პეტრე შარიას დღიურები - კვირის პალიტრა

პეტრე შარიას დღიურები

მაღალი რანგის ყოფილი საბჭოთა მოღვაწე იხსენებს

ნაწილი III

ვასრულებთ ფრაგმენტების გამოქვეყნებას ფილოსოფოსისა და ლიტერატურათმცოდნის, პეტრე შარიას დღიურებიდან. მისმა მუშაობამ საბჭოთა პოლიტიკური სისტემის მაღალ თანამდებობებზე, აგრეთვე ლავრენტი ბერიასთან სიახლოვემ მის მიმართ, ეჭვები გააჩინა. თუმცა, ის გახლდათ ფართო ერუდიციის ფილოსოფოსი და რუსთველოლოგი. პეტრე შარიას ფილოსოფიური მემკვიდრეობა სულაც არ არის უსარგებლო, ხოლო რუსთველოლოგიური ძიებანი უდავოდ საინტერესოა. მის მოგონებებსა (“აღსარება”) და დღიურებში მოთხრობილია იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა და იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლის მონაწილეც თვითონ იყო.

(დასასრული. დასაწყისი იხ. “ისტორიანი” #125, 126)

შალვა ნუცუბიძესთან დამოკიდებულების შესახებძილის წინ მოგონებები უკვე ჩვევად იქცა. ეს აღარ მიმაჩნია უძილობის უებარ წამლად. ამაღამდელმა ერთ-ერთმა მოგონებამ კი ამაფორიაქა. ასე რომ, უკვე თენდებოდა, როცა ჩამეძინა.1928 წლის ზაფხულს მშობლების სანახავად ჩამოვედი მოსკოვიდან, ჯერ კიდევ ასპირანტურაში ვირიცხებოდი, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებში ვასწავლიდი ფილოსოფიურ საგნებს. უკან დაბრუნებისას ორიოდე დღე დავრჩი თბილისში და მეგობრებისგან გავიგე, რომ პროფესორი შალვა ნუცუბიძე უნივერსიტეტში ასწავლიდა ისტორიულ მატერიალიზმს. პირდაპირ გავოცდი: როგორც უკვე აღვნიშნე, 1923 წელს “უცერემონიოდ” გამაგდო გამოცდის დროს იმის გამო, რომ იდეალისტ ავტორთა კომპენდიუმები არ მქონდა წაკითხული და გავბედე შესვლა მასთან გამოცდის ჩასაბარებლად პლეხანოვის “ისტორიაზე მონისტური შეხედულების განვითარებისა” და “მარქსიზმის ძირითადი საკითხების”, ლენინის “მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმის”, დებორინის “დიალექტიკური მატერიალიზმის ფილოსოფიის შესავლის” და სხვა მარქსისტული ფილოსოფიური ნაშრომების გაცნობის მარაგით. ალბათ რადიკალურად შეუცვლია მსოფლმხედველობა-მეთქი.

dato-shugliashvili-2779-2-1685649085.jpg
შალვა ნუცუბიძე

ვიკითხე მეგობრებთან, რა ნაშრომები გამოსცა ნუცუბიძემ მას შემდეგ, და რომ გავიგე, გერმანულად და ქართულად გამოუცია “რუსთველოლოგიის საფუძვლები”, მათივე შემწეობით შევიძინე ეს წიგნი და მატარებელში მოვასწარი წაკითხვა. იდეალისტური არგუმენტაცია სრულიადაც არ შეუცვლია, ოღონდ უცდია საკუთარი სტრუქტურის, “სისტემის” შექმნა. თუმცა ქართულად წერა მიჭირდა, მაგრამ ჩემი ლიდას დახმარებით (რომელმაც სწორედ იმ დროს გამაბედნიერა თავისი გაცნობითა და გაყოლით, თუმცა მე ვერ შევძელი ამ ბედნიერების შეგნება და შეთვისება...), მოვახერხე საკმაოდ მოზრდილი სტატიის დაწერა “ალეთოლოგიაზე” და იმავე წლის ოქტომბერს ჟურნალ “მნათობის” რედაქციას გამოვუგზავნე. ამ სტატიის ბედით მერე არც დავინტერესებულვარ - მიმდინარეობდა ცხარე დისკუსიები “დიალექტიკოსებსა” და “მექანისტებს” შორის, მეც აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ დისკუსიაში, რამდენიმე პერიფერიულ უნივერსიტეტებშიც კი გამგზავნეს მოხსენების წასაკითხად.რამდენიმე თვის შემდეგ (1929 წლის მაისში) მამის მძიმე ავადმყოფობის გამო სასწრაფოდ ჩამოვედი საქართველოში.

უკან დაბრუნებისას თბილისში მატარებლის ბილეთის შოვნა გამიჭირდა და შევიარე ცენტრალური კომიტეტის კულტურა-პროპაგანდის განყოფილებაში, რომელსაც მაშინ განაგებდა სამსონ მამულია. მე მას შორიდან კარგად ვიცნობდი, თვითონ რა თქმა უნდა, არ მიცნობდა. როცა მდივანს მოუხსენებია ჩემი გვარი, მაშინვე მიმიღო, თუმცა სხვებიც უცდიდნენ, და შესვლისთანავე მკითხა: თქვენ ხომ ის შარია არა ხართო, ნუცუბიძის წინააღმდეგ რომ წერილი გამოგზავნეთ “მნათობში”. როცა დადებითი პასუხი მიიღო, მკაცრი ნოტაცია წამიკითხა: ნუთუ არ იცით, რომ ნუცუბიძე ძველი ინტელიგენციიდან ყველაზე ახლო დგას ჩვენთან; ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრადაც კი გვყავს არჩეული, თქვენ კი აგიჩემებიათ მისი კრიტიკაო. ამით მკაცრი საყვედური დაიმსახურეთო. ვკითხე, “სად შემიძლია ამ საყვედურის ამონაწერი მივიღო”? როცა გავიგეთ, რომ ძალიან ახალგაზრდა ყოფილხარო, გაპატიეთო. ამიერიდან უნდა იცოდეთ, თუ როგორი მიდგომა გვჭირდება უპარტიო ინტელიგენციასთანო. ამან ნამდვილად აღმაშფოთა, მაგრამ თავი შევიკავე. პატივს ვცემდი არა მარტო მის ასაკს, არამედ პარტიის კულტურის ძალის წარმომადგენლის რეპუტაციასაც. სულ დამავიწყდა, რომ ბილეთის სათხოვნელად მივედი, ავდექი და უსიტყვოდ დავაპირე კაბინეტიდან გასვლა. რა საკითხზე ითხოვეთ შეწუხებაო, მკითხა თვითონ. ალბათ არ ღირს ამაზე თქვენი შეწუხება-მეთქი, ვუპასუხე. გაიცინა: გული მოგივიდათო? მაპატიეთ, მაგრამ ვერც კი გაგიგეთ-მეთქი. ნუთუ გაუგებრად აგიხსენითო. უფრო გავთამამდი და ვუთხარი: მხედველობაში მაქვს არა ნათქვამის პირდაპირი აზრი, არამედ პოზიცია-მეთქი.

mamulia-samson-andrias-ze-1-1685649086.jpg
სამსონ მამულია

- ოჰო! როგორც ჩანს, ნამეტანს იჩემებთო.

- მე თქვენგან უნდა ვიგებდე, პოლიტიკური პლატფორმით არ იზომება იდეოლოგიური პოზიცია, ამ უკანასკნელის სფეროში კომპრომისი დასაშვები რომ იყოს-მეთქი.

- გეტყობათ, პრაქტიკული გამოცდილება გაკლიათ, ძველი, გავლენიანი მაღალი რანგის ინტელიგენცია რომ დავიახლოოთ, პირველ ხანებში ყოველნაირი კომპრომისი გვჭირდებაო. მაგრამ ახლა დრო არა მაქვს ამისი ახსნისთვის. ალბათ თქვენც გეჩქარებათო. მაინც მითხარით, რაზე გინდოდათ ჩემი ნახვაო. ვუთხარი, რომ ბილეთის შეძენა გამიჭირდა. იმწამსვე აიღო ყურმილი და დაურეკა პირდაპირ სადგურის უფროსს: ერთი ადგილი, თანაც კარგი, უნდა გამიჩინოო. მე არ მესმოდა, რა უპასუხა. მაშ, პირდაპირ შენთან მოვაო (შენობით ელაპარაკებოდა) და დადო ყურმილი. მარტო “მეჟდუნაროდნი” დარჩენილაო. იქნებ თქვენ ფული არ გეყოფათ, ახლავე დავურეკავ საქმეთა მმართველს, ხუთი თუმანი გამოგიწერონო. მადლობა მოვახსენე, ვუთხარი, რომ ფულის ნაკლებობა არ მქონდა (კადრების უკმარისობის გამო ერთდროულად სამ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის მოსკოვის პირველ უნივერსიტეტში) ვასწავლიდი და იმდენი ხელფასი მქონდა, რომ ბევრ ქართველ სტუდენტებს ვეხმარებოდი. ე.წ. “პარტმაქსიმუმი” იყო 225 მანეთი, მე 785 რუბლს ვიღებდი და ჩემი საწევრო გადასახადი (პარტმაქსიმუმის ზევით ხელფასის 30%) თითქმის ორას მანეთს შეადგენდა. გზაზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მივიღე გულთან ახლოს მამულიას დარიგება.

მოსკოვში ჩამოსვლისას (მაისის შუა რიცხვები იყო) ავიღე შემთხვევით შენახული შავი ჩანაწერები ჩემი სტატიისა “ალეთოლოგიის” შესახებ (სახელწოდება “ეკლეკტიზმის ახალი სახე ახალი ფილოსოფიური სისტემის დროშით”, უცვლელად დავტოვე), ოდნავ შევამოკლე და რუსულად გადავაკეთე ორ დღეში, მეორე დილას შევუტანე Вестник Коммунистической академии-ის რედაქციას, სადაც სტატია გამოქვეყნდა მომდევნო თვის (ივნისის) ნომერში. ამის შემდეგ ის პირველად ქართულ ვარიანტში გამოუქვეყნებია “მნათობს”, რაც მხოლოდ თბილისში გადმოსვლის შემდეგ გავიგე. შემდეგში ეს ფაქტი შემთხვევით თუ გამახსენდებოდა არათუ იმ ასოციაციით, მაგრამ მისთვის რაიმე ზოგადი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ახლა რომ ვუფიქრდები, ის უაღრესად სიმპტომური ყოფილა საბჭოთა საქართველოში მარქსისტული იდეოლოგიის დამკვიდრებისა და მისი ბედის ასპექტში. ძველ, საკმაოდ ძლიერ ინტელიგენციას მეტწილად დასავლეთში, გერმანიაში ჰქონდა მიღებული განათლება და მის ჰუმანიტარულ ნაწილსაც (ფილოსოფოსების ჩათვლით) არ დასჭირვებია ძირითადად იდეალისტური ორიენტაციის თუნდაც რამდენადმე გადასინჯვა, ისე მიიღო ის რესპუბლიკის პარტიულმა და საბჭოთა ხელმძღვანელობამ.

pages-from-mnatobi-1929-n08-09-1685649086.jpg
პეტრე შარიას "ეკლეკტიზმის ახალი სახე" ჟურნალ "მნათობში"

ჩემს აქტიურ ბრძოლას მათ წინააღმდეგ 1930-1938 წლებში არსებითად მხოლოდ ითმენდნენ, მაგრამ არც თვით პარტიული ხელმძღვანელობის შიგნით მიიჩნევდნენ მაინცდამაინც აუცილებლად. ამავე დროს თვით ძველი ჰუმანიტარული ინტელიგენცია უაღრესად მტრულად იყო განწყობილი ჩემს წინააღმდეგ, ხოლო მას შემდეგ, რაც მოახერხა რამდენიმე პირმა მათი წრიდან (რომელთა დასახელება აქ არ მსურს, მაგრამ რომელთა სახელები თავისთავად გამოაშკარავდება არც ისე შორეულ მომავალში) შეძვრომა უშიშროების ორგანოების აგენტურაში, და ამით ჩემი გამოყვანა მწყობრიდან, მონოპოლია ჩაიგდეს ხელში არა მარტო ახალი ფილოსოფიური კადრების მომზადების დარგში, არამედ ახალგაზრდა მარქსისტული კადრების ბედ-იღბლის გადაწყვეტის ასპექტშიც, ისე მტკიცედ დანერგეს ჩემდამი სიძულვილი, რომ სუნთქვაც კი მიჭირს ჩემს ირგვლივ შექმნილ ატმოსფეროში. ამავე დროს, ბედის ირონია იმაშია, რომ თუმცა უკომპრომისოდ ვესხმოდი მათ თავს იდეოლოგიურად, სწორედ მე დავიცავი ისინი 1937-1938 წლებში რეპრესიებისგან (მათ შორის ნუცუბიძეც). რა ვუყოთ, როდისმე სახელმწიფო და კერძო არქივები სიმართლეს გამოამჟღავნებენ. ბედს კი არ ვუჩივი - ჭაბუკობიდან ბრძოლის გზა ავირჩიე და მზად ვიყავი ყოველგვარი ბედუკუღმართობისთვის, მაგრამ გულს მიკლავს, რომ ჩემს ბედს შეეწირა ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით ჩემი დიდებული მეუღლე ლიდა (რომლის წინაშე მე პირადი დანაშაულიც მიმიძღვის, ოღონდ ისიც გარკვეული ზომით განპირობებულია ჩემი მტრების მოქმედებით).შენიშვნები:ლიდა კვარაცხელია - პეტრე შარიას მეუღლე.სამსონ მამულია (1892-1937 წწ.), საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე 20-იანი წლების მიწურულს, საქართველოს კპ ცკ პირველი მდივანი 1930-1931 წწ.პეტრე შარიას სტატია, “ეკლეკტიზმის ახალი სახე (პროფესორ შალვა ნუცუბიძის ალეთოლოგიის გამო)”, გამოქვეყნდა ჟურნალ “მნათობში”, 1929 წ. ##8-9.

პირადი ბიბლიოთეკა...წუხელ, ნაშუაღამევს, სწორედ დაწოლის წინ, ერთი უბრალო ცნობა დამჭირდა. მეხსიერება ხომ ყველაფერს ვერ შეინახავს, ვერ აღმოვაჩინე ჩემს პატარა წიგნსაცავში და ლოგინში ჩავწექი გულდაწყვეტილი, რომ არა მარტო ჩემი რანგის, არამედ დამწყებ მეცნიერსაც ვერ შევედრები პირადი წიგნობრივი ფონდით. თოთხმეტ წელიწადზე მეტია, რაც მე ფაქტობრივად წიგნებს აღარ ვიძენ და ეს უცნაური თვისება “შევიძინე” მას შემდეგ, რაც მესამედ დამეღუპა დიდი ზრუნვით დაკომპლექტებული საკმაოდ რიგიანი პირადი ბიბლიოთეკა. პირველად ეს მოხდა 1929 წლის ბოლოს, მოსკოვიდან თბილისში სამუშაოდ გადმოყვანისას, კომუნისტური აკადემიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ (1929 წლის მაისი) საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, დამტოვეს სამუშაოდ იმავე ინსტიტუტში, ფილოსოფიის ისტორიისა და თანამედროვე ფილოსოფიის სექციის სწავლულ მდივნად. იმავე დროს ერთდროულად ვასწავლიდი ფილოსოფიას სამ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. რამდენიმე თვეში უნდა მიმეღო ოროთახიანი, იზოლირებული ბინა, ყველა სახის მოწყობილობით (მანამდე მეკავა ერთი პატარა ოთახი ასპირანტთა საერთო საცხოვრებელში) და კმაყოფილი ვიყავი როგორც უშუალო მდგომარეობით, ისე პერსპექტივითაც.იმავე წლის (1929) დეკემბრის დამლევს საკავშირო ცეკაში გამომიძახა კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების მაშინდელმა გამგემ კრინიცკიმ (მოსკოვში ჩემი დატოვების მთავარმა ინიციატორმა) და მითხრა, რომ ცეკას გადავყავარ სამუშაოდ თბილისში, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივნად. გაოცებულმა ვკითხე, რატომ? (მამია ორახელაშვილის მაგივრად, რომელიც სწორედ მაშინ გაუთავისუფლებია ცეკას). “ფილოსოფიური კადრები იქაც დაგვჭირდება, - მიპასუხა მან, - რახან გიცნობთ, პირველ რიგში თქვენი გადაყვანა ვთხოვე ცეკას”.

mamia-1685649086.jpg
მამია ორახელაშვილი

უარის თქმას აზრი არ ჰქონდა, მაინც არ გამოვიდოდა და ურთიერთობაც გამიფუჭდებოდა მასთან. 5 იანვრამდე თბილისში უნდა იყოო. ჩემი მოძრავი ქონება შედგებოდა მხოლოდ ბიბლიოთეკისგან, რომელსაც ვქმნიდი მთელი ხუთი წლის მანძილზე. 1927 წლიდან ძალიან დიდი ხელფასი მქონდა. მშობლებს ვუგზავნიდი თვეში 100 მანეთს (ახლანდელ 300-400 მანეთს აღემატებოდა). ქართველ სტუდენტებსაც ცოტ-ცოტას ვეხმარებოდი, დანარჩენს წიგნების შეძენაზე ვხარჯავდი. სწორედ 1927 წლის დამლევს გავიგე, რომ ცნობილი პროფესორის პერგამენტის ქვრივი ჰყიდდა თავის რჩეულ ბიბლიოთეკას (ათას ტომზე მეტს) სულ ათას მანეთად. თითქმის ყველგან ავიღე ავანსი, გავყიდე ორი უცხოური საკოსტუმე ნაჭერი, თავი მოვუყარე საჭირო თანხას და ჩემთვის ნამდვილი ზეიმი იყო, როცა გადმოვიტანე ჩემს პატარა ოთახში, სადაც მთელ კედელზე გავაკეთებინე უბრალო თაროები. სულ ჩემი ბიბლიოთეკა რაოდენობით 2500 ტომს შეადგენდა, გარდა პერიოდიკისა. მათ შორის იყო შესანიშნავი გამოცემები თითქმის ყველა ჰუმანიტარული დარგებიდან. სასწრაფოდ შევკარი ეს ჩემი უძვირფასესი განძი და ძლივს მივაღებინე რკინიგზას ე.წ. “ნელი სიჩქარის მატარებელზე” (მაშინ ვაგონების ნაკლებობა იყო).

მთელი ორი თვე ვუცადე მიღებას, მერე მივმართე რკინიგზას, თვით საკავშირო სახალხო კომისარიატს, ამაოდ. ამხელა ბაგაჟის კვალიც გაქრა! დიდი გულისტკივილით განვიცადე. ხელახლა შევუდექი წიგნების შეძენას და მართლაც რვა წლის განმავლობაში შევძელი რიცხობრივად კიდევ უფრო მდიდარი ბიბლიოთეკის შექმნა.

როცა 1938 წლის ნოემბერს კვლავ მოსკოვში გადამიყვანეს სამუშაოდ, ჩემი მშვენიერი ბინა (ყოფილი მარტის, ახლა ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე), დავუთმე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად ახლად არჩეულ კალე შეროზიას და ვთხოვე ბიბლიოთეკის (მათ შორის ჩემი ხელნაწერების) და ავეჯის შესანახად გამოეყო რომელიმე საცხოვრებლად გამოუსადეგარი ფართობი - რასაც ბუნებრივია, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ბინას რომ მივიღებდი, იქ გადმოვიტანდი. გამოუყვიათ ნახევრად სარდაფის ორი ოთახი (ზედამხედველობა მინდობილი მქონდა ჩემი მეუღლის ძმისთვის). 1940 წლის აპრილში, როცა ჩემი ცოლისძმა (ლეონიდე კვარაცხელია. - ბ. ხ.) სამი თვით გაუგზავნიათ საზაფხულო პრაქტიკაზე, ამ დროს თბილისში რაღაც “წარღვნის” მსგავსი წვიმა მოსულა, ნახევარი სარდაფი გავსებულა წყლით. დაღუპულა მთელი ბიბლიოთეკა, ისე რომ, მაკულატურადაც აღარ გამოდგებოდა (რა თქმა უნდა, აქ რომ ვყოფილიყავი, ნაწილს მაინც გადავარჩენდი).

vekua-1685649086.jpg
ილია ვეკუა

როცა 1943 წლის ბოლოს დავბრუნდი თბილისში, როგორც წიგნები, ისე ავეჯი, აბსოლუტურად გამოუსადეგარი დამხვდა. ხელნაწერებს შორის დამეღუპა თითქმის ათი წლის მანძილზე მომზადებული სამტომიანი გამოკვლევა “ისტორიულისა და ლოგიკურის შესახებ”, გარდა ამისა, უამრავი ამონაწერები და სხვა.მესამედ ბიბლიოთეკა 1952 წელს დამეღუპა, როცა ათი წლის პატიმრობა მიმესაჯა და ოჯახი უსახსროდ დამრჩა, ხოლო მიუხედავად დიდი ხელფასისა და ჰონორარებისა, ოჯახში არასოდეს დამიგროვებია გასაყიდად გამოსადეგი არც ავეჯი და არც რაიმე სხვა ძვირფასეულობა.ლიდას (პეტრე შარიას მეუღლე. - ბ. ხ.) მოვწერე ბუკინისტური მაღაზიებისთვის მიეყიდა ჩემი ბიბლიოთეკა, რაც გადაურჩა კონფისკაციას. კონფისკაცირებული იყო ყველა სახის ძვირფასი გამოცემები, მათ შორის ენციკლოპედიებიც. ერთ-ერთი ბუკინისტური მაღაზიიდან მოსულა ვიღაც ლორთქიფანიძე და პირდაპირ გროშის ფასად წაუღია, რაც კი გამოსადეგად მიუჩნევია, ისეთი უსინდისობაც კი გამოუჩენია, რომ რამდენიმე ასეული ავტორების მიერ წარწერილი წიგნებიდან ამოუხევია მიძღვნები და ისე წაუღია.

შენიშვნები: კრინიცკი ალექსანდრ (1894-1937 წწ.), საბჭოთა ფუნქციონერი, საკავშირო კპ ცკ აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე 1927-1928 წლებში; აგიტაციის, პროპაგანდის და ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების გამგე 1928-1929 წლებში; ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი 1929-1930 წლებში. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს და დახვრიტეს.იგულისხმება ოსიპ იაკობის ძე პერგამენტი (1868-1909), იურისტი, საზოგადო მოღვაწე, რუსეთის მეორე და მესამე სახელმწიფო სათათბიროს წევრი კადეტთა პარტიიდან. იგი მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე იძენდა წიგნებს. მისი ბიბლიოთეკა შედგებოდა დაახლოებით ათი ათასი ტომისგან. აქ იყო წიგნები საზოგადოებრივ და იურიდიულ მეცნიერებებში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ისტორიაში, ფილოსოფიაში და სხვა მომიჯნავე დისციპლინებში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს უზარმაზარი ბიბლიოთეკა პეტერბურგში დარჩა მის მეუღლესა და შვილებს.

ილია ვეკუა2 დეკემბერი, 1977 წელი. ინსტიტუტში დღეს არაფერი საქმე არ მქონდა, მაგრამ რადგან ახლოს ვიყავი, შევიარე და იქ გავიგე მეტად სამწუხარო ამბავი, დილით ადრე გარდაცვლილა აკადემიის პრეზიდენტი ილია ვეკუა. იმავე საშინელი სნეულებისგან, რომელმაც შეიწირა ჩემი ლიდა. მახსოვს შარშან, თუ რა გულისხმიერად იზიარებდა ჩემს დარდსაც და ზრუნვასაც, როცა ლიდა მოსკოვში მყავდა წაყვანილი. მართალია, მასთან უშუალო მეგობრობა არ მაკავშირებდა, მაგრამ ერთმანეთს თითქმის თანაბრად ვცემდით პატივს. დღეს ცოცხალ ქართველ მეცნიერებს შორის ის უთუოდ უდიდესი იყო, მან გადააჭარბა თავის მასწავლებელს ნიკო მუსხელიშვილს.

ვფიქრობ, რომ ნიჭით ანდრია რაზმაძეს ეტოლებოდა, რომელიც გაცილებით ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, ვიდრე ილია. მახსოვს, 1945 წელს, როცა მე ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ მდივნად ვმუშაობდი, ილიას მეთაურობით მოვიდა ჩემთან “დელეგაცია” თხოვნით, რომ ახალგახსნილ მათემატიკის ინსტიტუტს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მინიჭებოდა. მე ტაქტის დაცვით ავუხსენი: მუსხელიშვილი ჯერ ცოცხალია, ღმერთმა აცოცხლოს კიდევ მრავალი წელი, ხოლო შემდგომში კი თავის დროზე პატივს არ დააკლებენ მის ხსოვნას-მეთქი და რჩევა მივეცი, რათა ანდრია რაზმაძის სახელი მიენიჭებინათ.საოცარია, რომ სწორედ ამ სტრიქონების წერისას მივხვდი თუ რატომ მემდუროდა სასტიკად ნიკო მუსხელიშვილი. ეტყობა, გაიგო ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ინსტიტუტისთვის მისი სახელის მინიჭების შესახებ.

irakli-vartagava-032-1685649086.jpg
ჩასხედან (მარცხნიდან): ანდრია რაზმაძე და ნიკო მუსხელიშვილი, დგანან: არჩილ ხარაძე და გიორგი ნიკოლაძე პტიონ

მიხარია, რომ თავის დროზე მომეცა შემთხვევა და შესაძლებლობა ილია ვეკუასთვის ხელის შეწყობისა, როცა ის არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. პირველად ეს მოხდა 1928 წელს. მე მას არ ვიცნობდი, სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. იქ თითქოსდა გარეულა (ან იქნებ ცილი დასწამეს) ტროცკისტების ჯგუფში და გარიცხვა ემუქრებოდა. მიამბეს მისი ფენომენალური მათემატიკური ნიჭის შესახებაც, თუმცა მაშინდელ ცეკას მდივნებს არც ერთს არ ვიცნობდი (ცხადია, არც მე მიცნობდნენ), მაინც ვთხოვე მიღება მიხეილ კახიანს (მგონი ახალარჩეული იყო პირველ მდივნად) და დიდი ბოდიშით მოვახსენე, რომ უაღრესად ნიჭიერ მათემატიკოს სტუდენტს გარიცხვა ემუქრებოდა. მკითხა, თუ კარგად ვიცნობდი მის პოლიტიკურ კრედოს (მან ადრე გამომკითხა ჩემი ვინაობა და გაუხარდა, რომ ასეთი ახალგაზრდა, სულ 23 წლისა, მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში ვასწავლიდი. მე ვუთხარი, რომ კარგის მეტი არაფერი გამეგონა მასზე, თანაც დავძინე: იქნებ შურიანობასაც ჰქონდეს ადგილი-მეთქი. მაშინვე დაურეკა უნივერსიტეტის რექტორს (კარგად არ მახსოვს თედო ღლონტი იყო თუ მალაქია ტოროშელიძე) და უთხრა: თუ მართლა ნიჭიერია, ხელი შევუწყოთო.

paola-urushadze-066-1685649086.jpg
თედო ღლონტი (ზის შუაში)

მე არ მესმოდა რას ამბობდა მოპასუხე, მაგრამ მივხვდი, რომ მასაც ტროცკისტობის ვერსია დაუსახელებია, რადგან კახიანმა უთხრა: დაუძახეთ, გააფრთხილეთ, თუ საჭირო იქნა, ჩემთან გამოგზავნეთო!მეორე შემთხვევა კი 1953 წელს მოხდა. მე ახალგანთავისუფლებული ვიყავი ციხიდან “მეგრელების საქმესთან” დაკავშირებით და საკავშირო მინისტრთა საბჭოს ერთ-ერთ კონსულტანტად დანიშნული საერთაშორისო საკითხებზე. გავიგე, ილია ვეკუა, რომელიც ჩემი დატუსაღების დროს (1952 წლის თებერვალში) ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის მდივან-აკადემიკოსად მუშაობდა, რაღაც ინტრიგების შედეგად გაუთავისუფლებიათ და გადასულა მოსკოვის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მე მას გავუგზავნე მანქანა და მოვიწვიე კრემლში, ვუთხარი, რომ უნივერსიტეტის რექტორს, ნიკო კეცხოველს თურმე არაერთხელ გამოუთქვამს აზრი მეგრელების “აგრესიულობაზე” (თითქოს პირადად მე უნივერსიტეტის “მეგრელიზაციას” ვაპირებდი - გაოცებას ვიყავი, თუ როგორ იკადრა ასეთი ჭორი. ის მე თვითონ 1944 წელს დავანიშნინე უნივერსიტეტის რექტორად) და უკვე დისკრედიტირებულია, თქვენ უნდა მოჰკიდოთ ხელი რექტორობას-მეთქი და თანაც დავძინე, ოღონდ მეტი თბილი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოთ ნიკო მუსხელიშვილის მიმართ-მეთქი.

მართალია, ეს ჩემი ინიციატივა არსებითად სავალალო აღმოჩნდა მისთვის, მე მალე დამატუსაღეს და მას თურმე კვლავ მოუწია რუსეთს წასვლა, მაგრამ როგორც დიდი ინტელიგენტი და ღრმად მიხვედრილი კაცი, გრძნობდა ჩემს კეთილგანწყობას, თუმცა დარწმუნებული ვიყავი მის განწირულებაში და არ მჯეროდა მკურნალთა ოპტიმისტური პროგნოზები. მას მრავალ უცხოელ გამოჩენილ ექიმებთან ერთად მკურნალობდა ერთი ბულგარელი ექიმბაში, რომელზედაც დიდ იმედს ამყარებდნენ.

45548-toroselize-malaqia-giorgis-ze-1-1685649085.jpg
მალაქია ტოროშელიძე

მაგრამ მაინც მისი გარდაცვალების გაგებამ პირდაპირ შემაძრწუნა, პირადად ჩემთვის მისგან არაფერს არ მოველოდი, რადგანაც არ შეეძლო, მაგრამ უაღრესად საჭირო იყო ქართული ეროვნული მეცნიერებისთვის. მას ვერავინ შეცვლის ღირსეულად აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე. ნამდვილად სარისკო შემართება, ნამდვილი გმირობა გამოიჩინა, თუმცა იცოდა თავისი განწირულება (თითქმის მთელი წელიწადი ყლაპვა შეწყვეტილი ჰქონდა, კუჭიდან კვებავდნენ), ერთი დღითაც, იქნებ საათითაც არ შეუწყვეტია მეცნიერული კვლევა.ნეტავ ასეთი მეცნიერი და მოქალაქე ერთი ათეული მაინც ჰყავდეს დღეს ჩვენს ერს.

შენიშვნები: მიხეილ კახიანი (1896-1937 წწ.), საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1924-1930 წწ. თედო ღლონტი (1888-1937 წწ.), უნივერსიტეტის რექტორი 1926 წლის სექტემბრიდან 1928 წლის სექტემბრამდე. მალაქია ტოროშელიძე (1880-1937 წწ.), უნივერსიტეტის რექტორი 1928 წლის სექტემბრიდან 1930 წლის სექტემბრამდე.

ბეჟან ხორავა, ისტორიის დოქტორი

"ისტორიანი" .#127

TOP.GE