეფეც და ასევე სხვა მმართველები აზიაში, და რომელიც, ბოლოს, დამარცხებულ იქნა დავით მეფისგან, საქართველოს უფლისგან, და რომელმაც [სულთანმა] დაკარგა თავისი სამფლობელო” (Michaud J.F., Bibliothèque des Croisades, Paris, 1829, 158).

ამ მაგალითის გათვალისწინებით, ოლივერის მიხედვით, ეგვიპტელებმა ჯვაროსნებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
სპარსეთის სულთანი, ამ შემთხვევაში უბრალოდ აღმოსავლეთის მუსლიმ მმართველს უნდა გულისხმობდეს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა მოცემული ეპოქის ევროპულ წყაროებში. მართალია, ეს სიტყვები სულთნის მიერ წარმოითქვა, მაგრამ ის ქრისტიანი ოლივერის მიერ არის გადმოცემული და სავარაუდოდ, გაფორმებულიც.
წყაროს შინაარსი, ვფიქრობ, საკმაოდ ცხადი და მრავლისმეტყველია. ჯვაროსანთა ყველაზე ძლიერი მტრების, ეგვიპტელი მუსლიმებისთვის, დავით აღმაშენებლისაგან ილღაზის დამარცხების ფაქტი, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც, იმდენად მრავლისმეტყველია, რომ მას ჯვაროსნებთან ურთიერთობისას სახელმძღვანელო მაგალითადაც იყენებენ. თუკი, განდიდებული ილღაზიც კი დამარცხდა ქრისტიანებთან (დავით მეფესთან) ომში, შესაძლოა, იგივე განმეორდეს ახლაც და ეგვიპტის სულთანიც ასევე დაეცეს ჯვაროსანთა წინაშე. ამიტომ, საჭიროა მათთან მოლაპარაკება. აშკარაა, რომ აქ დავითი მუსლიმური პერსპექტივიდან დანახულია, როგორც ჯვაროსანთა წინამძღოლი, რომელიც ჯვაროსნულ/ქრისტიანულ სამხედრო პოტენციალს განასახიერებს, რაც გვახსენებს ერთი მხრივ ძველ თურქულ ეპიკურ პოემას - “მელიქ დანიშმენდსა” და მუსლიმური მიმართვის ფორმმულებს (ენშებს), რომელიც ქართველებს ფრანგებს, ანუ ჯვაროსნებს უწოდებს, ქართველთა მეფეს კი „ფარანგის მარზპანს”, ანუ ჯვაროსნული სამყაროს მენაპირე მცველს. ნიშნეულია, რომ ეს ფუნქცია მიაკუთვნა დავითს ქრისტეს საფლავის ფრანგმა ბერმა - ანსელუსმაც, რომელიც დავითს ჯვაროსანთა წინაბურჯად მიიჩნევს. ყველა ამ მიზეზის გამო დავითი ჯვაროსნულ წრეებში სიცოცხლეშივე ლეგენდებით შეიმოსა და ეპოქის ევროპელ გმირთა გალერეაში დაიკავა ადგილი. შუა საუკუნეების ფრანგი ავტორის - ბენუა დე სან მორის თხზულების - “ტროას რომანის” XIII საუკუნის რედაქციის მინიატიურებში დაცულია დავითის შთამბეჭდავი გამოსახულებებიც. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის წმინდა ისტორიული წყარო. დავითის ფიგურა ნაწარმოებში ჰეროიზებულია, სადაც ის მიჩნეულია სომხეთის მეზობლად მდებარე საქართველოს სამეფოს (ღოყაუმე დე ჟორგიე) ძლიერ მეფედ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ესაა უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის - დავით ქართველთა მეფის ძველი ფრანგული მინიატიურები!
მინიატურა 1
ამ გვერდზე მოცემულია ილუსტრაცია, რომელიც დავით ქართველთა მეფის დიდ ბრძოლას ასურათებს. დავითი აქ წარმოდგენილია ლურჯ ჯუბაში შემოსილი მძიმედ შეაბჯრული მხედრის სახით, ჯვრისჭრილიანი მუზარადითა და გვირგვინით, რომლის ცენტრალური ქიმიც, აგრეთვე ჯვარია. მეფეს მახვილი აქვს შემართული. ძველ ევროპელ მხატვარს სურდა ღირსეული და ძლევამოსილი, ანტიკურ გმირს დასადარი მხედრის დახატვა, რადგანაც თავად ტექსტი, რომლის ილუსტრაციაც ეს მინიატიურაა, დავითს ასეთად წარმოგვიდგენს. დავითის გამოსახულების ზემოთ მოთავსებულია ძველი ფრანგული წარწერა: Li rois de jorgie, qui Daut estoit appeles - “მეფე საქართველოსი, რომელსაც დავითი ერქვა”.
მინიატიურა 2
ეს მინიატიურა პირველის გვერდითაა მოთავსებული და ასახავს ბენუას თხზულების იმ მონაკვეთს, სადაც ქართველთა მეფე დავითი და მისი დიდებულები იხსენიებიან. აქ მეფე გამოსახულია მუზარადის გარეშე, ნათელი სახით, გრძელი თმით, ჯვრისქიმიანი გვირგვინითა და მეწამული ქლამიდით. მხატვარს აშკარად სურდა მორჭმული ხელმწიფის გამოსახვა, როგორადაც არის ნაგულისხმები დავითი ბენუას ნაწარმოებში.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხე დავითის დანარჩენი გამოსახულებების და ქართველთა ამსახველი სხვა ევროპული მინიატიურების დიგიტალური ასლების შეძენა მაღალი რეზოლუციით. მიუხედავად დიდი სურვილისა და გარჯისა, ჩემი მოკრძალებული, სტუდენტური ფინანსური რესურსები ამ ეტაპზე საკმარისი მხოლოდ ამისთვის აღმოჩნდა.
ევროპული სიძველეთსაცავები ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის კიდევ არაერთ უძვირფასეს მასალას ინახავენ, რომელნიც დიდ სამსახურს გაუწევენ ჩვენს ისტორიოგრაფიას და მნიშვნელოვნად გაამდიდრებენ ჩვენს ცოდნას საქართველოს წარსულის ბუნდოვანი მონაკვეთების შესახებ.
ბექა ჭიჭინაძე
ჟურნალი "ისტორიანი" .#127