სპარტანული აღზრდა - კვირის პალიტრა

სპარტანული აღზრდა

აღზრდა ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პროცესია. ამ დროს უყალიბდება მოზარდს შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, აღზრდის ესა თუ ის მეთოდი განსაზღვრავს კულტურის, ეთიკის ნორმების ჩამოყალიბებას. საუკუნეთა განმავლობაში აღზრდის ზოგადი პრინციპები იხვეწებოდა და ვითარდებოდა, თუმცა ამჯერად განვიხილავთ ყველასგან განსხვავებულ - სპარტანულ აღზრდის მეთოდს, რომელიც დღესაც გაკვირვებას იწვევს.

სპარტელ მეომართა სიმამაცესა და თავდადებაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ სპარტას არ ერტყა კედლები, რადგან ითვლებოდა, რომ ადგილობრივი მეომრები ნებისმიერ შემოსევას გაუმკლავდებოდნენ. სპარტელების ეშინოდათ. რა იყო მათი სიძლიერის საიდუმლო? როგორც ამბობენ, სპარტელთა სიმამაცე მათი აღზრდის შედეგი იყო. ის იმდენად მკაცრი და დაუნდობელი გახლდათ, რომ დღეს ბარბაროსობადაც კი აღიქმება. მომავალი მეომარი იზრდებოდა პირობებში, რომლებიც თანამედროვე მშობლებისთვის შოკის მომგვრელი იქნებოდა. ახალგაზრდა თაობის სათანადო აღზრდას სპარტის ქალაქ-სახელმწიფოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აღზრდისა და სწავლების სახელმწიფო სისტემა სპარტაში ძვ.წ. VIII-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა. განათლების სისტემა ეფუძნებოდა მოქალაქე მეომრის აღზრდას.

ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ სრულყოფას, ერთგულების, ამტანობისა და გამძლეობის განვითარებას. ეს სისტემა დაამკვიდრა სპარტელმა მოღვაწემ, ლიკურგემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქ-სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საზოგადოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. იგი ირწმუნებოდა, რომ ბავშვი სახელმწიფოს კუთვნილება იყო და არა მამის. ლიკურგეს სურდა, სპარტის მომავალი მოქალაქეები საუკეთესო ადამიანები ყოფილიყვნენ და არა შემთხვევითი პირები. მის მიერ შემოღებული კანონები სრულად ემსახურებოდა სახელმწიფოს გაჯანსაღების პრინციპებს. სპარტანული სისტემის თანახმად, მშობლებს ბავშვის აღზრდის უფლება არ ჰქონდათ. დაიბადებოდა თუ არა ყმაწვილი, მამა მას მიიყვანდა უხუცესთა თავყრილობის ადგილას. ახალშობილს უხუცესები სინჯავდნენ.

6241120926-5d8019f3d9-o-1685650701.jpg
ლიკურგე გამოსახულია ბარელიეფზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შენობაში, როგორც ერთ-ერთი 23 უდიდეს კანონმდებელs შორის

თუ ის ჯანმრთელი და ღონიერი აღმოჩნდებოდა, ბრძანებას გასცემდნენ, ბავშვი გამოეზარდათ. ამასთანავე, გამოუყოფდნენ მიწის ერთ-ერთ ნაკვეთს 9 ათასიდან. ხოლო თუ ჩვილი სუსტი და უსახური აღმოჩნდებოდა, ე.წ. აპოთეტში - ტაიგეტის მთის მახლობლად მდებარე უფსკრულში ისროდნენ. უხუცესთა აზრით, დაბადებითვე უსახური და ტანდალეული ჩვილის სიცოცხლე საკუთარი თავისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც უსარგებლო იქნებოდა. სპარტელი ქალები ჩვილებს, გამოცდის მიზნით, წყლით კი არ ბანდნენ, არამედ ღვინით. როგორც ამბობდნენ, ავი ზნით შეპყრობილი და სუსტი ჩვილები ღვინოს ვერ აიტანენ და მაშინვე დაიღუპებიან, ჯანსაღები კი ამგვარი გამოცდის შემდეგ უფრო კაჟდებიანო.

სელექცია სპარტაში ზრუნავდნენ, რათა ბავშვი ისეთი დაბადებულიყო, როგორიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. მომავალ სპარტიატზე ზრუნვა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე იწყებოდა. სპარტელთა საზოგადოებაში დასაშვები და მიზანშეწონილიც კი იყო, რომ თუ მოხუც კაცს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, მასთან სქესობრივი კავშირი არა თვითონ, არამედ სხვა, შედარებით ახალგაზრდა, ჭარმაგ მამაკაცს ჰქონოდა, რაც მრუშობად არ მიიჩნეოდა. ამას ლიკურგე და სპარტის საზოგადოება იმით ამართლებდა, რომ მთავარი იყო მომავალი სპარტელი ძლიერი დაბადებულიყო. არსებობს ასეთი გადმოცემა: სპარტელს ჰკითხეს, როგორ სჯიდნენ მრუშებს. მან მიუგო, რომ მათში მრუში არავინაა. მაგრამ უცხოელმა დაიჟინა, ვაითუ აღმოჩნდესო. მაშინ იგი ჯარიმად გადაიხდის იმხელა ხარს, რომელიც ტაიგეტის მწვერვალიდან თავს გადაჰყოფს და მდინარე ევროტასში წყალს დალევსო. უცხოელმა გაიკვირვა, ამხელა ხარი სად გინახავთო. სპარტელმა კი მიუგო: “მაშ, ვის უნახავს სპარტაში მრუში?” მოზარდების წვრთნა დახელოვნებული ძიძები ჩვილებს არც არტახებს უჭერდნენ და არც ჩვრებში ახვევდნენ, შესაბამისად, მათ სხეულებს სრულ სილაღესა და თავისუფლებას აძლევდნენ. ადრეული ასაკიდანვე აჩვევდნენ, ზომიერად ეჭამათ და გულაზიზი არ ყოფილიყვნენ, არ შეშინებოდათ სიბნელისა და მარტოობის. სიმხდალე და ტირილი არ სცოდნოდათ. სანთლით ხელში სიარულიც ეკრძალებოდათ.

fndwdslxwaec1mu-1685650701.jpg
ჩვილების შერჩევა სპარტაში. პლუტარქეs აღწერis მიხედვით (ჟან-პიერ sენ-ურსი, 1785 წ.)

ბევრი მსგავსებაა აღზრდის ინგლისურ მეთოდთან. ინგლისელები მიიჩნევდნენ, რომ ჭამა სიამოვნებას კი არ უნდა hგვრიდეს, არამედ საარსებო საზრდოს წარმოადგენდეს. ზოგიერთი სხვა საერთო ნიშანსაც ასახელებს, XIX საუკუნეში ფრანგები ხშირად ადარებდნენ სპარტელებსა და ინგლისელებს. ამონარიდი გაზეთიდან: “სპარტელებს ჰქონდათ ისეთი აღზრდის სისტემა, რომელსაც ჩვენ დღეს ინგლისურს ვუწოდებთ. ისინი არ ფუთავდნენ ახალდაბადებულ ბავშვებს, აჩვევდნენ ტემპერატურის ცვლილებას, ცივი წყლით ბანდნენ და არც ზამთარში აცმევდნენ თბილად”... მამებს უფლება არ ჰქონდათ ვაჟიშვილები საკუთარი სურვილისამებრ აღეზარდათ.

როგორც კი 7 წლის გახდებოდნენ, თავს მოუყრიდნენ და ე.წ. აგელებად (სიტყვასიტყვით - “გუნდი”) ყოფდნენ, რათა ერთად ყოფნას მიჩვეოდნენ, ერთად ეთამაშათ და ერთად ესწავლათ. აგელეში უფროსად იმას აყენებდნენ, ვინც სიმამაცითა და გონიერებით გამოირჩეოდა. მის სიტყვას ყველა აღსაზრდელი ემორჩილებოდა და მისგან სასჯელსაც მოთმინებით იტანდა. მორჩილებას ადრიდანვე აჩვევდნენ. სპარტანული აღზრდის ერთ-ერთი მიზანი მორჩილების გამომუშავებაც იყო. მოზარდების მეთვალყურეს პედონომი ეწოდებოდა, რომელსაც კეთილშობილთა წრიდან ირჩევდნენ. მოხუცები თვალყურს ადევნებდნენ ბავშვების თამაშს, ხშირად განზრახ ჩამოაგდებდნენ მათ შორის შფოთს და ერთმანეთს წააჩხუბებდნენ. ამ გზით ისინი ეცნობოდნენ ბავშვის ხასიათს - მამაცი იყო თუ არა, გაიქცეოდა თუ არა ბრძოლის ველიდან. რაც უფრო იზრდებოდნენ, წვრთნა მით უფრო სასტიკი ხდებოდა: თმას ძირამდე კრეჭდნენ და აიძულებდნენ, თითქმის ყოველთვის შიშვლებს ეთამაშათ, რის გამოც ფეხის ქუსლები უმაგრდებოდათ. ასწავლიდნენ წერა-კითხვასაც, თუმცა იმდენად სასხვათაშორისოდ, რამდენადაც ეს აუცილებლობის დროს შეიძლებოდა დასჭირვებოდათ. სპარტელი - მეომარია! ეს კი ნიშნავს, რომ არ შეუძლია იყოს ფილოსოფოსი, ფერმერი, ხელოსანი ან ვაჭარი. ფუფუნება სპარტელისთვის ტრადიციული გამოცდა იყო.

71qtdkq56dl-1685650701.jpg
სპარტელი ჰოპლიტი (მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარისკაცი) შუბითა და ფარით

თავისუფალი დროის ანგარიშსა და ფილოსოფიაზე დახარჯვა მკაცრად იკრძალებოდა. მეომარი ნებისმიერ დროს მზად უნდა ყოფილიყო ბრძანების შესასრულებლად. 12 წლის შესრულების შემდეგ სპარტიატები უქიტონოდ დადიოდნენ. მათ მთელი წლის განმავლობაში ერთი ხელი ტანსაცმელი (წამოსასხამი) ეძლეოდათ. სავარაუდოდ, არც სისუფთავით გამოირჩეოდნენ. მეტიც, იშვიათად იბანდნენ სხეულს, ისიც ცივ წყალში და ტანსაც არ იზელდნენ. ცხელი წყლით და შედარებით საფუძვლიანად ბანაობდნენ მხოლოდ დღესასწაულებზე. მათთვის მოსვენებას არც ძილი წარმოადგენდა, რადგანაც საკმაოდ არაკომფორტულად ეძინათ, ლერწმის საწოლებზე. ლერწამს კი თვითონვე, ყოველგვარი დანის გარეშე გლეჯდნენ. რაც შეეხება კვებას, ისინი იკვებებოდნენ უფროსი სპარტელის სახლში. საკვები აღსაზრდელებს უნდა მოეტანათ. მოზრდილებს შეშის მოზიდვაც ევალებოდათ, უმცროსებს - მწვანილის. რაც მოჰქონდათ, ყველაფერი ნაქურდალი იყო. ვისაც ქურდობისას დაიჭერდნენ, უმოწყალოდ გაშოლტავდნენ, როგორც უხეიროსა და მოუხერხებელს. გაშოლტვით სხვა დროსაც ხშირად ისჯებოდნენ და თუ ვინმე ამის გამო იტირებდა ან იკვნესებდა, იქამდე გაწკეპლავდნენ, სანამ არ გაჩუმდებოდა. გარდა ამისა, თუ რომელიმე მამას შესჩივლებდა, რომ სხვა კაცმა გაწკეპლა, მამაც იმავეს მოიმოქმედებდა.

ეჩვეოდნენ, როგორ დასხმოდნენ თავს მძინარეს და საერთოდ ყველას, ვინც კარგად ვერ პატრონობდა თავის საქონელს. პლუტარქე მოგვითხრობს, როგორ მოიპარა ერთმა ბავშვმა მელია და მას შემდეგ, რაც სპარტელები მიუხვდნენ, ის მოსასხამის ქვეშ დამალა. ბრჭყალებითა და კბილებით მელია გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ბავშვს სახეზე ტკივილი არ დასტყობია. საბოლოოდ კი ამ ჭრილობებს ემსხვერპლა კიდეც. სპარტელთა რაციონის სიმწირის ერთ-ერთი მიზეზი საკვების მოპოვების წე­სია. სპარტელთა აზრით, ბევრი ჭამა სხეულს მიწისკენ ექაჩება და ზრდას უშლის ხელს. ერთი მოგზაური, რომელიც სპარტაში იმყოფებოდა, წერს, ახლა მესმის, რატომ არ ეშინიათ მათ სიკვდილისო და აქაური სადილის აღწერისას შავ ბულიონს ახსენებს. ეს იყო ხორცი, რომელიც იხარშებოდა სისხლში, ძმარსა და მარილში. შავი ბულიონი მათი ძირითადი საკვები იყო. ყველას ხვდებოდა ხორცის თითო ნაჭერი. “თუ გინდა მეტი - წადი და ინადირე”. თუ რომელიმე ირემს მოკლავდა, ნადავლი ყველასთვის უნდა გაენაწილებინა. თავისთვის შეეძლო აეღო დამატებითი ულუფა - შინ წასაღებად. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სპარტელს შეეძლო საკუთარ სახლში ეჭამა სადილი.

young-spartans-national-gallery-ng3860-1685650701.jpg
სპარტელი ბიჭები ვარჯიშობენ, გოგონები კი მათ დასცინიან (ედგარ დეგა, "ახალგაზრდა სპარტელების ვარჯიში", 1860 წ.)

ნავახშმევს ირენი ზოგიერთ აღსაზრდელს უბრძანებდა, ემღერა, ზოგს კი ისეთ შეკითხვას აძლევდა, მოფიქრებულ და გონივრულ პასუხს რომ მოითხოვდა (ირენებს უწოდებდნენ სპარტელ ჭაბუკებს 20-დან 30 წლამდე. ისინი თვალყურს ადევნებდნენ ბიჭუნების რაზმებს და მათ თამაშებსა და წვრთნებს ხელმძღვანელობდნენ). დაგვიანებული პასუხი და ყოყმანი, სპარტელთა აზრით, გონებაჩლუნგობას ამჟღავნებდა. პასუხში უნდა ყოფილიყო ჩაქსოვილი მიზეზი და მტკიცება, ყველაფერი ეს კი მოკლედ, სხარტად უნდა თქმულიყო. ვინც შეცდომით გასცემდა კითხვას პასუხს, ცერზე კბენდნენ. ბავშვების დასჯას ხშირად ესწრებოდნენ უხუცესები და არქონტები (მაღალი თანამდებობის მოხელეები). ისინი ირენს ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ როცა ბავშვები წავიდოდნენ, მასაც სასტიკ პასუხს სთხოვდნენ, თუ აღმოჩნდებოდა, რომ იგი მეტისმეტ მრისხანებას ან გადაჭარბებულ ლმობიერებას გამოიჩენდა. სპარტანული აღზრდის წესში სიმღერებისა და ლექსების შეთხზვის ხელოვნებას ისეთივე დიდი ყურადღება ექცეოდა, როგორიც სიტყვის დახვეწილობასა და სწორად გამოთქმას. სიმღერების ტექსტი იყო უბრალო, მაგრამ ძლიერი და ღრმა შინაარსის, სულს რომ ამხნევებდა და საგმირო საქმისკენ მოუწოდებდა.

ზრდასრულ ასაკში სხეულის წვრთნა ასაკის შესაფერისი სირთულის ხარისხით ხდებოდა. ცნობილია, რომ ვარჯიშებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი, ვინაიდან ეს ცოდნა სპორტსმენებს ეთმობოდა. სირბილი, ხტომა, საბრძოლო ხელოვნება, დისკოს სროლა ჩვეულებრივი ყოველდღიური სავარჯიშოები იყო. ამას ემატებოდა ცეკვის რამდენიმე სახეობა. 17 წლიდან, შინ დაბრუნების წინ სპარტელს უკანასკნელი გამოცდა ელოდა - ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდეს ტაძარში, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობდა. ახალგაზრდა სპარტელს “მსხვერპლი უნდა გაეღო”. ტაძრის ქურუმები ყმაწვილს დიდი სამსხვერპლო თასის ზევით აბამდნენ და სველი როზგებით სცემდნენ სისხლის პირველი წვეთის გამოსვლამდე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი არ გამოსცემდა ხმას, მაგრამ თუკი იგი დაიკვნესებდა, უფრო ძლიერად ურტყამდნენ მანამ, სანამ არ დადუმდებოდა. ეს შეიძლება გაგრძელებულიყო გონების დაკარგვამდე, ან სიკვდილამდეც კი. ასე იცხრილებოდნენ სპარტაში სუსტები.

სპარტელის აღზრდა 20 წლის ასაკში სრულდებოდა. იგი სპარტის ჯარში ირიცხებოდა და უფლება ეძლეოდა სისიტიის წევრობისა. სისიტია მოქალაქეთა ერთობლივი ტრაპეზი გახლდათ, გავრცელებული დორიელებს შორის, განსაკუთრებით კრეტაზე, ასევე სპარტაში. წევრად გახდომის პროცედურა კი საკმაოდ საინტერესო იყო. სისიტიის წევრები არჩევნებს აწყობდნენ ახალი წევრის მისაღებად. ვინც თანახმა იყო, პურის სორსლს დაამრგვალებდა და მსახურის თავზე შემოდგმულ ჭურჭელში აგდებდა, ხოლო ვინც წინააღმდეგი - პურის სორსლს ჭყლეტდა. თუ ჭურჭელში პურის ერთი დაჭყლეტილი სორსალი მაინც აღმოჩნდებოდა, ახალს არ იღებდნენ. გარდა იმისა, რომ ამ ასაკის სპარტიატები რეგულარულ ჯარში ირიცხებოდნენ, ისინი ასევე ხდებოდნენ ირენები და ეს 20-დან 30 წლის ასაკამდე გრძელდებოდა. 30 წლის სპარტელი სრულფასოვანი მოქალაქე ხდებოდა.

cup-rider-painter-louvre-e669-full-1685650701.jpg
სპარტელი მეომარი (ძვ.წ. 550-540)

ქალთა აღზრდა სპარტის საზოგადოებაში აღზრდას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ ის აღსაზრდელის დაბადებამდეც კი იწყებოდა. ჩვილი რომ ძლიერი და ჯანმრთელი დაბადებულიყო, სპარტელი ქალები განსაზღვრულ წესსბს უნდა დამორჩილებოდნენ. არსებობდა ქალთა აღზრდის სპეციფიკური სისტემა, რომელშიც რამდენიმე ასპექტია გამოსაყოფი. პირველ ყოვლისა, ქალი ფიზიკურად ძლიერი უნდა ყოფილიყო. ამისთვის მათ წვრთნიდნენ ჭიდაობასა და სირბილში, ასევე ავარჯიშებდნენ შუბისა და დისკოს ტყორცნაში. ამის პროდუქტი იყო ათლეტური აღნაგობა, ხოლო მიზანი - ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი ნაყოფის ჩასახვა. გარდა ამისა, სპარტელთა რწმენით, ამგვარი შემზადების შემდეგ, ღონიერი ქალი მშობიარობასა და ტკივილსაც ადვილად გადაიტანდა. ქალებისთვისაც, მამაკაცების მსგავსად, აკრძალული იყო სახლში ჩაკეტვა და ფუფუნებაში ცხოვრება. ქალები იძულებულნი იყვნენ ზოგიერთ დღესასწაულზე, მაგალითად, გიმნოპედიაზე (აპოლონის სპარტანული დღესასწაული) შიშვლებს ეცეკვათ. ამასთან დაკავშირებით პლუტარქე წერს: “არ არის მართალი, რომ სამოსთან ერთად ქალი სირცხვილსაც განაგდებს. პირიქით, უმწიკვლო ქალი, როცა ტანსაცმელს იხდის, სირცხვილით შეიმოსება... სპარტელ ქალიშვილებს მორცხვობა ყოველთვის მოსდგამდათ. სიშიშვლე კი უბრალოებას აჩვევდათ და საკუთარი სხეულის გაკაჟების სურვილს უღვიძებდათ”. ამგვარი მეთოდებით აყალიბებდნენ ქალების ფსიქიკას, რათა ეფიქრათ, რომ მამაკაცთა თანასწორი იყვნენ და შეეძლოთ საკუთარი სიქველითა და სიძლიერით სახელის მოხვეჭა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. საბოლოოდ, ქალები იმდენად რწმუნდებოდნენ საკუთარ ძალებში, რომ ხშირად დასცინოდნენ კიდეც მამაკაცებს, უშედეგოდ დასრულებული საქმის გამო. სპარტის საზოგადოება ქალებს ამის უფლებას აძლევდა. ქალთა აღზრდის პროდუქტი იყო მენტალურად და ფიზიკურად ძლიერი ქალი, რომელიც მამაკაცის გარეშეც გაუძღვებოდა საოჯახო საქმეებს. ამის საჭიროება კი ხშირად დგებოდა, რადგან მამაკაცები ხშირად მიდიოდნენ საბრძოლველად. პლუტარქე ერთ-ერთი სპარტელი ქალის, მეფე ლეონიდასის ცოლის - გორგოს გონებამახვილობის შესახებ წერს: “ერთმა, როგორც ჩანს, უცხოელმა ქალმა გორგოს უთხრა, თქვენ, ლაკედემონელი ქალები ერთადერთნი ხართ ქვეყანაზე, რომლებიც ვაჟკაცებზე მბრძანებლობთო. გორგომ კი მიუგო: - ნამდვილ ვაჟკაცებსაც მხოლოდ ჩვენ ვშობთ”.

სპარტელის სიკვდილი სიბერით სიკვდილი სპარტელისთვის დიდი სირცხვილი იყო. მათ უსახელო სასაფლაოზე მარხავდნენ. სახელიან სასაფლაოზე დასაკრძალავად საჭირო იყო სიკვდილი ბრძოლის დროს. ქალებს იმ შემთხვევაში კრძალავდნენ განსაკუთრებული პატივით, თუ მშობიარობისას დაიღუპებოდნენ. სპარტელთა გმირული და უშიშარი სული გამოჩნდა თერმოპილეს ცნობილი ბრძოლის წინაც. ჰეროდოტეს ცნობით, როცა სპარსელების არმია ქალაქ ტრაქინს უახლოვდებოდა თერმოპილეს ვიწრო გასავლელთან, ერთი ადგილობრივი მცხოვრები სპარტელებს მოუთხრობდა ვითარების შესახებ. მან თქვა, თუ ბარბაროსები ისრებს გაისვრიან, მზის დაბნელება მოხდებაო. სპარტელმა დიენეკმა პასუხად იხუმრა, ჩვენს მეგობარს ტრაქინიდან კარგი ამბავი ჩამოუტანია, თუ სპარსელები მზეს დააბნელებენ, ჩვენ ჩრდილში ვიომებთო.

mid-00277408-001-1685650701.jpg
სისიტიის გამოსახულება კილიკზე - ძველბერძნულ საღვინე თასზე

სპარტა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მეომარი ქვეყანა იყო. არა სიმხდალეს, არა დანებებას, არსებობს მხოლოდ ღირსება და დიდება - მათი ცხოვრების წესი იყო.უმკაცრესი მეთოდით აღზრდა სპარტელებს განსაკუთრებულობას სძენდა და გამორჩეულს ხდიდა. აღზრდა იყო მათი სამხედრო ძლიერების წყარო და სპარტელებიც განთქმული იყვნენ ძლევამოსილებითა და შეუპოვრობით. რაკი სპარტანული აღზრდა განსხვავებული და განსაკუთრებული ფენომენი იყო, ის სპარტელთა სიამაყის საგანს წარმოადგენდა. ომებში გამარჯვებას თავდადება, მომზადება და მხნეობა სჭირდებოდა და ეს ყველაფერი სპარტელებს ჰქონდათ, პირველ რიგში, მათი აღზრდის მეთოდის დამსახურებით.

თათია დეკანოზიშვილი

"ისტორიანი" .#127