რას სწერდა ჯორჯ ვაშინგტონი ახალციხელ ჰასან ფაშას - კვირის პალიტრა

რას სწერდა ჯორჯ ვაშინგტონი ახალციხელ ჰასან ფაშას

ჯორჯ ვაშინგტონისა და ჰასან ფაშას მიმოწერის შესახებ ერთ-ერთი პირველი ამერიკული რომანი “ალჟირელი ტყვე” 1797 წელს გამოაქვეყნა ამერიკელმა დრამატურგმა და იურისტმა როიალ ტაილერმა. სავარაუდოდ, ავტორი ეყრდნობოდა იმ ამერიკელ მეზღვაურთა და დიპლომატთა ნაამბობს, რომელთაც ალჟირის მმართველი თავად იხილეს. ტაილერის ნაწარმოები პოპულარობით სარგებლობდა და აშშ-ში რამდენჯერმე გამოიცა. საქართველოში ცოტამ თუ იცის ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონსა და ალჟირის მმართველს, ახალციხელ ჰასან ფაშას შორის მიწერ-მოწერის შესახებ. ამ საინტერესო ამბის შესახებ ცნობებს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე გვაწვდის.

- 1815-1830 წლებში ამერიკის გენერალური კონსული ალჟირში მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყანა ფუნდამენტურად განსხვავდებოდა მისთვის ცნობილ სხვა ქვეყნებისგან. მსგავსი იყო მხოლოდ მამლუქთა ეგვიპტე, სადაც მთელ სახელმწიფოს უცხოეთიდან გადმოსახლებულნი მართავდნენ. ოსმალეთის სხვა პროვინციების მსგავსად, ალჟირის საფაშოს მმართველი ელიტაც ოსმალურ ყაიდაზე იყო ორგანიზებული. თანამედროვე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის საკუთარ რიგებში მხოლოდ “თურქ” მოხელეებს იღებდა და აწინაურებდა, რითაც ინარჩუნებდა მმართველობის ოსმალურ სისტემას. თურქად კი ითვლებოდა ის, ვინც არ იყო არაბი და ვინც ქვეყნის გარეთ დაიბადა.

jw-1793-1685650026.jpg
ჯორჯ ვაშინგტონი (1793 წ.)

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ თურქად შეიძლება წოდებულიყო ბულგარელი, ბერძენი, ალბანელი, ჩეხი, იტალიელი, კორსიკელი და მრავალი სხვა. “თურქისა” და ადგილობრივი მოსახლის შვილი უკვე აღარ მიიჩნეოდა თურქად და მას ყულოღლის ეძახდნენ. ეს კატეგორია მოკლებული იყო მმართველი წრის პრივილეგიებს. ალჟირში საკუთარი ნებით სახლდებოდნენ ევროპელი მეზღვაურებიც, რომლებსაც რენეგატებს ეძახდნენ. ისინი, როგორც წესი, გამუსლიმებული ქრისტიანები იყვნენ და ალჟირში ჩამოდიოდნენ მიმალვის მიზნით ან საკუთარ ქვეყნებში უპერსპექტივობის გამო. ალჟირის საფაშოში ცხოვრობდნენ მამლუქებიც, თუმცა მათი რაოდენობა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ უცხოელები მათაც რენეგატებს ეძახდნენ. ალჟირი დიდი შესაძლებლობის ქვეყანა იყო. აქ შეიძლებოდა სწრაფად გამდიდრება და ასევე სწრაფად დაგროვებული ქონების დაკარგვაც. მეკობრეობა სარფიანი საქმიანობა იყო, ზღვაში გასულ ალჟირელებს შეიძლება ისეთი ხომალდი ჩაეგდოთ ხელთ, რომლის ტვირთი, მეზღვაურთა გამოსასყიდი და თავად ხომალდის ღირებულება, რამდენჯერმე აღემატებოდა ამერიკის პრეზიდენტის წლიურ ხელფასს.

შესაძლოა, ახალგაზრდა ჰასანი ოსმალურ ახალციხეში დანახული უპერსპექტივობის გამო გადასახლდა სიმდიდრითა და მეკობრეებით სახელგანთქმულ ალჟირში. მისი ზუსტი სახელი და გვარი უცნობია. ჰასანის წარმომავლობის შესახებ გვაქვს შემდეგი ინფორმაცია: 1775 წელს, როდესაც ალჟირის ფაშამ, მუჰამმად ბინ უსამა დეიმ (1766-1791), იგი სტამბოლში სულთანთან მიავლინა განსაკუთრებული მისიით, ალჟირის მომავალმა გამგებელმა აჰისკელი (ახალციხელი) ჰასან იბნ იუსუფის სახელით დაწერა მცირე ნაშრომი “ალჟირის ისტორია, ანუ თაჰზიბ ეთ-თევარიჰ”. ამ თხზულების დედანი სტამბოლის თოფკაპის სასახლის მუზეუმში ინახება და მის კატალოგშია შესული. იგივეა აღწერილი ისმაილ ოზენის კრებულში “ოსმალო ავტორები”. ოზენის გამოცემაში ვკითხულობთ ჰასანის ქართული წარმომავლობის შესახებ, რაც ასევე აღნიშნულია 1793 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებულ დიპლომატიურ მიმოწერაში ბრიტანელ საიმონ ლუკასსა და ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელ ჰენრი დუნდასს შორის, სადაც აღნიშნულია, რომ სიდი ანუ ბატონი ჰასანი ქართველია. სავარაუდოდ, ჰასანი იყო გამაჰმადიანებული ახალციხელი მესხი.

service-pnp-ppmsc-05500-05523v-1685650026.jpg
ჰასან დეის სასახლე, სურათზე ჩანს მარჯვნივ. 1899 წ.

1730-იანი წლებისათვის ახალციხის საფაშოს დიდგვაროვანთა უმეტესობა მაჰმადიანი იყო, გლეხების ნაწილი კი ისევ ინარჩუნებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. მურად ქასაბის წიგნში “ოსმალეთის ქართველები” დასახელებულია არაერთი ახალციხელი ქართველი, რომლებიც ამ პერიოდში, ჰასანის მსგავსად, ოსმალეთის იმპერიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მსახურობდნენ. საიმონ ლუკასის ცნობით, ქალაქ ახალციხეს ოსმალები აჰისკას ეძახდნენ და ეს გეოგრაფიული სახელწოდება დღემდეა შემორჩენილი. თურქული ორიენტაციის ე.წ. თურქი მესხები საკუთარ ეთნიკურ ჯგუფს აჰისკა თურქლერის, ანუ ახალციხელ თურქებს უწოდებენ.

- ჰასან ფაშას რატომ სწერდა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, რა ცნობებია ამის შესახებ?

- ჰასანი ძალიან ახალგაზრდა გაიწვიეს ოსმალურ ჯარში, ალჟირში. უცხო გარემოში მოხვედრილი ჰასანი სისხარტის, განათლებისა და სიმამაცის გამო ჯერ მცირე სამხედრო გემზე მიავლინეს, შემდეგ კი საფაშოს სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს მეთაურის რანგში. 1770 წელს ის ოსმალური ფლოტის ალჟირის ხომალდთა შენაერთს ხელმძღვანელობდა შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ. 1775 წლისთვის ჰასანი დეი მუჰამმად ფაშას განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და ალჟირის მმართველმა სწორედ ის აირჩია სტამბოლში სულთანთან საჩუქრების წასაღებად და მასთან მოსალაპარაკებლად. ამ წელს, ესპანეთმა, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა ალჟირთან და საფაშოს დაპყრობა სურდა, მის წინააღმდეგ ახალი სამხედრო კამპანია წამოიწყო.

dar-hassan-pacha-algiers-1685650025.jpg
სასახლე დღეს (ქვემოთ)

1775 წლის ივნისში, გენერალ ალექსანდერ ო’რეილის ხელმძღვანელობით, მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული ესპანური ფლოტი 20 ათასი ესპანელი ჯარისკაცით მიადგა ალჟირის სანაპიროს. ექსპედიცია წარუმატებელი აღმოჩნდა, ხომალდებიდან ვერ მოხერხდა ნაპირზე გადასულ ჯარისკაცთა მხარდაჭერა. ამას დაემატა ალჟირელთა აქტიურობა და ესპანელებისთვის არასახარბიელო კლიმატური პირობები. ესპანელები სასტიკად დამარცხდნენ და ალჟირის საფაშო დატოვეს. არსებობს ორი ვერსია, თუ სად იმყოფებოდა ჰასანი ო’რეილის ექსპედიციის დროს. ერთი ვერსიით, იგი სულთანთან ალჟირის გამარჯვების შემდეგ წავიდა. მეორე ვერსიით, ესპანელთა თავდასხმის წინ, ჰასანი მუჰამმად ფაშამ სულთანთან დახმარების სათხოვნელად გაგზავნა.

ჰასანმა მოლაპარაკებები გამართა სტამბოლში და იქიდან საჩუქრებით დატვირთულმა ფრანგულ ხომალდ “ლე სეპტიმანით” ალჟირისკენ აიღო გეზი. ალჟირის სანაპიროსთან ხომალდი ესპანურმა სამხედრო გემმა დააკავა და ჰასანთან ერთად ქალაქ კარტახენაში გადაიყვანა. ამ დროისთვის ესპანეთი ალჟირთან მოლაპარაკებებით იყო დაინტერესებული და შესაბამისად, ჰასანს ესპანელები შეეგებნენ არა როგორც დატყვევებულ მეტოქეს, არამედ როგორც მოწინააღმდეგე ქვეყნის გავლენიან მოხელესა და მომავალ მმართველს. იმავდროულად, ალჟირის დეიმ საფრანგეთის კონსულს სთხოვა დახმარებოდა ესპანელთა ტყვეობიდან ჰასანის გამოხსნაში. მცირე დაყოვნების შემდეგ, ჰასანი გაათავისუფლეს საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის პირადი ჩარევით. მოგვიანებით, 1776 წლის აპრილში ალჟირში დაბრუნებული ჰასანი სამადლობელ წერილს უგზავნის ლუი XVI-ს. როგორც ირკვევა, კარტახენაში ყოფნისას, ჰასანმა ფარული მოლაპარაკება გამართა ესპანელებთან და მათგან საკმაოდ დიდი გასამრჯელოც მიიღო.

la-cite-le-port-et-le-mole-d-alger-1685650026.jpg
ალჟირის პორტი და ქალაქი (ნიდერლანდური გრავიურა, XVII ს.)

მას ევალებოდა ესპანეთსა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება და ესპანელი ტყვეების დაბრუნება. ალჟირში დაბრუნებული ჰასანი მუჰამმად ფაშამ ვაქილ ალ-ხარიჯის - საზღვაო მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურა. ამიერიდან, საფაშოში ჰასანი ხელმძღვანელობდა მეკობრეობას და ვაჭრობას. მან დინჯად დაიწყო ესპანეთთან საიდუმლო შეთანხმების ასრულება და 1785 წელს მოახერხა ესპანეთის სამეფოსა და ალჟირის საფაშოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, რაშიც საკმაოდ დიდი თანხაც მიიღო. ხელშეკრულება ესპანეთთან ასევე გულისხმობდა გიბრალტარის სრუტის გახსნას ალჟირის მეკობრეთათვის. ამერიკული სავაჭრო ხომალდები ატლანტის ოკეანეში 1785 წლამდე მხოლოდ ერთხელ დააკავეს მაროკოელმა მეკობრეებმა, თუმცა მაროკოსთან მოლაპარაკება და დატყვევებულ მეზღვაურთა გამოსყიდვა ესპანეთის სამეფოს ჩარევის შედეგად შედარებით ადვილი აღმოჩნდა ამერიკელებისთვის. მათ ამ სახელმწიფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება 1786 წლის ივნისში გააფორმეს.აშშ-ში მოელოდნენ, რომ ალჟირთანაც ადვილი იქნებოდა მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება. ალჟირელმა მეკობრეებმა 1785 წლის 25 ივლისს ჯერ ამერიკული ხომალდი “მარია”, 5 დღის შემდეგ კი ხომალდი “დოლფინი” დააკავეს პორტუგალიის მახლობლად. ხომალდები და 21 ამერიკელი დატყვევებული მეზღვაური ალჟირში წაიყვანეს და მონებად გაყიდეს. ამერიკელების დატყვევებიდან 6 თვის შემდეგ ალჟირში სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე მოსალაპარაკებლად და ამერიკელთა გამოსასყიდად ჩავიდა ამერიკელი კაპიტანი ჯონ ლამბი, რომელიც შეხვდა მუჰამმად ფაშას, მაგრამ კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. შედეგად, ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ აზრი აღარ ჰქონდა მოლაპარაკებების გაგრძელებას იმ დროისთვის უკვე ღრმად მოხუცებულ მუჰამმად ფაშასთან.

1788 წლის მაისში სიკვდილით დასაჯეს ალჟირის საფაშოს ჰაზნაჯი - პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჰასანის სიმამრი იყო. როგორც წესი, სიკვდილმისჯილს მთელი ქონება ჩამოერთმეოდა, მისი ნათესავები კი იდევნებოდნენ. მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ. ჰასანი, რომელიც ალჟირის საზღვაო მინისტრი და შეთავსებით ხაზინადარი იყო, ჰაზნაჯის თანამდებობაზე დააწინაურეს. ფრანგი დიპლომატის, ვენტურე დე პარადის აზრით, ამ დაწინაურების შედეგად ჰასანის ძალაუფლება ალჟირში საგრძნობლად გაიზარდა. ახალდანიშნულ ჰაზნაჯის ერთ-ერთი ამერიკელი ტყვე, შემდგომში კი მისი ქრისტიანი მდივანი ჯეიმს კათკარტი (ჟამეს L. ჩატჰცარტ)ახასიათებს როგორც სამართლიანს, გულმოწყალესა და მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით კი ესპანეთის სამეფოს კარგ მცოდნეს.

gilbert-stuart-colonel-david-humphreys-1752-1818-ba-1771-ma-1774-1830-1685650025.1_-_Yale_University_Art_Gallery.jpg
დეივიდ ჰამფრი

1791 წლის 13 ივლისს მუჰამმად ფაშა გარდაიცვალა და იანიჩრების მოთხოვნით, ალჟირის საფაშოს მმართველი ჰასანი გახდა. კათკარტის ცნობით, მუჰამმად ფაშას ანდერძშიც იყო მოთხოვნა, რომ შემდეგი ფაშა ჰასანი გამხდარიყო. 1793 წელს ესპანეთმა ჰასან ფაშას ქალაქი ორანი დაუთმო. ჰასანმა დაიკავა ქალაქი, მისი ოქროს გასაღები კი ოსმალეთის სულთანს გაუგზავნა საჩუქრად, რის შედეგადაც სულთანმა მას კიდევ ერთი თუღა უბოძა. მოგვიანებით ჰასანი სიამაყით აღნიშნავდა, რომ ის იყო არა ჩვეულებრივი მოხელე, არამედ - ოსმალეთის სასულთნოს სამთუღიანი ფაშა (ბეილარბეი). ჰასანმა განახლებული ხელშეკრულებები გააფორმა შვედეთთან, პრუსიასთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან. იმავდროულად, ამერიკის მოსახლეობა და კონგრესი სულ უფრო აქტიურად მოითხოვდა ალჟირში ამერიკელი ტყვეების გათავისუფლებას მათი გამოსყიდვის ან სამხედრო ჩარევის გზით.

1793 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა ალჟირში ჰასან ფაშასთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა თავის წარმომადგენელი დეივიდ ჰამფრი. ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა მას ჰასან ფაშასთან შემდეგი წერილიც გაატანა:ამერიკის შეერთებული შტატების პრე­ზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, ალჟირის დეისა და სარეგენტოს, ვინაიდან გვსურს ჩვენს ხალხსა და ალჟირის დეის, სარეგენტოსა და ალჟირელ ხალხთან მშვიდობისა და ჰარმონიის დამყარება და განვითარება, დავნიშნე დეივიდ ჰამფრი, ჩვენი ერთ­-ერთი გამორჩეული მოქალაქე, სრულუფლებიან კომისრად და ვანიჭებ მას სრულ უფლებას, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები და გააფორმოს მეგობრობისა და სავაჭრო ხელშეკრულება თქვენთან. ვლოცულობ, რათა სრული ნდობა გამოუცხადოთ მის მიერ შეერთებული შტატების სახელით მოწოდებულ გზავნილს თქვენდამი, განსაკუთრებით კი ჩვენს გულწრფელ სურვილს, ვიქონიოთ თქვენთან და თქვენს ხალხთან მშვიდობა და მეგობრობა. შევთხოვ ღმერთს, მოგცეთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. დაწერილია 1793 წლის მარტის 21 დღეს, ფილადელფიაში, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მე-17 წელს. ჯ. ვაშინგტონი. სანამ წერილების გაგზავნით ამერიკელები ალჟირთან დიპლომატიური გზით კონფლიქტის დარეგულირებას ცდილობდნენ, 1793 წლის ნოემბერში ალჟირმა სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა პორტუგალიასთან. ხელშეკრულების თანახმად, პორტუგალიელებმა გახსნეს გიბრალტარის სრუტე, სადაც მანამდე პორტუგალიური სამხედრო ხომალდები მაღრიბელ მეკობრეებს უკეტავდნენ ატლანტის ოკეანეში გასასვლელ გზას. ალჟირელებმა ამით ისარგებლეს, პორტუგალიის სანაპიროებთან თავს დაესხნენ ამერიკის სავაჭრო ხომალდებს და მცირე ხანში 11 ხომალდი და 100-ზე მეტი ამერიკელი მეზღვაური დაატყვევეს. დეივიდ ჰამფრი პორტუგალიაში ელოდებოდა ჰასან ფაშასთან აუდიენციის დანიშვნას. ალჟირის მმართველმა იგი არ მიიღო, თუმცა ჰასანი ჯორჯ ვაშინგტონის წერილს გაეცნო და მასზე პასუხიც უკარნახა თავის ქრისტიან მდივან ჯეიმს კათკარტს. ჰასანის საპასუხო წერილის სამუშაო ვარიანტი, რომელიც, სავარაუდოდ, 1794 წლის ბოლოს უნდა შეედგინა ალჟირის მმართველის ქრისტიან მდივანს, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში ჯეიმს კათკარტის პირად არქივში ინახება. ჰასან დეი ჯორჯ ვაშინგტონს სწერდა, რომ იგი მიესალმება მოლაპარაკებებს და საჭიროდ თვლის უახლოეს პერიოდში ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. თუმცა იმ ეტაპზე ჰასან ფაშამ ამერიკის პრეზიდენტს საპასუხო წერილი აღარ გაუგზავნა. დიპლომატიური წარუმატებლობის მიუხედავად, ამერიკელები დაინტერესებული იყვნენ თავიანთი მოქალაქეების მონობისგან გათავისუფლებითა და ალჟირთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით. 1795 წლის იანვრისთვის ჰასანის მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო - ასზე მეტი ამერიკელი ტყვის გათავისუფლება და ალჟირის მოხელეთა დასაჩუქრება ამერიკის ხაზინას 2 მილიონ ესპანურ დოლარზე მეტი დაუჯდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჯეიმს კათკარტი ჯერ კიდევ 1787 წლიდან ემსახურებოდა ჰასანს, რომელიც საზღვაო მინისტრი იყო. 1792 წლის მარტიდან კათკარტი უკვე ალჟირის ფაშის ქრისტიან მდივნად დაინიშნა. ეს ყველაზე მაღალი თანამდებობა იყო საფაშოში, რაც ქრისტიანს შეეძლო დაეკავებინა. სწორედ კათკარტი უწევდა კოორდინაციას ალჟირის მმართველისა და ამერიკელი დიპლომატების კონტაქტებს.

1795 წლის სექტემბრის დასაწყისში ალჟირში ჩავიდა ამერიკელი დიპლომატი ჯოზეფ დონალდსონ ჯუნიორი. ჰასანს აშკარად არ მოეწონა დონალდსონი და მოლაპარაკების შემდეგ კათკარტს უთხრა, რომ ამერიკას სამშვიდობო ხელშეკრულება და ტყვეთა გათავისუფლება 2.247.000 ესპანური დოლარი, ორი 35-ზარბაზნიანი სამხედრო ხომალდი და პერიოდული საკონსულო საჩუქარი დაუჯდებოდა. ამერიკელებს მხოლოდ 585.000 ესპანური დოლარის გადახდა შეეძლოთ. მოლაპარაკებები ჩაშლის პირას იყო. ამ დროს ამერიკელმა კათკარტმა თავის თავზე აიღო ბოლო სიტყვა, დაიჩოქა, დეის ემთხვია ხელზე და მოახსენა: “ეფენდი, ზოგიერთი ჩვენგანი აქ უკვე ათ წელიწადზე მეტია ვიმყოფებით, თუ ღმერთი გწამთ, გაგვიშვით”. ამ სიტყვებმა რატომღაც ძალიან იმოქმედა ჰასანზე. იგი დაფიქრდა და, ამერიკელთა გასაოცრად, უეცრად ყველაფერზე დათანხმდა. ამერიკელი მკვლევარი ჰენრი ბარნბი მიიჩნევს, რომ ჰასანს ძალიან მოსწონდა ამერიკელები, ისინი ბრიტანეთისგან თავის დასახსნელად იბრძოდნენ და ალჟირის მმართველისთვის ახალგაზრდა ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ, მისაბაძი და მაგალითის მიმცემი იყო.

მართალია, შეთანხმება შედგა, მაგრამ დაპირებული თანხის მოგროვება და გადაცემა ამერიკელებმა დროულად ვერ მოახერხეს. კათკარტი რამდენჯერმე მივიდა ჰასან ფაშასთან თხოვნით, რათა ჰასანს ხელშეკრულების პირობების შესრულების თარიღი გადაევადებინა. 1796 წლის 2 მარტს ამერიკის სენატმა მოახდინა ალჟირთან ხელშეკრულების რატიფიკაცია. თანხის დაგვიანების საკომპენსაციოდ, ალჟირში მყოფმა დონალდსონმა და მის დასახმარებლად ჩასულმა დიპლომატმა ჯოელ ბარლოვმა ჰასანს შესთავაზეს, რომ ამერიკელები სპეციალურად ალჟირის მმართველის ქალიშვილისთვის დაამზადებდნენ ამერიკულ 36-ზარბაზნიან სამხედრო ხომალდს. თანხის დროულად მისაღებად ჰასანმა საკუთარი ქრისტიანი მდივანი ამერიკაში მიავლინა და თან გაატანა წერილი პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონთან, ეს წერილი მოგვიანებით კათკარტის დიპლომატიურ ჟურნალში გამოქვეყნდა:ალჟირის ქალაქისა და სარეგენტოს ვეზირი ჰასან ფაშა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონსგისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას. რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მშვიდობა და ჰარმონია დამკვიდრდა ჩვენს ორ ერს შორის შეერთებული შტატების აგენტების ჯოსეფ დონალდსონისა და ჯოელ ბარლოვის მეშვეობით, თუმცა, შეთანხმების არც ერთი მუხლი არ შესრულებულა.

ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ჯეიმს ლენდერ კათკარტის, ჩვენი ყოფილი ქრისტიანი მდივნის, გამოგზავნა თქვენთან წერილით, სადაც შეგახსენებთ იმ მუხლების შესახებ, რომელიც სარეგენტოს მიერ არის მოთხოვნილი. კათკარტს ასევე გადავეცით ხმელთაშუა ზღვის პასპორტის ფორმა, რათა თქვენ რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები, თქვენი აქ მყოფი რეზიდენტ-კონსულის მეშვეობით. შემდგომი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს რეზიდენტ-კონსულს და ჯეიმს ლენდერ კათკარტს. ვიმედოვნებ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სრულად დააკმაყოფილებთ ჩვენი შეთანხმებით ნაკისრ პირობებს და რაც შეიძლება სწრაფად გამოაგზავნით კათკარტს ჩვენს მოლაპარაკებებში მითითებული თანხით, რისთვისაც მას მიეცა ხმელთაშუა ზღვის პასპორტი დაწყებული 1796 წლის პირველი მაისიდან. ჩვენი განკარგულებით შედგენილია დეის სასახლეში და დამოწმებულია სარეგენტოს დიდი ბეჭდით ჰიჯრის 1216 წლის ლუნა qარბის 26-ე დღეს, რაც შეესაბამება 1796 წლის 5 მაისს. ალჟირის ქალაქისა და სარეგენტოს ვეზირი ჰასან ფაშა დეი. 1796 წლის 8 მაისს კათკარტი ჰასან ფაშას წერილით ამერიკაში გაემგზავრა.

algeria-view-of-the-port-of-algiers-in-1586272665-9166-1685650025.jpg
ალჟირის პორტი (ფრანგული გრავიურა, XVIII ს.)

1796 წლის ივნისისთვის თანხის მხოლოდ ნაწილის მოძიება მოხერხდა და მთლიანად მოხმარდა ამერიკელ ტყვეთა გათავისუფლებას. შემოდგომაზე თანხა ფორმალურად გადაეცა ალჟირის ფაშასა და ხაზინას. ამერიკელი დიპლომატი ჯოელ ბარლოვი ჰასანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნავდა, რომ ალჟირის მმართველს განსაკუთრებით მოსწონდა ამერიკელები და მზად იყო, მათ დახმარებოდა ყველაფერში, რაც ხელეწიფებოდა. ალჟირის გამგებელმა დახმარება აღმოუჩინა ამერიკელებს ტრიპოლისა და თუნისის საფაშოებთან სამშვიდობო პირობებზე მოლაპარაკებების პროცესში, მისი ხელმოწერა ერთვის ამერიკისა და ტრიპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებასაც. ჰასანს ჰყავდა ერთი ცოლი და ქალიშვილი, რომელიც ალჟირის უკანასკნელი დეის - ჰასანის (1818-1830) მეუღლე იყო. ჰასანი მოხუცებული გარდაიცვალა 1798 წლის 14 მაისს.ალჟირთან ურთიერთობისას ამერიკელმა დიპლომატებმა, პოლიტიკოსებმა და სამხედროებმა პირველად ქვეყნის ისტორიაში გამოსცადეს საკუთარი შესაძლებლობები მათთვის სრულიად უცნობ და უცხო სახელმწიფოსთან. ამ ურთიერთობებმა დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის შექმნასა და ჩამოყალიბებაზე. ალჟირში დატყვევებულ ამერიკელ მეზღვაურთა გათავისუფლება და საერთოდ, ალჟირთან ამერიკის ურთიერთობის თემა საკმაოდ პოპულარული იყო ამერიკაში. პენსილვანიის შტატის მონობის აკრძალვის ხელშემწყობი საზოგადოება და მისი პრეზიდენტი ბენჯამინ ფრანკლინი სწორედ ალჟირში დამონებული ამერიკელი მეზღვაურების გათავისუფლების კამპანიას უკავშირებდა თავად ამერიკაში მონობის გაუქმების აუცილებლობას. 1790 წელს საზოგადოებამ პეტიცია გაგზავნა ამერიკის კონგრესში მონობის აკრძალვის მოთხოვნით, რამაც დიდი დებატები გამოიწვია, განსაკუთრებით სამხრეთის შტატების წარმომადგენლების მხრიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიარაღებული სამხედრო ძალების შექმნის იდეაც სწორედ მეკობრეობისგან ამერიკის მეზღვაურთა დაცვას უკავშირდება. ალჟირთან ურთიერთობის პოპულარობა მხატვრულ ლიტერატურაშიც აისახა. ამერიკელმა მწერალმა როიალ ტაილერმა ჰასან ფაშასა და ჯორჯ ვაშინგტონის მიმოწერის შესახებ 1797 წელს გამოაქვეყნა მხატვრული ნაწარმოები “ალჟირელი ტყვე”, სადაც იგი აღწერს ჰასან დეის, მის ჩაცმულობას, მანერებსა და რამდენიმე საინტერესო ამბავს მისი ცხოვრებიდან.

133607610-2872577482987197-7405395476051326146-n-1685650025.jpg
ალჟირის ქალაქისა და სარეგენტოს ვეზირი ჰასან ფაშა დეი, გამოსახულია თავის განუყრელ შინაურ ლომთან ერთად

სავარაუდოდ, ავტორი ეყრდნობოდა იმ ამერიკელ მეზღვაურთა და დიპლომატთა ნაამბობს, რომელთაც თავად იხილეს ალჟირის მმართველი. “ალჟირელი ტყვე” პოპულარობით სარგებლობდა და ექვსჯერ გამოიცა ამერიკაში.ამერიკასა და ალჟირს შორის ჩამოყალიბებულმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ამერიკის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ისტორიაზე, მაგრამ დავიწყებას მიეცა ქართული წარმოშობის ალჟირის გამგებელი, რომელიც ამ პროცესების აქტიური მონაწილე იყო. ახალციხიდან ალჟირში გადასახლებული ჰასან ბინ იუსუფის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები გაბნეულია, ასევე უცნობია მისი ცხოვრების ადრეული პერიოდი, თუმცა მისი მმართველობა და ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღემდე შესწავლის საგანია ამერიკელ და დასავლელ მკვლევართათვის.

მოამზადა მანანა გაბრიჭიძემ

"ისტორიანი" .#127