"ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში" - რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში
ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
ნაწილი X
1964 წლის 14 ოქტომბერს სსრ კავშირის მართვის სადავეები ლეონიდ ბრეჟნევმა (1906-1982) ჩაიბარა. მისი მმართველობის 18-წლიან პერიოდს “უძრაობის ხანად” მოიხსენიებენ. იმ პერიოდში კვლავინდებურად გრძელდებოდა კრემლში მოკალათებული შოვინისტური ძალების მტრული გამოხდომები ქართველი ერის, მისი წარსულისა და ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ, რასაც საფუძველი ადრიდანვე ჩაეყარა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოშიც ყოველთვის მოიძებნებოდნენ ღირსეული მამულიშვილები, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაცვას ურთულეს ვითარებაშიც ახერხებდნენ. მათ თავდადებას ხშირად სასურველი შედეგები მოსდევდა.
ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971), რომელიც სსრ კავშირს 1953-1964 წლებში ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და ქართველ ერს არ სწყალობდა. იგი თავის უარყოფით დამოკიდებულებას სტალინისა და ბერიას მიმართ ქართველ ხალხზე ავრცელებდა, რასაც ამ წერილის წინა მონაკვეთებში უკვე აღვნიშნავდით. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ სტალინის უახლოესი გარემოცვის წევრთაგან, ცოცხალი ბელადის მიმართ განსაკუთრებული მლიქვნელობით სწორედ ხრუშჩოვი გამოირჩეოდა. მან სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულების საჯაროდ გამომჟღავნება მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გაბედა. განსხვავებით ხრუშჩოვისგან, სსრ კავშირის ახალი ლიდერი ბრეჟნევი ქართველი ხალხისადმი კეთილგანწყობას ავლენდა. ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლკოვნიკი ბრეჟნევი პოლიტგანყოფილების უფროსად მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის მე-18 არმიაში, რომელიც 1943 წლის მიწურულიდან უკრაინის ტერიტორიაზე იბრძოდა. ამ არმიას მეთაურობდა სახელგანთქმული ქართველი სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (1903-1944), რომელიც ომის დამამთავრებელ ეტაპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტალინმა, რომელიც ლესელიძეს მარშლობისთვის ამზადებდა, მის შესახებ 1945 წელს განაცხადა: “ჭკვიანი იყო და ძლიერი ნებისყოფითაც გამოირჩეოდა”. იმავდროულად, ლესელიძეს ვერ იტანდა ხრუშჩოვი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკრაინის სსრ კომპარტიის პირველი მდივანი იყო. ამ სიძულვილის მიზეზი კი ის გახლდათ, rომ ვინაიდან ლესელიძე უმაღლესი მთავარსარდლის ნდობით სარგებლობდა, ის თავს ვალდებულად არ მიიჩნევდა, თავისi საბრძოლო გეგმები ხრუშჩოვთანაც შეეთანხმებინა.კანდიდ ჩარკვიანი (1906-1994), რომელიც 1938-1952 წლებში საქართველოს სსრ კომპარტიას ხელმძღვანელობდა, იგონებდა: “1944 წლის იანვარში, მოსკოვში მივლინებისას, სტალინთან შესახვედრად აგარაკზე მიმიწვიეს. მისაღები დარბაზის კარი შევაღე თუ არა, დავინახე, რომ სტალინს მაგიდასთან ხრუშჩოვი ეჯდა. სწორედ ჩემი შესვლისას ხრუშჩოვმა ლესელიძის გვარი ახსენა და დასძინა:
- ამ კაცთან მუშაობა ყოვლად შეუძლებელიაო. მე რომ შემნიშნა, ხრუშჩოვმა ლესელიძეს თავი მიანება და საუბარი სხვა საგანზე გადაიტანა. აშკარა იყო, მან უკვე მოასწრო სტალინის წინაშე ლესელიძეზე აუგის თქმა.
ხრუშჩოვის ქცევა არ მომეწონა, მაგრამ რა უნდა მეთქვა. ჩანდა, რომ ის ლესელიძისადმი კარგად არ იყო განწყობილი და ამიტომაც უმაღლესი მთავარსარდლის თვალში მისთვის სახელის გატეხას ცდილობდა. სტალინს თავისი აზრი ხრუშჩოვის ნაამბობის გამო არ გამოუთქვამს. ამასობაში პოლიტბიუროს სხვა წევრებიც მოვიდნენ და ჩემი საკითხების განხილვას შევუდექით. როცა საქმეს მოვრჩით, უკვე ღამის 12 საათი იქნებოდა. სტალინმა, ჩვეულებისამებრ, ყველა ვახშამზე მიგვიპატიჟა. ჩემდა მოულოდნელად, ვახშმისას შესაძლებლობა მომეცა, ხრუშჩოვისთვის მისი “ინფორმაციით” უკმაყოფილება მეგრძნობინებინა.
- ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში (ხაზგასმა აქაც და შემდეგშიც ჩვენია. - ნ. ჯ.).
- ჩვენისთანა მარშალი ნეტავ ყველას ჰყავდეს, - მივუგე ხუმრობით, - მაგრამ, აი, ამხანაგი ხრუშჩოვი წარმოადგენს ლესელიძეს უმაღლეს წოდებაზე და მეორე მარშალიც გვეყოლება.სტალინს ამ პასუხზე გაეღიმა, ხრუშჩოვმა კი ერთი დაბნეულად შემომხედა და ხმაც არ ამოიღო. სამწუხაროდ, ამ შემთხვევიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ლესელიძე გარდაიცვალა” (კ. ჩარკვიანი, განცდილი და ნააზრევი, თბილისი, 2004). აღსანიშნავია, რომ ლესელიძის გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, 1971 წლის 13 მაისს, მას მიენიჭა სსრ კავშირის გმირის წოდება, რაც ბრეჟნევის ინიციატივით მოხდა. ამით სახელმწიფოს მესვეურად აღზევებულმა ბრეჟნევმა თავისი ფრონტელი მეთაურის ხსოვნას მიაგო პატივი.1971 წლის 14 მაისს, საბჭოთა საქართველოს 50 წლისთავზე, თბილისში გამართულ რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და უმაღლესი საბჭოს საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ბრეჟნევმა განაცხადა:
«Мне довелось воевать вместе с одним из талантливых советских полководцев – командующим 18-й армией генерал-полковником К. Н. Леселидзе...» ციტატა თარგმანში სრული სახით ამგვარად ჟღერს: “მე წილად მხვდა პატივი, მებრძოლა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი საბჭოთა სარდლის, მე-18 არმიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძის მხარდამხარ. ფრონტზე ადამიანები სწრაფად ამჟღავნებენ საკუთარ თავს. იქ უცებ მიხვდები, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე დამამახსოვრდა როგორც ქართველი ერის საუკეთესო ეროვნული თვისებების განმასახიერებელი. ის გახლდათ სიცოცხლის მოყვარული და მამაცი, მტრების მიმართ მრისხანე, ხოლო მეგობრების მიმართ - გულუხვი, ღირსეული, სიტყვის კაცი, გონებამახვილი და გულითადი”.
* * *
ედუარდ შევარდნაძე (1928-2014), რომელიც 1972-1985 წლებში საქართველოს კომპარტიას ხელმძღვანელობდა, თავის მემუარებში “ფიქრი წარსულსა და მომავალზე” (2006) შენიშნავდა: “საქართველოს მიმართ კეთილად იყო განწყობილი... გენერალური მდივნობის პირველ წლებში ბრეჟნევის ავტორიტეტი მაღალი იყო”. ბრეჟნევის კეთილგანწყობა ქართველი ერისადმი საჯაროდ გამოვლინდა 1978 წლის 14 აპრილსაც, როდესაც საქართველოში მომხდარ ანტისახელისუფლებო სახალხო გამოსვლებს რეპრესიები არ მოჰყოლია. თანაც, ყოველივე ამას შედეგი იყო ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნება კონსტიტუციაში, თუმცა ეს ფაქტი წინამდებარე სტატიის ქრონოლოგიურ ჩარჩოს სცილდება.
* * *
იმ მამულიშვილთა შორის, რომლებიც სსრ კავშირის არსებობის პერიოდში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს თავდადებით იცავდნენ, ღირსეული ადგილი ეკავა აკადემიკოს ნიკო კეცხოველს (1897-1982), რომლის განსაკუთრებულ დამსახურებათა შესახებ ამ სტატიის წინა მონაკვეთებში ვისაუბრეთ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ჟორდანია (1911-2001) ნიკო კეცხოველის შესახებ წერდა: “თავისი ერის სიყვარულთან ერთად, უზომოდ უყვარდა ქართული ბუნება. სპეციალობაც ხომ მას მშობლიურ ბუნებასთან აახლოებდა. მან დიდი ამაგი დასდო ჩვენი სამშობლოს ბუნებას... როგორი გულისტკივილითა და რისხვით განაცხადა უნივერსიტეტის საბჭოზე ბატონმა ნიკომ, უნივერსიტეტის წინ, ქუჩების რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ექვსი ჭადარი მოჭრესო.
მაშინ, ის უკვე აღარ იყო რექტორი, თორემ “დედას უტირებდა” მომჭრელებს. ანდა როგორი მოვლილი იყო მისი რექტორობის დროს უნივერსიტეტის ეზო და წინ მდებარე ბაღი, სადაც უნივერსიტეტის დამაარსებლები განისვენებენ. უზომოდ უყვარდა უნივერსიტეტი. დღეში რამდენჯერმე მიდიოდა უნივერსიტეტში. მისი აქ ნახვა ყოველ დროს შეიძლებოდა... წრფელ გულთან ერთად, ფეთქებადი ხასიათიც ჰქონდა. ვერ იტანდა პირობის შეუსრულებლობას, უწესრიგობას” (გივი ჟორდანია, დიდი ეროვნული მოღვაწე, კრებულში: “ნიკო კეცხოველის ხსოვნას”, რევაზ ჟორდანიას რედაქციით, თბილისი, 1998).
აკადემიკოს ვახტანგ ვუკოლის ძე ბერიძის (1914-2000) “მოგონებებში” (1987) ვკითხულობთ: “ნიკო კეცხოველს, რომლის უანგარო პატრიოტული მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი, ქართული ძეგლები ისევე უყვარდა, როგორც საქართველოს ბუნება. ბუნება და ძეგლები მისთვის განუყოფელნი იყვნენ, ერთობლივად წარმოადგენდნენ საქართველოს. მას ხომ, როგორც ბოტანიკოსს, შემოვლილი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე და სადაც კი იყო, მარტო მცენარეებს კი არ იკვლევდა, არცერთ ძეგლს არ დატოვებდა უყურადღებოდ. რამდენჯერ ჩამოუტანია მანამდის უცნობი ძეგლების ამბავიც... მისი უმთავრესი თვისებათაგანი (ყველა დარგში, სადაც მას მოუხდა მოღვაწეობა) იყო გულმხურვალება... ყველაზე მეტად სძაგდა გულგრილი ადამიანები... განა ამასვე არ მოწმობს მისი საბავშვო წიგნები, სიყვარულითა და ღრმა პატრიოტული გრძნობით გამსჭვალული! როცა მის მიერ გაკეთებულ ბევრ კეთილ საქმეს ვიხსენებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ამაგიც, რომელიც მან ქართული კულტურის ძეგლებს დასდო”.
ზემოთქმულის დამადასტურებელი ერთ-ერთი ეპიზოდი ჩავიწერეთ საქართველოს სახელმწიფო და პარტიული მოღვაწისგან, პროფესორ ნოდარ კიკვაძისგან (1928-2008), რომელიც სხვადასხვა დროს მსახურობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწედ სამეცნიერო დარგში, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის პროფესორად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, განყოფილების გამგედ საერთაშორისო კავშირების დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის დირექტორად, მშვიდობის დაცვის საკავშირო კომიტეტის წევრად.
ნოდარ კიკვაძემ გაიხსენა (ამ მოგონებას ვაქვეყნებთ პირველად): “1971 წელს მიიღეს გადაწყვეტილება არაგვზე ჟინვალის ჰიდროკომპლექსის აგების შესახებ. ამ გრანდიოზული მშენებლობის დაწყებამდე, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია რამინ რამიშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც დასატბორად მონიშნული ზონა წყლით დაფარვამდე უნდა შეესწავლა. ექსპედიციამ საყურადღებო ნივთები აღმოაჩინა, მაგრამ საძიებო სამუშაოები მას დასრულებული არ ჰქონდა, რომ თამარ მეფისდროინდელი ეს ქალაქი და მისი მიმდებარე 18 სოფელი წყლით დაფარეს. მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ წყალსაცავის ტევადობის გაზრდის მიზნით უმჯობესი იქნებოდა, ანანურის ციხესიმაგრეც წყალქვეშ მოექციათ.სამწუხაროდ, ამ შემზარავ იდეას მხარს უჭერდა ადგილობრივი რაიკომის მდივანიც, რომელსაც ამით, ალბათ, ცენტრის გულის მოგება სურდა. ამგვარად, ამ უნიკალური ძეგლის ყოფნა-არყოფნის საკითხი ბეწვზე ეკიდა.ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას სასტიკად შეეწინააღმდეგა ნიკო კეცხოველი, რომელიც იმჟამად ბოტანიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. იგი ასაბუთებდა, რომ კომპლექსის განადგურებას შთამომავლობა არავის აპატიებდა. საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელმა ვასილ მჟავანაძემ თავისთან მიიწვია აკადემიკოსი კეცხოველი და ის რაიკომის მდივანი წარუდგინა. როდესაც ამ ავტორიტეტული მეცნიერის დაყოლიება ვერავითარი არგუმენტით ვერ მოახერხა, გაღიზიანებულ რაიკომის მდივანს უკითხავს: - რა უშავს, თუ ერთი ისტორიული ძეგლით ნაკლები იქნება საქართველოში? ამით აღშფოთებული ნიკო კეცხოველი, რომელიც იმხანად კოჭლობდა, მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა და იმ უტიფარს თავში ხელჯოხი კარგა გვარიანად ჩასცხო. შეშინებულმა მდივანმა, რომელიც ამას არ ელოდა, მაშინვე თავზე ხელები დაიფარა და კაბინეტიდან მოკურცხლა.
მოვლენათა ასეთი მოულოდნელი განვითარებით გაოგნებულმა ვასილ მჟავანაძემ ძლივს შეაკავა მხცოვანი მეცნიერი, რომელიც გაქცეულის გამოკიდებას ცდილობდა. როდესაც შეშფოთებულ პირველ მდივანს კეცხოველისთვის მუდარით მიუმართავს: - გთხოვთ, შეჩერდით! ამას რას შვრებით? პასუხად ნიკო კეცხოველს ირონიით უთქვამს ვასილ მჟავანაძისთვის: - რა უშავს, თუ ერთი სულელი რაიკომის მდივნით ნაკლები იქნება საქართველოში?”ნიკო კეცხოველის განსაკუთრებული დამოკიდებულება ანანურის ციხესიმაგრისადმი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც მან ამ შესანიშნავი კომპლექსის ფოტო გამოასახვინა 1971 წელს გამოცემული თავისი წიგნის “მორბის არაგვი, არაგვიანის” გარეკანზე. ამ წიგნში ვკითხულობთ: “თბილისი ამ უკანასკნელ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ძალიან გაიზარდა. მოსახლეობამ თითქმის მილიონს მიაღწია. მის მეზობლად გაშენდა ახალი ინდუსტრიული ქალაქი რუსთავიც. ბევრი რამ სჭირია ქალაქის მოსახლეს, პირველ რიგში კი წყალი.
ნატახტრის წყალსადენი ორჯერ-სამჯერ გაზარდეს, მაგრამ დღეისათვის თბილისს წყალი მაინც არ ჰყოფნის... გადაწყდა, კვლავ არაგვს მიმართონ და მისი წყლით გაამდიდრონ თბილისის წყალსადენი. ჟინვალთან უნდა აშენდეს წყალსაცავი... საჭიროა დადგინდეს, რა მდგომარეობაშია ამ მდინარეთა ხეობები, როგორია წყლის რეჟიმი, მცენარეული საფარი, როგორ მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, უზრუნველყოფს თუ არა ხეობის ბუნებრივი პირობების განვითარება არაგვში და ქსანში წყლის შედარებით თანაბარ დინებას. იქნებ ეს პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ ქსანმა და არაგვმა უარიც თქვან ხალხის სამსახურზე? ამ მუშაობაში უნდა ჩაებნენ ჰიდროლოგები, გეოლოგები, ბიოლოგები, განსაკუთრებით ბოტანიკოსები, ინჟინრები და სხვანი”.მეცნიერის თავგამოდებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მისი წყალობით, საქართველოს ეს დიდებული ისტორიული ძეგლი, რომელიც ძველად არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა, განადგურებას გადაურჩა.თბილისის უნივერსიტეტში ნიკო კეცხოველის რექტორობის დასრულების შემდეგ, საქართველოს უმაღლესი განათლების ამ უპირველეს კერას, რომელსაც “შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” უწოდეს, კეცხოველის დროინდელი მაღალი ავტორიტეტი თანდათანობით გაუხუნდა.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ პარკაძის (1912-1996) წიგნში “მოგონებები ქართველ მეცნიერებზე” (1993) ვკითხულობთ: “უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან ბატონი ნიკოს წასვლის შემდეგ, დისციპლინამ, სპორტმა, ხელოვნებამ და ლიტერატურამ მოწინავე პოზიციები დათმო. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ უნივერსიტეტის დამაარსებელნი და სახელმოხვეჭილი მეცნიერები თანდათან გარდაიცვალნენ. შემცვლელ თაობას კი სათანადო ავტორიტეტი თან არ მოჰყვა. ამას დრო სჭირდებოდა.ერთ დღეს, ბატონი ნიკო და მე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში კიბეზე ავდიოდით. შოთა რუსთაველის ბარელიეფის წინ ბატონი ნიკო შეჩერდა. მე ვისარგებლე ამ გარემოებით და მორიდებით შევეკითხე: - საქმე საქმეზე რომ მიდგეს და რექტორის პოსტზე მიგავლინონ, უნივერსიტეტს აღადგენთ?ბატონმა ნიკომ ხმა არ გამცა. ოთხი საფეხური აიარა, მეხუთეზე შეჩერდა, მომიბრუნდა და მითხრა:
- ვახტანგო! აღვადგენ, მაგრამ ზედ დავაკვდები. სიკვდილი კი ჯერ არ მინდა!”აქვე დავამატებთ, რომ ზემოხსენებულმა ბარელიეფმა უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ვესტიბიული დაამშვენა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც 1966 წელს გაიმართა. ეს მშვენიერი ბარელიეფი, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა საქართველოს “ოქროს ხანას” და მის გრანდიოზულ მიღწევებს, 2007-2012 წლებში ჩატარებული კაპიტალური რემონტის დროს მოხსნეს, რამაც პროფესურის ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია...ჯუმბერ პატიაშვილი (დაბადებული 1939 წელს), რომელიც საქართველოს კომპარტიას ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, 1985-1989 წლებში ხელმძღვანელობდა, თავის მემუარებში “ოცდასამი წლის შემდეგ” (2013) აკადემიკოს ნიკო კეცხოველის შესახებ წერს: “მეზობლები ვიყავით. ნიკო კეცხოველი მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩვენ - ბარნოვზე. ჩვენს მეზობლობას ერთი პატარა ხის ღობე ყოფდა... მერე, როცა წლები გავიდა და პარტიული ფუნქციონერი გავხდი, ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ცენტრალურ კომიტეტში, მაგრამ ბოლო დრომდე შეგვრჩა ის ურთიერთობა, როცა მე ყოველთვის პატარა ბიჭი ვიყავი, ის კი - დიდი მეცნიერი...საკმაოდ კატეგორიული და მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანობის განცდას არასდროს კარგავდა. ალბათ, არავინ იმდენ შენიშვნას არ აძლევდა გარშემო მყოფებს, რამდენსაც ნიკო კეცხოველი, მაგრამ ძნელად თუ მოძებნიდით ადამიანს, რომელსაც მის გულწრფელობასა და ობიექტურობაში ეჭვი ეპარებოდა... არა მხოლოდ კრიტიკა, იუმორიც სხარტი ჰქონდა - ენამოსწრებული და სატირული. ერთხელ, მაშინაც ჯერ კიდევ დარგის მდივანი ვიყავი, კაბინეტში მესტუმრა. ხის ჯოხით შემოვიდა. ჩვეულებრივი ხის ჯოხი იყო, ისეთი, გლეხები რომ იყენებენ სოფლად. დიდი მეცნიერის ამ ამპლუაში ცენტრალურ კომიტეტში სტუმრობამ ღიმილი მომგვარა. ერთი წუთით დამელოდეთ-მეთქი, ვუთხარი და მეორე ოთახში გავედი, იქიდან კი მოვერცხლილ-მოჩუქურთმებული ხელჯოხით გამოვედი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაღესტნელმა მეგობრებმა მაჩუქეს. ის მოვერცხლილი ხელჯოხი მართლაც ისეთი იყო, წუნს ვერ დასდებდა კაცი.
ნიკო კეცხოველმა ჩვეული პედანტურობით დაათვალიერა, აშკარად მოეწონა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და მითხრა:
- შენ რა, გინდა თქვან, რომ ცეკაში ერთი ჯოხით მოვედი და შენი კაბინეტიდან ორი ჯოხით გასვლა დამჭირდა?!- წაბრძანდით იმავე ჯოხით, რომლითაც მობრძანდით, ამ მოვერცხლილ ჯოხს კი მძღოლს გამოვატან,
- დავამშვიდე მე.ერთხელ შეკრებილები ვართ რუსთაველის თეატრში, სადაც მეტყევის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო ტარდებოდა. ღონისძიების დაწყება დაგვიანდა და ნიკო კეცხოველი ეკითხება სატყეო მეურნეობის მინისტრ შოთა ჭალაგანიძეს:
- შოთა, რაშია საქმე, რატომ არ იწყებთ?
- იოსებ ნონეშვილს ველოდებით, ბატონო ნიკო, - უპასუხა ჭალაგანიძემ.
- რა შუაშია მეტყევეობასთან იოსებ ნონეშვილი? პოეტი კაცია, ღონისძიების დასასრულს მოვა და ლექსს წაიკითხავს, - არ შეეპუა კეცხოველი.
- უხერხულია, ბატონო ნიკო, დაველოდოთ, - გადავუჩურჩულე მოკრძალებით.
- ჯუმბერ, იცი რას გეტყვი მე შენ?
- მთელი ხმით დასჭექა კეცხოველმა, - მე ვიცი რასაც ვამბობ და მაცადე, თორემ ახლა იმას მოვყვები, ბავშვობაში ჩემს ეზოში კაკლებს როგორ იპარავდი!იშვიათი ადამიანი იყო, არა მხოლოდ გონებრივი და მეცნიერული შესაძლებლობებით, ადამიანური, პიროვნული თვისებებითაც”.
1972 წელს, თბილისის უნივერსიტეტში გამართულ საიუბილეო საღამოზე, რომელიც ნიკო კეცხოველის დაბადების 75 წლისთავს მიეძღვნა, ღვაწლმოსილ იუბილარს ასეთი ექსპრომტი უძღვნა პოეტმა ზაურ ბოლქვაძემ:”მაღალი ხარ და გიხდება მაღალს მაღალი აზრები, / ზოგს უხარია ზემელი, შენ კი ჰაერი აილამის. / გული გაქვს ისე მხურვალე, ვით რესპუბლიკა ზაირი, / გვჭირდება ცხრა მილიონი ქართველი ნიკოსნაირი”. დიდმა მეცნიერმა და მამულიშვილმა, აკადემიკოსმა სიმონ ყაუხჩიშვილმა კი ნიკო კეცხოველს “ნიკო აღმაშენებელი” უწოდა...
* * *
საქართველოს ისტორიის სწავლების პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა შოთა მესხიამ (1916-1972), რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრას 1956-1972 წლებში ხელმძღვანელობდა.აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე (1922-2018), რომელიც იმავე კათედრას 1972-1997 წლებში ხელმძღვანელობდა, იგონებდა, რომ პროფესორი შოთა მესხია “ყოველთვის იყო აქტიურად ჩაბმული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საქართველოს ისტორიის სწავლებას ან მის მიმართ დამოკიდებულებას შეეხებოდა. ამ თვალსაზრისით, მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი. იმ წლებში საქართველოში “საქართველოს ისტორია” სკოლაში ისწავლებოდა ცალკე საგნად, მაგრამ ატესტატში საქართველოს ისტორიაში ნიშანი არ იყო. ერთ მშვენიერ დღეს, მას ხელში ჩაუვარდა ერევნის ერთ-ერთი სკოლის ატესტატი, სადაც “სომხეთის ისტორიაში” ნიშანი ეწერა. ალბათ, ასე იყო საერთოდ სომხეთში. მან დაწერა გამოკვლევა ძალიან საინტერესო სათაურით: “საცნობელად თავისაო” და ეს ატესტატი (ჰქონდა ფოტო გადაღებული) გაგზავნა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”. 1971 წელია.
“ლიტერატურულმა საქართველომ”, რაც მან გაგზავნა, გამოაქვეყნა. ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმდროინდელ ქართველ საზოგადოებაში. გვახსოვს, პირდაპირ ქუჩაში გვაჩერებდნენ და გვეკითხებოდნენ: - იქ თუ არის, ჩვენთან რატომ არ არის? უნდა გითხრათ, რომ შემდეგ მან, მე არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მოიპოვა იმის უფლება, რომ საქართველოს ისტორიის კათედრის წევრებს, საქართველოს მასშტაბით შეგვემოწმებინა საქართველოს ისტორიის სწავლება არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ სკოლებშიც. ამის შემდეგ დავწერეთ ჩვენი ანგარიში, თუ როგორ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია ჩვენ მიერ შემოწმებულ სკოლებში. უმრავლეს შემთხვევებში, თუ რაიმე ნაკლი იყო და ამას განსაკუთრებით ვუსვამდით ხაზს, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა საათი იყო საქართველოს ისტორიაში. შოთამ დაწერა საბოლოო დასკვნა და გაგზავნა სათანადო ორგანოებში.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამან თავისი შედეგი, ასე თუ ისე გამოიღო. მართალია, შოთას სიცოცხლეში ეს ვერ მოესწრო, მაგრამ უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ისტორიას გარკვეული საათები მოუმატეს. ცოტა, მაგრამ მაინც მოუმატეს. მიიღეს დადგენილება, რომ დაწერილიყო ახალი სახელმძღვანელო. ძველი სახელმძღვანელო, მესხიასი და გუჩუასი, ძალიან მოკლე იყო... მეთოდოლოგიურად, რამდენი საათიცაა, იმისი შესაბამისი უნდა იყოს სახელმძღვანელო. აი, ამას მიაღწია მან... კომუნისტების დროს, ასე თუ ისე, ამ საკითხებზე ლაპარაკი შეიძლებოდა, მთავრობის მიმართ რაღაცის დაწერა შეიძლებოდა. წაიკითხავდნენ და რაღაცა ანგარიშს მაინც უწევდნენ, რასაც სამწუხაროდ, მე დღეს ვერ ვხედავ საქართველოს ისტორიის სწავლების მიმართ ჩვენს საშუალო სკოლაში” (მარიამ ლორთქიფანიძე, ცოტა რამ შოთა მესხიას ცხოვრებისა და აკადემიური მოღვაწეობის შესახებ, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. III, თბილისი, 2011).ამდენად, პარადოქსია, თუმცა ფაქტია, რომ სსრ კავშირის არსებობის ხანაში, ქართველი საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილი ზოგჯერ უკეთესად იცავდა ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე ბოროტების იმპერიის დანგრევისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
ნიკო ჯავახიშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
"ისტორიანი" .#127