ქტიტორები და ქართული სამოსი - კვირის პალიტრა

ქტიტორები და ქართული სამოსი

როგორც ჟურნალ “ისტორიანის” მკითხველმა უკვე იცის, 2022 წლის 7-14 აგვისტოს ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფის ექსპედიცია, რეგიონის ისტორიული ძეგლებისა და ამ კუთხის ეთნოგრაფიის შესწავლის მიზნით, სამეგრელოში იმყოფებოდა. ექსპედიციის წევრებმა ბევრი საყურადღებო მასალა მოიძიეს. მათ შორის აღსანიშნავია სოფელ ბულიწყუს (პირველი მაისის) აია სოფიად წოდებული ტაძრის აღწერილობა. ამ ეკლესიის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი (გოგიტა) ჩიტაიამ არაერთი საინტერესო გადმოცემა ჩაიწერა (იხილეთ ჟურნალი “ისტორიანი” #5.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გაიპარა ტექნიკური შეცდომა მეცნიერის პროფესიის მითითებისას), ხელოვნების სასახლის სამეცნიერო ექსპედიციის წევრებს კი საშუალება ჰქონდათ, ეკლესია აეზომათ, მოეხდინათ უაღრესად საინტერესო კედლის მოპირკეთებისა და ჩუქურთმების ფოტოფიქსაცია. ბულიწყუს აია სოფიას ნატაძრალი უდავოდ მნიშვნელოვანი მონუმენტია და ის მეტ ყურადღებასა და პოპულარიზაციას იმსახურებს.

ნაწილი II. დასასრული

სეფიეთის ეკლესია საყურადღებო ისტორიული ძეგლია, რომლის მხატვრობა ჩვენი ექსპედიციის წევრის, ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძის განსაკუთრებული ყურადღებისა და მომავალი კვლევის საგანია. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ სეფიეთში გამოსახულ ისტორიული პირების შემორჩენილ ფრაგმენტებზე, რადგან სწორედ ამ ფრაგმენტებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სამოსისა და მოდის ისტორიის შესწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ სეფიეთის ქტიტორებს პირველი ყურადღება აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია და შეიძლება ითქვას, დეტალურად აღწერა კიდეც. დღეს სეფიეთის ეკლესიის ერთ-ერთ კედელზე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი სამი მამაკაცის ფიგურა. სამწუხაროდ, მათი სახეების რეკონსტრუქცია ვეღარ ხერხდება, თუმცა შემორჩენილია შუაში მდებარე ფიგურის შუა წელი, წელზე შემორტყმული აღმოსავლური წესით განასკვული ქამრით. აქვე კარგად მოჩანს ქსოვილის ფაქტურა და მისი ორნამენტები. ეს ფრესკა ცხადყოფს, რომ XVI საუკუნის საქართველოში ქსოვილის გაფორმების დროს ძალიან პოპულარული გახდა ორნამენტი, რომელსაც პირობითად ცეცხლოვანი თვალი შეგვიძლია ვუწოდოთ. მის პირველად ვარიანტს XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჭალაში, ქაიხოსრო აბაშიძის სამოსზე ვხედავთ, შემდეგ იგი გართულებული და მრავალფეროვანი ვარიაციებით არაერთი ქტიტორის ტანსაცმელზე გვხდება. ეს გარემოება კი გვაფიქრებინებს, რომ ქსოვილის გაფორმების წარმოდგენილი ორნამენტი, როგორც ჩანს, ქართველი ოსტატების მიერაა შექმნილი.

tansacmeli-5-1685646328.jpg
უცნობი ქტიტორები, სეფიეთი

ჩვენი აზრით, ორნამენტი ახლოს დგას ალექსანდრე I-ის, ქუცნა ამირეჯიბისა და მარეხ დადიანის სამოსის გაფორმებასთანაც. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ პერიოდში ქართველ თავად-აზნაურთა წარმომადგენლები ქსოვილის თვალ-მარგალიტით უხვად შემკობის ფუფუნებას მოკლებული არიან. თუმცა, საზეიმო ელფერისა და მედიდურობის შესანარჩუნებლად ქსოვილი წინა საუკუნეებთან შედარებით გაცილებით უფრო მრავალფეროვანია და მოჩითულობითაც უფრო დახუნძლული. ამაზე აშკარად მიუთითებს არა მარტო სეფიეთის, არამედ მარტვილისა და ჭალის ქტიტორთა ტანსაცმელი.სეფიეთში გამოსახულ ქტიტორთაგან საინტერესო სამოსი აცვია მაოღნაშა შელიასაც. იგი წელთან ზარის ფორმით გაფართოებულ კაბაშია გამოწყობილი, რომლის გულისპირის კალთა მარჯვენა მხარეს იღლიასთანაა შეკრული. ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში საქართველოს სამეზობლოში სხვადასხვა ფასონის კაბა შეიქმნა, რომლებმაც თავისი ასახვა ქართულ მოდაშიც პოვა.

კაბის ეს სახეობები მკვლევარმა ილია ციციშვილმა შემდეგნაირად დაყო: მკერდდახშული, ჩაღილული (სირია, ბაღდადი, არაბეთი, სომხეთი); მკერდზე ბორტებგადაფენილი და ჩიხორგანიერი (სპარსეთი); მკლავებზე აკეცილი ვიწრო და გრძელსახელოიანი (სპარსეთი); ვიწრო სახელოიანი (ეგვიპტე); ენიანი ანუ ყურთმაჯიანი (საქართველო); ყელ-კისერამოჭრილი (სირია, ერაყი, სომხეთი); მკერდღია, გულისპირიანი (საქართველო). ამის გარდა, არსებულა თათრული და არაბული ფასონიც. მკვლევარმა ნინო დათუნაშვილმა ქტიტორთა გამოსახულებების მიხედვით გვიან შუა საუკუნეების კაბების სახეობები კიდევ უფრო დააკონკრეტა და საბოლოო ჯამში სამი ტიპის კაბა გამოყო.

tansacmeli-3-1685646328.jpg
უცნობი ქტიტორი, ქაიხოსრო აბაშიძე, ჭალა.

ესენია: 1. მრგვალი გულისპირის მქონე, შუაში მთელ სიგრძეზე ჩახსნილი, წელში გამოყვანილი, გრძელსახელოიანი, კოჭებამდე სიგრძისა. 2. წელში გამოყვანილი, კოჭებამდე სიგრძის, გრძელსახელოიანი კაბა სამკუთხედი, მოოლვილი (არშიაშემოვლებული) გულისპირითა და ყოშებით, მთლიანი ქვედატანით და 3. წელში გამოყვანილი, კოჭებამდე სიგრძის, გრძელსახელოიანი კაბა, ირიბად ჩაჭრილი, ერთიმეორეზე გადაფენილი გულისპირის კალთებით. ზემოთ მოქცეული კალთა იღლიასთან იკვრება. წელს ქვემოთ, შუაში კი, მთელ სიგრძეზეა ჩახსნილი. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა ეცვას მაოღნაშა შელიასაც. ჩვენი აზრით, მაოღნაშა შელიას მსგავსი კაბები იქნებოდა წინამორბედი იმ სამოსისა, რომელსაც მკვლევარი გულნარა კვანტიძე გულგადაფარებულ ახალუხს უწოდებს და ალექსანდრე ბატონიშვილის (1770-1844) ხალათის სახელითაა ცნობილი.

tansacmeli-2-1685646328.jpg
უცნობი ქტიტორი, მაოღნაშა შელია, სეფიეთი

გულგადაფარებული ახალუხი შეკერილია სახიანი ქირმანშალისგან. ის კარგად გადმოსცემს XVIII საუკუნეში დამკვიდრებული მოდის ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას, კერძოდ, გამოხატულ ლტოლვას აღმოსავლური ტიპის ხალათებისკენ. ალექსანდრე ბატონიშვილის გულგადაფარებულ ახალუხზე სტიქიურადაა გაბნეული ყვავილოვანი ორნამენტი. ხალათი მთელ სიგრძეზე დალიანდაგებულია, რადგან ქსოვილის ზედაპირსა და სარჩულს შორის დადებულია ბამბის თხელი ფენა. ხალათი წინ მთელ სიგრძეზეა გახსნილი და იკვრება იღლიის ქვეშ დამაგრებული სამი აბრეშუმის ღილ-კილოთი. ქვედა ნაწილს გვერდები შეხსნილი აქვს 25 სმ-იანი ჭრილით (გვერდის შუა ნაწილი დამაგრებულია ძაფით). ხალათი დასარჩულებულია წითელი მიხაკებიანი (მარადიულობის სიმბოლოდაა მიჩნეული ირანში) ყალამქრით. ბოლოზე სამოსს შემოუყვება წითელი ატლასის ქობა. ხალათის გულისპირი ოთხკუთხადაა ამოჭრილი. საყელო დაბალია, სახელო კი სწორი. იღლიის არე ღიაა, ბოლოვდება ბოლომონიკბული ჭრილით, სახელო მთავრდება წაკვეთილი ყოშით. შესაკრავად გამოყენებულია ლურჯი აბრეშუმის ძაფისგან ნაქსოვი ღილ-კილოები. ცნობილია, რომ ასეთ ხალათს, როგორც ქართველი, ასევე ირანელი მამაკაციც ატარებდა. ალექსანდრე ბატონიშვილის ხალათი თითქმის იმეორებს შარდენის მიერ დახასიათებულ, ირანული სამოსის აღწერილობას: “მუცელთან ორჯერაა გადაკეცილი და იღლიის ქვეშ იკვრება. პირველი ბორტი იკვრის მარცხენა იღლიის ქვეშ, მეორე ბორტი კი - მარჯვენა იღლიის ქვეშ. სახელოები ვიწრო და ზომაზე გრძელი იციან, რის გამოც ისინი მკლავებზე შეკეცილი აქვთ და მაჯასთან ღილებით შეკრული”.

tansacmeli-1-1685646328.jpg
მამზბედ თოფურია, სეფიეთი

სეფიეთის მხატვრობას უდიდესი მნიშვნელობა რომ გააჩნია ქართული მოდის ისტორიისთვის, ამის დასტურია XV-XVI საუკუნეების მიჯნის ფრესკა, სადაც ქტიტორი მამზბედ თოფურიაა გამოსახული. მამზბედს უცნაური, უფრო სწორად, უნიკალური ტიპის ქუდი ახურავს, რომლის ამაღლებული თავი დეკორატიული ელემენტით სრულდება, ასეთი თავსაბურავით არც მანამდე და არც მას შემდეგ საქართველოში არც ერთი ქტიტორი არ გამოუსახავთ. ეს კი მიუთითებს, რომ ქუდი უშუალოდ მამზბედისთვის შეუკერავთ. ეს ფრესკა თავისებურად ეხმიანება იმავე პერიოდის ქტიტორ დემეტრე ჩართველანის პორტრეტს, რომელსაც ასეთივე ეგზოტიკური ქუდი ახურავს.

tansacmeli-7-1685646329.jpg
ალექსანდრე ბატონიშვილის ხალათი

დემეტრეს გარეგნობისა და სამოსის დანახვისთანავე ცხადია, რომ ამ ეპოქის სვანეთში და ნაწილობრივ სამეგრელოშიც (მამზბედის მაგალითზე) მოდის ინდივიდუალური, უცხო ზეგავლენებისგან თავისუფალი, სრულად დამოუკიდებელი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა. ეს ტენდენციები აშკარაა ქსოვილის მოხატვის, მოჩითვისა თუ მოქარგვის სტილში, აქსესუარების გაფორმების დროს. თითქოს უცხოა და ეგზოტიკური ჩართველანის თავსაბურავის ფორმაც, თუმცა ის აბსოლუტურად თვითმყოფადია და პარალელი არც ერთ მეზობელ ქვეყანასა თუ მხარეში არ მოეძებნება. ამდენად, გვიანი შუა საუკუნეების სვანეთისა და სამეგრელოს ფრესკებზე გამოსახულ ქტიტორებსა და მათ სამოსს ეროვნული მოდის ისტორიაში ღირსშესანიშნავი ადგილი უკავია.

გიორგი კალანდია ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, პროფესორი

"ისტორიანი" .#127